რა საფრთხეს ქმნის მაღალი ტემპერატურა – დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე, უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის.

მაღალმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა. ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას ადამიანის სიცოცხლე.

რატომ არის მაღალი ტემპერატურა პრობლემა?

  • მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი)
  • გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • სითბური გამოფიტვა,
  • სითბური დაკვრა.

ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?

[checklist]

  • 75 წლისა და მეტი ასაკის ხანდაზმულები
  • ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები
  • ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები
  • გადაადგილების პრობლემის (მაგ. პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე პირები
  • გარკვეულ პრეპარატებზე დამოკიდებული პირები, მათ შორის პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე
  • ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები
  • ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ. მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები)

[/checklist]

როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:

  • შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე
  • შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის  08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ
  • ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის)
  •  დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება
  • მზის მხარეს ჩამოაფარეთ  დამჩრდილავი ფარდები,  ჟალუზები, დარაბები
  •  ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს
  • თუ სახლში გაქვთ კონდინციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე

თავი აარიდეთ სიცხეს

  • გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით
  • თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად, რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდიციონერით გრილდება)
  • მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში
  • მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე
  • დარჩით/გაჩერდით ჩრდილში
  • არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!

შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად

[checklist]

  • მიიღეთ გრილი შხაპი ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვა
  • ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე
  • იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა
  • საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს

[/checklist]

როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება?

[checklist]

  • ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც
  • თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომლებსაც სჭირდებათ თქვენი დახმარება, მოინახულეთ სულ მცირე ყოველდღე
  • თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად იღებს რომელიმე მედიკამენტს, ჰკითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე
  • შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს
  • თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერნეტის საშუალებით

[/checklist]

დავეხმაროთ ერთმანეთს, თუ თქვენ ან სხვას ექნება ასეთი შეგრძნება:

  • თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხეულის ტემპერატურა
  • მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი
  • თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს
  • ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება
  •  თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე
  • მიმართეთ ექიმს, თუ პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები
  • თუ შეამჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანი, ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 250-300C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა.

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის ორი პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების  დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ორი კომპანიის სახელით განახორციელეს ფიქტიური ოპერაციები, კერძოდ, გამოწერილი იქნა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა 17 885 000 ლარის ღირებულების მომსახურების ფიქტიურ გაწევაზე, რითაც ერთ-ერთმა კომპანიამ მიიღო 2 728 220 ლარის ოდენობის ყალბი ჩათვლა. ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულებრივ ქმედებაში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით,“ – აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე  ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ფინკა ბანკში Western Union-ის გზავნილებზე სპეციალური აქცია დაიწყო

1 ივნისს ფინკა ბანკში ფულად გზავნილებზე კიდევ ერთი აქცია დაიწყო. 1 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ან გააგზავნის Western Unionის გზავნილს ფინკა ბანკში, ჩაერთვება ფულადი გზავნილების დამატებით აქციაში.

აქციის ყველაზე აქტიური 300 მომხმარებელი ფინკა ბანკისგან მიიღებს საჩუქარს – თერმო ჭიქას. აქციაში ჩასართავად საჭიროა ფინკა ბანკში Western Unionის გზავნილით 2 000$-ზე მეტი თანხის გაგზავნა ან მიღება 1 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით.

თამარ სოფრომაძე, ფინკა ბანკის საცალო მიმართულების ხელმძღვანელი, აღნიშნავს, რომ ფულად გზავნილებზე დამატებითი აქცია მომხმარებელს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.

„აქციაში ჩართვა მარტივია, ამისთვის საჭიროა ფინკა ბანკში Western Union-ის გზავნილის მიღება ან გაგზავნა. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით და ყველაზე აქტიურ  300 მონაწილეს გადაეცემა საჩუქარი. აქცია მხოლოდ 2 თვეს გაგრძელდება, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, ჩაერთონ და გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“.

აქციის გამარჯვებულები 15 აგვისტოს დასახელდებიან და მათი ვინაობა გამოქვეყნდება ფინკა ბანკის ვებგვერდზე www.FINCA.ge

პარალელურად, ფინკა ბანკში გრძელდება 2019 წლის ფულადი გზავნილების აქცია. აქციის ფარგლებში ყოველთვიურად 200 ყველაზე აქტიურ მომხმარებელს სპეციალური საჩუქარი გადაეცემა.

60%-იანი ფასდაკლება: მიწა ფიჭვნარის პლაჟთან 4.5 მილიონის ნაცვლად 1.8 მილიონ ლარად 

ქობულეთის ფიჭვნარში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამჯერად 60%-იანი ფასდაკლებით ყიდის. 11 235 კვ.მ ტერიტორია პირობებიან აუქციონზე სამინისტრომ მეოთხედ გამოიტანა [20-40 და უკვე 60%-იანი ფასდაკლებით]. პირველი აუქციონი 2019 წლის 5 აპრილს უშედეგოდ დასრულდა. ბოლო აუქციონი კი, 7 ივნისს დასრულდება.

ნაკვეთს, რომელსაც სამინისტრო აპრილში 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ამჯერად 1 მილიონ 834 ათას ლარად ყიდის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, თორნიკე კუჭავას განცხადებით, „ამ ნაკვეთით დაინტერესებული მხარეები არსებობენ, თუმცა, ადრე როცა მაგ ზოლში ხდებოდა ქონების გატანა აუქციონზე, საწყისი ფასი იყო შედარებით ნაკლები. ამიტომ, რამდენიმე თვის ინტერვალში გვქონდა ქონების ორი, აბსოლუტურად განსხვავებული შეფასება, ნაკვეთის აუქციონზე გატანა დავიწყეთ მაღალი ფასით და შევხედეთ ბიზნესი რამდენად დაინტერესდებოდა“.

ბიზნესი სამინისტროს მიერ შეთავაზებული ფასით არ დაინტერესდა, ამიტომ სამინისტრომ აუქციონის პირობების შეუცვლელად, ქონების საწყისი გასაყიდი ფასის დაკლება დაიწყო.

„ორი [მაღალი და დაბალი] საბაზრო შეფასება გვაქვს და არ ვიცით რომელი არის სწორი. იმ მეორე, დაბალ საბაზრო შეფასებამდე შეგვიძლია ჩამოვიდეთ, მაგრამ იმის ქვევით არა“, – ამბობს თორნიკე კუჭავა.

რამდენია ეს დაბალი ფასი, ამ კითხვაზე მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ „მაღალი ფასი დაბალზე დაახლოებით ოთხჯერ მეტი იყო“. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით გამოდის, რომ ფიჭვნარში მიწის საწყისი გასაყიდი მაღალი ფასი იყო 4 585 000 ლარი, რა ფასითაც გამოცხადდა თავდაპირველად აუქციონი, ხოლო დაბალი შეფასება გამოდის – 1 146 250 ლარი, ანუ 687 750 ლარით ნაკლები, იმ ფასზე, რა ფასითაც ქონება ახლა არის გატანილი აუქციონზე.

თორნიკე კუჭავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პირდაპირი მიყიდვა ან 1 ლარად ამ ნაკვეთის გასხვისების საკითხი სამინისტროში არ განიხილება: „ქონება გასხვისდება მხოლოდ აუქციონით, რომელმაც უნდა გამოაჩინოს, არის თუ არა დაინტერესებული პირი, ანუ უღირს თუ არა პირს, ბიზნესს, გადაიხადოს მოცემული პირობებით, მოცემული ფასი“.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ნაკვეთით დაინტერესებული მხარეების მიერ „აუქციონამდე შემოთავაზებული იყო თუ რისი განვითარების შესაძლებლობა არსებობდა და არა ფასი. ჩვენ ჩვენი პირობებიც ჩავდეთ და კორექტირებული პირობებით გამოვაცხადეთ აუქციონი“.

აუქციონის პირობები, გასაყიდი ფასის 60%-ით შემცირების მიუხედავად, არ შეცვლილა. შესაბამისად, ქონების მყიდველი ვალდებულია:

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი თვის ვადაში საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი, მათ შორის ზღვაზე გადასასვლელი ბილიკის სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის ვადაში დაამუშაოს საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის საპროექტო დოკუმენტაცია და მიიღოს მშენებლობის ნებართვა. მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო ცენტრებს, რესტორანს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში დაასრულოს მშენებლობა და გაუშვას ექსპლუატაციაში და ამოქმედება, არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნებით, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა იყო საქართველოს მოქალაქე.

მთლიანობაში, მომავალმა მყიდველმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში, აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გასაყიდი ნაკვეთი ფიჭვნარის პლაჟთან / 2019 წლის მაისი

გასაყიდი ტერიტორია ქობულეთში, ფიჭვნარში, დავით აღმაშენებლის გამზირის N379-ის მიმდებარედაა. მომიჯნავე ნაკვეთები უკვე გასხვისებულია სხვადასხვა კერძო კომპანიაზე: „სის ინვესტი“, „ელერ კომპანი“, „არგო ანურია“.

შპს „ელერ კომპანიში“ 50% წილს ფლობს და ამავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია ლევან შერაზადიშვილი. ლევან შერაზადიშვილი, რომელიც სლოვაკეთის მოქალაქეა, შპს „გრინ რეზორტის“ ერთ-ერთი მეწილე და დირექტორიცაა. „გრინ რეზორტს“ კი აჭარის მთავრობამ გოლფის მოედნისა და ე.წ. მწვანე ქალაქის მოსაწყობად ქობულეთში 180 ჰექტარამდე მიწა 6 040 265 ლარად გადასცა. „გრინ რეზორტმა“ ამ პროექტში არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მიწა ფიჭვნარში, რომელიც აუქციონზეა გატანილი, იმ ნაკვეთებთანაც ახლოსაა, სადაც გოლფის მოედანი და „მწვანე ქალაქი“ უნდა გაშენდეს. „გრინ რეზორტის“ წარმომადგენელმა დაახლოებით ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ აუქციონზე გამოტანილი ნაკვეთის შეძენა ამ ეტაპზე მათ ინტერესებში არ შედის.

ნებისმიერ პირს, ვინც აჭარის ქონებით დაინტერესდება, შეუძლია მიმართოს შესაბამის სამინისტროს და ამ ქონებასთან დაკავშირებით თავისი წინადადებები შესთავაზოს.

რა ქონებას ყიდის, როგორ არჩევს და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობა ქონების გასხვისებისას? – შეგიძლიათ ნახოთ სტატია „ბათუმელების“ არქივიდან: ვინ და რა პრინციპით ყიდის აჭარის ქონებას.

ზღვის პირველ ზოლში, ანუ პლაჟთან ახლოს ისეთი ადგილები, სადაც სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებაა შესაძლებელი, ზოგადად, მსოფლიოში ცოტაა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა პოტენციალი აქვს აჭარას ამ კუთხით და ზღვასთან [პლაჟთან] ახლოს რომელ ნაკვეთებს განიხილავს ხელისუფლება, სადაც შესაძლოა სასტუმროების აშენება. ასეთი, ჯერ კიდევ გაუსხვისებელი მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია 2019 წლის თებერვალში გამოვითხოვეთ, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, ასევე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიდან.

ამ თემაზე:

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

 

ზღვის წყალი 22 გრადუსამდე გათბა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 4 ივნისის 21 საათიდან 5 ივნისის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: + 25 – 30 გრადუსი
  • ღამით:  +15 – 20 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: + 20 – 25 გრადუსი 
  • ღამით: + 10 – 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 6-7 ივნისს, საღამოს და ღამის საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე, ძლიერი წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა + 22 გრადუსია.

____________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი ხელახლა გამოცხადდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ დირექტორის ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა. განცხადებები კონკურსში 4 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით მიიღება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც  აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება.

სამეურვეო საბჭომ დირექტორის კონკურსის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არაუგვიანეს 13 ივლისისა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო უკვე მეორედ აცხადებს კონკურსს დირექტორის ასარჩევად. პირველ კონკურსში 8 მსურველი მონაწილეობდა, თუმცა კონკურსი ჩაიშალა, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო სამი ხმა, რაც დირექტორის ასარჩევად იყო საჭირო. დირექტორობის კანდიდატებიდან ყველაზე მეტი, ორი ხმა მიიღო მერაბ წულუკიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა; 1 ხმა მიიღო ნათია ზოიძემ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა; 1 ხმა – ირმა ზოიძემ – საგამოძიებო სტუდია REC -ის დამფუძნებელმა და 1 ხმა – ბაჩო გურაბანიძემ, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ ხელმძღვანელმა.

გუშინ, 3 ივნისს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია ზოიძემ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

„არ ჩავუგდოთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელში ქართულ ოცნებას“ – ენმ-ის ბრიფინგი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. დღეს, 4 ივნისს, პარტიის ოფისში უმაღლესი საბჭოს წევრმა, ასმათ დიასამიძემ, გამართა ბრიფინგი და აღნიშნა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო რთული გახდა და ამაზე მიუთითებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძის განცხადებაც, რომელიც მან გუშინ, 3 ივნისს გაავრცელა.

„ჩვენ, იმთავითვე, აჭარის რეგიონში წარმოდგენილ პარტიებთან ერთად გამოვეხმაურეთ ტელევიზიის დირექტორის და ტელევიზიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, სადაც მკაფიოდ დავაფიქსირეთ მოსაზრება, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობდა აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებას და ამითი საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.

გაცილებით უფრო რთული მდგომარეობაა დღეს, ამ ყველაფერზე მიუთითებს გუშინ ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძის საგანგაშო წერილი, ასევე, ბორდის წევრის ბეჟან გობაძის განცხადება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე.

ჩვენ ამ პროცესებს ვარქმევთ ივანიშვილ-რიჟვაძის სპეცოპერაცია – ,,აჭარის ტელევიზიას“. არ ჩავუგდოთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიძინა ივანიშვილ-რიჟვაძის ქართულ ოცნებას ხელში, ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება და ტელევიზიის დამოუკიდებლობა,“ – განაცხადა ასმათ დიასამიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს დირექტორის არჩევნები 31 მაისს გაიმართა, თუმცა კონკურსი ჩაიშალა.

 

რომელი წიგნები გაიყიდა ყველაზე კარგად წიგნის ფესტივალზე

2019 წლის თბილისის წიგნის ბაზრობაზე სამოცდაათმა გამომცემლობამ და სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. ფესტივალს წელს ესტუმრნენ ფინელი მწერლები, შვედი გამომცემლები და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის დელეგაცია; სხვადასხვა გამომცემლობის წარმომადგენლები: მარი კორინთელი (,,წიგნები ბათუმში“), ზვიად კვარაცხელია („ინტელექტი“, ,,არტანუჯი“) ნინო მჭედლიშვილი („დიოგენე“) და თინა კუხიანიძე (,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“) წიგნებზე საუბრობენ, რომლებიც წლევანდელ ფესტივალზე იყო ბესტსელერები.

ვიტოლდ გომბროვიჩი – „პორნოგრაფია”

„მეოცე საუკუნის უდიდესი მოაზროვნის, ვიტოლდ გომბროვიჩის ფსიქოლოგიურ რომანში მოქმედება მეოცე საუკუნის პოლონეთში ვითარდება. აპათიურ გარემოში არცერთხელ არ არის ნახსენები, რომ ომია, მაგრამ წიგნი ომის პერიოდს აღწერს. ორი მეგობარი, ვარშაველი ინტელექტუალი, ჩადის მესამე მეგობრის მამულში, სადაც იქვე  მცხოვრებ გოგოს და ბიჭს გაიცნობენ. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მეგობრები იწყებენ რთულ თამაშს. მთელი მონდომებით ცდილობენ გოგო და ბიჭი ერთმანეთს დააკავშირონ.

ომის პირობებსა და აპათიურ გარემოში სექსი ამ ოთხი ადამიანისთვის არის ერთადერთი საშუალება, რითაც გრძნობენ, რომ ცოცხლები არიან. წიგნის სიუჟეტი  საინტერესოდ ვითარდება და მოულოდნელი ფინალი აქვს.

 

ნორა იკსტენა – „დედის რძე”

ეს რომანი არის სერიიდან ,,საკუთარი ოთახი“, რომელიც ქალ ავტორებს აერთიანებს. ნორა იკსტენა თანამედროვე ლატვიელი ავტორია, წიგნი ძალიან დასამახსოვრებელი, მძაფრი ემოციებითაა სავსე. „დედის რძე“ მოგვითხრობს საბჭოთა რიგაში მცხოვრები დედა-შვილის ამბავს – ცალ-ცალკე ორივე მათგანი წიგნის მთხრობელად გვევლინება. ტექსტში ჩანს, როგორ არასდროს კვეთს დედა-შვილის ცხოვრება ერთმანეთს პარალელური წრფეებივით. დედა ინტელექტუალია და კარგად იაზრებს რა ხდება მის თავს, გარშემო და მას არ შეუძლია არაფრის გაცემა არც შვილის, არც არავისითვის, რადგან ყველა ემოცია რეჟიმის პირობებში თავის გადარჩენას შესწირა. აღწერილია შვილის გრძნობები, თუ როგორი ტრავმაა მისთვის დედის უყურადღებობა.

 

გუსტავ მაირინკი – „გოლემი”

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი რამდენიმე წლის წინ გამოიცა ქართულ ენაზე, ის ბესტსელერად წლევანდელ ფესტივალზე იქცა.

ავტორი გუსტავ მაირინკი ავსტრიელი ექსპრესიონისტია და მოგვითხრობს მეოცე საუკუნის დასაწყისში პრაღის გეტოში ებრაელების ცხოვრებაზე.

საიდუმლო ქსელით მოცული პრაღა, ჩრდილოვან ძალებთან დაპირისპირება, ბიუროკრატიული ჯოჯოხეთი და პოლიტიკური ინტრიგები – მკითხველი მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაინაცვლებს, დიდი მღელვარების პერიოდში, როდესაც ევროპის კარს პირველი მსოფლიო ომი იყო მომდგარი. მის მიერ აღწერილი პრაღა ერთდროულად ისტორიული და ეზოტერიკული, დიდებული და გროტესკული, რეალური და წარმოსახვითი. „გოლემის“ სახით მკითხველს წინ ჰალუცინოგენური მოგზაურობა ელის.

,,გოლემი“ ერთდროულად ცოტა აბსურდული, ცოტათი მისტიკური და ფსიქოლოგიური რომანია.

 

ე. მ. ფორსტერი – „ოთახი ხედით”

მართალია, ფესტივალზე ფორესტერის რომანის ,,ოთახი ხედით“ ჩამოტანავერ მოასწრესდა გვიან ჩამოიტანეს, მაგრამ მკითხველების მოლოდინი წიგნისადმი კარგად ჩანდა მათ კომენტარებში, რომლებსაც გამომცემლობის გვერდზე წერდნენ. „ოთახი ხედით“ მეოცე საუკუნის დასაწყისის ბრიტანული კლასიკაა, მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელიც აქამდე ნათარგმნი არ იყო. ტექსტით ქართულ ენაზე ნათარგმნი ლიტერატურის დიდი, ცარიელი ადგილი შეივსო.

ეს არის მეოცე საუკუნის დასაწყისის ბრიტანული  კონსერვატული საზოგადოების  ირონიული სურათი, რომელშიც ახალგაზრდა გოგოსა და ბიჭის ამბავია მოთხრობილი. წყვილს რაღაც გრძნობა ეწევა ერთმანეთისკენ, მაგრამ საზოგადოებრივ აზრს მათზე ძალიან დიდი გავლენა აქვს და მთელი წიგნი მათ გრძნობებში თვითგამორკვევას ეხება. რომანში აღწერილი ამბები ძალიან კარგად ერგება ქართულ სინამდვილეს და ამ მხრივ ,,ოთახი ხედით“ აქტუალური და მნიშვნელოვანი ტექსტია.

 

იუკიო მიშიმა – „ნიღბის აღსარება”

იაპონურიდან თარგმნა თათია მემარნიშვილმა. მიშიმას ეს რომანი სამი თვის წინ გამოიცა და მაშინვე მიიპყრო ქართველი მკითხველის დიდი ყურადღება, რადგან აქამდე ავტორის წიგნები ქართულად არ გამოცემულა. პირველი იყო ამავე ავტორის „ოქროს ტაძარი“ ასევე ძალიან პოპულარული, რაც ალბათ იმითაა განპირობებული, რომ მთარგმნელმა თათია მემარნიშვილმა ორივე ტექსტი იაპონურიდან თარგმნა.

იაპონური ლიტერატურა კი ქართულად ძირითადად ინგლისური ან სხვა ენებიდან ითარგმნება.

სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება. განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩეულ მთხრობელს ნიღბების ცვლა შესანიშნავად გამოსდის და ერთგვარად ეხმარება კიდეც – დარჩეს ბოლომდე გულწრფელი, თვალი გაუსწოროს ძნელად გასააზრებელ სიმართლეს.

 

ალექსანდრა და დანიელ მიზილინსკები ,,რუკები”

,,„„     რუკები“ ბოლო წლების საერთაშორისო ბესტსელერი და ყველაზე პოპულარული საბავშვო შემეცნებითი წიგნია. 2012 წელს შეიქმნა პოლონეთში და მოიცავს ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ზოგადკულტურული ხასიათის ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ.

ამ წიგნს იყენებენ როგორც სასწავლო-პედაგოგიურ გარემოში, ისე ოჯახში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა მიერ ერთობლივი კითხვისთვის. „რუკების“ მასალის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა თამაშისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა.

55 დიდი რუკა 46 ქვეყანასა და 6 კონტინენტს მოიცავს. ყოველ რუკაზე უამრავ საინტერესო ილუსტრაციას და მნიშვნელოვან ფაქტს აღმოაჩენთ.

,,რუკები“ წელს წიგნის ფესტივალზე საყმაწვილო ლიტერატურის ბესტსელერი იყო. ეს არის თვალისმომჭრელად დასურათებული მაღალპოლიგრაფიული, შემეცნებითი ატლასი.

 

ჯინ ვებსტერი – გრძელფეხება მამილო

წიგნი რამდენიმე წლის წინ გამოიცა და ყოველ წელს ბესტსელერია წიგნის ფესტივალებზე, ისევე როგორც წელს. ქართულენოვანი გამოცემა ორ ტექსტს მოიცავს: ქართულს და  ინგლისურს.

ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯინ ვებსტერის წიგნი “გრძელფეხება მამილო” მოგვითხრობს ობოლი გოგონას ამბავს, რომელიც უცნობმა ქველმოქმედმა კოლეჯში გაგზავნა. ამ კლასიკადქცეულ ეპისტოლარულ რომანს დღემდე სიამოვნებით კითხულობენ სხვადსხვა ასაკის მკითხველები მთელ მსოფლიოში.

წიგნი წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს მოზარდებში. „გრძელფეხება მამილო“ ფესტივალისთვის სპეციალურად ხელახლა დაიბეჭდა.

 

ნათია ფანჯიკიძე – ,,შიშო, გამოდი გარეთ“

გამომცემლობა „არტანუჯის“ ბესტსელერი წიგნის ფესტივალზე იყო ჟურნალ ლიბერალთან“ ერთად გამოცემული მორიგი პროექტი: ნათია ფანჯიკიძის ,,შიშო, გამოდი გარეთ“.

„წერილების კრებული 2014-2018 წლებში უმთავრესად ჟურნალ „ლიბერალისთვის“ იწერებოდა – სხვადასხვა მოვლენის პასუხად და სხვადასხვა განწყობით. ტექსტებს ამიტომ არ აქვთ ერთმანეთთან მკაფიო შინაარსობრივი კავშირი. მათი გამაერთიანებელი ყოველ ჯერზე იყო მხოლოდ მიზანი, განმეწყო ადამიანები მეტი გამბედაობისკენ, გამეჩინა მათში სულიერი სიმხნევე და ოდნავ მაინც შემემცირებინა მათი შიში და სევდა. ვცდილობდი, ამეხსნა და საგრძნობი გამეხადა ზოგიერთი დაავადების შინაარსი და სხვადასხვა მდგომარეობის ფარული, შინაგანი მხარე, რადგან ის, რაც გავიგეთ, თუ არ ვიგრძენით კიდეც, ვერაფერს შეცვლის ჩვენში,“ – წერს წიგნის ანოტაციაში ავტორი.

 

მარსელ პრუსტი – ,,ნაპოვნი დრო“

პრუსტის „ნაპოვნი დრო“ ცნობილი ციკლიდანაა – ,,დაკარგული დროის ძიებაში“, რომელიც 3000-ზე მეტ გვერდს მოიცავს და შვიდ ტომადაა დაყოფილი.

ავტორი გადაწყვეტს, ხელი აიღოს მწერლად გახდომის განზრახვაზე. თუმცა გერმანტების წვეულებაზე მისული ეზოში ფეხს წამოჰკრავს ცუდად დაგებულ ფილაქანს და წამსვე სენ-მარკის ეკლესიის ეზო ახსენდება ვენეციაში, სადაც სწორედ ამგვარად წაბორძიკდა. ლაქიას ჩაი მოაქვს და კოვზი გაწკარუნდება ლამბაქზე, რაც შუა მინდორში გაჩერებული მატარებლის შეკეთების ხმაურს აგონებს, როდესაც საყვარელ ბებიასთან ერთად მგზავრობდა. ბიბლიოთეკაში ფორთოხლის წვენს მოართმევენ და ხელსახოცი სწორედ ისევეა გახამებული, როგორც ბალბეკში პირველად ჩასვლისას დახვდა. ეს სამი ნიშანი იდუმალი კავშირია წარსულსა და აწმყოს შორის. ის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას იღებს – ჩაიკეტება, წერას დაიწყებს და კვლავ იპოვის დაკარგულ დროს. სასწორის ერთ მხარეს წერა იდება, მეორეზე – სხვა ყველაფერი. წერით უმაქნისი, უბედური, ამაო სიცოცხლე ქმედით, ბედნიერ სიცოცხლედ იქცევა.

პრუსტის ,,ნაპოვნი დრო“ ფრანგულიდან დალი იაშვილმა თარგმნა.

მელანია მაცუკო „ვიტა“

ათასობით იტალიელს შორის, რომლებიც 1903 წელს ნიუ-იორკში ჩადის უკეთესი მომავლის საძებრად, სამხრეთ იტალიის უღარიბესი სოფლიდან შიმშილს გამოქცეული ცხრა წლის ვიტა და თორმეტი წლის დიამანტეც არიან. ძალადობა, ჩაგვრა, შიში, თავისა და ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობა მათ ბავშვობას ართმევს. რომანი ერთსა და იმავე დროს ოჯახური საგაცაა და კოლექტიური ეპოპეაც -სიყვარულზე მარადიული ოცნების, იმედის, არდანებების,  ცრემლიანი და თან ღიმილის მომგვრელი ამბავი. ამ რომანით, თავისი ოჯახის ისტორიიდან აღებული პერსონაჟებით ავტორმა მთელი იტალიის ავტობიოგრაფია დაწერა.

„ვიტა“ მელანია მაცუკოს მესამე რომანია, რომელსაც 2003 წელს იტალიის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია „სტრეგა“ მიენიჭა.  2011 წელს მელანია მაცუკო იტალიის წლის ავტორად დასახელდა. მისი რომანები მსოფლიოს ოცდაათამდე ენაზეა თარგმნილი. „ვიტა“ ამ იტალიელი ავტორის პირველი ნაწარმოებია ქართულ ენაზე.

თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალი 2 ივნისს დასრულდა.

მახინჯაურსა და განთიადში წყლის მიწოდება 16 საათამდე შეწყდა

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 4 ივნისს, 10-დან  16:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება მახინჯაურისა და განთიადის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარზე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ

დღეს მუსლიმური სამყარო მარხვის დასასრულის დღესასწაულს – რამადან ბაირამს აღნიშნავს.  ბათუმში სადღესასწაულო ლოცვები ორ ადგილას – ორთაჯამესა და ბათუმის ახალ მეჩეთში ერთდროულად დაიწყო.

იმის გამო, რომ მუსლიმებს დღემდე არ მიუღიათ მეჩეთის მშენებლობის ნებართვა, მლოცველთა დიდ ნაწილს გარეთ, ღია ცის ქვეშ მოუწია ლოცვა.

ბათუმის ახალ მეჩეთში სადღესასწაულო ქადაგებას მეჩეთის წინამძღვარი იმამი თამაზ მგელაძე წაუძღვა. ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის თქმით, დღეს რამადანის ლოცვა  ბათუმის ახალ მეჩეთში 4 ათასზე მეტმა ადამიანმა შეასრულა.

“ბათუმის ახალი მეჩეთი არ არის მხოლოდ მეჩეთი. ეს არის ზოგადად მუსლიმების კონსოლიდაციის, მუსლიმების ბრძოლისუნარიანობის შემძენი ერთ-ერთი მთავარი ასპექტი. ძალიან მნიშვნელოვანია იმ მიმართულებით, რომ მუსლიმი თემი გათვიცნობიერდა, თუ როგორ უნდა იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის დემოკრატიული გზებით და კანონის ფარგლებში. ეს არის მაგალითი და გამოცდილებაც ამასთანავე. არის გამოთქმა, “ზოგი ჭირი მარგებელია” – ყველა ცუდში რაღაც სიკეთე შეიძლება იყოს. იმ უარში, რომელიც ბათუმის მერიამ გასცა 2017 წელს, ის სიკეთეა, რომ მუსლიმმა თემმა ისწავლა ბრძოლა, ისწავლა ერთიანობა და ისწავლა იმ ღირებულებებზე აქცენტები, რომელიც არამარტო საკუთარი სულიერებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, რომ სწორად და მართებულად მიუდგნენ მუსლიმ თემს და, შესაბამისად, შეაფასონ ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, არ აქვს დღეს ხელისუფლებას სწორი პოლიტიკური ხედვა, რომელიც, ზოგადად, რელიგიური უმცირესობების მიმართ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბათუმში წლების განმავლობაში ვერ ხერხდება სამართლებრივად სწორი ფორმებით აშენდეს ახალი მეჩეთი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა გამოიღებს შედეგს და არამარტო მუსლიმებისთვის, არამედ ეს იქნება, ზოგადად, საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობებისთვის მაგალითი, პრეცედენტი იმის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდება, თუ როგორ უნდა მოხდეს სამართლებრივად საკულტო ნაგებობების მშენებლობა,” – თქვა ტარიელ ნაკაიძემ.

ღია ცის ქვეშ ილოცა ორთაჯამეში მისული მუსლიმების ნაწილმაც. ბათუმის ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევდა. ძველ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ აღავლინა. მუსლიმებს რამადანი მიულოცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა. ისინი ძველ მეჩეთში მივიდნენ.

რამადან ბაირამი მუსლიმებისთვის უდიდესი დღესასწაულია. მუსლიმები ერთი თვის განმავლობაში მარხულობენ – დილიდან საღამომდე (მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე) არ იღებენ საკვებს და წყალს. ბაირამისთვის აჭარაში აკეთებენ ჰალვას, ამ დღეს ასევე გასცემენ ფითრის ფულს, რომელიც ღარიბებს ურიგდება.

მუსლიმები ემზადებიან რამადანის ლოცვისთვის ბათუმის ახალ მეჩეთში
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ასობით მუსლიმი ბათუმში ისე როგორც წინა წლებში, დღესაც ღია ცის ქვეშ ლოცულობდა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ბათუმის ძველ მეჩეთში მუსლიმები ლოცვის შემდეგ ერთმანეთს რამადან ბაირამს ულოცავენ
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ორთაჯამე, მლოცველები ლოცვის შემდეგ მეჩეთის ეზოს ტოვებენ ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების შემდეგ, 15 წლის გოგოს მონასტერში უშვებენ

„გარეთ იშვიათად ან საერთოდ აღარ გავდივარ. დედამ თქვა, სხვებს არ უნდა დაენახოო… ამას წინათ ქუჩაში ვიღაც ქალმა მიცნო, შეხედეთ, ეს უსირცხვილო ქუჩაში დასეირნობს უკვეო,“ – საკუთარ ისტორიას 15 წლის გოგო გვიყვება. ცხოვრება მისთვის რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა მისი და მისი თანაკლასელი ბიჭის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი კადრები სოციალური ქსელში გავრცელდა. უკვე რამდენიმე თვეა გოგოს სკოლაში არ უვლია, თითქმის ყველა სკოლაში უთხრეს, რომ მისთვის ადგილი არ ჰქონდათ.

მაშინაც და თვეების შემდეგაც გოგოსთვის ყველაზე მტკივნეული ტელევიზიების მიერ მისი ამბის გაშუქება აღმოჩნდა. გვიყვება, როგორ შეიტყო ნაციონალური ტელევიზიებიდან, რომ ამ საქმეში „დამნაშავე“ თითქოს თვითონ იყო. შემდეგ კი, ზუსტად ერთ დღეში მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. მართალია, 15 წლის გოგო სახლში გამოიკეტა, თუმცა საზოგადოების აგრესია მასთან მაინც აღწევდა.

პირველად მაშინ გადაწყდა, რომ გოგო რამდენიმე კვირით მონასტერში გაეშვათ.

მონასტრიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სახლში. გოგო ამბობს, რომ ისევ მონასტერში აპირებს წასვლას – ამჯერად უფრო ხანგრძლივი დროით: მონასტერთან არსებულ სემინარიაში ისწავლის.

[toggle title=”ამონარიდი წერილიდან, რომელიც გოგომ ინტერვიუს ჩაწერის დროს დაგვახვედრა – 1 “]„…სახლში ცდილობ არაფერი შეიმჩნიო, ვერ უყურებ თვალებში ორსულ დედას, საჭმელს ვერ ჭამ, დედის ქებაზე უსინდისობისგან ტირილი და ღრიალი გინდა, შინაგანად ღრიალებ, გესმის, ცრემლებს ძლივს იკავებ, მშობლის თანადგომა გჭირდება, მაგრამ ვერ ახერხებ, მეგობრებს სთხოვ დახმარებას, კლასელს, მაგრამ დაგცინიან… მთელი საქართველო შენი წინააღმდეგია, გძულს ყველა და ყველაფერი“.[/toggle]

ფრაგმენტები 15 წლის გოგოს წერილიდან

მანამდე კი გოგოს თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე სურს საუბარი.  ჩვენ მას თავის ფსიქოლოგთან ერთად შევხდით:

„გაკვეთილიდან დირექტორმა გამიყვანა. ვიცოდი რაშიც იყო საქმე, რადგან მანამდე ის ბიჭი – ნიკაც [სახელი შეცვლილია] გაიყვანეს კლასიდან,“ – იხსენებს გოგო იმ დღეს, როცა კადრები გავრცელდა და როცა ბოლოჯერ იყო გაკვეთილზე ამ სასწავლო წელს. დირექტორმა კაბინეტში დაბარებულ გოგოს უთხრა, რომ სკოლაში ბებია დაიბარეს და მან გაკვეთილებზე აღარ უნდა იაროს.

„დირექტორმა მითხრა, ასეთი შეცდომა აღარ დაუშვა, სანამ ბიჭს კარგად არ გაიცნობ, წინდახედული უნდა იყოო… ბებიამ არ იცოდა, რა მოხდა. მკითხა, რა გაავრცელეს, რა იყოო. მე ვუთხარი, რაღაც მონტაჟია და არაფერი-მეთქი. წამოვედით. სახლისკენ როცა ვბრუნდებოდით, გზაში ჩემმა უმცროსმა დამ დაგვინახა – თურმე. ის იმ დროს მიდიოდა სკოლაში. დედას დაურეკა სამსახურში და უთხრა, რომ მე და ბებია დაგვინახა. მერე დედამ გადმორეკა. მე მოვიტყუე, რომ თითქოს მუცელი ამტკივდა… არ მინდოდა დედას ენერვიულა“.

გოგოს თქმით, ის ნიკასთან მეგობრობდა და არ იცის, როგორ მოხვდა მათი ინტიმური ურთიერთობის ვიდეო სოციალურ ქსელში. ამ ამბის შემდეგ გოგოს სკოლაში მისვლა თავადაც აღარ სურდა. მშობლებმა სხვა სკოლებში მისი გადაყვანა სცადეს, მაგრამ მათ ყველგან უთხრეს, რომ „ადგილი აღარ არის“. გოგოს დედას არ სურს იმ სკოლების დასახელება, სადაც მისის შვილისთვის „ადგილი არ აღმოჩნდა“. შიშობს, რომ ამ თემის კიდევ ერთხელ წამოწევით შეიძლება ისევ მისი შვილი დაზარალდეს.

ყველაზე მეტად გოგოს იმ დღეების გახსენება უჭირს, როცა მომხდარზე ვერავის უყვებოდა. უთხრეს, რომ დედას უნდა ემშობიარა და მისი ნერვიულობა არ შეიძლებოდა. მამას კი არ უნდა ენახა – გოგო დროებით დედის მეგობარმა წაიყვანა სახლში.

[toggle title=”ამონარიდი წერილიდან, რომელიც გოგომ ინტერვიუს ჩაწერის დროს დაგვახვედრა – 2“]„…რამდენიმე დღეში ამას მთელი საქართველო გებულობს…. და რას გებულობს? სულ სიცრუეს და აბსურდს, ყველა შენ დაგცინის. გინდა, გაიქცე, მაგრამ არ იცი – სად, თქვა სიმართლე, მაგრამ არავინ არ დაიჯერებს. შველა გინდა. არ იცი, ვის მიმართო. დედამ სადაცაა უნდა იმშობიაროს, მამა გამორიცხულია. სულ მარტო ხარ“.[/toggle]

ფრაგმენტები 15 წლის გოგოს წერილიდან

მალევე გოგო რამდენიმე კვირით მონასტერში წაიყვანეს. ამბობს, რომ ეს იყო „გაქცევა“ საზოგადოების აგრესიიდან. მშობლებთან დალაპარაკებაც კი მხოლოდ მონასტრიდან დაბრუნების შემდეგ შეძლო.

[toggle title=”ამონარიდი წერილიდან, რომელიც გოგომ ინტერვიუს ჩაწერის დროს დაგვახვედრა – 3“]„რა მოხდა, ცხადია თუ სიზმარი, ან როგორ? რატომ? როდის? საიდან მიხვედი ისეთ დონეზე, როგორ მიგიყვანეს? … იტანჯები. ხალხი კი აუარესებს შენს მდგომარეობას. იაზრებ, რა მოხდა შენს თავს. რა ხდება საქართველოში, შენ გარდა კიდევ რამდენ გოგოს ექცევიან ასე უსინდისოდ და სასტიკად. ზოგი ვერ უძლებს…“ [/toggle]

ფრაგმენტები 15 წლის გოგოს წერილიდან

მონასტრიდან სახლში დაბრუნების შემდეგ გოგო მშობლებს ესაუბრა. ბედნიერია, რომ მშობლებისგან მხარდაჭერას გრძნობს და მათი სჯერა.

„თავიდან მამას უთხრეს, რომ ეს რაღაც მონტაჟი იყო და არ უნდა მიექცია ყურადღება… მერე, როცა სიმართლე გაიგო, მეგონა, რომ მომკლავდა, მაგრამ ის მშვიდად მესაუბრა, არც კი მიყვირა,“ – დასძენს გოგო.

15 წლის გოგო ახლა მიიჩნევს, რომ მის მიმართ საზოგადოებას აგრესია, ძირითადად სქესის გამო აქვს:

[toggle title=”ამონარიდი წერილიდან, რომელიც გოგომ ინტერვიუს ჩაწერის დროს დაგვახვედრა -4“]„…ვწუხვარ, რომ ასეთ თემაზე მიწევს თქვენთან საუბარი. უბრალოდ, მართლა არ შემეძლო. ნუთუ, მართლა ვერ ხვდებით ამხელა მშობლები, ამდენი განათლებული ხალხი საქართველოში და განმიკითხავთ, დამცინით მხოლოდ იმის გამო, რომ გოგო ვარ… არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ეცემი. მთავარია, გამონახო სწორი გზა, არ დანებდე“.[/toggle]

ფრაგმენტები 15 წლის გოგოს წერილიდან

იმ სისასტიკის მიუხედავად, რაც  საზოგადოებისგან მიიღო, 15 წლის გოგომ ზუსტად იცის, რომ უნდა იბრძოლოს. ამბობს, რომ ჯერ პროფესია არჩეული არ აქვს, მაგრამ ფსიქოლოგობა სურს.

„..ჩემი მეგობარი, მაგალითად, ტაბლეტებს სვამდა. ჩემს ამბებამდე რამდენჯერმე ველაპარაკე, არ გინდა, შეეშვი-მეთქი. მერე, ერთი კვირა არ სვამდა. ახლა რას შვრება, არ ვიცი. ვუთხარი, რომ ცხოვრებისეული ტრავმა გაქვს, გეტყობა, მომიყევი, რა ხდება-მეთქი… მისაუბრია მეგობრებთანაც, რომლებიც თავის მოკვლას აპირებდნენ, ვცდილობდი ეგრძნოთ, რომ მათ გვერდით ვიღაც იყო. ვურჩევდი, ვინმეს შენს გრძნობებზე ესაუბრე-მეთქი… ახლა ჩემთან ძირითადად ერთი მეგობარი დადის. სხვებს, როგორც ვიცი, აუკრძალეს ჩემთან ურთიერთობა… დედაჩემიც ასე იზამდა, ალბათ. იმედი მაქვს აწი აღარ იზამს ასე.

ახლა ვფიქრობ, რომ კაცები არ არიან უფრო ძლიერები. მამაჩემი სულ ამბობდა, რომ კაცები უფრო ჭკვიანები არიან, მაგრამ, ჩემი აზრით, ბიჭები მხოლოდ კარგი მანიპულატორები არიან.

ძალიან მიყვარს როკი და მუსიკა. ვუკრავ დრამზე, პიანინოზე… რამდენიმე წლის წინ სახლში ვმღეროდი, დედამ მოისმინა, მოეწონა და ჩაწერა… ახლა მინდა სადმე კონკურსში ჩუმად მივიღო მონაწილეობა და უიტნი ჰიუსტონის სიმღერა შევასრულო. მინდა, ეს სიურპრიზი გავუკეთო მშობლებს…“ – გვიყვება გოგო.

გოგოს სურვილია, მისი ესმოდეთ და სჯეროდეთ. იცის, რომ ჯერ კიდევ 15 წლისაა, მაგრამ ბავშვობის შეგრძნება ენატრება. ამ მონატრებაზე საუბრობს გოგო წერილში, რომელიც მან ინტერვიუს დროს დაგვახვედრა. ეს წერილი მას რამდენიმე დღის წინ დაუწერია.

[toggle title=”ამონარიდი წერილიდან, რომელიც გოგომ ინტერვიუს ჩაწერის დროს დაგვახვედრა – 5“]„ჩამხედე თვალებში, რას ხედავ? თითქოს და ბედნიერი ვარ… მინდა, ვიყო, მაგრამ ეს ჯერ შეუძლებელია. მენატრება ის დრო, როდესაც ეზოში ტალახისგან კატლეტებს ვამზადებდი, ვთამაშობდი გაშეშობანას…“[/toggle]

15 წლის გოგოს წერილის დასაწყისი

შს სამინისტროს ინფორმაციით, „მოსწავლეებს შორის ინტიმური ხასიათის ვიდეოს გავრცელების საქმეზე“ გამოძიება ამ ეტაპზე დასრულებული არ არის და ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე

https://netgazeti.ge/news/369703/

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები იწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 17  ივნისს საქართველოს საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება.

სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნები ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში უნდა ჩატარდეს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2085 საჯარო სკოლაა.

სამინისტროში არ აკონკრეტებენ, არჩევნები ყველა სკოლაში ერთდროულად ჩატარდება, თუ ეტაპობრივად. ამ თემაზე განცხადებას სამინისტრო ხვალ, 4 ივნისს, გააკეთებს.

სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს,  სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს და სხვა. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს 3 წლის ვადით ირჩევენ.

სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევის წესი იხილეთ აქ.

რა წერია ყურანში? [ტესტი]

ხვალ, 4 ივნისს, მუსულმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, ან გაიხსენეთ, რა წერია ყურანში რწმენის თავისუფლების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ, ან სიკეთეზე, სიკვდილზე, წუთისოფელზე.

ტესტი მომზადებულია ყურანის ქართული თარგმანის მიხედვით [გიორგი ლობჟანიძე, კავკასიური სახლი, 2006].

მთავარი ფოტო: ღორჯომის მეჩეთი, მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სპეციალისტის თქმით, წელს ზღვამ 60-ზე მეტი დელფინი გამორიყა

„გასულ წელთან შედარებით, დელფინების სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევები გახშირდა,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე.

„ბოლო მონაცემებით, 60-ზე მეტი ასეთი შემთხვევაა, საუბარია სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე. რაც შეეხება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქაც ანალოგიური ვითარებაა. არ გვაქვს ზუსტი ციფრები, მაგრამ ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ისინიც ადასტურებენ, რომ ვითარება მსგავსია,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

მისივე თქმით, ზღვის ძუძუმწოვრების: აფალინის, თეთრგვერდა დელფინისა და ზღვის ღორის გამორიყვის მიზეზი რამდენიმეა: ბადეებში გახლართვა, ზღვის დაბინძურება, პათოლოგიური ფაქტორი ანუ დაავადებები და ნავიგაციური ტრავმები.

„წელს ჩვენ ნავიგაციური ტრავმები არ გვქონია, ბადეებში მოხვედრის კი რამდენიმე შემთხვევა იყო.

ძირითადად, დაღუპული ეგზემპლარების 90 პროცენტი და მეტი არის ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორი, ანუ დაავადებები და დაბინძურება, მაგრამ კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე, ეს ჯერჯერობით უცნობია. ამ საკითხის სიღრმისეული კვლევაა საჭირო, რადგან გარკვეული რისკები არსებობს, მათ შორის ადამიანების დაავადების.

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან შავი ზღვის სხვადასხვა ქვეყნებში. უკრაინასა და რუმინეთში გაკეთებული კვლევებით აქ გააკეთო რაიმე დასკვნა, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი, მაგრამ იმ კვლევებში სიკვდილიანობის და შემდგომში გამორიყვის ძირითად მიზეზად დასახელდა ინფექციები,“ – გვითხრა არჩილ გუჩმანიძემ.

მისივე თქმით, დაუშვებელია ნაპირზე გამორიყულ დელფინთან შეხება:

„დელფინი არის თბილსისხლიანი ცხოველი, ისევე როგორც ადამიანი. ძალიან ბევრი საერთო დაავადებაა დელფინსა და ადამიანს შორის, მათ შორის გადამდებიც. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ნაპირზე გამორიყულ ცხოველთან კონტაქტი. ასეთ დროს უმჯობესია ადამიანმა მიმართოს სამინისტროს, საპატრულო პოლიციას… და ასევე, სანიტარული სამსახურების მიერ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მათი გატანა, გაჩერება პლაჟზე არ შეიძლება, იქ არიან შინაური ცხოველები, ფრინველები, მღრღნელები, მწერები… ძალიან დიდია საფრთხეები. ამიტომაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პლაჟიდან გატანა და მისი გაუვნებელყოფა დადგენილი წესით,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

გარემოს დაცვის სააგენტოში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დელფინების გამორიყვის ტენდენცია კლებისკენ მიდის. სააგენტოს ცნობით, წელს, იანვრიდან დღემდე, 50 დელფინი გამორიყა ზღვამ, გასულ წელს კი დელფინების გამორიყვის 121 შემთხვევა იყო.  სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს წლებში ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის ყველაზე მეტი შემთხვევა 2012 წელს იყო – სულ 167.

რაც შეეხება ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის მიზეზებს, სააგენტომ ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოთხოვა გვთხოვა.

__________________

მთავარ ფოტოზე: ქობულეთის სანაპიროზე გამორიყული დელფინი. მარიამ დუმბაძის ფოტო.

ამავე თემაზე: 

შავი ზღვის დიაგნოზი – ახალი ფაქტები ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან

 

„მივმართავთ უკიდურეს ზომებს“ – კომპანია სვეტის მიერ დაზარალებულების აქცია ბათუმში

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა ბათუმის მერიასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. დღეს მერიასთან მხოლოდ ოთხი დაზარალებული იყო მოსული, თუმცა მთლიანობაში 300-ზე მეტი მოქალაქე ითხოვს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებას, რომელიც „სვეტმა“ დაიწყო.

აქციის მონაწილეები დღეს, 3 ივნისს, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსს შეხვდნენ. დაზარალებულები თამარ მეფის პირველ ნომერში ცხოვრობდნენ, სადაც „სვეტი“ ოლიმპიურ კომპლექსს აშენებდა. დაზარალებულები ამბობენ, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდება, ისინი უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ყოფილ ვიცე-მერთან და დღეს გვქონდა შეხვედრა ჩანიშნული, მაგრამ, როგორც ვიცით, თენგიზ პეტრიძე პატიმრობაშია და ლაშა კომახიძემ ადმინისტრაციის უფროსს დაავალა ჩვენი მოსმენა. „სვეტის“ წარმომადგენლები ჯანელიძე და ჯიბლაძე დაკავებულები არიან, ქონება კი დაყადაღებულია“, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ქეთი სირაძე.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მერიასთან მოლაპარაკებებს ორ თვეზე მეტია აწარმოებენ. მათ სურთ ბათუმის მერიამ გამოიყენოს ის პრაქტიკა, რაც თბილისის მერიამ გააკეთა და „სვეტის“ ნაცვლად ახალი ინვესტორი შემოიყვანოს, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას დაასრულებს.

კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის სექტემბერში შეჩერდა. ყოფილმა მერმა მშენებარე კორპუსის დემონტაჟის ბრძანება გასცა, თუმცა როგორც დაზარალებულები ამბობენ, მათ ამით შესახებაც კი არ ჰქონდათ ინფორმაცია და დღემდე აგრძელებდნენ ბინის საფასურის გადახდას.

ამავე თემაზე:

ბიზნესგარიგებები და „ოლიმპიური ქალაქი“ ბათუმში

საბავშვო ბაღამდე ბავშვების ტრანსპორტირებაში 40 ლარს ვიხდით – ზედაჩხუტუნეთელები

სოფელი ზედა  ჩხუტუნეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში  მდებარეობს.  2012  წელს აქ  ეროვნული პარკი დაარსდა. რამდენიმე თვის წინ კი ის  ყურადღების  ცენტრში  ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტის გამო მოექცა. მოსახლეობის მოსაზრებების, ინტერესებისა და პრობლემების მოსასმენად „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 22 მაისს დისკუსია გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის  ტელევიზიის  გადაცემა „ჰეშთეგიდან“ მალხაზ რეხვიაშვილი და „გაზეთ ბათუმელების“ წარმომადგენელი ნაზი ზოსიძე.  

მალხაზ რეხვიაშვილი, აჭარის ტელევიზია, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი:  მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავფაროთ ჩვენს რეგიონში არსებული სხვადასხვა ჯგუფის ინტერესი, ნებისმიერი თემა, თუნდაც ერთ ადამიანისთვის იყოს მნიშვნელოვანი ვაშუქებთ, გავდივართ რეგიონს გარეთაც, წყნორსა და ჭიათურაში ვიყავით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში არსებული პრობლემები მივიტანოთ ხელისუფლებამდე. წყნორში გვქონდა შემთხვევა, რომ ბიბლიოთეკა არ იყო აღჭურვილი კომპიუტერით, შშმ პირი მუშაობდა და არ იყო ადაპტირებული შენობა. დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა. ამავდროულად, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ ერთად ვახორციელებთ პროექტს „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა“, სადაც ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, თავად ჩაერთონ და გააკეთონ სიუჟეტები სხვადასხვა თემაზე. თუ არის თქვენს თემში ან სკოლაში ახალგაზრდა, რომელსაც სურს ჟურნალისტობა, მოგვწერეთ და ერთობლივად ვიმუშავებთ თემში არსებული პრობლემების გაშუქებაზე.

ნაზი ზოსიძე, „გაზეთი ბათუმელები“: ადრე „ბათუმელები“ გაზეთის  სახით გამოდიოდა, შემდეგ ჟურნალი გამოვუშვით, ახლა კი ონლაინგამოცემა გვაქვს.  netgazeti.ge ცენტრალურ ამბებს აშუქებს, ხოლო batumelebi.ge – რეგიონულს. მივდივართ ყველგან, სადაც ხალხს სჭირდება ჩვენი დახმარება, ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენთვის  პრიორიტეტია ადამიანი, თავისი პრობლემებითა და  წარმატებებით.

მალხაზ რეხვიაშვილი, აჭარის ტელევიზია, გადაცემა „ჰეშთეგის“  წამყვანი: – ევროკავშირი აფინანსებს საქართველოს რეგიონებში სოფლის მეურნეობის ხელშესაწყობად სხვადასხვა პროექტს. მაგალითად, არსებობს სათევზო მეურნეობა, ვიღაცას ხიზილალას დამზადება შუძლია, ვიღაცას მისი ტრანსპორტირება. ევროკავშირი იძლევა მცირე და საშუალო გრანტებს, რომ ამ ადამიანებმა კოოპერატივები შექმნან და ააწყონ ეს საქმიანობა. თუ დაინტერესდებით ამ თემით, შემიძლია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საკონტაქტო დაგიტოვოთ, რომელიც დაგაკვალიანებთ გრანტების მოძიებაში.

ლეილა  ჩხაიძე, ადგილობრივი მცხოვრები: პერსპექტივა და პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს, მწვანე ხეობა, ეროვნული პარკი – ამან უნდა მოგვცეს იმის საშუალება, რომ გავიუმჯობესოთ ეკონომიკური მხარე. მაგრამ არ გვაქვს თანხები, მცირემიწიანი ხეობაა, შესაბამისად ვერც მეურნეობაზე ვფიქრობთ. მაქვს იდეა, რომ გავაკეთო მარანი, მაგრამ მრჩება იდეად.  ერთადერთი ხელშეუხებელი ხეობა ვართ, რომელიც უნდა ვაქციოთ ტურისტულ ზონად. ეს კარგი იქნება ბათუმისთვისაც, რადგან ქალაქთან ახლოსაა. ძალიან ნიჭიერი ახლგაზრდები გვაყავს, საზღვარგარეთ სწავლობენ, ზოგი სხვადასხვა ქალაქში მუშაობს. დრო გავა და ეს ახალგაზრდები აქ დაბრუნდებიან, დაცლილ ხეობაში აბა ვინ მოვა? ისინი მოიფიქრებენ რაიმეს ჩვენი ხეობისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა ამ პერიოდში არის  ჰესები, რომლის გამოც ვერაფერს ვახერხებთ. პრემიერსაც მივწერეთ წერილი, ველოდებით რა მოხდება.

ლეილა  ჩხაიძე, ადგილობრივი მცხოვრები: ჩვენ კერძო ტრანსპორტი გვემსახურება და არა საზოგადოებრივი. დილას 8:30 საათზე გადის, ბოლოს ბათუმიდან 19:00 საათზე გამოდის. გვქონდა  შემთხვევა, 57 კაცი ვისხედით 16-კაციან მარშუტკაში.

მერაბ ნაგერვაძე, ადგილობრივი  მცხოვრები: სპეციალისტები ვერ ახერხებენ სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემის შესწავლას და მოგვარებას. გლეხი ყიდულობს წამალს და არ შველის, იმიტომ, რომ არ იცის, რა დაავადება აქვს მცენარეს, არც გამყიდველმა იცის. ამიტომ, გვჭირდება გადამზადებული სპეციალისტი.

გრიგალეტა კახიძე, ადგილობრივი მცხოვრები: სასწრაფო მანქანის პრობლემაა, დაგვიანებით მოდის, თუ წვიმს, ვერ ამოდის. ბავშვი წავიყვანე და არ მიხედეს, სანამ დაბადების მოწმობა და პასპორტი არ მივიტანე. ხომ შეიძლება შეღავათი ჰქონდეს სოციალურად დაუცველს? ბავშვთა კლინიკაში მყავდა, ყველაფერზე თანხას ითხოვდნენ. თავი მტკიოდა, შემიშვეს ექიმთან და არასწორი წამალი გამომიწერა, უფრო ცუდად გავხდი.

მალვინა  სირბილაძე, ადგილობრივი  მცხოვრები: ანზორ ქოქოლაძე აფინანსებდა ცეკვის წრეს სოფელში, ახლა აღარ ფინანსდება და მასწავლებლებიც აღარ მოდიან უფასოდ. გვჭირდება ცეკვის წრე და სპორტული აქტივობები. მშობელს კი არ აქვს თანხა, რომ მასწავლებელს გადაუხადოს.

დისკუსია ჩხუტუნეთში

შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს სკოლის სტატუსის  შესახებ. სოფელში მოქმედ ორივე სკოლაში სულ 96 მოსწავლე სწავლობს. პირველ სკოლაში მეცხრე კლასის ჩათვლით  სწავლობენ, ხოლო მეორე სკოლაში 9-12 კლასის ჩათვლით. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ ერთი სკოლის მეორესადმი დაქვემდებარების გამო ისინი ვერ სარგებლობენ სხვადასხვა რესურსით. იმ სკოლაში,  სადაც სწავლა მე-9 კლასამდე მიმდინარეობს, არ აქვთ ბიბლიოთეკა, მხოლოდ  მოძველებული წიგნადი ფონდი აქვთ და არც ერთი თანამედროვე ლიტერატურა. სკოლებს შორის დაშორება კი 4 კილომეტრია.

სოფელში არც საბავშვო ბაღია. იმისათვის, რომ 16 აღსაზრდელი სკოლამდელი  განათლების გარეშე არ დარჩეს, 9 კმ-ით დაშორებულ სოფელ ჩიქუნეთის საბავშვო ბაღში უნდა ატარონ. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, 2018 წლის ბოლომდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ბავშვების ტრანსპორტირება ხდებოდა, თუმცა მიმდინარე წლიდან გაუქმდა და ახლა მშობლებს 40 ლარის გადახდა უწევთ. ეს  თანხა მხოლოდ საწვავის ხარჯებს მოიცავს და არა მძღოლის ანაზღაურებას. მოსახლეობის სურვილია ტრანსპორტის გამოყოფა ან საბავშვო ბაღის  სოფელ ზედა ჩხუტუნეთში გახსნა, რადგან სოფელში სოციალურად დაუცველი ოჯახებიც ცხოვრობენ, რომელთაც ტრანსპორტირების საფასურის გადახდა არ შეუძლიათ. მათი მოსაზრებით, სოფელში შენობაც არის, სადაც ბაღის მოწყობა შეიძლება.

სოფლის მცხოვრებლებმა კიდევ რამდენიმე  პრობლემაზე  გაამახვილეს ყურადღება.  მათ  შორისაა  საზოგადოებრივი  ტრანსპორტის მომსახურება.  აქ სამარშრუტო  ტაქსი 3  სოფლის  მოსახლეობას ემსახურება, რის გამოც ხშირად იქმნება გადაადგილების პრობლემა.

ადგილობრივები იმაზეც წუხდნენ, რომ სოფელში  უკვე 12 სახლია დაკეტილი.

სხვა  სოფლების  მსგავსად, ამ სოფელშიც შეწუხებულები არიან ფაროსანას  შემოსევით.

დისკუსიის ვიდეოჩანაწერს უყურეთ აქ: https://www.facebook.com/media.org.ge/videos/2688983017839957/

 

 

________________

დისკუსია მომზადდა ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტისდემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში.

ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს: არ შემოგვასაღოთ ეს ფარსი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებგვერდი აქვეყნებს ამ ტელევიზიის დირექტორის მოადგილის ნათია ზოიძის განცხადებას. ტელევიზიის ბორდის მიერ დირექტორის – ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, დირექტორის მოვალეობას სწორედ ნათია ზოიძე ასრულებს. განცხადების ტექსტს, რომლითაც ნათია ზოიძე მრჩეველთა საბჭოს მიმართვას, უცვლელად გთავაზობთ:

„31 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნების პროცესზე მინდა ვთქვა. ამ კონკურსს ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო აწყობდა და სხვა კანდიდატებთან ერთად მასში მეც ვმონაწილეობდი. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაში გარკვეულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს წესით უნდა ეგრძნოთ, რომ ნამდვილად მქონდა გააზრებული საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია. გეგმა, რომელიც წარვადგინე იყო ნაფიქრი, რეალისტური და თანმიმდევრული. საბჭოს მიზანი კონცეფციაზე მსჯელობა სულაც არ იყო.

არ ვნანობ პროცესში მონაწილეობას. მქონდა კითხვები, რომელზეც აუცილებელი იყო მიმეღო პასუხები. ამ წერილის მიზანია, ვთქვა: მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული.

ვფიქრობ, უნდა იცოდეთ: ნათია კაპანიძის უნდობლობიდან ერთ კვირაში სახელისუფლებო გუნდის სხვადასხვა ვერტიკალის ინიციატივით მომიგზავნეს  ჩემთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანები. მთხოვდნენ, მშვიდად გამეგრძელებინა მუშაობა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და სასურველი იყო, დირექტორის არჩევნებში არ მიმეღო მონაწილეობა. უმოქმედობა იქნებოდა ხელისუფლების  თანამზრახველობა, რადგან ცხადი იყო, რომ ხელისუფლება სასურველ კანდიდატს ამზადებდა.

ნათია კაპანიძის უნდობლობიდან დაწყებული ეს პროცესი არის პოლიტიკური ინტერესის ქვეშ, ამასთან ამბიციებს, პირად წყენებს  ვერ გასცდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო იდეებთან, ღირებულებებთან და არანაირად არ ეფუძნება პრობლემების მქონე თანამშრომელთა მიმართ სოლიდარობის  განცდას.

მივმართავ მრჩეველთა საბჭოს  წევრებს,  განსაკუთრებით მათ, ვისთანაც 25-წლიანი მეგობრობა მაკავშირებდა: არ შემოგვასაღოთ ეს ფარსი კეთილსინდისიერების მაგალითად.

რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის დესტრუქცია და ეს არ მართლდება. თქვენს წინ არამარტო 320 თანამშრომელი დგას, არამედ დგანან მოქალაქეები, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ისტორიაში პირველად ფლობენ ტრიბუნას.

მრჩეველთა საბჭოს წევრმა მითხრა, რომ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვმუშაობ ახლა მაუწყებელში,  კანონდარღვევაა და მიმანიშნა კარისკენ.  გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ კვოტით არის არჩეული, მეუბნება, რომ „საინფორმაციო პოლიტიკის მართვა“ და „სამივე პლატფორმის კოორდინაცია“, რაც ჩემს ხელშეკრულებაში ვალდებულებადაა ჩაწერილი, მითვისებული მაქვს და ეს დებულებას ეწინააღმდეგებაო. ფაქტობრივად, საჯაროდ მითხრეს, რომ  მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას უნდა ჩამოვშორდე.

პროცესები სრულად შიშველია: მრჩეველთა საბჭო 31 მაისის გადაწყვეტილებით ხელს უწყობს არხის თავისუფალი საინფორმაციო პოლიტიკის ვექტორს შეცვლას.

ის, რომ უკანონოდ ვერეოდი სარედაქციო დამოუკიდებლობაში, არა თუ სიმართლე არ არის, არამედ მორალური ფსკერია.  ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვერევი სარედაქციო საქმიანობაში, ეს არის ჩემი საქმე და ამით ვქმნი საფუძველს სარედაქციო თავისუფლებისთვის. მინდა, რომ ეს კარგად ესმოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდის ყველა წევრს და, რაც მთავარია, მრჩეველთა საბჭოს წევრებს. არც გაბრაზებული ვარ და არც ნაწყენი. უბრალოდ ეს ასეა.

დღეს კიდევ ერთი კონკურსი გამოაცხადეს. თქვენ, ვისაც ეს გეხებათ, მშვიდად  ნუ დაელოდებით  ახალი დირექტორის არჩევას. თუ ეს უპასუხისმგებლობა გაგრძელდა, მალე აჭარაში იქნება ხელისუფლებისგან გაკონტროლებული საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, ამ წერილის  პირადი მოტივი არ მაწერინებს: სულ რომ დაიხუთოს ქვეყანა, მე ჩემს წილ თავისუფლებას მაინც ვიპოვი, ერთი სიტყვა და ერთი თავისუფალი ხმაც კი საკმარისია, ვიბრძოლო პროგრესისთვის, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო  ახლა აფერხებს.

2019 წლის 3 ივნისი”.

 

ამავე თემაზე:

აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვერ აირჩიეს

წელს პირველად ბათუმის სანაპიროზე კანალიზაცია გაუფილტრავად ზღვაში აღარ ჩაედინება

აჭარის სანაპიროსთან ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე +20 გრადუსია. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ბათუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის პარალელურად კი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება.

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი, დღეის მდგომარეობით, ძირითადად ჩართულია ახალ სისტემაში, რომელიც ადლიის გამწმენდ ნაგებობას უერთდება, აქედან კი ზღვის სიღრმეში გაფილტრულ წყალს უშვებენ. თუმცა, არის ამორტიზებული ძველი ქსელიც და ქალაქს შემოერთებული ტერიტორიები – საკანალიზაციო ქსელის გარეშე.

ახალი საკანალიზაციო ქსელი მოწყობილია და დაერთებულია ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე გონიო-კვარიათის ზღვისპირა ზოლშიც.

ზღვა-პორტი-ჭაობის დასახლება-გრიბოედოვის ქუჩას შორის მოქცეული ბათუმის ტერიტორია [მათ შორის ძველი ბათუმი მთლიანად] უკვე დაერთებულია ახალ საკანალიზაციო ქსელზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტერიტორიიდან, ანუ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან, დაბინძურებული წყალი ზღვაში ვეღარ ხვდება.

რაც შეეხება მწვანე კონცხს, მახინჯაურსა და სხვა, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებს, ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

„გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან [KFW] წინასწარი მოლაპარაკებით, ბანკი დამატებით 60 მილიონ ევრომდე გამოყოფს, რომელიც მოხმარდება ძირითადად შემოერთებულ ტერიტორიებს – მახინჯაური, მწვანე კონცხი, ხელვაჩაური, ადლია, კახაბერი, აეროპორტის დასახლება, მეჯინისწყალი. ამ დასახლებებში მთლიანად მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი. ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება ასევე ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯაბა ტუღუშმა, ბათუმის მერის მრჩეველმა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში.

მისივე თქმით, მერიას 2019 წლის ბოლოს უკვე ეყოლება კონსულტანტი, რომელიც დაიწყებს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალარინების ქსელის დაპროექტებას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საფუძველზე. ეს კვლევა კი ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მთლიანად დასრულებულია ახალი საკანალიზაციო ქსელისა და სატუმბი სადგურების მოწყობა თამარის, ბარცხანისა და ბონი-გოროდოკის დასახლებებში. ახალ ქსელზე დაერთებები თითქმის დასრულებულია ბონი-გოროდოკში, მალე დასრულდება თამარის დასახლებაში, შემდეგ კი ბარცხანაში.

ე.წ. ჭაობის დასახლებაშიც დაერთებები დაწყებულია, თუმცა, მერიაში ამბობენ, რომ პრიორიტეტი არის ის ადგილები, სადაც წელს ქუჩების კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ჭაობსა და ბარცხანაში დაერთებები 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ბათუმის ხედები, 2019 წლის მაისი

წყალარინების ახალ ქსელზე დაერთებებს ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალი“ ახორციელებს.

რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიას გრიბოედოვის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე [ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, ასლან აბაშიძის, ინასარიძის, აღმაშენებლის, ლეონიძის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ანგისის დასახლება] აქ, ამ ეტაპზე, მუშაობს ძველი საკანალიზაციო ქსელი, თუმცა ის ამორტიზებულია.

ჯაბა ტუღუშის თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა ინასარიძის ქუჩაზე ახალი სატუმბი სადგურის ასაშენებლად. მალე დაიწყება ახალ ქსელზე დაერთებები ჯავახიშვილის, გრიბოედოვის [ქუჩის მარჯვენა მხარე], კომახიძის [ქუჩის ბოლო], ხიმშიაშვილის და სხვა ქუჩებზე. გრიბოედოვიდან მდინარე მეჯინისწყლამდე ტერიტორია ახალ ქსელში მთლიანად ჩაერთვება 2020 წლის ბოლოს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჩაქვში წყალარინების ცალკე სისტემაა მოსაწყობი თავისი ცალკე გამწმენდი ნაგებობით, რომელიც ბათუმის ცენტრალურ სისტემაზე [ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე] ვერ დაერთდება. თუმცა, ამ ეტაპზე არც შესაბამისი პროექტია მზად და შესაბამისად არც ფინანსები. „ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა, ასევე მოლაპარაკებები დონორებთან. თუმცა ჩაქვში მობილური [მცირე] წყალარინების გამწმენდი ნაგებობა და სისტემა მოწყობილია და მუშაობს მდინარე ჩაქვისწყლის მარჯვენა მხარეს. იქ, სადაც მჭიდრო დასახლება და მრავალბინიანი სახლებია,“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ბათუმის ხედი შარტავას ქუჩიდან გონიოს მიმართულებით

აჭარის სანაპიროს გასწვრივ ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებელი, ნორმის ფარგლებშია. ჩატარებული კვლევების ოფიციალური მონაცემებით, წყლის დაბინძურება ბაქტერიებითა თუ პათოგენებით არ ფიქსირდება.

ამ თემაზე:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

კომპანია, რომელიც ქობულეთში 200 მილიონის ინვესტირებას აპირებდა, ვალდებულებას ვერ ასრულებს

შპს „კრისტალ ბილდინგი“, რომლის პროექტიც აჭარის მთავრობამ ქობულეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტიციად დააანონსა, ვალდებულებას ვერ ასრულებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის ინფორმაციით, კომპანიას „რიგი შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის პირგასამტეხლო ეკისრება.“

ამ პროექტის პომპეზურ პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ბანერზე ეწერა, რომ ინვესტორი 200 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. ეს ციფრი რამდენჯერმე დაასახელეს მთავრობის წარმომადგენლებმაც. თუმცა ოფიციალური ვალდებულებები კომპანიამ სხვა ციფრებზე აიღო.

სხვა ციფრები იყო დასახელებული აუქციონით გათვალისწინებულ პირობებში, კერძოდ, აჭარის მთავრობამ უკვე „კრისტალ ბილდინგის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთები სამ ნაწილად გაასხვისა – 29 322 კვადრატული მეტრი 1 468 000 ლარად [20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით], 37 502 კვადრატული მეტრი მასზე დამაგრებული რვა შენობით – 2 მილიონ 550 000 ლარად [ესეც 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით], ხოლო 4 699 კვადრატული მეტრი „კრისტალ ბილდინგს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა.

აჭარის მთავრობასთან დადებული  ხელშეკრულების მიხედვით, „კრისტალ ბილდინგმა“  ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე დაირეგისტრირა ყოფილი სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორიისა და ძველი შენობების ჩათვლით [სამი საკადასტრო ერთეული], ჯამში, 71 523 კვადრატული მეტრი.

საერთო ჯამში, ინვესტორის მიერ შეძენილი ფართობი 24 678 კვადრატული მეტრით მეტია თავად ქობულეთის ცენტრალური პარკის ფართობზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, პარკი 46 845 კვადრატული მეტრია. გარდა ამისა, ინვესტორმა ფინჭვნარში, საინვესტიციო ფართობის გაყოლებაზე,  პლაჟის ტერიტორია მოითხოვა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილს ასრულებს, ნაწილში კი გადავადებას ითხოვს. გარდა ამისა, კომპანია ითხოვს დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიებას.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „კრისტალ ბილდინგს“ შორის დადებული ხელშეკრულება ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც სამინისტროდან  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წაიღო.

ამის თაობაზე საგამოძიებო სამსახურმა აჭარის ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებიც გამოკითხა. მათი ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურს აინტერესებდა სარეკრეაციო ზოლში, ქობულეთის ზღვისპირა პარკის გაგრძელებაზე, არსებული ქონების გასხვისების ფასი, პირობები და პირობის შესრულება, ასევე, შესრულებასთან დაკავშირებული მონიტორინგის დეტალები.

კითხვაზე – როგორ გაგრძელდა ეს პროეცესი და ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რა გამოიკვეთა? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გვიპასუხა, რომ „პროცესი გრძელდება.“

აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი იქნება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი იქნება – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 3 ივნისს, ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ხაჯიშვილი აქამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, უფრო ადრე კი – აჭარის განათლების სამინისტროშიც. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მაია ხაჯიშვილს  „რიგითი სპეციალისტიდან დაწყებული გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ სამინისტროს გამართული და აქტიური, დინამიური ფუნქციონირებისთვის. დარწმუნებული ვარ, თავს გაართმევს ყველა იმ ამოცანას რომელიც მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს წარმატებისთვის და ზოგადად, მთავრობის წარმატებისთვის“.

„განათლება არის პოლიტიკური მესიჯი და შესაბამისად, ეს არის უდიდესი გამოწვევა ჩვენთვის, დაგვჭირდება ძალების მთლიანი მობილიზება იმისთვის, რომ ღირსეულად ავუბათ ფეხი სახელმწიფო პოლიტიკას. მზად ვარ, ჩემი გამოცდილება, კვალიფიკაცია მოვახმარო ამ მიმართულებას და გავამართლო იმედები, რომელიც გამომიცხადა გუნდმა,“ – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა ბრიფინგზე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რის შეცვლას აპირებს მინისტრის რანგში, მაია ხაჯიშვილმა ასე უპასუხა: „გარდა იმ ცენტრალური პროგრამებისა, რომლის განხორციელებაც გვევალება, არის ადგილობრივი პროგრამები, რომლებიც შეიძლება რაღაც ნაწილში არის გადასახედი, თანამედროვე მოთხოვნებისადმი მათი ადაპტირება იქნება აუცილებელი. ამ კუთხით ვაცხადებ ღიაობას იმისთვის, რომ დავდოთ უფრო მეტი და ხარისხიანი პროგრამა“.

რამდენიმე დღის წინ აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, შემდგომში მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბაგრატ მანველიძე დააკავეს. კითხვაზე, აპირებს თუ არა მოადგილეების შეცვლას და სხვა საკადრო ცვლილებებს, ხაჯიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლის, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარესთან.

ახალი მინისტრის წარდგენა, ბრიფინგი აჭარის მთავრობაში. ფოტო: „ბათუმელები“, ლელა დუმბაძე

„ბათუმელების“ კითხვაზე, ვისთან გაიარა კონსულტაციები მაია ხაჯიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ძირითადად, მისი გადაწყვეტილება იყო. „ეს არის მთავრობის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივა, ვინაიდან უმაღლესმა საბჭომ უკვე გამოგვიცხადა ნდობა და შესაბამისად, ამ ტიპის ცვლილება არ იწვევს უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებას. ამის მიუხედავად, გუნდში, დეპუტატებთან გვქონდა მსჯელობა“.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაასახელოს ერთი კონკრეტული პროექტი, ინიციატივა განათლების მიმართულებით, რაშიც იყო მაია ხაჯიშვილი წარმატებული და რის გამოც შეჩერდა მასზე არჩევანი, თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ახალი მინისტრი კარგად იცნობს სისტემას. „ეროვნულ იდეას და რეფორმებს განათლების სფეროში, დარწმუნებული ვარ, კარგად გაართმევს თავს.“ – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის ყოფილი განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი, რიჟვაძემ 26 მაისს გაათავისუფლა თანამდებობიდან რუსული დროშების სკანდალის გამო. განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბაგრატ მანველიძე კი, 30 მაისს დააკავეს საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.

სიმპტომები ბავშვებში რომლის იგნორირება დაუშვებელია

პროფესორი ჩენგიზ ჩანპოლატი
პროფესორი ჩენგიზ ჩანპოლატი

ისეთი სენი, როგორიც კიბოა არ ინდობს არავის მათ შორის ბავშვებს. ლიმფომა თავისი გავრცელების არიალის მიხედვით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო პირველზე და მეორეზე ლეიკოზი და თავის ტვინის სიმსივნეა. ექიმები ირწმუნებიან, რომ ეს დაავადება ძირითადათ დიაგნოზირდება 10-15 წლის ასაკში. ეს ის განვითარების პერიოდია, როდესაც მიდის ჩქარი ლიმფოციტების პროლიფერაცია, და სწორედ ამ დროს თუ მოხდა ორგანიზმში გარკვეული დარღვევა ეს იწვევს ლიმფომის წარმოშობას.

დღეისათვის, დროულად, ადრეულ სტადიაზე, აღმოჩენილი ლიმფომა ექვემდებარება მკურნალობას. იმისთვის, რომ არ გამორჩეთ მშობლებს აღნიშნული დაავადება, საჭიროა ყურადღების გამოჩენა და კონტროლი. პირველ რიგში ყურადღებას იქცევს გადიდებული ლიმფური კვანძები, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს, ისე  ონკოლოგიის დროსაც.

Acıbadem Altunizade – კლინიკის ბავშვთა ჰემატოლოგიის და ონკოლოგიის სპეციალისტი, პროფესორი ჩენგიზ ჩანპოლატი, გვესაუბრება ამ დაავადების შესახებ.

ლიმფომა – არის კიბოს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც წარმოიშობა ლიმფოციტებში,  ის წარმოადგენს იმუნური სისტემის მთავარ კომპონენტს, ამყარებს და აძლიერებს მას, იცავს ორგანიზმს ინფექციისგან. კიბო განვითარების სტადიაში გადადის, როდესაც უკვე დაზიანებული ლიმფოციტები იწყებენ ჩქარ პოლიფერატირებას და თავს იყრიან ლიმფო კვანძებში, ძვლის ტვინში ან სხვა ორგანოებში და უშნლიან ორგანიზმს ნორმალურ ფუნქციონირებას.

[checklist]

  • ლიმფომას ყოფენ ორ ნაწილად:

[/checklist]

ჰოჯკინის ლიმფომა ან ლიმფოგრანულამატოზი და არაჰოჯკინის ლიმფომა. ყველა სახეობა ღვივდება სხვადასხვა სახის უჯრედებისგან. პირველი სახეობა გვხვდება 5-10 წლის ბავშვებში და ასევე 15 წილის მოზარდებში. აღნიშნული სახეობის გმოვლენის მთვრი მიზეზი არის დასუსტებული იმუნური სისტემ და ვირუსული ინფექციები. ექიმი ირწმუნება, რომ დავადებულების 80% აღენიშნება ყელის ლიმფური კვანძების სიდიდე.

ჰოჯკინის ლიმფომის სახეობა ძირითადათ ვლინდება 5-7 წლის ასაკში, მისი განვითარების მთავარ მიზეზად სახელდება ვირუსული ინფექცია EBV, რომელიც გადაიცემა, როგორც ჰაერწვეთოვანი გზით ისე კონტაქტირებით. სიმსივნური წარმონაქმნები შესაძლებელია გამოვლინდნენ სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა სიმპტომებით, გააჩნია სახეობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაავადება სულ არ ვლინდება ლიმფოკვანძების სიდიდით, მაგალითად ჰოჯკინის ლიმფომას იშვიათად  ახასიათებს  ლიმფოკვანძების სიდიდე და ახასიათებს სხვა სიმპტომატიკა, რომლის გამოვლენის დროს აუცილებელია დროულად მიმართონ ექიმს.

[checklist]

  • ეს სიმპტომებია:

[/checklist]

ლიმფური კვანძების ზრდა შესაძლებელია გამოვლინდეს სხვადასხვა ადგილას, როგორც ყელში ისე კუნთოვნა ნაწილში. თუ მკურნალობის ორი კვირის განმავლობაში არ შემცირდა კვანძებები და პირიქით აღენიშნება ზრდა ეს საკმაოდ სახიფათოა.

[checklist]

  • ძლიერი ოფლიანობა ღამით, რაც მიუთითებს ლიმფომის განვითარებაზე
  • იდიოპათიური შფოთვა, რომელიც გრძელდება 7 დღეზე მეტი ვლინდება საერთო სისუსტე, ოფლიანობა და შფოთვა, ეს შესაძლებელია იყოს ჰოჯკინის ლიმფომის მანიშნებელი და  საჭიროებს სათანადო გამოკვლევას.
  • წონის მკვეთრი შემცირება მადის დაკარგვა, დაახლოებით 6 თვეში 10% სხეულის მასის შემცირება, მუდმივად ჭამის სურვილიც კი შესაძლებელია მიუთითებდეს ლიმფომაზე.
  • მუდმივი დაღლილობა და სისუსტე მიანიშნებს ლიმფომის არსებობას.
  • კუჭნაწლავის პრობლემები, როდესაც აღნიშნული დავადება მუცლის არეში ვლინდება შესაძლებელია დისკომფორტი, ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა, ღებინების შეგრძნება.
  • ხველება და ტკივილი გულმკერდის არეში. თუ სიმსივნე გამოვლინდება გულმკერდის მიდამოში ამან შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ხველა, და სუთქვასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ტკივილი კუნთოვან ნაწილში და ძვლებში ეს ვლინდება თუ სიმსივნემ მოიცვა ძვლის ტვინი.
  • სიმსივნის კვანძოვანი გამოვლინება სხეულის არეში თუ სიმსივნემ მოიცვა თავი და ყელი ის ვნებს თავს და თვალებს.

[/checklist]

კლინიკა „აჯიბადემი“
კლინიკა „აჯიბადემი“

აქვე უნდა ითქვას, რომ მედიცინა მუდმივ განვითარების გზებს ეძებს. ბოლო მიღწევები კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს დავადება შესაძლებელია იქნას დამარცხებული თუ აღნიშნული დავადებით დავადებული ბავშვი გაივლის სათანადო მკურნალობას. მკურნალობის შედეგზე დიდ გავლენას ახდენს ასევე დავადების სახეობა, სტადია და რამდენადაა მოდებული ორგანიზმში.

ლიმფომის მკურნალობისთვის გამოიყენება ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია. რადიაციული თერაპიის დროს ხდება ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაცია და მეტი დოზით ქიმიოთერაპიას გამოყენება. ზოგიერთი საეხეობის ლიმფომის დროს ინიშნება კომბინირებული ქიმიოთერაპია.

აჯიბადემის წარმომადგენლობა საქართველოში;

მის.: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 58;

მობ.: +995 32 2 158500

528 მასწავლებელი აჭარაში სკოლას ტოვებს

აჭარის ექვსი რესურსცენტრიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით 1 159 პენსიონერი პედაგოგიდან ჯილდოს სანაცვლოდ პროფესიიდან გასვლას 528 აპირებს, სხვებმა კი სკოლაში მუშაობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. როგორც რესურსცენტრებში გვითხრეს, წლის ბოლომდე, შესაძლოა, სკოლიდან წასვლის მსურველთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან ზოგიერთი  პენსიონერი მასწავლებელი ზაფხულის საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა.

იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაზე გასული პენსიონერი მასწავლებლები 2019 წლის ბოლომდე უფროსი მასწავლებლის სტატუსს ვერ მოიპოვებენ, მათი ადგილი 2020 წლიდან ვაკანტურად გამოცხადდება.

რესურსცენტრისგან მიღებული მონაცემების მიხედვით,  ხულოს მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებიდან ჯილდოზე განაცხადი გააკეთა 87-მა პენსიონერმა პედაგოგმა. პროფესიაში სულ 95 პენსიონერი პედაგოგი რჩება. თუმცა, როგორც ხულოს რესურსცენტრში გვეუბნებიან, აქედან უმეტესობას უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.

შუახევში 54 პენსიონერი გადის პროფესიიდან, 138 კი ჯერჯერობით სისტემაში რჩება.

ქედაში 47 პედაგოგი მიიღებს ჯილდოს და დატოვებს სკოლას, 43 კი – რჩება. აქაც, უმეტესობას უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.

ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინფორმაციით, პროფესიიდან გადის 105 პენსიონერი პედაგოგი, სკოლაში რჩება 102 პედაგოგი.

ქობულეთის რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 200-მდე პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებელი მუშაობს. აქედან ჯილდოს სანაცვლოდ სკოლის დატოვების გადაწყვეტილება 91-მა პედაგოგმა მიიღო.

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით,  საჯარო სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება ბათუმში 144-მა პრაქტიკოსმა პენსიონერმა მიიღო. ბათუმში სულ 288 პენსიონერი პედაგოგი მუშაობს. რესურსცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა დავითაძის თქმით, ზოგიერთი მათგანი საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა.  

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 12 ათასი პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებელია. ახალი რეგულაციების მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია აიმაღლოს სტატუსი, ან დატოვოს სკოლა ჯილდოს (ორი წლის ხელფასი აიღოს ჯამურად) სანაცვლოდ. იმ შემთხვევაში, თუკი პენსიონერი პედაგოგი წლის ბოლომდე ვერ მოახერხებს გახდეს უფროსი მასწავლებელი, ჯილდოზე კი უარს განაცხადებს, მისი ადგილზე ვაკანსია გამოცხადდება და უფრო კვალიფიკაციური კადრის გამოჩენის შემთხვევაში, მას სკოლის დატოვება ჯილდოს გარეშე მოუწევს.

პენსიონერ მასწავლებლებს პროფესიული კომპეტენციის დამტკიცება შეუძლიათ ზაფხულისა და შემოდგომის საგნობრივ გამოცდაზე.

__________________

მთავარი ფოტო: პენსიონერი პედაგოგები მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე.

2:1 – “დინამო” ბათუმმა “რუსთავი” დაამარცხა

დღეს, 2 ივნისს, ბათუმში ანგისის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩი გაიმართა.  „დინამო ბათუმი“  საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ შეხვდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

„დინამო“ ბათუმის ფეხბურთელებს თამაშის დასაწყისში ორჯერ ჰქონდათ შანსი გოლი გაეტანათ სტუმართა კარში, თუმცა უშედეგოდ.  „რუსთავის“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ორივეჯერ შეძლო ბურთის აღება და საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

პირველი გოლი „რუსთავის“ კარში 25-ე წუთზე გავიდა.  „დინამო“ ბათუმის ნახევარმცველმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაიხსნა.

მალევე მამუჩაშვილს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა “რუსთავის”  კარი ამჯერად გადარჩა.

პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, “რუსთავმა” ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ზაზა  ციცქიშვილის ზუსტი პასით ნიკოლაი ყიფიანმა შეძლო და   „დინამო“ ბათუმის კარში პირველი გოლი გავიდა.

62-ე წუთზე „დინამოს“ ნახევარმცველმა გაბრიელ რამოსმა მეკარეს ბურთი დაუბრუნა,   მიხეილ ალავიძე ამ დროს კარიდან მოშორებით იდგა. ალავიძე ბურთს დაეწია და რამდენიმე წამით ადრე იხსნა საკუთარი კარი და  რამოსი ავტოგოლისაგან.

69-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძის გოლით ბათუმის „დინამო“  დაწინაურდა და ანგარიში 2:1 გახდა.

75-ე წუთზე „რუსთავის“ ნახევარმცველმა ფარხად გისტაროვმა ყვითელი ბარათი მიიღო. მან ვაკო თევდორაძესთან მიმართებაში უხეშად ითამაშა.

81-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა საკუთარი გუნდი აშკარა გოლს.

დამატებით დროში, 92-ე წუთზე, დინამოს ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამის მიუხედავად, „რუსთავის“ კარის მიმართულებით მაინც დაარტყა. შედეგად ყვითელი ბარათი მიიღო.

მე-17 ტურში გამართული მატჩის შედეგებით ბათუმის „დინამოს“ ზედიზედ ხუთი მოგება აქვს და ეროვნული ლიგის რეიტინგში პირველია 37 ქულით.

ანგისის სპორტული ბაზა დღევანდელ თამაშზეც გულშემატკივრით იყო სავსე

 

პირველკლასელებისთვის კომპიუტერების შეძენა ბიუჯეტს 5,5 მილიონით ძვირი დაუჯდება

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო პროგრამა – „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში 42 500 ლეპტოპს 5,5 მილიონი ლარით ძვირად შეისყიდის, ვიდრე თავიდანვე ჰქონდა გათვლილი. ამ რაოდენობის ლეპტოპების შესაძენად კი სააგენტო 23 162 500 ლარს [545 ლარი ერთი ლეპტოპი] ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამ თანხაში შედის როგორც ლეპტოპების შესყიდვა, ასევე, მათი ტრანსპორტირება საგანმანათლებლო რესურსცენტრებამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ხელშეკრულება ლეპტოპების შესყიდვაზე ამ შემთხვევაში კომპანია „იუ ჯი თი“-სთან გაფორმდება. შესაბამისი თანხმობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან უკვე აქვს.

სააგენტომ 2019 წლის 2 აპრილს გამოაცხადა ელქტრონული ტენდერი 42 500 ცალი პორტაბელური კომპიუტერის (ლეპტოპების) შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 17 637 500 ლარს, ხოლო მიწოდების ადგილად განსაზღვრული იყო ქ. თბილისი.

„გამოცხადებულ ტენდერში მიმწოდებლებმა მონაწილეობა არ მიიღეს. მიზეზების გასარკვევად, თუ რატომ არ შედგა ტენდერი, სააგენტო დაუკავშირდა ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიებს [„ალტა“, „ჯი-თი ჯგუფი“, „იუ ჯი თი“]. შედეგად გაირკვა, რომ „იუ ჯი თი“-მ და „ჯი-თი ჯგუფი“-მ ტენდერში არმონაწილეობის მიზეზად ერთეულის ფასი დაასახელეს, ხოლო „ალტა“-ს განმარტებით ტენდერით მოთხოვნილ ერთ-ერთ მაკომპლექტებელზე, კერძოდ, პროცესორის ხელმისაწვდომობაზე მათ პარტნიორ ბრენდებს შეექმნათ პრობლემა, რადგან არის გლობალური დეფიციტი Intel-ის პროცესორზე“, – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.

სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნულის შემდეგ სავარაუდო ღირებულების დასადგენად განახორციელეს განმეორებითი ბაზრის კვლევა. ამ კვლევით ფასები წარმოადგინეს:

  • „იუ ჯი თი“ – ერთი ლეპტოპის ფასი 589 ლარი [ჯამური ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 25 032 500 ლარი], მიწოდების ვადა 100 დღე და 565 ლარი [ჯამური 24 012 500 ლარი], თუ მიწოდების ვადა იქნება 135 დღე.
  • „ჯი თი ჯგუფი“ – 636 ლარი [ჯამური ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 27 030 000 ლარი], მიწოდების ვადა 70 დღე.
  • „ჯი-თი-ეს ჯგუფი“ – 430 ლარი [ჯამური ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 18 275 000 ლარი].

„2019 წლის 20 მაისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გვეცნობა, რომ ადმინისტრაციის შესყიდვების სამსახურის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლილი იქნა ინფორმაცია დღგ-ს ჩათვლით 18 275 000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით. წერილში ასევე მითითებულია, რომ შესყიდვის ღირებულებისა და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელმეორედ ტენდერის გამოცხადებისას პრეტენდენტის საკვალიფიკაციო და ტექნიკური მონაცემების მიმართ არსებული მოთხოვნების გადახედვა არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად. ვინაიდან, 30 აპრილიდან საკმაოდ დიდი დროის გასვლის მიუხედავად არ იყო მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებაზე, სააგენტომ კვლავ ჩაატარა ბაზრის კვლევა და კომპანიებს განუსაზღვრა მოთხოვნები, მათ შორის დისტრიბუციის თაობაზეც“.

ბაზრის კვლევაში ამჯერად მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ:

  • „იუ ჯი თი“ – ერთეულის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 550 ლარს, ხოლო ჯამური ღირებულება 23 375 000 ლარს.
  • „ჯი თი ჯგუფი“ – ერთეულის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 636 ლარს, ხოლო ჯამური ღირებულება 27 030 000 ლარს;

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ, 2019 წლის 27 მაისს „იუ ჯი თი“-დან მათთან შევიდა შემდეგი შინაარსის შეტყობინება – „თქვენს მიერ მოთხოვნილ 42 500 ცალ პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერების შესყიდვასთან დაკავშირებით ვახდენთ ინფორმაციის განახლებას დღეის მდგომარეობით, მოგახსენებთ რომ შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია მარაგი ნაწილების, კერძოდ პროცესორების ხელწვდომაზე, მწარმოებლისგან მივიღეთ გამაფრთხილებელი ინფორმაცია შინაარსით, რომ მოთხოვნილი რაოდენობის შემოთავაზებული მოწოდების ვადით წარმოებას და ჩამოტანას შეძლებენ იმ შემთხვევაში თუ შეკვეთა განთავსდება მიმდინარე წლის 7 ივნისამდე, ამავე დროს მითითებულ ვადამდე შეკვეთის განთავსების შემთხვევაში შემოთავაზებულ ტექნიკაზე მოხდება ფასდაკლება და ერთეული პორტაბელური კომპიუტერის ფასი იქნება 545 ლარი“.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ირწმუნება, რომ „მთავრობის ადმინისტრაციიდან და შპს „იუ ჯი თი“-დან მიღებული შეტყობინების ანალიზით დგინდება, რომ იმ შემთხვევაში თუ შესყიდვა არ მოხდება კანონით გათვალისწინებულ შეზღუდულ ვადებში, ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პროექტის, როგორიცაა პირველკლასელ მოსწავლეთა და მათი დამრიგებლების კომპიუტერებით უზრუნველყოფა, განხორციელებას რეალური საფრთხე შეექმნება, რაც დიდი ზიანს მიაყენებს საზოგადოებრივ ინტერესებს“.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ „მოცემულ შემთხვევაში მიმწოდებელი [„იუ ჯი თი“] თავად უზრუნველყოფს კომპიუტერების მიტანას საგანმანათლებლო რესურცენტრებამდე მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, მიწოდების ვადა გაიზარდა იმ [დაახლოებით 43 კალენდარული დღე] პერიოდით, რაც სააგენტოს ესაჭიროებოდა კომპიუტერების მთელი საქართველოს მასშტაბით დასარიგებლად. მიწოდების ვადა [2019 წლის 13 სექტემბერი] განსაზღვრულია იმგვარად, რომ სწავლის დაწყების დღეს უზრუნველყოფილი იქნას პირველკლასელებისათვის და მათი დამრიგებლებისათვის პორტაბელური კომპიუტერის გადაცემა“.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის – „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ფარგლებში 2019 წელს სულ  55 000 ცალი ლეპტოპია საჭირო.

„პროგრამის მიზნებისათვის შესყიდული ლეპტოპებით უკვე რამდენიმე წელია ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. შესაბამისად, გამოცდების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის განკარგულების საფუძველზე სააგენტომ 2019 წლის 1 აპრილს გააფორმა ხელშეკრულება და შპს „იუ ჯი თი“-სგან შეისყიდა 12 500 ცალი ლეპტოპი. აღნიშნული კომპიუტერები სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს გადაეცემა დროებით სარგებლობაში და გამოცდების დასრულების შემდეგ უბრუნდება სააგენტოს, რათა მოხდეს ბენეფიციარებისთვის მათი მიწოდება“.

სააგენტომ „იუ ჯი თი“-სგან 12 500 ცალი კომპიუტერი 6 373 750 ლარად [ერთი კომპიუტერის ფასი 509 ლარი და 90 თეთრი] შეისყიდა. თუ შეძენილი და შესაძენი კომპიუტერების ფასებს დავაჯამებთ, სააგენტო 2019 წელს ლეპტოპების შესაძენად ამ კომპანიას ჯამში 29 536 250 ლარს გადაუხდის.

 

 

ბახმაროს ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი დაიხარჯება

კურორტ ბახმაროს ელექტრომომარაგების ქსელის მოწყობისა და ინდივიდუალირი გამრიცხველიანებისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტექნიკურ პირობაში აღნიშნულია, რომ სს „ენერგო პრო-ჯორჯია“ ტენდერში გამარჯვებულს სამშენებლო მოედანზე მიაწვდის აღრიცხვის კარადებს; მრიცხველებსა და მიწისქვეშა ელექტრო სადენებს, ასევე პროექტს, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, კურორტ ბახმაროს ელექტრომომარაგება პირველი ეტპის პროექტის ფარგლებში განხორციელებულია ქვესადგურ „ნაბეღლავი“-დან გამომავალი, 35 კვ ძაბვის გაბარიტებში აშენებული, 10 კვ ძაბვაზე ჩართული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზით, სიგრძით 15 კმ. პროექტის მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს ბახმაროს ტერიტორიაზე 0.4 კვ. მომხმარებლებისთვის მიწისქვეშა კაბელების და მრიცხველის კარადების [თითო კარადა გათვლილია 12 აბონენტზე] მოწყობას.

პროექტის მიხედვით ბახმაროში უნდა აშენდეს 9 სატრანსფორმატორო ქვესადგური; მომხმარებლების სიახლოვეს დამონტაჟდება 12-მრიცხველიანი ჯგუფური ძალოვანი კარადები [საერთო ჯამში 345 კარადა], საიდანაც სპილენძის მრავალძარღვა მიწისქვეშა კაბელით მოხდება აბონენტების ელექტრომომარაგება; თითოეულ აბონენტთან კი დამონტაჟდება ავტომატური ამომრთველი გარე დადგმულობის ინდივიდუალურ კოლოფში, რომელზეც მიერთდება აბონენტის შიდა ქსელი.

სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს 2019 წლის 15 ნოემბერს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 4 ივნისს დასრულდება.

დაახლოებით ორი კვირის წინ, კურორტ ბახმაროში ცხრა მიწის ნაკვეთი და მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობები საქართველოს მთავრობამ „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია. კომპანიამ სიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებაზე 5 წლის ვადაში უნდა აამოქმედოს არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო/სასტუმროები, კომერციული ფართობ[ებ]ი, კვების ობიექტ[ებ]ი, სპორტული მოედნები და სხვ.

ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 50 მილიონი ლარია, მაგრამ „ორბი ჯგუფში“ აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროექტში 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის დაბანდებას გეგმავენ; სასტუმრო ნომრების ფონდი კი 120-დან 800 ნომრამდე გაიზრდება.

ამ თემაზე:

გურიის გუბერნატორი: ბახმაროში სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა იგეგმება

 

 

რატომ ვერ იყიდა აჭარის განათლების სამინისტრომ 5 სკოლისთვის ლაბორატორია

აჭარის განათლების სამინისტრომ ხუთი საჯარო სკოლისთვის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კვლავ 100 ათასი ლარია.

ანალოგიურ შესყიდვაზე სამინისტრომ ტენდერი მიმდინარე წლის 7 მარტს გამოაცხადა. ამ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი შპს „ნიუ ლაბი“-მ დააფიქსირა – 64 800 ლარი. სამინისტროს სატენდერო კომისიამ ეს კომპანია გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა სხვა კომპანიამ [„ჯეო დეკორ“-მა], კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა.

დოკუმენტებიდან ჩანს, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით სამინისტროს სატენდერო კომისიას დაევალა გადაესინჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ხელახლა განეხორციელებინა „ნიუ ლაბი“-ს დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება.

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ საჩივრით „სადავოდ“ იყო გამხდარი შემდეგი საკითხი: „პრეტენდენტს (ქვეკონტრაქტორს) საქონლის ძირითად მახასიათებლებში არ აქვს მითითებული ფიქსირებული ზომები და შემოთავაზებული აქვს „არაუმეტეს“ „არანაკლებ“… რაც არ წარმოადგენს შემოთავაზებული საქონლის ზუსტ პარამეტრებს“.

ამასთან, „დავების საბჭომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ მსაზღვრელებს „არანაკლებ“, „არაუმეტეს“, ასევე პროდუქციის მოდელთან დაკავშირებულ მითითებას, შეიცავდა ასევე ფასების ცხრილი, რომელიც შეფასებული იქნა სატენდერო კომისიის შესაბამისი ოქმით. თუმცა, ვინაიდან საჩივრის შემოტანის დროს გასული იყო გასაჩივრების 5-დღიანი ვადა. შესაბამისად, საბჭო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა და გაეუქმებინა აღნიშნული ოქმი“.

სამინისტროს სატენდერო კომისიის მომდევნო ოქმში აღნიშნულია, რომ „მას უფლება აქვს გააუქმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, თუმცა ამ შემთხვევაში ხელახლა უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის წინადადების ხელახალი განხილვა, რასაც მოყვება ხელახალი დაზუსტება, რაც არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც სატენდერო კომისიის ქმედების გამო ერთ პრეტენდენტს მიეცემა შესაძლებლობა ორჯერ გამოიყენოს დაზუსტების ეტაპი“.

„გამომდინარე იქედან, რომ საფრთხე არ შეექმნას საქონლის მოწოდებას და სკოლებმა მიიღონ სტანდარტით გათვალისწინებული მოწყობილობები/მასალები, რომლებიც კონკრეტულად იქნება განსაზღვრული ხელშეკრულებით, შესაბამისად, სატენდერო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შეწყდეს ელექტრონული ტენდერი და გამოცხადდეს ხელახლა, სადაც კონკრეტულად განისაზღვრება შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული მოთხოვნები“ – აღნიშნულია ოქმში.

სამინისტრომ ხელახალი ტენდერი 2019 წლის 27 მაისს გამოაცხადა.

ლაბორატორიის თითო ეგზემპლარი, რომელსაც სამინისტრო შეიძენს, გადაეცემა შემდეგ სკოლებს:

[checklist]

  • ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლა;
  • შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლა;
  • დაბა ხულოს საჯარო სკოლა;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლა.

[/checklist]

ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 9 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება.

გამარჯვებულმა ლაბორატორიები შესაბამის რესურსცენტრებს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა მიაწოდოს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში, 2 ივნისის 21 საათიდან 3 ივნისის 21 საათამდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მოსალოდნელია:

ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ტემპერატურა ბათუმსა და აჭარის დანარჩენ სანაპირო რაიონებში – ღამით 13-18გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში – ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ(2-3 ბალი). ზღვის წყალი +20 გრადუსამდე გათბება.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 4 და 5 ივნისს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

შსს: გავანადგურეთ 737 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული 55 მილიონი ლარის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ, სისხლის სამართლის 737 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული  ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, ჯამში დაახლოებით 55 მილიონი ლარია, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ. სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 178 კილო და 667 გრამი ჰეროინი, 2088 აბი „სუბუტექსი“, „კოდეინის“ შემცველი 590 აბი, 38.471 გრამი მეტადონი, 525 აბი და 18.21 გრამი „მდმა“, 170 აბი „ტრამადოლი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, „ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ“.

სასამართლომ დაკავებულ 7 მაღალჩინოსანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე ლევან გელოვანმა “იაფი სახლის” საქმეზე დაკავებულ შვიდივე მაღალჩინოსანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დარბაზში მოსამართლის დასაბუთება პროტესტის ნიშნად აღარ მოუსმენიათ.

სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

მოსამართლის გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურორმა რამაზ შავაძემ წინასასამართლო სხდომის გამართვა ზუსტად ორი თვის შემდეგ მოითხოვა. ეს კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადაა აღკვეთის შეფარდების შემდეგ.

“წესით ჩვენ უნდა ვითხოვდეთ მაქსიმალურ ვადას… პროკურატურას სჭირდება ორი თვე იმისთვის, რომ აწამოს ადამიანები,”- თქვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ადვოკატები გაასაჩივრებენ.

 

 

“ჩვენ ვყოფილვართ თურმე დამნაშავეები” – გია ერმაკოვი მოსამართლეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დილით დაიწყო და ამ დრომდე [19:45] გრძელდება “შვიდი მაღალჩინოსნის საქმის” განხილვა. მოსამართლე ლევან გელოვანმა უნდა გადაწყვიტოს, დაკავებულებს პატიმრობაში დატოვებს, თუ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებს.

პროკურორ რამაზ შავაძის თქმით, გამოძიებამ ამ საქმეში აუდიტის ანგარიშის გარდა, მოიპოვა ელექტრონული ფოსტის მიმოწერებიც. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებაა მერიის სხვა თანამშრომლების ჩვენებები.

ადვოკატმა რამინ პაპიძემ თავის გამოსვლაში სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემას გაუსვა ხაზი. თქვა, რომ პოზიტიური მოლოდინი არ აქვს დაკავებულების გირაოთი გაშვებაზე და გამოძიების გაჭიანურებაზე გააკეთა აქცენტი.

“2017 წელს არის დაწყებული ამ საქმეზე გამოძიება, ყველა მტკიცებულება 2018 წლის ბოლომდეა მოპოვებული… ეს უნდა გახდეს მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საფუძველი… სასამართლო გამოძიების გაჭიანურებით არ დაინტერესებულა, როცა განჩინება გამოსცა დაკავების შესახებ,” – მიმართა ადვოკატმა რამინ პაპიძემ მოსამართლეს.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ თუკი მერიას სურდა ტენდერის შედეგად კონკრეტულ აზერბაიჯანულ კომპანიას მიეღო უკანონო სარგებელი, მაშინ მერია სატენდერო პირობებში გამოსაცდელ ვადად არ მიუთითებდა სამ წელს.

“არ მიუთითებდა, რადგან ამის ვალდებულება არ ჰქონდა,” – დასძინა ადვოკატმა.

პროკურორმა რამაზ შავაძემ ბათუმის ყოფილ მერზე, გია ერმაკოვზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ მისი მიმალვის საფრთხე არსებობს, რადგან მას კავშირი აქვს “კონვენტ ჯორჯიას” აზერბაიჯანულ თანამშრომელთან, ვისთანაც ასევე აქვს კითხვები გამოძიებას.

ადვოკატებმა აბსურდულად მიიჩნიეს პროკურორების ეჭვი იმის შესახებ, რომ ბრალდებულები შესაძლოა მიიმალონ, რადგან ბიუჯეტში დაახლოებით მილიონ 300 ათასი ლარი არ დაბრუნებულა.

დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე

“ჩვენ მზად ვართ, ჯამურად შვიდივე ბრალდებულმა ჩავდოთ გირაოს სახით ამ ღირებულების უძრავი ქონება…” – დასძინა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. იგი ეგარსლან ლომაძის, ბექა ხალვაშის და არჩილ ვანაძის ინტერესებს იცავს.

ბაგრატ მანველიძის ინტერესების დამცველმა, ედიშერ მახარაძემ, ყურადღება გაამახვილა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უკვე დაკისრებული აქვს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება. მისი მტკიცებით, სატენდერო კომისიას, როგორც კოლექტიური ორგანოსთვის, ამ პასუხისმგებლობის დაკისრება უკანონოა.

“ბრალი აბსურდულია… როგორ შეიძლება აქ მერი და სატენდერო კომისიის სრული შემადგენლობა ერთად ისხდნენ? თუკი მერი იყო პასუხისმგებელი პირი, მაშინ კომისია რა შუაშია?… კომისიის ასე ერთბაშად პასუხისგებაში მიცემა გამორიცხულია. როგორ შეიძლება ერთი და იმავე საფუძვლით მიედავო შვიდივეს? შეუძლებელია ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს,” – თქვა ედიშერ მახარაძემ.

“ვის სასარგებლოდ გაიფლანგა ეს თანხა?” – იკითხა ამ საქმის კიდევ ერთმა ადვოკატმა, დავით ჩავლეიშვილმა.

“გამოძიებას ეს დადგენილი არ აქვს. თუ ეს აწი უნდა დადგინდეს, ბრალი რანაირად არის მითვისება და გაფლანგვა? კონკრეტული პირი დადგენილი არ არის… ნახევარი ამბავია მოტანილი სასამართლოში. მხოლოდ ის, რომ თანხა გადაურიცხეს კონკრეტულ კომპანიას, ეს არ ადასტურებს იმას, რომ მერიის თანამდებობის პირმა მიითვისა ეს თანხა,” – აღნიშნა დავით ჩავლეიშვილმა.

ამავე ადვოკატმა ისაუბრა ბათუმის მერიის სასამართლო დავის შესახებ “ბაზის ბანკთან”. ამ ბანკმა გარანტია წარმოადგინა “იაფი სახლის” ტენდერში. ამ მიმართულებით სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო თბილისის საქალაქო სასამართლოში.

“რატომ არის აქცენტი გადატანილი მერიის მუშაკებზე და არ არის “ბაზის ბანკის” მიმართ არავითარი ზომები გატარებული?” – იკითხა ადვოკატმა ჯემალ კიკნაძემ. ის ბათუმის ყოფილი მერის, გია ერმაკოვის ინტერესებს იცავს. მან მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ გია ერმაკოვს გირაოს სახით 30 ათასი ლარის გადახდა შეუძლია.

სასამართლოს მიმართ სანდოობაზე აქცენტი ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემაც გააკეთა, თან კონკრეტული ფაქტი მოიყვანა.

“საქმის მასალების მიხედვით, პროკურატურის შუამდგომლობა  სასამართლოში შემოსულია 29 მაისს. ეს საქმე არის 23 ტომი. იმავე დღეს, 29 მაისს, სასამართლომ გამოსცა განჩინება ამ პირების დაკავების შესახებ…” – აღნიშნა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ. იგი ბაგრატ მანველიძის ინტერესებს იცავს.

დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე

ერთ დღეში მოსამართლის მიერ გამოტანილ განჩინებაზე ისაუბრა ადვოკატმა ედიშერ მახარაძემაც.

“თუკი ამ საკითხში არ არსებობს პოლიტიკა, მაშინ რა გამოვიდა, რომ ორ საათზე მიიღო მოსამართლემ ტომები და 6 საათზე განჩინება გამოსცა,” – იკითხა მან.

რამინ პაპიძემ მოსამართლეს წაუკითხა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ხელმოწერილი წერილიც, რომლის მიხედვითაც მერიის მოქმედი თანამშრომლები, რომლებიც ახლა უკვე ბრალდებულები არიან, გამოირჩევიან პროფესიონალიზმით და მათ წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოება არ ყოფილა.

მოსამართლეს მიმართეს ბრალდებულებმაც, მათ შორის, ბათუმის ყოფილმა მერმა გია ერმაკოვმა.

“ჩვენ ვყოფილვართ თურმე ერთად შეკრებილი დამნაშავეები… პირველად მიწევს ამ ამპლუაში გამოსვლა. ჩვენთვის, ვინც აქ ვართ, უპირველესია პატივი და ღირსება… როდის იყო, რომ სადმე დამიბარა გამოძიებამ და არ გამოვცხადდი? გამოვცხადდები ნებისმიერ დროს, სადაც დამიბარებთ,” – აღნიშნა გია ერმაკოვმა.

დარბაზმა ტაში მერიის სხვა მაღალჩინოსნებს დაუკრა.

“ჩემთვის უკვე ცხოვრების რაღაც ნაწილი ახლა დამთავრდა… წარმოიდგინეთ, ქუჩაში რომ გავივლი, რას იფიქრებენ ჩემზე,” – თქვა თენგიზ პეტრიძემ, რომელიც ბათუმის ვიცე-მერი იყო.

“თუ რაიმე გაიფლანგა, გაიფლანგა ჩვენი სახელი და ღირსება,” – მიმართა მოსამართლეს ეგარსლან ლომაძემ.

______

მერიის მაღალჩინოსნები „იაფი სახლის“ პროექტის საქმეზე 30 მაისს დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე [ის სადავო ტენდერის ჩატარების დროს ბათუმის ვიცე-მერი იყო და სატენდერო კომისიის თავმჯდომარე]; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე [ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურს ხელმძღვანელობდა], ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, მერიის მუნიციპალური სერვისების, ქონებისა მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, მერიის შესყიდვის სამსახურის უფროსი ბექა ხალვაში.  

პროკურატურის ინფორმაციით, იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად 1 მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან. ბრალდებულებს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, ასევე 332-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას გულისხმობს. 182-ე მუხლი მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს. პროკურატურა მაღალჩინოსნებს „მძიმე შედეგის“ დადგომას ედავება, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 332-ე მუხლი კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.

რა ასოციაციები მოგდით თავში, როცა გესმით  „სექსუალური შევიწროება?- დისკუსია სტუდენტებთან

დღეს, პირველ ივნისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „თავისუფალ სივრცეში“, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე, სტუდენტებს სექსუალური შევიწროების შესახებ ესაუბრა.

„რა ასოციაციები მოგდით თავში, როცა გესმით „სექსუალური შევიწროება? “- თემაზე დისკუსია ამ კითხვით დაიწყო.

იურისტის განმარტებით, ხშირად, გარკვეული სახის ქმედებები გამომდინარეობს კულტურული ფაქტორებით და უარს არ აღიქვამენ უარად. „თავს იფასებს“, – იტყვიან და ბოლომდე ცდილობენ ქმედების განხორციელებას.

ანა თავხელიძის თქმით, სექსუალურ შევიწროებაზე საუბრისას აქცენტი უნდა იყოს გადატანილი თანხმობის აუცილებლობაზე. „სახალხო დამცველმა თქვა, რომ უარის არსებობა კი არ უნდა მოითხოვო, არამედ თანხმობის არსებობა. ანუ თუ პირი თანხმობას არ გამოხატავს, რომ თანხმდება ამ ურთიერთობაზე, ის ავტომატურად უნდა აღიქვა უარად. თუ პირი ამბობს, რომ  „აშკარა  უარი არ ყოფილა“,  ან თუ ვარაუდი არის 50/50 და ვერ იგებს ადამიანი, თანხმობა არის თუ არა, ეს უნდა ჩავთვალოთ უარად  და ქმედება უნდა შეწყდეს, სხვა შემთხვევაში  დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა“, – ამბობს იურისტი.

იურისტმა ანა თავხელიძემ, ბსუ-ს სტუდენტებთან სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა
ფოტო: ლელა დუმბაძის

რატომ განიხილება სექსუალური შევიწროება როგორც ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა, კაციც ხომ შეიძლება იყოს  სექსუალური შევიწროების მსხვერპლი? – სტუდენტის ამ კითხვაზე ანა თავხელიძემ  განმარტა, რომ, რა თქმა უნდა, მსხვერპლი შეიძლება იყოს კაციც, თუმცა, „ძირითად შემთხვევაში, ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემებით, სექსუალური შევიწროების მსხვერპლების რაოდენობას თუ შევხედავთ, დაახლოებით 80-90 პროცენტი ყოველთვის ქალია“.

რას გულისხმობს სექსუალური შევიწროება? – ანა თავხელიძის თქმით, ფლირტი და სექსუალური შევიწროება რომ განვასხვაოთ, ამისთვის ქმედება უნდა აკმაყოფილებდეს ოთხ ძირითად კრიტერიუმს:

პირველი კრიტერიუმია, როცა ქმედება არის არასასურველი.

მეორე კრიტერიუმით, ქმედება  შეიძლება არ გამოიხატოს ვთქვათ ფიზიკური შეხებით, ის შეიძლება იყოს ვერბალური.

მესამე კრიტერიუმი არის სექსუალური შინაარსის მატარებელი ქმედება. თუ პირი სექსუალური შინაარსის შეტყობინებას, ან ვიდეოს უგზავნის ადამიანს.

მეოთხე კრიტერიუმია, როცა  ქმედება არის ღირსების შემლახავი.

დისკუსია ბსუ-ში სექსუალური შევიწროების თემაზე

„თუ ადრესატი გეუბნებათ, რომ ქმედება მისთვის არის შეურაცხმყოფელი და მას არ სურს, რომ ქმედება გაგრძელდეს, თქვენ კი მაინც აგრძელებთ, ეს უკვე არის სექსუალური შევიწროება. თუ შეტყობინება გაუგზავნეთ და მან გითხრათ „არა“, – მორჩა.  „არა“ ნიშნავს  „არას“ და ქმედება უნდა შეწყდეს“.

ანა თავხელიძემ სტუდენტებთან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ სექსუალური შევიწროება, არ გულისხმობს მაინც და მაინც სექსუალურ ურთიერთობას. „ეს შეიძლება იყოს უხამსი კომენტარიც“, – ამბობს ის.

დისკუსიის  დროს სტუდენტები დაინტერესდნენ სექსუალური ძალადობის დროს ქალმა აუცილებლად უნდა გასწიოს თუ არა წინააღმდეგობა.

ანა თავხელიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში წერია, რომ გაუპატიურება არის მხოლოდ ის ქმედება, სადაც ძალადობა იქნა გამოყენებული ან მუქარა. „მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენი კანონმდებლობა არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო კანონმდებლობასთან,  იგივე სტამბოლის კონვენციას თუ შევხედავთ, ან სტრასბურგის გადაწყვეტილებებს, პირდაპირ ამბობს, რომ ძალადობის გამოყენების დროს, წინააღმდეგობის გაწევის ვალდებულება მსხვერპლს არ აქვს“.

იურისტის თქმით, ეს საკითხი შეისწავლეს ფსიქოლოგებმა, რომლებიც საუბრობენ ძალადობის დროს  ადამიანების განსხვავებულ რეაქციებზე.

დისკუსია თემაზე – „სექსუალური შევიწროება“

„ერთი არის გაყინვის, გაშეშების, შოკის მდგომარეობა, როდესაც ტრავმიდან, ძალადობის ხარისხიდან გამომდინარე ადამიანი საერთოდ ვერ უწევს წინააღმდეგობას, მეორე შემთხვევაში კი პირიქით  ხდება და მსხვერპლი იწყებს ბრძოლას, წინააღმდეგობის გაწევას.  ეს არის ინდივიდუალური. მსხვერპლმა  წინააღმდეგობა არ გაუწია, რადგან უფრო მძიმე ფორმით ძალადობის განხორციელების შეეშინდა, მაგალითად, შეეშინდა მოკვლის, იმიტომ რომ ემუქრებოდა“,- ამბობს ის.

როგორ უნდა დამტკიცდეს ძალადობა თუ არ არსებობენ მოწმეები? – იკითხეს სტუდენტებმა.

ანა თავხელიძის თქმით, მტკიცება რთულია, მაგრამ შესაძლებელი, შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარებით, წინარე პირობების დადგენით, მათი ურთიერთობით, გადაადგილების მარშრუტით და ა.შ.

დისკუსიის დროს იურისტმა ასევე უპასუხა სტუდენტების მიერ დასმული სხვა კითხვებსაც, რომელიც უკავშირდებოდა სექსუალური შევიწროების თემას, მათ შორის ისეთ საკითხს, როგორიცაა თემით მანიპულირება.

„თუ არსებობს რისკები იმის, რომ ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირის შემდეგ შეიძლება მაინც დაგადანაშაულონ სექსუალურ ძალადობაში?“ – იკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა, რაზეც ანა თავხელიძემ უპასუხა, რომ ასეთ დროს ხდება წინარე ისტორიის შესწავლა, ის თუ რა პოზიციას აფიქსირებს მსხვერპლი, რა იყო მისი რეაქცია, მიადგა თუ არა ტრავმა, თუ ძალადობა ხდება, ამას შესაბამისი ექსპერტიზა ადგენს“.

დისკუსია სტუდენტებთან პროექტის „ლიბერრუმის“ ფარგლებში გაიმართა.

ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ

ბათუმის მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ – საუბარია კიდევ ერთ ტენდერზე, რომელიც ასევე 2015 წელს ჩატარდა. ამ ტენდერში გამარჯვებული “აჭარგანათებაა” და ბიუჯეტიდან 470 ათასი ლარი დაიხარჯა.

“აჭარგანეთება” პროკურორმა რამაზ შავაძემ დღეს ახსენა, როცა ის დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას ასაბუთებდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ დამატებით ახალი საქმე მიმალვის რისკს ზრდის.

“დეტალებს ვერ გეტყვით, ჯერ ბრალი არ წარგვიდგენია… შესაძლებელია იგივე პირებს წავუყენოთ ბრალი,” – გვითხრა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

“იაფი სახლის” ნაწილში კი, მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს დღეს, პირველ ივნისს განიხილავს სასამართლო. პროცესი დღის ორ საათზე დაიწო და ამ დრომდე გრძელდება.

სასამართლო პროცესს ესწრება ბათუმის მოქმედი მერი ლაშა კომახიძე.

ბათუმის მოქმედი მერი ლაშა კომახიძე სასამართლო პროცესზე

______

მერიის მაღალჩინოსნები „იაფი სახლის“ პროექტის საქმეზე 30 მაისს დააკავეს. ამ პროექტის განხორციელება ბათუმის მერიამ 2016 წელს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად 1 მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან. ბრალდებულებს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, ასევე 332-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას გულისხმობს. 182-ე მუხლი მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს. პროკურატურა მაღალჩინოსნებს „მძიმე შედეგის“ დადგომას ედავება, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 332-ე მუხლი კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.

დაკავებულებს შორის არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე [ის სადავო ტენდერის ჩატარების დროს ბათუმის ვიცე-მერი იყო და სატენდერო კომისიის თავმჯდომარე]; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე [ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურს ხელმძღვანელობდა], ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, მერიის მუნიციპალური სერვისების, ქონებისა მართის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, საქალაქო ინფრასტრუქტირისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, მერიის შესყიდვის სამსახურის უფროსი ბექა ხალვაში.  

როგორ აღნიშნეს ბათუმში ბავშვთა დაცვის დღე [ფოტო]

დღეს, პირველ ივნისს, მსოფლიოში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ცენტრალურ პარკში ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

ბათუმის ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის დღეს პატარებს სახეები მოუხატეს
ფოტო: ლელა დუმბაძის
პარკში გამოფენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, ნახატები და ნაქარგები.
ბავშვთა დაცვის დღეს ბავშვები ახლობლებთან ერთად ერთობიან.
ხის ძროხის ირგვლივ დიდი მხიარულებაა. ბავშვები ცდილობენ, ძროხის მოწველას.
ნახატების გამოფენა ბათუმის ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის დღეს.
ბათუმის ცენტრალური პარკი. პირველი ივნისი.

დღეს ბავშვებისთვის პარკში გართობა უფასოა. ბავშვებს მშობლებთან ერთად პარკში არსებული ზოოკუთხის დათვალიერებაც უფასოდ შეუძლიათ.

ბავშვების ცენტრალურ პარკში საბავშვო ანსამბლების კონცერტი გაიმართა. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბავშვებს ბუშტები და ნაყინები დაურიგეს.

ამავე თემაზე:

 

უფასო ნაყინები და ატრაქციონები – რა იგეგმება ბავშვებისთვის პირველ ივნისს ბათუმში

 

7 მაღალჩინოსნის საქმის სასამართლო განხილვა დაიწყო

ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 მაღალჩინოსნის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, პირველ ივნისს დაიწყო. ბრალდებულებს აღკვეთ ღონისძიებას მოსამართლე ლევან გელოვანი შეუფარდებს. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

ბრალდებულებს შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გია ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე.

ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. როგორც ადვოკატებმა პროცესის დაწყებამდე გვითხრეს, ისინი გირაოს საფუძველზე მოითხოვენ დაკავებულების გათავისუფლებას, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესს ესწრებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის, ბათუმის მოქმედი მერი – ლაშა კომახიძე.

დაკავებულებს ბრალის დადასტურების შემთხვევაში 7-დან 11-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

_____

მერიის მაღალჩინოსნები „იაფი სახლის“ პროექტის საქმეზე 30 მაისს დააკავეს. ამ პროექტის განხორციელება ბათუმის მერიამ 2016 წელს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად 1 მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან. ბრალდებულებს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, ასევე 332-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას გულისხმობს. 182-ე მუხლი მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს. პროკურატურა მაღალჩინოსნებს „მძიმე შედეგის“ დადგომას ედავება, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 332-ე მუხლი კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.

დაკავებულებს შორის არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე [ის სადავო ტენდერის ჩატარების დროს ბათუმის ვიცე-მერი იყო და სატენდერო კომისიის თავმჯდომარე]; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე [ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურს ხელმძღვანელობდა], ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, მერიის მუნიციპალური სერვისების, ქონებისა მართის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, საქალაქო ინფრასტრუქტირისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, მერიის შესყიდვის სამსახურის უფროსი ბექა ხალვაში.  

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს გაფრთხილების მიუხედავად ანგრევენ

ბათუმში კ. გამსახურდიას 45 ნომერში, სომხური ეკლესიის გვერდით სახლის კედელს ანგრევენ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

როგორც „ბათუმელებს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი ეუბნება, ძეგლზე სამუშაოების ნებართვა სააგენტოს მიერ გაცემული არ არის.

„ნებართვა არ აქვთ და კედელს უნებართვოდ ანგრევდნენ. გუშინ გააჩერა რეაგირების ჯგუფმა, თუმცა დღეს ისევ ჰქონდათ მცდელობა“, – ამბობს ზაურ ახვლედიანი.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ ადგილზე უკვე გაუშვეს ჯგუფი ვითარების გასაცნობად.

შენიშვნა: ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ძეგლის ნგრევა შეაჩერეს.

იუნისეფი: დაინერგოს სერვისები ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასახმარებლად

დღეს პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, იუნისეფი ძალადობის მსხვერპლი ბავშვების შესახებ საუბრობს და სახელმწიფოს მოუწოდებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური პროგრამები დაინერგოს.

იუნისეფის განცხადებით, პრობლემაა იმ სპეციალიზებულ პროფესიონალთა ნაკლებობაც, რომლებიც ძალადობაგადატანილ ბავშვებს რეაბილიტაციაში ეხმარებიან.  საჭიროა სოციალური მუშაკების გაძლიერება და ბავშვებთან მომუშავე სხვა პროფესიონალების  კვალიფიკაციის ამაღლება, შესაბამისი სერვისების და პროგრამების შექმნის პარალელურად, რომ ბავშვებმა შეძლონ ტრავმასთან გამკლავება და შემდგომი განვითარება.

„ამ დღეს ასევე გვსურს ვიფიქროთ იმ ბავშვებზე, ვინც ყურადღების მიღმაა დარჩენილი, ცხოვრობს სიღარიბეში, ძალადობის მსხვერპლია და არ არის დაცული. ქვეყანაში არ არსებობს   შესაბამისი მომსახურებები ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. ამიტომ მზადყოფნას გამოვთქვამთ, დავეხმაროთ მთავრობას ამგვარი მომსახურებების და პროგრამების შემუშავებაში“-ამბობს, ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი.

წელს ასევე აღინიშნება ყველაზე ფართოდ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულების –  ბავშვის უფლებათა კონვენციის – 30 წლისთავი.

„მიღებიდან 30 წლის მანძილზე ამ კონვენციამ ხელი შეუწყო ბავშვთა ცხოვრებების გარდაქმნას. მან სათავე დაუდო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ უკეთ იყოს დაცული ბავშვთა უფლებები და მათ მიეცეთ საზოგადოებაში მონაწილეობის საშუალება. თუმცა ბავშვის უფლებათა კონვენცია ჯერ კიდევ არ არის სრულად რეალიზებული და სათანადოდ გააზრებული. აუცილებელია 21-ე საუკუნეში კონვენციის  რელევანტურობის და საჭიროების ხაზგასმა. იუბილე განსაკუთრებული მომენტია იმისთვის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა კვლავაც აიღონ ვალდებულება, განახორციელონ კონვენცია და  მოსახლეობაში გააუმჯობესონ ცოდნა ბავშვის უფლებების შესახებ“-ნათქვამია, იუნისეფის განცხადებაში.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში ამჟამად განიხილება, მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს, დაცვის მექანიზმებს და გარანტიებს საქართველოში ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისთვის.

„მასში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლებას იზრდებოდეს ოჯახში, დაცული იყოს ძალადობის ყველა ფორმისგან, მიუწვდებოდეს ხელი ინკლუზიურ განათლებასა და ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და მართლმსაჯულებაზე.  მიღების შემდეგ, ეს კოდექსი წარმართავს სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლებების, სასამართლოების, საჯარო და კერძო ორგანიზაციების და პირების  ბავშვებთან მუშაობისა და მათ შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს“.

Exit mobile version