მთავარი,სიახლეები

ანაზღაურებადი სტაჟირება მხოლოდ 30-მდე კურსდამთავრებულისთვის

14.08.2019
ანაზღაურებადი სტაჟირება მხოლოდ 30-მდე კურსდამთავრებულისთვის

კარიერული მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებას ბათუმის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პრეზენტაციაზე, დარბაზიდან მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა. პრეზენტაცია 12 აგვისტოს გაიმართა. მთავრობის ინფორმაციით, ამ პრეზენტაციაზე დარბაზში 400-ზე მეტი ახალგაზრდა იმყოფებოდა. იმ დღეს არავის უთქვამს, რომ წელს ამ პროგრამით სარგებლობას მხოლოდ 30 – მდე კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შეძლებს.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დავითაძემ ამავე პრეზენტაციაზე თქვა, კითხვას – როგორ მიიღონ გამოცდილება კურსდამთავრებულებმა, მაშინ, როცა ამ გამოცდილების არქონის მიზეზით ვერ საქმდებიან, სამინისტროს თანამდებობის პირებს ყველაზე ხშირად უსვამენ,  წერენ და ესაუბრებიან. მისივე თქმით, ამიტომაც გააკეთეს კარიერული მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას მისცემენ. მთავრობა პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ კურსდამთავრებულს ან დამამთავრებელ კურსზე მყოფ სტუდენტს 450 ლარს დაჰპირდა ანაზღაურების სახით.

როგორც ალექსანდრე დავითაძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, პროგრამა საპილოტეა და მთავრობა აპირებს კურსდამთავრებულებისა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტების დასაქმების მიზნით კერძო სექტორთან ითანამშრომლოს. „მოლაპარაკებები კომპანიებთან დაწყებულია და გრძელდება“, – გვითხრა მან. რაც შეეხება ანაზღაურებას, მთავრობა ხელფასის ერთი მესამედის გადახდას გეგმავს, ანუ 450 ლარიდან მხოლოდ 150 ლარს გადაიხდის.

„შეიძლება ხელფასი უფრო მეტიც იყოს, მაგრამ მაქსიმალური ლიმიტი მთავრობის მხრიდან იქნება 150 ლარი“, – ამბობს მინისტრის მოადგილე. ანაზღაურება კი შესაძლებელია იყოს სამთვიანი ან ექვს თვემდეც გაგრძელდეს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები განაცხადებს შეავსებენ, შემდეგ კი აჭარის მთავრობის კომისია შეარჩევს 30-მდე განაცხადს, რომლებსაც დააფინანსებენ. ალექსანდრე დავითაძემ „ბათუმელებთან“ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პროგრამის მონაწილეებს პროფესიული მიმართულებით დასაქმებას იმისათვის შესთავაზებენ, რომ მათ მიიღონ გამოცდილება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება 21-29 წლის ახალგაზრდებს შეეძლებათ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: