ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ შეწყვიტა სააგენტომ პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ტენდერი

29.04.2019 • 2110
რატომ შეწყვიტა სააგენტომ პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ტენდერი

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 750 ათასი ლარი იყო, სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. სავარაუდო ღირებულება და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი ხელახლა გამოცხადებული ტენდერით არ შეცვლილა.

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმ პროექტის მიხედვით უნდა განხორციელდეს, რომელიც სააგენტოს დაკვეთით ააიპ „ქართულმა სახლმა“ 2017 წელს მოამზადა. სატენდერო კომისიის ერთ-ერთ ოქმში კი აღნიშნულია, რომ სამუშაოების ჩატარებაზე ნებართვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერაა გაცემული.

ამ თემაზე: რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

წინა ტენდერის გამო სააგენტოს ორმა კერძო კომპანიამ დავების საბჭოში უჩივლა. ერთ-ერთი კომპანია „ალგი აუდიტი“ აცხადებდა, რომ სააგენტოს სატენდერო კომისიის მოთხოვნა, პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, იყო არაპროპორციული, კონკურენციის შემზღუდავი და დისკრიმინაციული.

„გაუგებარია რა მიზანს ემსახურება 2014 წლიდან კონკრეტულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილების მოთხოვნა… იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი დღეისათვის აკმაყოფილებს ხუთმილიონიანი გამოცდილების მოთხოვნას და მას ჰყავს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მქონე პერსონალი, მაშინ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოები მის მიერ განხორციელდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თუ ბოლო 15 წლის განმავლობაში. შესაბამისად [აღნიშნული] მოთხოვნა არის არაპროპორციული, კონკურენციის შემზღუდავი და დისკრიმინაციული,“ – აღნიშნული იყო „ალგი აუდიტის“ საჩივარში.

ამ თემაზე: პეტრას ციხეზე გამოცხადებული ტენდერის გამო სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლეს

მეორე კომპანია, რომელმაც სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსი“ იყო. ეს კომპანია საჩივარში მიუთითებდა, რომ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის, „ალიგატორი 1“-ის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციის ყველა მოთხოვნას, თუმცა „შემსყიდველის მიერ არ იქნა ყურადღება გამახვილებული აღნიშნულ გარემოებაზე“.

მომჩივანი კომპანია მიუთითებდა, რომ პრეტენდენტმა [ალიგატორი 1“-მა] წარმოადგინა ხელშეკრულება, რომლითაც ნაკისრი სამუშაოები 2019 წლის პირველი იანვრისთვის შესრულებული არ ჰქონდა, შესაბამისად, გამოცდილებაში ვერ ჩაეთვლებოდა.

[შპს „ალიგატორი 1“ პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოწყობას სააგენტოს 1 400 001 ლარად სთავაზობდა].

დავების საბჭომ ორთავე კომპანიის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი საერთოდ შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა. კომისიის ერთ-ერთ ოქმში ტენდერის შეწყვეტის მიზეზად „სატენდერო პირობების დაზუსტებაა“ დასახელებული.

ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში, ძირითადად, პრეტენდენტის გამოცდილების მოთხოვნებშია ცვლილება.

თუ ტენდერში მონაწილეს არანაკლებ 5 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოების გამოცდილება 2014 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში უნდა ჰქონოდა, ახალ ტენდერში ეს პერიოდი გაზრდილია 2019 წლის 19 აპრილამდე [ტენდერის ხელახლა გამოცხადების თარიღამდე].

2019 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2019 წლის 19 აპრილამდეა გაზრდილი ასევე პრეტენდენტის მიერ არანაკლებ 1 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების დასრულებული სამშენებლო სამუშაოების გამოცდილებაც, უშუალოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში.

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოწყობის დასრულების ვადა არ შეცვლილა. სამუშაოების განხორციელება უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს 2020 წლის პირველ სექტემბრამდე.

სააგენტოს პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზეც ჰქონდა ცალკე ტენდერი გამოცხადებული, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა. სატენდერო თანხა 11 800 ლარი იყო. ხელახალი ტენდერი ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად სააგენტოს ჯერ არ გამოუცხადებია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: