მთავარი,სიახლეები

ექსპერტიზამ ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის სხეულზე ჭრილობა და დაზიანებები აღმოაჩინა – რ2

12.08.2019
ექსპერტიზამ ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის სხეულზე ჭრილობა და დაზიანებები აღმოაჩინა – რ2

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარს, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს ინფორმაციას.

ტელეკომპანიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მან ექსკლუზიურად მოიპოვა. დასკვნაში წერია, რომ “გვამის შორსწასული ლპობითი ცვლილებების გამო” მეზღვაურის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. მასში ასევე საუბარია დაზიანებებზე, ჭრილობასა და მათ მდებარეობაზე.

“სხეულის ხრწნის გამო, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა სიკვდილის დროისა და იმის განსაზღვრა, გარდაცვალების დრო ემთხვევა თუ არა პოლიციაში შესულ შეტყობინებას. ამის გამო სიკვდილის მიზეზი განისაზღვრა დახრჩობით გამოწვეულად. დაზიანებები აქვს სახესა და შუბლზე, რომელიც მიღებულია მაგარი საგნით. ასევე აღენიშნება ჭრილობა წარბიდან ზემოთ, დაახლოებით, 4სმ-ში. ხოლო მაჯებზე დაზიანებები მიყენებულია ხელების ”თოკით” შეკვრისგან, სადაც ერთ მაჯაზე თოკი კარგად იყო მოჭერილი, მეორეზე – ცოტათი მოშვებული, რაც არ გამორიცხავს, რომ ქმედების განმახორციელებელმა ყველაფერი განზრახ ჩაიდინა. სხეულის დეკომპოზიციის გამო ვერ მოხერხდა ვერც იმის დადასტურება, მოხდა თუ არა მსხვერპლის გაუპატიურება სიკვდილამდე“, – წერია “რუსთავი 2”-ის მირ მოპოვებულ დასკვნაში.

რ2-ის მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნა

ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. არსებული ვერსიით, სამძებრო სამუშაოების შედეგად მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს, მისი გადმოსვენება კი საქართველოში მხოლოდ 7 მარტს მოხერხდა.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, ცნობილია თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის რაიმე ახალი დეტალი ზემოაღნიშნულ საქმეზე. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: