განათლება,მთავარი,სიახლეები

რაში და როგორ დახარჯავს 1.7 მილიონ ლარს „ახალგაზრდული ცენტრი“

07.06.2019 • 2400
რაში და როგორ დახარჯავს 1.7 მილიონ ლარს „ახალგაზრდული ცენტრი“

აჭარის განათლების სამინისტროში ახალი საბიუჯეტო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრი“ შეიქმნა, სადაც 25 პირი უნდა დასაქმდეს. ცენტრის ფუნქციონირებისთვის 1 მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორ და რაში აპირებს ცენტრი ბიუჯეტის დახარჯვას და რა გახდა ორგანიზაციის შექმნის მიზეზი. „ბათუმელები“ ამ თემაზე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დავითაძეს ესაუბრა.

ბატონო ალექსანდრე, ცენტრის ხელმძღვანელის ადგილზე უკვე გამოცხადებულია კონკურსი, როდის იქნება შედეგები ცნობილი?

საბუთების მიღების ვადები ამოიწურა და მიმდინარეობს კონსულტაციები – შერჩევის პროცესში ვართ. 50-ზე მეტი განაცხადია შემოსული, თუმცა კონკურსანტების ძალიან დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. კვალიფიკაციის, გამოცდილების ჭრილში. ვფიქრობთ, რომ თამასა კიდევ უფრო წამოსაწევია.

შესაძლებელია კონკურსი თავიდან გამოცხადდეს?

არ გამოვრიცხავთ მაგ ნაწილსაც, ესეც შესაძლებელია.

რამდენი ადამიანი იმუშავებს ამ ორგანიზაციაში და ისინიც კონკურსის წესით დასაქმდებიან?

ჯამში იქნება 25 შტატი და კონკურსის წესით დასაქმდებიან. რიგი თანამშრომლები, ვინც ახალგაზრდობის განყოფილებაში მუშაობდა, ისინიც მიიღებენ კონკურსებში მონაწილეობას. კრიტერიუმები გამოქვეყნდება მაშინ, როცა ბიუჯეტი ოფიციალურად დამტკიცდება. შემდეგ უკვე ხელმძღვანელი შეადგენს სხვადასხვა პოზიციაზე კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს.

ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება აღარ იარსებებს?

სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება აღარ არსებობს. იქ დარჩა მხოლოდ სპორტის განყოფილება. ის განყოფილება ასრულებდა რიგ პროექტებს, მაგრამ დღევანდელი გამოწვევები განსხვავდება, რადგან განათლება ხელისუფლებამ გამოაცხადა „ეროვნულ იდეად“ და ახალგაზრდობის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს. არსებულიდანაც შევინარჩუნეთ პროექტები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო და დავამატეთ ბევრი ახალი, ინოვაციური პროექტი.

შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელიმე პროექტს მიიჩნევთ ინოვაციურად?

წელს გვექნება უფრო მეტი ბანაკები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო, უფრო მეტი ფორუმი გვექნება, უფრო მეტი საერთაშორისო პროექტი, გაცვლითი პროგრამები. ხელოვნებისა და კულტურის ნაწილში იქნება მხარდაჭერის პროექტი, გართობა-შემეცნება-შემოქმედება – ამ ნაწილში იქნება არაერთი ახალი პროექტი. სტუდენტური ფესტივალი, ახალგაზრდობის საერთაშირისო დღეს აღვნიშნავთ 12 აგვისტოს, არაფორმალური განათლების მიმართულებით იქნება სიახლეები და ახალგაზრდების კარიერული განვითარების მხარდაჭერა.

რა იგულისხმება ამაში, რა ფორმით იქნება მხარდაჭერა?

პროგრამულ ნაწილს ძალიან მალე გაგაცნობთ, პრეზენტაციაზე. ეს შეიძლება მოიცავდეს სტაჟირებისა და სხვადასხვა კარიერული მხარდაჭერის პროგრამას. 14-იდან 29 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერას ითვალისწინებს ეს ორგანიზაცია. იქნება ტრენინგები, სტაჟირება, ვორკშოპები და სხვა.

შრომითი საქმიანობის ხელშეწყობაც დევს ორგანიზაციის დებულებაში. აქ რას გულისხმობთ?

იგულისხმება კვალიფიკაციის ამაღლება, სტაჟირება და კარიერული განვითარება.

დებულებაში ასევე წერია, რომ ორგანიზაციას შეუძლია საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება. ინვესტიციაში რა იგულისხმება, დონორების მოძიება შეეძლება?

საქველმოქმედო საქმიანობაში იგულისხმება მოხალისეობის მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ გულისხმობს ახალგაზრდების საქველმოქმედო პროექტებში ჩართვას. ინვესტიციებში კი იგულისხმება ის, რომ ორგანიზაციას უფლება აქვს მიიღოს შემოსავლები. რიგი კომპანიები და ორგანიზაციები შეიძლება დაინტერესდნენ ახალგაზრდული თემებით, იქნება შემოწირულობა, საერთო პროექტების განხორციელება და ამის უფლება სსიპს ექნება.

დებულებაში წერია, რომ ორგანიზაცია იმუშავებს პატრიოტული ღირებულებების გაღრმავებაზე. რა იგულისხმება ამაში?

ჩავთვალეთ, რომ საჭიროა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება. კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ვგეგმავთ ლაშქრობას და თემატურ ბანაკებს. დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოვუწყობთ ბანაკებს პოლიციის აკადემიაში ან თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, სადაც ჯარისკაცების და სხვა სამხედრო პირების ცხოვრების რეჟიმს გაეცნობიან. სსიპის საქმიანობა ასევე მოიცავს აჭარის მთელ რეგიონს, სადაც გაატარებს ახალგაზრდულ პოლიტიკას.

ორგანიზაციის საქმიანობაში არის სპორტული მიმართულებაც და სპორტული განყოფილება რატომ დატოვეთ ცალკე?  

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა არის ამ ორგანიზაციის ფუნქციებში, თუმცა სპორტის განყოფილება მხოლოდ სპორტის მიმართულებით იმუშავებს.

თქვენ ერთი თვის წინ განაცხადეთ, რომ პროექტის დეტალურ პრეზენტაციას მაისის ბოლოს წარმოადგენდით. რატომ არ გააკეთეთ?

ბიუჯეტი როგორც კი გამოქვეყნდება, იმ დღიდან დაიწყება შესაბამისი მოქმედებები, რომ პროექტები შევიდეს ძალაში. როდესაც გუნდი შეიკრიბება, პროგრამების დეტალური პრეზენტაციაც იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: