მთავარი,სიახლეები

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი შესაძლოა იუსტიციის სახლთან დადგან

10.03.2019 • 2996
ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი შესაძლოა იუსტიციის სახლთან დადგან

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი შესაძლოა იუსტიციის სახლთან, გმირთა ხეივნის დასაწყისში განთავსდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობენ ქალაქის მერიაშიც და აჭარის მთავრობაშიც, თუმცა საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საბოლოო გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ უნდა მიიღოს.

აღმაშენებლის ძეგლის გმირთა ხეივანთან განთავსების საკითხი რომ განიხილება, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში დაგვიდასტურეს. „ეს სამმართველოს კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ რა დავალებასაც მივიღებთ მერიისგან, იმას შევასრულებთ“, – გვითხრეს სამმართველოში.

ბათუმის მერიამ აღმაშენებლისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ წრიულში, მემორიალური ქვა წარწერით – „აქ დაიდგმება დავით აღმაშენებლის ძეგლი“, 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში განათავსა. ბათუმის მერიაში მაშინ განაცხადეს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის ესკიზის შესარჩევად მერია კონკურსს გამოაცხადებდა. კონკურსი ჯერ გამოცხადებული არ არის.

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ქართულმა მარშმა“ ფეისბუქზე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო. „მარში“ წერდა, რომ ადგილობრივი მთავრობა ბათუმში ძეგლის დადგმას მეზობელი სახელმწიფოების მოთხოვნით ვერ ბედავდა.

ამ თემაზე: მერიამ ბათუმში დავით აღმაშენებლის მემორიალური ქვა დადგა

მერიას კონკურსიც და ტენდერიც დასრულებული ჰქონდა და ბულვარში 9 აპრილის მემორიალის დადგმას აპირებდა, თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბულვარში მემორიალის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა. მემორიალის განთავსება საბოლოოდ გმირთა ხეივანში გადაწყდა, სადაც მშენებლობა დაწყებულია.

ამ თემაზე: ბათუმის მერიას ძველ ბულვარში 9 აპრილის მემორიალის დადგმის უფლება არ მისცეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მიდის მსჯელობა იმაზე, რომ მემორიალები და ძეგლები ამ ხეივანში განთავსდეს. დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა კი ხეივნის დასაწყისში იმ ადგილზე მოიაზრება, სადაც დღეს „ყინულის შადრევანია“.

„ყინულის შადრევანი“ ბათუმში იშლება – მონუმენტის მინის კონსტრუქციები ჩამოშლილია და შეკრულია ლითონის მავთულებით, კარგა ხანია არ მუშაობს განათება და აუზი.

ბათუმში ყინულის შადრევანი იშლება. მის ადგილას, შესაძლოა, აღმაშენებლის ძეგლი დადგან

ამ თემაზე: ბათუმში „ყინულის შადრევანი“ იშლება – რას გეგმავს მერია

მთავარი ფოტო: იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შესაძლოა აღმაშენებლის ძეგლი განთავსდეს და აღმაშენებლის გამზირი, სადაც ამ დრომდე დევს ქვა წარწერით – აქ დაიდგმება დავით აღმაშენებლის ძეგლი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: