მთავარი,სიახლეები

“მშვიდობით, ძია გერშვინ!”- მაია ცირამუას წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

13.08.2019 • 2597
“მშვიდობით, ძია გერშვინ!”- მაია ცირამუას წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

ხვალ, 14 აგვისტოს, 19:00-ზე, გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” მაია ცირამუას რომანის, “მშვიდობით, ძია გერშვინ!” პრეზენტაციას გამართავს.

წიგნი ოცი წლის წინ დაიწერა, თუმცა ავტორს აქამდე არ გამოუქვეყნებია და აღმოჩნდა, რომ რომანში აღწერილი, თითქოს დიდი ხნის წინანდელი ამბები ახლაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია. როგორც მაია ცირამუა ამბობს, წიგნში ერთ კაცთან დაკავშირებულ რამდენიმე ქალის ისტორიას აღწერს და ტექსტში ყველანაირი ქალის თავგადასავალს შეხვდებით: ძალადობის მსხვერპლს, მიტოვებულს და ა.შ.

წიგნი ბევრ ტკივილზე, უპირობო სიყვარულსა და ძირითადად, მაინც ქალებზეა. ავტორის თქმით, ტექსტით მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ ქალს შეუძლია იყოს ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ დედა, ცოლი და მეოჯახე. შემთხვევითი არ არის, რომ ,,მშვიდობით, ძია გერშვინ!” იმ დროს იწერებოდა, როცა ავტორი შვილს ელოდებოდა. წერა მას რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმარა, პერიოდის, რომელზეც საუბარი ერცხვინებათ, რადგან დედობა და შვილებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების სირთულედ განხილვა ცუდ ტონად მიიჩნევა.

„მშვიდობით, ძია გერშვინ!” – ძველ ზარდახშაში ნაპოვნი ხელნაწერია. საოცრად ემოციური და გულწრფელი ნაწარმოები ხანში შესული მამაკაცის გარშემო ტრიალებს, რომელიც, მისგან დამოუკიდებლად, ცხოვრების ახალ აზრსა და სიყვარულს პოულობს. აკრძალული ურთიერთობა სევდიანი, თითქმის მიუწვდომელი, თუმცა მაცდური, გიჟური და მაცოცხლებელია. რას დათმობს ადამიანი სანუკვარი სურვილების ასასრულებლად? რას გაიღებს იმისთვის, რომ ახალგაზრდული ემოციები ისე გაუცხოველდეს, თითქოს არც არასდროს გაზრდილა, თითქოს უწინდელივით სიცოცხლით სავსე და ენერგიულია? რომანის მთავარი პერსონაჟი მზადაა, ყველაფერი დათმოს, რათა გააბედნიეროს ის, ვინც მისთვის ყველაზე ძვირფასია.

“მშვიდობით, ძია გერშვინ!” სერია “საკუთარი ოთახის” ნაწილია. სერია აერთიანებს იმ ქალ ავტორთა ნაწარმოებებს, რომელთა წიგნებმა, ღირებულებებმა და ცხოვრების წესმა თავისი როლი ითამაშა ადამიანის უფლებების დაცვაში, ქალთა გაძლიერებასა და თანასწორობისთვის ბრძოლაში”, – ნათქვამია წიგნის აღწერაში.

ხვალ, 14 აგვისტოს, მაია ცირამუა მკითხველებს შეხვდება და წიგნზე ისაუბრებს. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია. მაღაზიაში ,,გამომცემლობა წიგნები ბათუმში” კი. რომანი 30 %-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

მაია ცირამუა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: