მთავარი,სიახლეები

ადამიანები გაქრობის პირას მყოფი პროფესიებით

14.08.2019 • 9480
ადამიანები გაქრობის პირას მყოფი პროფესიებით

ბათუმში მცხოვრებ 92 წლის არკადი მელქოიანს, 73 წლის ასლან ჯაფარიძესა და მიხეილ ჯიქიძეს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, მაგრამ სამივე მათგანის პროფესია, მალე, შესაძლოა, უბრალოდ, გაქრეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: მათ საქმიანობაზე მოთხოვნა თანდათან მცირდება და ბოლო რამდენიმე წელია არცერთ მათგანს მოსწავლე არ ჰყავს. ასლან ჯაფარიძე მლესავია, არკადი მელქოიანი მესაათე, მიხეილ ჯიქიძე კი მეწაღე.

შვილთან ჩავედი გერმანიაში და დავდივარ ქუჩებში, ვეძებ, სადმე მეწაღის ჯიხურს მოვკრა თვალი, ვკითხო რამე სიახლეების, ევროპელი მეწაღეების, იქაური მასალების შესახებ. შენც არ მომიკვდე, სადაა გერმანიაში მეწაღე? არაა. ასე გავქრებით აქაც ნელ-ნელა“, – ამბობს მიხეილ ჯიქიძე.

მეწაღე ბათუმიდან

ადამიანები გაქრობის პირას მყოფი პროფესიებით – მეწაღე, მიხეილ ჯიქიძე: შვილთან ჩავედი გერმანიაში და დავდივარ ქუჩებში, ვეძებ, სადმე მეწაღის ჯიხურს მოვკრა თვალი, ვკითხო რამე სიახლეების, ევროპელი მეწაღეების, იქაური მასალების შესახებ. შენც არ მომიკვდე, სადაა გერმანიაში მეწაღე? არაა. ასე გავქრებით აქაც ნელ-ნელა.ვრცლად ➡ https://batumelebi.netgazeti.ge/news/222796/

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on პარასკევი, 16 აგვისტო, 2019

ფეხსაცმელების ყიდვა საბჭოთა ეპოქის ფაბრიკაში ისწავლა, საქმე მალე აითვისა და ოსტატიც მალე გახდა. 1977 წლიდან ფეხსაცმლის ფაბრიკაში მუშაობდა, ბოლო 15 წელია სარდაფს ქირაობს და ასე აგრძელებს საქმეს.

მეწაღე მიხეილ ჯიქიძე

„ბოლო 20 წელია მოსწავლე არ მყოლია, არავინ მოსულა და არ უთქვამს, მასწავლე ფეხსაცმლის კერვაო, შვილი ვერ დავაინტერესე ჩემი საქმით და სხვას ვის დავაძალო ისწავლე-მეთქი? აქ რომ დავიწყე მუშაობა, 15 წლის წინ, რიგი მედგა, ზოგ კლიენტს უარსაც ვეუბნებოდი, ვერ ვასწრებდი კერვას. ახლა ხანდახან თუ შემოივლის ვინმე“, – ამბობს მიხეილ ჯიქიძე, მისი სარდაფი ბარათაშვილის ქუჩაზეა.

73 წლის ასლან ჯაფარიძეს ,,ხმაურიანი“ საქმე აქვს, დანებს და ბასრ იარაღებს, ხელსაწყოებს ლესავს.

მთელი ცხოვრება თბილისის მოედანზე ჰქონდა მოწყობილი მლესავის კუთხე, მაგრამ გასულ ზამთარს ბათუმის მერიამ თბილისის მოედანი და წერეთლის გამზირი ბათუმში გარემოვაჭრეების დახლებისგან გაათავისუფლა.

„შუაღამის 3 საათზე ჩამოიარა მერიის სატვირთომ. ჩვენი, მლესავების სამუშაო იარაღებით სავსე ყუთებიც წაიღეს – ჩემს მეგობარს დაუბრუნეს დამტვრეული, ჩემი დაიკარგა. ბათუმის მერიამ თბილისის მოედანი, ის ადგილი მოასუფთავა მლესავებისგან, სადაც ამ პროფესიის ადამიანები იდგნენ 150 წლის განმავლობაში. მე რომ ახალგაზრდა ვიყავი და ლესვას ვსწავლობდი, ჩემი ოსტატი 70 წლის იყო, მოხუცი მამა ჰყავდა, ისიც მლესავი. იმ კაციდან მოყოლებული სამივე თაობა აქ ვიდექით და არავისთვის შეგვიშლია ხელი. ახლა მითხრეს, რომ ვხმაურობ და ამ ნაქირავებ ოთახში შემომკუჭეს, ხალხიც ვერ მაგნებს“, – ამბობს ასლან ჯაფარიძე.

ნაქირავებ ავტოფარეხში თვეში 200 ლარს იხდის. ამას კომუნალური გადასახადებიც ემატება და ამბობს, რომ თვის ბოლოს გამომუშავებული თანხიდან თითქმის არაფერი რჩება.

მლესავი ასლან ჯაფარიძე

92 წლის არკადი მელქოიანიც საცხოვრებელი სახლთან მოწყობილ პატარა ჯიხურში მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ მხედველობამ რამდენიმე წელია უმტყუნა, მაინც ჩასცქერის საათის მექანიზმის წვრილ დეტალებს.

92 წლის მესაათე – არკადი მელქოიანი

92 წლის მესაათე, არკადი მელქოიანი საცხოვრებელ სახლთან მოწყობილ პატარა ჯიხურში მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ მხედველობამ რამდენიმე წელია უმტყუნა, მაინც ჩასცქერის საათის მექანიზმის წვრილ დეტალებს.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2019

„სკოლაში მივდიოდი და მესაათის ჯიხურთან შევჩერდი, დიდი ჯიბის საათს აკეთებდა, ვაკვირდებოდი. რას უყურებო, – მკითხა. ვუყურებ როდის გაჩერდება ისრები-მეთქი, ოჰ, ეს 5 წელი მაინც არ გაჩერდება და მაგდენ ხანს გარეთ ხომ ვერ იდგებიო – მითხრა, მოგწონს ეს ხელობაო? კი-მეთქი ვუპასუხე, ჰოდა გასწავლიო და მასწავლა. 2 წელიწადში ყველაფერი ავითვისე“, – იხსენებს 92 წლის მესაათე. ამბობს, რომ ფულის გამომუშავება მისი საქმიანობის მთავარი მიზანი არ არის. თვიდან თვემდე 100 ლარი თუ შევაგროვე მიხარიაო, ამბობს.

„აი ახლა, ვსაუბრობთ და დრო გადის, სახლში რომ დავჯდე, ეს დრო 1 წელი მეგონება და ძნელად გავა. ეს არის, თორემ ფულისთის კი არ ვმუშაობ“, – ამბობს ბათუმის ყველაზე ასაკოვანი მესაათე.

კავერისტვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: