მთავარი,სიახლეები

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის დაწყებას დეპარტამენტი 2021 წელს გეგმავს

13.08.2019
ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის დაწყებას დეპარტამენტი 2021 წელს გეგმავს

„ინტენსიური საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. 2020-2022 წლებში ეტაპობრივად შევა ჩქაროსნული გზის სხვადასხვა მონაკვეთები ექსპლუატაციაში და 2021 წელს უკვე ვგეგმავთ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ბათუმი-სარფის მონაკვეთზე“, – ეს განცხადება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ დღეს, 13 აგვისტოს, გააკეთა.

სად გაივლის ახალი გზა, დეპარტამენტი არ ასაჯაროებს და აცხადებს, რომ მარშრუტი ცნობილი იქნება დეტალური პროექტირების დასრულების შემდეგ. „ბათუმელებს“ მიმდინარე წლის დასაწყისში, გზების დეპარტამენტში არაოფიციალურად უთხრეს, რომ კონკრეტული მარშრუტი რომც იყოს ცნობილი, თუ სად გაივლის ახალი გზა, ვერ იტყვიან იქედან გამომდინარე, რომ დაცული იქნას მესაკუთრის უფლება, ანუ მშენებლობის ზონაში მოხვედრილი უძრავი ქონება [მიწა] არ გახდეს ვაჭრობის საგანი – შემდგომში მეტი სარგებლის [კომპენსაციის] მიღების მიზნით.

გზების დეპარტამენტში დაახლოებით ერთი თვის წინ გვითხრეს, რომ ჭოროხი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. რატომ გაჭიანურდა დეტალური პროექტირების დაწყება, კომენტარი დეპარტამენტისგან ვერ მივიღეთ. ამ უწყებაში ვერც იმის გარანტიას იძლევიან, დასრულდება თუ არა ამ გზის პროექტირება 2020 წლამდე.

ამ თემაზე: 

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

დღეს, 13 აგვისტოს, ირაკლი ქარსელაძემ თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ამ ანგარიშის მიხედვით, რომელიც დეპარტამენტისგან გამოვითხოვეთ, მიმდინარეობს ბათუმი-სარფის გზის პროექტირება, ასევე ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. ანგარიშში არის ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დასრულებული გზის, დაგეგმილი თუ მიმდინარე მშენებლობების შესახებ, თუმცა საერთოდ არ არის ნახსენები ხულო-ზარზმის გზა, რომლის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 110 მილიონი ლარი იხარჯება.

ამ გზის ხულო-გოდერძის მონაკვეთზე ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები, დეპარტამენტის ინფორმაციებზე დაყრდნობით, 2019 წლის მაისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა სამუშაოები ხულოს ტერიტორიაზე ამ დრომდე არ მიმდინარეობს.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოდინის“ ქვეკონტრაქტორმა ივნისში შეაჩერა და ტექნიკაც გაიტანა. გზების დეპარტამენტი „ტოდინს“ გარანტიის წარდგენას ქართული ბანკისგან სთხოვდა. „ტოდინს“ კი, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე, ქართული ბანკის მიერ გაცემული საგარანტიო დამკვეთისთვის არ წარუდგენია. „ტოდინს“ სხვა პროექტში ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს და საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.

ამ თემაზე:

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

მთავარი ფოტო: კადრი დეპარტამენტის 2019 წლის 6 თვის ანგარიშიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: