მთავარი

გიორგი პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა მორიგი შეტევაა

24.03.2016 • 3149
გიორგი პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა მორიგი შეტევაა

იუსტიციის სამინისტროს პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმას ითვალისწინებს. „ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს. გიორგი პაპუაშვილს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, თუმცა მან ჯერ თავისი უფლებამოსილება უნდა ამოწუროს,“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ვენეციის კომისიას, რომელმაც ახლახან დაგმო და შემაშფოთებლად მიიჩნია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ. რეფორმა ამ მიმართულებით თეა წულუკიანმა გასული წლის დეკემბერში დააანონსა: „მოკრძალებულ, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ“. თავად გიორგი პაპუაშვილი კი, ამბობს, რომ რეფორმის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო არანაირი ფორმით ჩართული არ არის. „ნაადრევად ჩამომწერეს,“ – უთხრა მან „ბათუმელებს“. „ბათუმელებთან“ გიორგი პაპუაშვილის ინტერვიუ გასულ კვირას სკაიპის საშუალებით შედგა.

ბატონო გიორგი, მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენ და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური პროცესის აქტიური მონაწილე გახდით? 5 მარტს თქვით, რომ თქვენ წინააღმდეგ იგეგმებოდა ფოტო და ვიდეომასალის გავრცელება, რასაც იუსტიციის მინისტრმა „მოლანდებები“ უწოდა.

არანაირი სურვილი არ მაქვს, ეს დაძაბულობა გაგრძელდეს, ეს აზარალებს სასამართლოს. მოსამართლეებისთვის ეს არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია. ჩვენ ვპასუხობთ მაშინ, როცა იძულებული ვართ. ამ შემთხვევაში პირდაპირ დგამენ გარკვეულ ნაბიჯებს სასამართლოს დისკრედიტაციისთვის. ლოგიკურ ჯაჭვს თუ გავყვებით, დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება.

რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, ამ ფონზე, როცა უკვე გაცხადებულია, არა მგონია, მოსალოდნელი იყოს გამოქვეყნება, თუმცა არაფერია გამორიცხული. კონკრეტული ფაქტები ზედაპირზე დევს: როცა კანონდარღვევით იმართებოდა მიტინგები მოსამართლის სახლთან [იგულისხმება გიორგი პაპუაშვილის სახლთან, მოსამართლისგან ქონების დაბრუნების მოთხოვნით, 2015 წელს გამართული საპროტესტო აქციები. და ასევე სხვა აქციები, რომლებიც შეფასდა როგორც კანონდარღვევა – ავტ.] და ეს ხელისუფლებამ არ აღკვეთა, ხელისუფლება შეიძლება არ ჩაერია პირდაპირ, მაგრამ მინიმუმ უპატივცემულობა გამოავლინა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ასევე იუსტიციის მინისტრის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ თუ კარგად მოვიქცეოდით, ვიქნებოდი ვენეციის კომისიის წევრი.

თეა წულუკიანს არ აქვს ამაზე კონკრეტული პასუხები: რატომ შემხვდა, როდის შემხვდა და ასე შემდეგ. სტრასბურგის მოსამართლეობის პროცედურა [იგულისხმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. სამთავრობო კომისიის ეტაპი გიორგი პაპუაშვილმა ვერ გაიარა – ავტ.] გამოიყენეს შემდეგ იმისთვის, რომ წულუკიანის ამ შეთავაზებაზე ჩემი უარისთვის ყოფილიყო ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება.

ამ პროცესებამდეც გააქტიურდა საკონსტიტუციო სასამართლო. სტატისტიკაც აჩვენებს, რომ მომართვიანობამ იმატა. თქვენ როგორ ხსნით ამ გააქტიურებას? [2015 წლის სექტემბრამდე სულ 46 საკონსტიტუციო სარჩელი და წარდგინება შევიდა სასამართლოში, 2014 წელს – 51, 2013 წელს – 22, 2012 წელს – 27, 2011 წელს – 13…

მედიამ დაიწყო აქტიურად ჩვენი გადაწყვეტილებების გაშუქება და თავად საქმეებიც იყო ხმაურიანი. გარდა ამისა, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაკვალიფიცირდა ამ კუთხით და შემოაქვთ სარჩელები, ადვოკატების აქტიურობამაც იმატა. მაგალითად, 2011 წელს, როცა გადაწყვეტილება მივიღეთ მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ, მაშინ მედია ასე აქტიურად არ აშუქებდა ამ საკითხს. მაშინაც პოლიტიკურმა პარტიებმა შემოიტანეს სარჩელი. სხვათა შორის, იმ პარტიებმა, ვინც ახლა ხელისუფლებაში არიან.

თქვენი ვადა იწურება 30 სექტემბერს. რას აპირებთ?

გადაწყვეტილი არ მაქვს. მოვისმინე ჭორები, რომ პოლიტიკაში მივდივარ. როგორც ჩანს, ნაადრევად ჩამომწერეს სასამართლოდან. ძალიან ბევრი საქმეა სასამართლოში და ახლა ამაზე ვართ კონცეტრირებული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე მიიღო წარმოებაში საქმე, რომელიც თქვენს ქონებას ეხება. რამდენიმე დღის წინ თეა წულუკიანმა მოგიწოდათ გეპასუხათ, როგორ მიიღეთ ხელისუფლებისგან ძვირადღირებული ქონება 1000 ლარად და არის თუ არა ეს შესაბამისი მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპთან [გიორგი პაპუაშვილს აბაშიძის მაღალჩინოსნის – როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული კერძო საკუთრება ბათუმში 2007 წელს გადასცეს. ავტ]

ეს იყო ამორალური განცხადება. როცა საკონსტიტუციო გადმოვიდა ბათუმში, სახელმწიფო ვალდებული იყო, მოსამართლეები უზრუნველეყო საცხოვრებლით. მე გადმომცეს ბინა, რომელიც იყო სახელმწიფოს კანონიერ მფლობელობაში და არავითარი სასამართლო დავა ამ ქონებაზე არ მიმდინარეობდა. რა უფლება მქონდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დამეყენებინა, რამდენად კანონიერად იყო ბინა ჩამორთმეული?

2012 წელს დაისვა საკითხი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, რომ სახელმწიფომ თითქოს ვიღაცას არასწორად ჩამოართვა ბინა. ჩვენ მაშინ მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს, ასევე ქონების მართვის სააგენტოს, რომ არის თუ არა რაიმე კითხვის ნიშნები. ეს გავაკეთე მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ამ პროცესს საერთოდ არ უნდა ჰქონოდა ჩემთან შემხებლობა – თუ ვინმეს უკანონოდ ჩამოართვეს ქონება, ის უნდა ედავოს სახელმწიფოს.

მაშინ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ისიც მივწერე, რომ არ მოხდეს ამ თემის გამოყენება სასამართლოს დისკრედიტაციისთვის. ჩვენ მზად ვიყავით, გვემსჯელა ალტერნატიულ ფართობზე, ან სხვა გადაწყვეტილების მიღებაზე. პასუხი მოვიდა რამდენიმე თვის შემდეგ და იქ ალტერნატიულ ფართობზე საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი. მაშინ უნდა გაერკვიათ ეს ამბავი, თუკი ვინმეს მორალი აღელვებდა.

როგორც როლანდ ბლადაძის ადვოკატი ამბობს, მაშინ თქვენ მიიღეთ პასუხი, რომ ხელისუფლება ელოდა პროკურატურის გადაწყვეტილებას. პროკურატურამ 2013 წლის დადგენილებით გაამართლა ბლადაძე და შეწყვიტა მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება.

მაგრამ ამით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა საკითხი, რამდენად კანონიერად ჩამოართვეს მას ქონება.

თქვენ იცით, რომ სასამართლომ 2013 წელს საკუთრების ჩამორთმევის კანონიერების საკითხი ვერ განიხილა იმის გამო, რომ ხანდაზმულობის ვადა იყო გასული. ბინა როლანდ ბლადაძეს 2004 წელს ჩამოართვეს, როგორც დაუსაბუთებელი ქონება [ხანდაზმულობის ვადა ამ შემთხვევაში 5 წელია. ავტ].

ეს დავა არ არის ჩემს წინააღმდეგ. მე საერთოდ გავდივარ ამ დავიდან, რადგან არავითარ კავშირში არ ვარ.
მოპასუხე მხარე ამ დავაში არის სახელმწიფო. ამ ხელისუფლების პირობებშიც, სახელმწიფომ დაადასტურა, რომ მას კითხვის ნიშნები არ აქვს. ამიტომაც არის ეს თემა ხელოვნურად აგორებული ჩემს წინააღმდეგ.

2015 წლის 17 მარტს ეს ბინა თქვენი ცოლის დის, ეკა ხოფერიას ყოფილ ქმარს – გიორგი ლევიძეს მიჰყიდეთ 195 ათას დოლარად. ამით გამოჩნდა თუ არა, რომ ქონების შენარჩუნებას ამ გზით ეცადეთ და მეორე – როგორც გავიგეთ, უკვე გაგიუქმებიათ ეს ხელშეკრულება.

ასე არ არის. მე ვარ ბინის კანონიერი მესაკუთრე, მინდა გავყიდი, მინდა – არა. ნორმალური სიტუაცია რომ ყოფილიყო და სამართალდამცველები ჩარეულიყვნენ, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ამ შემთხვევაში რეესტრმა. რა თქმა უნდა, რეესტრი უკანონოდ მოიქცა, რადგან მან, ფაქტობრივად, ყადაღა დაადო ქონებას მხოლოდ მოქალაქის [ბლადაძის] განცხადების საფუძველზე. ხაზგასმით ვამბობ, თუკი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ვინმეს უკანონოდ ჩამოერთვა ქონება, მას იგი უნდა დაუბრუნდეს. შეეძლოთ ჩვენთვის ალტერნატიული ფართობის შეთავაზება, მაგრამ ამის მცდელობა არ ყოფილა. სახელმწიფოს ვალდებულება იყო ეგ და არა ჩემი.

არ ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს თქვენც წარმოადგენთ – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. თქვენი პასუხისმგებლობა რაში გამოიხატება?

იურიდიულად ეს აბსურდია. ქონებრივ დავებში მე როგორ წარმოვადგენ სახელმწიფოს? აღმასრულებელი ხელისუფლებაა ქონებასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი და მანვე უნდა იზრუნოს მოსამართლის საცხოვრებელ პირობებზე. თუ კონსტიტუციურად დაირღვა ვინმეს უფლება, მე დავიცავ მის უფლებას, მაგრამ არ მოუმართავთ ჩემთვის. შესაძლოა, მორიგებით დასრულებულიყო ეს ამბავი.

ისევ სასამართლოს რომ დავუბრუნდეთ, რას ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა, რომელიც თეა წულუკიანმა უკვე დააანონსა და რა მოლოდინი გაქვთ?

ეს არის მორიგი შეტევა საკონსტიტუციო სასამართლოზე. ქრონოლოგიას თუ მიყვებით, კარგად ჩანს, როდის დაინახა იუსტიციის მინისტრმა სასამართლოს გაჯანსაღების საჭიროება. თეა წულუკიანის ამ განცხადებიდან სამი თვე გავიდა და ამ პერიოდში არც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, არც ვენეციის კომისიისთვის, არც ჩვენთვის, არაფერი იყო ცნობილი, თუ რაზე მიმდინარეობდა მუშაობა. ახლახან დარეგისტრირდა პარლამენტში კანონპროექტი. ჩვენთვის არც გამოუგზავნიათ, თუმცა მასზე ხელი მიგვიწვდება.

ერთ-ერთი პრინციპული საკითხი, რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ის, რომ ჩვენი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შევიდეს ძალაში არა გამოქვეყნების დღიდან, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია, არამედ მაშინ, როცა მას იუსტიციის სამინისტრო გამოაქვეყნებს თავის საგამომცემლო ორგანოში. ეს სერიოზული საფრთხეა, რადგან შესაძლოა ხელისუფლებამ შეაყოვნოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება ხელოვნურად და ამით ბოროტად ისარგებლოს. მაგალითად, ასეთი აბსტრაქტული შემთხვევა განვიხილოთ: სასამართლომ მიიჩნია, რომ დახვრეტა არაკონსტიტუციურია, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო ამას გამოაქვეყნებს 20 დღის შემდეგ და მანამდე შესაძლოა, დახვრიტონ ადამიანი.

წინასწარ ამ რეფორმაზე არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროცესში, ჩვენი აზრით, არავინ დაინტერესებულა, რა პრობლემას ხედავენ თავად მოსამართლეები, რა ინიციატივები გვაქვს. რეფორმა ისეთ კონტექსტში იყო გაცხადებული, რომ გაბრაზებული ხელისუფლების გარკვეულ სახეს წარმოადგენდა თეა წულუკიანი. იმედია, პარლამენტი არ მისცემს ამის საშუალებას ვინმეს, რომ რეფორმა გამოყენებული იყოს ინსტიტუციის წინააღმდეგ. რეალურად, როცა ეს ცვლილება შევა ძალაში, შესაძლოა, აქ საერთოდ აღარ ვიყო და ჩვენ არ უნდა გადაგვაყოლონ სასამართლოს განვითარება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: