საქართველოში ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გადაღებები იწყება


ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი ფილმის „ფორსაჟის“ ახალ სერიას საქართველოში გადაიღებენ. სცენარის მიხედვით, ფილმში მოქმედება საქართველოში ვითარდება.

ფილმის გადაღება პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დაიწყება და საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია ,,Enkeny Films“-ი უზრუნველყოფს.

HBO-სა და Universal Pictures – ის წარმომადგენლებმა საქართველოში, მათ შორის, აჭარაშიც, უკვე მოინახულეს ადგილები, რომლებიც ფილმის გადასაღებად შეიძლებოდა გამომდგარიყო. გადაღების ადგილად საბოლოოდ  თბილისის ცენტრალური უბნები შეირჩა.

როგორც სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ – ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ამბობს,

ფილმში თბილისი იქნება საინტერესოდ წარმოჩენილი, რაც დიდი რეკლამა იქნება  ქალაქისთვის მთელ მსოფლიოში.

,,HBO-სა და Universal Pictures – ს აქვთ ძალიან ბევრი პროექტი. ჰოლივუდის საქართველოში შემოსვლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. არის ქვეყნები, სადაც ჰოლივუდი გადაღებებზე საერთოდ უარს ამბობს, პოლიტიკური ხედვა აქვთ ასეთი. საქართველო კი მათ უკვე მონიშნეს ჰოლივუდური გადაღებებისთვის საინტერესო ადგილების რუკაზე, ეს არის ოქროს ხანის დადგომა საქართველოს საპროდიუსერო კომპანიებისთვის. ჩვენი მიზანი თავდაპირველად იყო, გაგვეცნო ჰოლივუდისთვის საქართველო, როგორც გადასაღებად საინტერესო გარემო. მომავალში ისინი, ვიმედოვნებთ, დაინტერესდებიან ამ ქვეყნის წარსულით, კულტურით და ჩვენი საბოლოო მიზანია, დავაინტერესოთ Netflix-ი და HBO გადაიღონ ვეფხისტყაოსანი.“ – ამბობს მიხეილ ხიდურელი.

პროგრამას „გადაიღე საქართველოში“  სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ახორციელებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან