კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი

რესტავრატორის განმარტება – აღდგება თუ ვერა „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით

09.03.2018 • 8555
რესტავრატორის განმარტება – აღდგება თუ ვერა „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით

მას შემდეგ, რაც „ბათუმელებზე“ გამოქვეყნდა სტატია – „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგება, სადაც აღნიშნული იყო, რომ წყლის მტვერი, რომელიც „რვაფეხას“ თევზებიდან იფრქვეოდა, განახლებულ ფიგურებში აღარ იქნება, თემაზე კომენტარი გააკეთა „რვაფეხას“ მხატვარ-რესტავრატორმა, ილია ფესვიანიძემ. ის „რვაფეხას“ რეაბილიტაციაზე მუშაობს.

ილია ფესვიანიძე აცხადებს, რომ ჯგუფმა ფოტომასალაზე დაყრდნობით იმუშავა:

„24-იანი არმატურები სრულიად დაჟანგული იყო. არ ვიცი, როგორ გადარჩა ისე, რომ იმოდენა ფიგურები ვინმეს არ დაეცა თავში.  სულ ახალი მასალით, ახალი არმატურით გაკეთდა. გენიალურადაა გაკეთებული, გამაგრებული, მთელი გულით და სულით მაქვს მე, პირადად, გაკეთებული. როდესაც ცივი წყალი გადის მასალაში, იქ კონდენსაცია ხდება. ეს გამოიწვევს ორთქლის დადგომას სიცხეში და 5-6 წელიწადში დაიჟანგება ისევ. დავასრულებთ ჩვენ მაგას და გამოყავით თუ გინდა კომისია, თუ იქნება იქ რამე შეცვლილი. ოღონდ იცოდეთ, რომ ის წყალი არ იქნება…“

ილია ფესვიანიძეს მიაჩნია, რომ წყლის გაფრქვევა თევზიდან ბავშვურია. „ჯერ ერთი, თევზი როდის იყო წყალს ასხამდა, რა სისულელეა. ერთადერთი ვეშაპია, რომელიც წყალს ასხამს ზურგიდან. ანდა რა საჭიროა ასეთი ბავშვური, რაღაცნაირი სათამაშოს გაკეთება. ძეგლის სტატუსი უნდა მიეცეს. მართლაც ეს ისეთი ნამუშევარია, რომ მსოფლიოში არ არის მსგავსი ნამუშევარი“, – ამბობს ილია ფესვიანიძე „ბათუმელებთან“.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, აქამდე რა სახის სამუშაოები ჩაუტარეს „რვაფეხას“, რა ტექნოლოგიით გაამაგრეს ნაგებობა.

„მე რომ მოვედი, მანდ იყო მიშენებები, რის გამოც დაკარგული იყო ფიგურები. ოთხი თუ ხუთი ფიგურა იყო დაკარგული, ფოტოების მიხედვით აღვადგინეთ.

ძველი ფიგურები თავიდან გაკეთდა, თავიდან გადაეკრა „სეტკა“, გაილესა მაღალი მარკის ცემენტით და ამის შემდეგ გადაევლო ზემოდან 4 მმ-იანი სპეციალური ფენა, რომელიც არის იტალიიდან ჩამოტანილი. „სტეკლო ვალაკნოა“ – სპეციალური მასალა, რომელიც ასევე ჩამოვა და ის გადაეკვრება. ამ მასალამ  არ უნდა  შეუშვას წყალი. ამის შემდეგ სპეციალური წებო-ცემენტია სმალტის, რომელიც ჩამოდის საფრანგეთიდან, წებო-ცემენტით დაეწყობა სმალტა“, – ამბობს ილია ფესვიანიძე.

კითხვაზე, რამდენად იქნება შესაძლებელი „რვაფეხას“ მოზაიკური ნაწილის პირვანდელი ფორმით აღდგენა, მხატვარ-რესტავრატორი პასუხობს:

„შაბლონი აღებული გვაქვს, ფოტოები გადიდებული გვაქვს ყველა. ახლა თუ რომელიღაცა კენჭს გაზომავთ და იტყვით, ეს კენჭი აქ არ არის ჩადებული… ლუპით რომ გაადიდონ და თქვან, ეს ქვა აქ არ იდოო, მაგ ქვას მე კი არა, ღმერთი ვერ აღადგენს. ის ქვა რომ იქ იჯდეს, სასაცილო იქნება. ის მონახაზი, რა ტალღაც იქ იყო, ის ტალღა აღდგება. ეს მოზაიკა როგორ იქნება დალაგებული, რა საქმეა. ჩვენ მხატვრები ვართ, ჩვენ არ ვიცით როგორ გავაკეთოთ თუ რა? აქ არის ახლა, როცა ეგეთი საქმე კეთდება, ირჩევენ პროფესიონალებს და მე რომ ამირჩიეს და მომიყვანეს, მეც პროფესიონალები ავირჩიე,“ – ამბობს ილია ფესვიანიძე.

მისივე ინფორმაციით „რვაფეხაზე“ მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები კიდევ ერთი წელი გაგრძელდება და, სავარაუდოდ, 2019 წლის ზაფხულისთვის დასრულდება.

მთავარი ფოტო: რვაფეხას მოზაიკით მოპირკეთების პროცესი 

5/07/2018

გადაბეჭდვის წესი


ასევე: