მთავარი,სიახლეები

აივანზე ოთხი ძირი კანაფის მომყვან კაცს სასამართლომ ვერაფერი შეუფარდა

18.04.2018
აივანზე ოთხი ძირი კანაფის მომყვან კაცს სასამართლომ ვერაფერი შეუფარდა

ბათუმელი ჯამბულ გვიანიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მას მოსამართლე ლევან გელოვანმა ვერაფერი მიუსაჯა. ჯამბულ გვიანიძეს პროკურატურა საკუთარი სახლის აივანზე მარიხუანას დათესვას და მოყვანას, ასევე მარიხუანას შენახვას ედავებოდა.

ვიდრე ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჯამბულ გვიანიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა,  რომელმაც მიიჩნია, რომ კანონით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მარიხუანას დათესვისა და მოყვანისთვის არაკონსტიტუციურია.

ჯამბულ გვიანიძეს 4 ძირი კანაფის მოყვანისთვის 4-დან 7 წლამდე ელოდა თავისუფლების აღკვეთა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ნედლი კანაფი 151 გრამზე მეტი იქნებოდა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა. ამოღებული ნედლი კანაფი კი 150-მდე გრამი იყო. 

პარლამენტს ამ დრომდე არ დაუდგენია, რა ფორმით უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელმაც 151-მდე გრამი კანაფი მოიყვანა. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, კანაფის მოყვანა დასჯადია, მაგრამ კანონი არ ითვალისწინებს არც ერთ კონკრეტულ სასჯელს ამ დანაშაულისთვის.

„სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც ველოდით. ჯამბულ გვიანიძე დამნაშავედ მიიჩნიეს, მაგრამ სასჯელის გარეშე,“ – ამბობს ადვოკატი მიხეილ მიქანაძე.

ჯამბულ გვიანიძეს კანაფის მოყვანის გარდა მარიხუანას შეძენა-შენახვასაც ედავება გამოძიება. პროკურატურა ჯამბულ გვიანიძისთვის სასჯელის შეფარდებას ამ ნაწილშიც ითხოვდა. ამ შემთხვევაში პროკურატურა  2017 წელს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც 70-მდე გრამ მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით ჯარიმის ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება დაადგინა.

სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა, რომელიც პროცესზე ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ბრალდებულს მარიხუანა შარვლის ჯიბეში 2015 წელს უპოვეს, ჯარიმის შეფარდების უფლება კი, სასამართლოს 2017 წელს მიეცა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯამბულ გვიანიძეს ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კანონის შესაბამისად მხოლოდ კონკრეტული უფლებები შეეზღუდა სამი წლის ვადით, ესენია: სატრანსპორტო საშუალების მართვის, ასევე პედაგოგიური, საექიმო და საადვოკატო საქმიანობის უფლებები. მსჯავრდებულს ასევე არ ექნება იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

ჯამბულ გვიანიძე ამბობს, რომ კანაფი პირადი მოხმარებისთვის 25 წელია მოჰყავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: