მთავარი,სიახლეები

საკონსტიტუციოს ყოფილი თავმჯდომარისგან მოქალაქე ბათუმში სადავო ბინას გამოისყიდის

14.08.2019 • 2102
საკონსტიტუციოს ყოფილი თავმჯდომარისგან მოქალაქე ბათუმში სადავო ბინას გამოისყიდის

დღეს, 14 აგვისტოს, როლანდ ბლადაძის ოჯახი 15 წლის შემდეგ იმ სახლში დაბრუნდა, რომელიც მათ 2004 წელს ჩამოართვეს. სახლი გორგილაძის ქუჩაზე მდებარეობს. ბოლოს 15 წლის განმავლობაში ამ უძრავ ქონებას საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი ფლობდა.

„გარკვეული ნასყიდობის ფასის სანაცვლოდ, მაგრამ გიორგი პაპუაშვილის ნების საფუძველზე ქონება როლანდ ბლადაძეს დაეთმო. ბლადაძე გაასხვისებს ალტერნატიულ ფართობს, რაც მას გადასცა სახელმწიფომ და დაფარავს ნასყიდობის ღირებულებას, რაც ამ სახლის უზრუნველყოფისთვის იქნა შეთანხმებული,“ – განაცხადა დღეს, 14 აგვისტოს, არჩილ კაიკაციშვილმა „ახალგაზრდა ადვოკატების“ [ეს ორგანიზაცია სასამართლოში როლანდ ბლადაძის ინტერესებს იცავდა] ხელმძღვანელმა, რომელიც ნასყიდობის თანხის ოდენობას არ ასახელებს.

2018 წლის ივნისში უზენაესმა სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის ბინაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. საქმის განხილვა მაშინ მხარეთა მორიგებით დასრულდა: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს როლანდ ბლადაძისთვის თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინა [263 კვ.მ]  სიმბოლურ ფასად – 1 ლარად უნდა გადაეცა. ამ ბინის ღირებულება იმ დროს 399 ათასი ლარი იყო.

როლანდ ბლადაძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია. მას 2004 წელს ჩამოართვეს საცხოვრებელი ბინა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, როგორც დაუსაბუთებელი ქონება. ეს ბინა 2007 წელს გიორგი პაპუაშვილს გადასცეს – საკონსტიტუციო სასამართლოს იმდროინდელ თავმჯდომარეს.

არჩილ კაიკაციშვილის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ [ეს ორგანიზაცია სასამართლოში როლანდ ბლადაძის ინტერესებს იცავდა] ხელმძღვანელის განცხადებით, როლანდ ბლადაძემ ბინის მიღების შემდეგ უშუალოდ გიორგი პაპუაშვილთან დაიწყო მოლაპარაკება.

„როლანდ ბლადაძე გიორგი პაპაუაშვილთან იწყებს მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც ეხება მიღებული ალტერნატიული ფართობის გადაცემის სანაცვლოდ ბათუმში ჩამორთმეული სახლის დაბრუნების პროცესს. ჩვენ გვაქვს სრული მოლოდინი და ურთიერთგაგება იმის თაობაზე, რომ ყოფილი მოსამართლე, ბატონი გიორგი პაპუაშვილი, მოცემული შედეგების გათვალისწინებით, როლანდ ბლადაძესთან მიაღწევს მნიშვნელოვან შეთანხმებას,“ – აცხადებდა ერთი წლის წინ არჩილ კაიკაციშვილი.

მორიგების მიხედვით, როლანდ ბლადაძეს ასევე რჩებოდა უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ხელახლა მიემართა სასამართლოსთვის. „მიმართავს თუ არა ბლადაძე სასამართლოს, მას ამისთვის 3 წელი აქვს და ვნახოთ რას იზამს, ჯერ დაზუსტებით არ ვიცით“ – ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.

გიორგი პაპუაშვილთან ერთად, 2007 წელს, საცხოვრებელი ბინები ბათუმში სიმბოლურ ფასად საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებსაც გადასცეს. სხვა ბინებიც, ასევე, აბაშიძის ოჯახის წევრებსა და მაღალჩინოსნებს ეკუთვნოდათ.  გიორგი პაპუაშვილის  ქონება სადავო აღმოჩნდა. 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, პაპუაშვილმა წერილით იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართა და გამოხატა მზადყოფნა, დაეთმო სადავო ბინა, თუკი სახელმწიფო მას ალტერნატიული საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფდა.

2013 წელს საქართველოს პროკურატურამ დადგენილება გამოსცა, სადაც ეწერა, რომ როლანდ ბლადაძის წინააღმდეგ 2004 წელს დაწყებული გამოძიება შეწყდა.

ბლადაძეების ოჯახი ადვოკატთან ერთად

სადავო ბინა

2015 წლის 17 მარტს გიორგი პაპუაშვილმა სადავო ბინა თავისი ცოლის დის, ეკა ხოფერიას ყოფილ ქმარს, გიორგი ლევიძეს მიჰყიდა 195 ათას დოლარად. ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რადგან ამ დროისთვის როლანდ ბლადაძის სარჩელს უკვე განიხილავდა სასამართლო.

გიორგი პაპუაშვილმა მაშინ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ დავის მონაწილე თვითონ არ არის და საჯარო რეესტრმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2006-2016 წლებში.

ამ თემაზე:

გიორგი პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა მორიგი შეტევაა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: