ქუჩის მხატვრობა ანუ ე.წ „სტრიტ არტი“ მიჩნეულია გამოხატვის ერთ-ერთ ფორმად, რომლითაც ადამიანები ამბობენ თავიანთ სათქმელს იმ მიმდინარე აქტუალურ თემებზე, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს. მხატვარმა ქუჩის პლატფორმა შესაძლოა გამოიყენოს როგორც სოციალური, პოლიტიკური, ასევე, ესთეტიკური, პოზიტიური გზავნილებისთვის. ხშირ შემთხვევაში, ქუჩის მხატვრობა არის ერთგვარი გზავნილი იმ მტკივნეულ პრობლემებზე, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ.
კიდევ ერთი კანონზომიერება, რომელიც სტრიტ არტს ახასიათებს, არის ის, რომ ის შეიძლება წაიშალოს, გადაიღებოს, თუმცა გააკეთოს თავისი საქმე.
ირმა სურმანიძე პროფესიით ანიმატორია და ქუჩის მხატვრობაც აინტერესებს. ფიქრობს, რომ ქუჩა მეტ მასშტაბს აძლევს სამუშაოდ. „ქუჩაში მეტი თავისუფლება გეძლევა და კედლის მასშტაბი მაძლევს საშუალებას, რომ ბოლომდე გავშალო ფრთები“, – გვეუბნება ის.
ბათუმში ექვსი გრაფიტი აქვს, ასევე, ნობელების მუზეუმში მთელი ოთახი მოხატა.
„კედელზე ფუნჯით ვმუშაობ, მინდა ვაჩვენო ადამიანის ქვეცნობიერი, ვაჩვენო ბევრი ადამიანი, რომლებიც ერთ ადამიანში ცხოვრობენ. ვფიქრობ, ჩემს გრაფიტებში ჩანს ადამიანური თანაგრძნობა.
კარგია, თუ ხალხს მოსწონს შენი ნამუშევარი, თუ სათქმელი მიიღო სწორად. იყო შემთხვევა, როცა მითხრეს, თუ არ მომეწონება, საღებავს შევასხამ და არ დავტოვებ კედელზეო“, – ამბობს ირმა.
ირმა ამბობს, რომ აწუხებს ქალაქის თემა – მრავალსართულიანი სახლების ზრდის დინამიკა. „ალბათ, ამ თემაზე გავაკეთებ ერთ კედელს. გარდა ამისა, ქალაქში ბევრი ტრანსპორტი მოძრაობს, მაშინ, როცა ბათუმი სწორედ ველოქალაქად წარმომიდგენიაო“.
ირმა ცდილობს კედლები ნებართვით მოხატოს, თუმცა ფიქრობს, რომ უფრო კარგი იქნება იმ კედელზე მუშაობა, რომელიც მოსწონს.
„დაკვეთითაც ვხატავ კედლებს. ასეთ დროს, ბუნებრივია, დამკვეთის გემოვნებასაც უნდა მოერგო, მაგრამ მთავარი მაინც ხატვაა.
არ მაქვს აგრესიული ტონი, რადგან პროტესტის გამოხატვა შესაძლებელია მშვიდი ტონითაც. თუმცა ქუჩის მხატვრობის აზრიც ისაა, რომ ყველა ადამიანმა, რაღაც თავისი წაიკითხოს იქ და ისინი არ არიან ამაში შეზღუდული“, – გვეუბნება ის.
მხატვარი მარიამ რამიშვილი ქუჩის მხატვრობით სამი წელია, რაც დაინტერესდა და სურს, უფრო მეტად იაქტიუროს ამ სფეროში. მისი აზრით, სტრიტ არტი ეს არის თავისუფალი, შინაგანი ძახილი, რომელიც არავის შეუძლია შეზღუდოს.
მის გრაფიტებში ქალის თემატიკა დომინირებს, რადგან ფიქრობს, რომ ქალების გენდერული თანასწორობის თუ სხვა ტიპის პრობლემები ჯერ კიდევ აქტუალურია.
„ქალური თემა ჩემთან უფრო ახლოსაა. შეიძლება იმიტომ, რომ ქალი ვარ და ჩემგან ნათქვამი უფრო ნამდვილი, ნატურალურია. დღესაც კი, ქალებს გვიწევს იმის დამტკიცება, რომ რაღაც შეგვიძლია“, – ამბობს მარიამი.
მისი თქმით, გრაფიტი თუ სტენსილი პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე ჩნდება.
„მაგალითად, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის ამბები რომ იყო, მაშინ დავხატე გრაფიტი, სადაც ასახულია ერთი ქალი ორ განზომილებაში. ერთი ჩვეულებრივ მდგომარეობაში და მეორე, სადაც ქალი არის უფრო ბედნიერი, ფრთაშესხმული… ეს არ არის რაიმეს პროპაგანდა, ვფიქრობ, ამით ვაჩვენე ის, რომ როცა ადამიანს რაიმე პოზიტივს ანიჭებს, არავის აქვს უფლება ეს თავისუფლება შეუზღუდოს“, – ამბობს მარიამი.
მარიამი გეგმავს რამდენიმე გრაფიტი მუნიციპალიტეტებშიც გააკეთოს, რადგან, მისი თქმით, ეს სივრცეები ნაკლებად არის ათვისებული. „ვფიქრობ, სოციალური იქნება თუ, ზოგადად, პოზიტიური გზავნილები, აქ მცხოვრები ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანია.
ქუჩის მხატვრის გზავნილები ქუჩას
მარიამმა ბათუმის ქუჩაში ჟღალათმიანი გოგო მაშინ დახატა, როცა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია ქვეყნის მთავარი თემა იყო. გრაფიტზე ასახულია ერთი ქალი ორ განზომილებაში. ერთი ჩვეულებრივ მდგომარეობაში და მეორე… მარიამი ამბობს, რომ თავად არ არის მარიხუანის მომხმარებელი, მაგრამ თუ ადამიანს რაიმე პოზიტივს ანიჭებს, არავის აქვს უფლება ეს თავისუფლება შეუზღუდოს.სტატია ამავე თემაზე: https://batumelebi.netgazeti.ge/news/222682/
Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2019
ვფიქრობ, არავის აქვს უფლება ქუჩის მხატვარს რაიმე უკარნახოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხატვას მუნიციპალიტეტი ან სხვა ვინმე დააფინანსებს. ქუჩის ხიბლის არის ის, რომ ამ გრაფიტებს ბევრი მნახველი ჰყავს“.
მარიამი ამბობს, რომ მისი გზავნილები პოზიტიურია, „რადგან ისედაც დათრგუნულ, სტრესულ გარემოში საჭიროა მეტი პოზიტივი მიაწოდო ხალხს და ადამიანებსაც გაუჩინო კითხვები.
მარიამის აზრით, გრაფიტი უნდა იყოს პროტესტისა და ესთეტიკის ტანდემი. „ვფიქრობ, ჩემს ნამუშევრებს ეს აქვს“, – გვითხრა მარიამმა.
მხატვარი, ექსპერიმენტალისტი ირაკლი ადეიშვილი ამბობს, რომ ქუჩის მხატვრობას სააშკარაოზე გამოაქვს ის თემები, რომლებიც აქტუალურია საზოგადოებაში და შესაძლოა, ბევრი ამაზე სხვადასხვა მიზეზის გამო ხმამაღლა ვერ საუბრობდეს.
„სწორედ მხატვარმა უნდა თქვას ასეთ დროს ხალხის სათქმელი. ხელოვანი, პოპარტისტი არ უნდა ასცდეს ჯანსაღ საზოგადოებრივ აზრს“, – ამბობს ის.
ირაკლი ამბობს, რომ ბათუმში ქუჩის მხატვრობის ფესტივალს 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი „თანამედროვე ხელოვნება 41/41“-ის მიერ და 2017 წლამდე გაგრძელდა. ამ პროექტის ფარგლებში ბათუმში რამდენიმე კედელი მოხატეს ქართველმა და უცხოელმა ქუჩის მხატვრებმა. მათგან ყველაზე დიდი ბათუმის პორტის კედელია:
„ამან ერთგვარი ბიძგი მისცა ბათუმში ქუჩის მხატვრობის განვითარებას და კარგი იქნება, თუ ბევრი მხატვარი გამოიყენებს ამ პლატფორმას.
ადამიანები გალერეებში იშვიათად დადიან. ამ დროს, ქუჩა გაძლევს შესაძლებლობას შენი სათქმელი უამრავ ადამიანთან მიიტანო. მთავარია, არ იყოს ვანდალიზმი“.
ირაკლის აზრით, სტრიტ არტი ეხმაურება იმ აქტუალურ თემებს, რაც მსოფლიოში ხდება. „სტრიტ არტს აქვს თავისი კანონზომიერება – მისი ენა უნდა იყოს მარტივი, გასაგები, შეიძლება გამოიყენო მულტიპლიკაციის პერსონაჟებიც, ფერებს აქვს მნიშვნელობა და გზავნილს“.
სტრიტარტისტებმა იციან, რომ ერთ დღეს ან სულაც რამდენიმე დღეში, შესაძლოა მათი გზავნილი კედლებიდან წაიშალოს, გაქრეს, მაგრამ „მთავარი მაინც გზავნილია.“
ირაკლი ადეიშვილის ექსპერიმენტები ბათუმის ქუჩებში
ირაკლი ადეიშვილი ბოლო რამდენიმე წელია ქუჩის მხატვრობით არის დაკავებული. უკვე არაერთი კედელი მოხატა. ფიქრობს, რომ მხატვარს ქუჩის კედელზე შეუძლია ბევრი ისეთი რამ თქვას, რის თქმასაც სხვები სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებენ. ამავე თემაზე: https://batumelebi.netgazeti.ge/news/222682/
Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on შაბათი, 17 აგვისტო, 2019