კაზინოში ქალის მოკვლისთვის კაცს 17 წელი მიუსაჯეს

მკვლელობაში ბრალდებულ ლევენთ ულუთურქს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო.

საუბარია 2018 წლის 24 ნოემბერს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სამორინეში ერთი ქალი დანით მოკლეს, მეორე – დაჭრეს. პროკურატურის მტკიცებით, ლევენთმა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, ბათუმში უზბეკი ქალი გასული წლის დეკემბერში გაიცნო. ლევენთი თამბაქოს ბიზნესში ყოფილა ჩართული, უზბეკი ქალი – სექსინდუსტრიაში. მათ ბინა იქირავეს და რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ. შემდეგ ლევენთს ქალთან კონფლიქტი მოუხდა. უზბეკი ქალი საცხოვრებლად მეგობართან გადავიდა, რომელიც ასევე უზბეკეთიდანაა. ქალები სამორინე “პრინცესას” ხშირი სტუმრები იყვნენ, სადაც მკვლელობა მოხდა.

ამ თემაზე:

“კარგ გზაზე მოსიარულე გოგო არ იყო” – ბრალდებული მოკლული ქალის საქმეზე

ბოლო ორ კვირაში ბათუმში ორი მოსწავლე გოგო დაქორწინდა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის შუალედში ბათუმში ორი არასრულწლოვანი გოგო დაქორწინდა. ერთი არასრულწლოვანი 17 წლისაა, მეორე კი, როგორც სკოლაში გვითხრეს, 16 წლის. ორივე გოგონა, საჯარო სკოლის მოსწავლეა.

იმ სკოლის დირექტორი, სადაც 17 წლის გოგო სწავლობდა, ამბობს, რომ არასრულწლოვნის დაქორწინების შესახებ ინფორმაცია ორი კვირის წინ მიიღო. „მაშინვე შევატყობინე სოციალური მომსახურების სააგენტოს, წერილობით მივმართეთ, ჯერ არ ვიცით, მშობლებთან შეთანხმებით მოხდა თუ არა ეს. ვიცით, რომ გათხოვდა და არ არიან საქართველოში. როგორც ვიცი, ქმარი არის სრულწლოვანი“, – გვეუბნება დირექტორი.

სოციალური მომსახურების სააგენტომ ამ კვირაში მეორე არასრულწლოვნის ქორწინების შესახებაც მიიღო შეტყობინება. მათი თქმით, ჯერ სოცმუშაკი არასრულწლოვან გოგოს არ შეხვედრია, რადგან შეტყობინება ახლახან მიიღეს.

„რადგან გოგონა 16 წლისაა, ქმრის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას კანონი არ ითვალისწინებს. თუმცა, ჩვენ მაინც შევატყობინეთ პოლიციას. მშობლებს არ შევხვედრივართ ჯერ, არც გოგონას, მაგრამ ვნახავთ, რომ გავარკვიოთ, ხომ არ იკვეთება ძალადობრივი ქმედება, ან იძულება“, – გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.

ამ გოგონას სკოლის დირექტორი ამბობს, რომ დაქორწინების მიუხედავად, გოგონას სკოლა არ მიუტოვებია და გაკვეთილებზე დადის. ის სკოლაში დედამთილთან ერთადაც გამოჩნდა.

ბათუმში, სოციალური მომსახურების სააგენტოში, არასრულწლოვანი გოგონების ქორწინების შესახებ შეტყობინება ორ-ორი კვირის შუალედში შევიდა.

სახალხო დამცველის ბოლო მონაცემებით, 2018 წელს მშობლად დარეგისტრირდა 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა, „რაც პრობლემის გენდერულ განზომილებას უსვამს ხაზს“.

ამავე ანგარიშში წერია, რომ ზოგიერთი სკოლა მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებს და სათანადოდ არ აღრიცხავს სკოლაში გოგოების გამოუცხადებლობის ფაქტებს.

„კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა. სისხლის სამართლის კოდექსის 150 პრიმა მუხლით, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება მოჰყვა 16 შემთხვევას, ხოლო 5 შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, “- ნათქვამია ანგარიშში.

 

 

22 ლარი სუბსიდია ომის ვეტერანებისთვის – ახალი პაკეტი

22 ლარი სუბსიდია მთავრობამ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს“ 2019 წლის 14 მაისს დაუნიშნა. ამ ფულს ვერ მიიღებენ ომის ის ვეტერანები, რომლებიც საჯარო სექტორში არიან დასაქმებულები, მათ შორის, დაცვის სამსახურში.

„აღარ მინდა ამაზე საუბარი… არ მაქვს პრეტენზია არაფერზე. ან რა აზრი აქვს, რომ ვისაუბრო?“ – გვითხრა 2008 წლის 8 აგვისტოს ომის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. ის დაცვის სამსახურში მუშაობს.

„ამას კრძალავს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, პენსიას ამიტომ ვერ იღებენ ეს ადამიანები,“ – ამბობს ნოდარ ფუტკარაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. იგი განმარტავს, რომ პენსია – 22 ლარი დაენიშნათ იმ ვეტერანებს, ვისაც ომში ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება არ მიუღიათ და, შესაბამისად, სხვადასხვა კატეგორიის სოციალური პაკეტით ვერ სარგებლობდნენ.

რამდენად სამართლიანია, როცა 22-ლარიან პენსიას ვერ იღებ საჯარო სამსახურში მუშაობის გამო? – ნოდარ ფუტკარაძემ გვითხრა, რომ ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხებს, რადგან ის „კანონს კი არ აფასებს, არამედ ასრულებს.“

„…ცვლილების მიზანი იყო სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლია­ნობისთვის, თავისუფლე­ბისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძო­ლო მოქმედების მონაწილეებს ხელახლა შესძლებოდათ 22-ლარიანი დახმარების მიღება სოციალური პაკეტის სახით,“ – მოგვწერეს სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესცენტრიდან. აქვე მოგვაწოდეს საკანონმდებლო ჩანაწერები იმის დასასაბუთებლად, რომ საჯარო სექტორში მომუშავე ომის ვეტერანი სუბსიდიას – 22 ლარს ვერ მიიღებს.

არის თუ არა პრობლემა, როცა ომის ვეტერანს სახელმწიფო ჯერ ერთი 22 ლარის სუფსიდიას უნიშნავს და მეორეც – ის ამ 22 ლარს ვერ მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, დაცვის პოლიციაში მუშაობს? – სოციალურ სააგენტოში გვითხრეს, რომ ამ კითხვას ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა უპასუხოს. იმავე კითხვით ჩვენ სერგეენკოს უწყებასაც მივმართეთ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

მთავარი ფოტო: აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ბათუმში, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ქალები მარწყვის ბაღიდან

გობრონეთი პატარა სოფელია ქედაში, მთის ფერდობზეა გაშენებული და ცენტრალური საავტომობილო გზიდან სოფლის ცენტრამდე მისასვლელად ხუთი კილომეტრი აღმართი უნდა აიარო. სოფელში მუდმივად 15 ოჯახი ცხოვრობს. აქ ზაფხულობით, ძირითადად, ქალები რჩებიან, კაცები თურქეთში ჩაის საკრეფად ან მშენებლობაზე სამუშაოდ მიდიან. ამის გამო სოფლის სამუშაოების მთელი სიმძიმე ქალებზე გადადის. ნანული, შუშანა, მაია და ნანი გობრონეთში ცხოვრობენ. წლებია მარწყვის ბაღებს უვლიან და მოწეულ მოსავალს ქალაქში ყიდიან.

მათი დღე მზის ამოსვლისთანავე, დილის ექვს საათზე იწყება. ჯერ ბაღში ჩადიან, მარწყვს და სხვა ნარგავებს დახედავენ, შემდეგ საქონლის სადგომს მიაშურებენ, უცებ ჩამოწველიან ძროხებს, გარეთ გაუშვებენ და მერე, სანამ ბაღში მუშაობას დაიწყებენ, სულ მცირე დრო აქვთ ყავის დასალევად.

„ყავა ერთად უნდა დავლიოთ,“ – მეუბნება ნანული და თან მეზობელს გასძახის – „შუშანაა, ყავა გადუღდა გოგოო, ჩქარა“, „ნანიი… ჩამოდი და, გაცივდა ყავა“. მისი ხმა სოფლის შუკებში ექოსავით ისმის.

ქალები ყავას სვამენ და მერე ბაღისკენ მიდიან.

მარწყვის ბაღები გობრონეთში დაახლოებით ოცი წლის წინ გაჩნდა. ჯერ ერთმა მოაშენა, კარგი მოსავალი რომ მიიღო, მერე მეზობლებმაც გადაიღეს და ახლა უმრავლესობას მოჰყავს.

შუშანა ამაღლობელს უზარმაზარი მარწყვის ბაღი აქვს. ბაღში მარწყვის დასაკრეფად მეზობლის ქალები ეხმარებიან. მარტო მოკრეფა ძნელია. კითხვაზე, თუ რა ერთულებათ ყველაზე მეტად, „კრეფა“ – სინქრონულად მპასუხობენ ქალები.

მარწყვი ყოველ მეორე დღეს იკრიფება. ეს „პირველი საბაზრო პროდუქტია“, რომელიც გრძელი ზამთრის შემდეგ სოფელში ჩნდება და რომლიდანაც შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.

„ფრჩხილით თუ არ მოწყვიტე, ისე ვერ იზამ. ხელებს აშავებს ძალიან,“ – ამბობს შუშანა და კრეფას იწყებს.

შუშანა ამაღლობელი

ქალებს ვკითხე, ეხმარებიან თუ არა კაცები მუშაობისას.

„ქალების შრომაა ეს. ადრე უფრო დიდ ადგილებზე ვრგავდით, ახლა ვეღარ ვკრეფთ და ამიტომ დიდ ფართობზე აღარ ვრგავთ,“ – ამბობს ნანი. მასაც მარწყვის ბაღი აქვს. მისი მარწყვიც დასაკრეფია, მაგრამ ჯერ შუშანას ეხმარება.

„კაცებისთვის ძნელია. ამას უნდა ნერვები. მთლიანად ნაყოფს ექაჩებიან, ფუჭდება, იჟეჟება, მერე წყლად იქცევა. ჩაყრი, ჩეიჟეჟება. ჯობია ისევ ჩვენ მოვკრიფოთ,“ – ამბობს ნანული.

„მამაკაცები რომ ბაღში ჩამოიყვანო, გააფუჭებენ… ესაა სათუთი მოსაკრეფი,“ – აგრძელებს ნანი.

„კი მოკრეფენ, მაგრამ არ კრეფენ,“ – ნანის სიტყვას აწყვეტინებს მაია. „ადრე გვეხმარებოდნენ, მაგრამ ახლა აღარ გვეხმარებიან. რატომ და წელი ეტკინათ,“ – ამბობს ის და იცინის.

ქალები ამბობენ, რომ მათი შრომა დაუფასებელია. მხოლოდ მარწყვის ერთი ბაღიდან სეზონზე 1000-1500 ლარის შემოსავლის მიღება შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ბაღის მოვლა-პატრონობა მთლიანად ქალების კისერზეა, შემოსავალს მხოლოდ თავიანთი საჭიროებებისთვის ვერ ხარჯავენ.

„ოჯახში ნაწილდება,“ – ამბობენ ისინი და არ აკონკრეტებენ უშუალოდ მათთვის თუ ახერხებენ რაიმე თანხის დახარჯვას.

„შვილები ქალაქში ცხოვრობენ. ჩემი მეუღლე და მე სოფელში ვართ. მოგვყავს ნატურალური პროდუქტი და ვუგზავნით შვილებს, შვილიშვილებს. არავინ არ მავალებს, რომ ასე დატვირთულად ვიმუშაო, მაგრამ მე თვითონ მინდა. ვხალისობ ასე.

მთელი ცხოვრება ვშრომობდი და მინდა სანამ შემეძლება, კიდევ ვიშრომო. სოფელში როცა ხარ, სოფლისა ყველაფერი უნდა გქონდეს. მაგალითად, სოფელში ხარ და ქათამი და ძროხა არ გყავდეს, არ შეიძლება. სხვაზე არ უნდა იყო დამოკიდებული. შენით გააკეთებ და შენი გექნება,“ – ამბობს შუშანა ამაღლობელი.

„იმისთვის ვშრომობ, რომ შვილებს კარგი მომავალი შევუქმნა. სამი შვილი მყავს. გოგო მესამე კურსის სტუდენტია, ბიჭი – პირველი კურსის. მესამემ წელს უნდა ჩააბაროს. ყველაფერს მათთვის ვაკეთებ,“ – ამბობს მაია ბერიძე.

მაიას გობრონეთში თამბაქოს პლანტაცია აქვს. ამას გარდა, კიტრი, პომიდორი, ლობიო, ბულგარული და კარტოფილი მოჰყავს.

„მარწყვი რომ დამთავრდება, მერე კიტრი შემოვა, მერე პომიდორი, მერე კარტოფილი, დაზამთრებამდე საქმე არ მელევა,“ – ამბობს მაია.

ნანული ბოლქვაძემ წელს იმდენი მარწყვი დარგო, რამდენიც მას და მის ოჯახს სჭირდებოდა. წელს პირველად თქვა უარი დიდ ბაღზე – ამბობს აღარ შემიძლიაო.

სამაგიეროდ კიტრის ბაღი აქვს. ქედის კიტრი ცნობილია, ამბობენ, რომ უფრო გემრიელია და ეკოლოგიურად სუფთა.

„წელს 300 ძირი კიტრი მაქვს დარგული. თითოეულ ძირს სჭირდება მოვლა. ჯერ ნერგი უნდა გამოიყვანო, მერე მიწაში გადარგო. ცოტა რომ წამოიზრდება, ძაფზე უნდა აიყვანო. მუდმივად უნდა თოხნა და მოვლა. ამინდზე ხარ დამოკიდებული – თუ კარგი ამინდი იქნება, მოსავალიც გვექნება. თუ არადა, ვიქნებით ისე. მძიმე სამუშაოა, რა თქმა უნდა, მაგრამ შრომა ყველა მოსავალს სჭირდება. თუ არ იშრომებ, საიდან იქნება რამე. კიტრი რომ წავა მოლევისკენ, ლობიოს დავურგავ და მერე საშემოდგომოდ ლობიო მექნება. შემოდგომაზე ლობიოს წავიღებ ბაზარში და ასე. სულ უნდა იშრომო, რამე რომ გქონდეს,“ – ამბობს ნანული.

ინტერვიუს მიმდინარეობისას ქალებს არც ერთი წუთით არ შეუსვენიათ. შუშანას ბაღში მარწყვს კრეფდნენ და ფრთხილად ყრიდნენ ვედროებში, მეორე დღეს შუშანას ბათუმის ბაზარში რომ წაეღო.

როცა კრეფას მორჩნენ, ვედროები აიკიდეს და შუშანას სახლისკენ გაუდგნენ გზას. „დაისვენეთ ცოტა და მერე ჩემთან გადმოდით,“ – უთხრა ნანულიმ ქალებს და სახლისკენ წავიდა ყავის მოსამზადებლად.

ნანული ბოლქვაძე, ნანი ბოლქვაძე, მაია ბერიძე და შუშანა ამაღლობელი                     ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ყავა ქალებისთვის უბრალოდ ყავა არაა. ის 15 და ზოგჯერ 20 წუთი, რომელიც ყავის დალევას სჭირდებათ, ქალებისთვის შვებაა. ამბობენ, რომ უზარმაზარ ბაღში მარწყვის კრეფის მოტივი ზოგჯერ შეიძლება მარტო ის იყოს, რომ იციან, როცა დაამთავრებენ, შეეძლებათ ერთად ჩამოსხდნენ, ყავა დალიონ და დაისვენონ.

ცოტა ხანში ნანულის ეზოში, პატარა მაგიდაზე,  ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება კომპოტი, ნაყინი, შოკოლადი, ვაფლი და ყავა. მალე ქალებიც მოვიდნენ.

„საშინელი სამუშაოა, მაგრამ კოფესთვის და ლაპარაკისთვის მაინც ვიცლით. ვინმე დამძახებელი არაა, ვინმე მომკითხველი არაა,“ –  ამბობს ნანი და ყავის ფინჯანს იღებს.

„კაცები სახლში არ გვყავს, ბაღნები სახლში არ გვყავს, მარტო ძროხები და წიწილები, ისინი კიდევ რამეს არ მეტყვიან,“ – იცინის მაია და ისიც ყავას სვამს.

„სამი თვე ვიყავი ქალაქში შვილებთან წასული. კინაღამ გავგიჟდი, ისე გამიჭირდა სოფელთან განშორება. სულ ვტიროდი. ჰოდა, მერე ისევ წამოვედი უკან, ამათ გარეშე არ შემიძლია“, – მეუბნება შუშანა და ქალებს უყურებს.

მძიმე შრომა გიწევთ ხომ? – მაინც ვუსვამ იმ კითხვას ქალებს, რომელზე პასუხი ისედაც ვიცი.

„მძიმეა კი, ნახე როგორ აფუჭებს ხელებს მარწყვი,“- ამბობს მაია და ხელებს მაჩვენებს.

„ჩვენი ხელები სადმე გამოიჩინება გო,“ – ამბობს ნანი და მარწყვის კრეფისგან დახეთქილ თითებს უყურებს.

„მე რომ მითხრა ხომ იცი რუსიკო ექიმმა, ქალბატონო ხელები დაიბანე და ისე გაუკეთე ბაღანას შეხვევაო. მაშინ ბევრს ვკრეფდი და მართლა ხელები რას მიგავდა,“ – ამბობს ნანული და ისიც ხელებს უყურებს.

„როცა სახლში არიან, კაცებიც მუშაობენ. მაგრამ როცა წასულები არიან, ყველაფრის გაკეთება ჩვენ გვიწევს. უფრო მძიმე შრომა რაცაა –  დახვნა, დათესვა, იმას კაცები აკეთებენ. დახნავენ და მერე მიდიან. დანარჩენს ჩვენ ვუვლით,“ – ამბობს შუშანა.

ქალები მალე დაიშალნენ. ზოგს ძროხა ჰყავდა მოსაწველი, ზოგს სახლის საქმეები ჰქონდა გასაკეთებელი. მეორე დღეს შუშანას სახლში სინათლე დილის ხუთ საათზე აინთო. ბათუმისკენ სამარშრუტო ტაქსი ექვს საათზე მიდიოდა. სამზადისში ერთი საათი უცებ გავიდა. 15 წუთი აკლდა ექვსს, როცა სოფლის გზაზე ქალები გამოეფინენ.

შუშანა ძროხები მოწველე? – ეკითხება ნანული და თან მისი ეზოდან მარწყვს ეზიდება „მარშუტკაში“ ჩასადებად. ათ წუთში ქალებმა მარწყვი ჩატვირთეს, შუშანაც გამოვიდა, სახლი ნანულის ჩააბარა და ბათუმისკენ მიმავალ ტრანსპორტში ჩაჯდა.

ცოტა გვიან, ასე ათი საათისკენ, ნანულის გულმა არ მოუთმინა და შუშანას დაურეკა. ცოტა ხანს ილაპარაკეს. მერე მითხრა – სამ ლარად გაუყიდია შუშანას მარწყვიო.

დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში გადასვლაზე

დღეს, 6 ივნისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს ადგილმონაცვლეობასთან დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ  სხვა შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოს დაახლოებით დარჩა წელიწად-ნახევარი… თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გადასვლასთან დაკავშირებით ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება შეიძლება კიდევ გაგრძელდეს რაღაც პერიოდი, ეს წაიღებს თავისთავად დროს. შემდგომ, მექანიკურად თუ მივალთ ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე, ვერ გადავალთ ბუნებრივია – გადალაგების პროცესი მოითხოვს რაღაც დროს.

დღესაც რომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება [ახალ შენობაში გადასვლის], ჩვენ ყველაზე ადრე საშემოდგომო სესიაზე განვთავსდეთ იქ. მე ვიხუმრე ამას წინათ და კიდევ გავიმეორე ამ ხუმრობას, ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოს იქ გადაბარგებიდან ამ შენობაში გადასვლიდან დაგვრჩება ორი პარასკევი-მეთქი. დამიჯერეთ გაბაიძე ნამდვილად არ ფიქრობს საკუთარ კომფორტზე. არ იქნება გაბაიძე ალბათ იმ მოწვევაში იმიტომ, რომ ამის ინდულგენცია არც ერთ ჩვენგანისთვის არ მიუციათ… უმაღლესი საბჭოსთვის ვაკეთებ ამას…“ – განაცხადა დავით გაბაიძემ.

მისი აზრით, უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში გადასვლა არა უმაღლესი საბჭოს წევრების კომფორტის, არამედ ინსტიტუციონალური საკითხია. „ჩვენ ძალიან ბევრ რეგიონულ პარლამენტთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობა და გვინახავს, როგორ ღირსეულ ადგილებში არიან ისინი განთავსებული“, – განაცხადა მან სხდომაზე, რაზეც ოპოზიციამ რეპლიკით უპასუხა: „მაგ ქვეყნებში მოქალაქეების ღირსეული მდგომარეობაც ნახეთ ჯერ“.

რამდენიმე წელია საუბრობენ იმაზე, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო უნდა განთავსდეს იმ შენობაში, სადაც ამჟამად ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტია. ყოფილი ხელისუფლების დროს, ამ შენობის რეაბილიტაციაზე დაახლოებით 12 მილიონი ლარი დაიხარჯა და მაშინ ითქვა, რომ შენობაში აჭარის მთავრობა უნდა განთავსებულიყო. თუმცა, ხელისუფლების ცვლილებამდე ცოტა ხნით ადრე, შენობა ხელოვნების უნივერსიტეტს დაუთმეს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რამდენჯერმე დაისვა საკითხი ხელოვნების უნივერსიტეტისთვის სხვა ფართობის გამოყოფაზე და გამოთავისუფლებულ შენობაში უმაღლესი საბჭოს გადასვლაზე, რომელიც ამჟამად დაბა ჩაქვშია.

ხელოვნების უნივერსიტეტისთვის ახალი შენობა უკვე რეაბილიტირებულია.

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველი ვერსია გამოქვეყნად სათაურით, „ორი პარასკევი დაგვრჩენია… სხვა შენობაში არ გადავდივართ“. სტატიაში ეწერა, რომ თითქოსდა დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს შენობის ადგილმონაცვლეობის წინააღმდეგია და დავით გაბაიძის აზრით, ორი პარასკევი აქვთ დარჩენილი, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. დავით გაბაიძის კომენტარის ზუსტი ვერსია წაიკითხეთ სტატიის განახლებულ ვერსიაში. 

 

 

 

10 კომპანია ბათუმში, რომელთა წლიური შემოსავალი მინიმუმ 36 მილიონი ლარია

იმ კომპანიებიდან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბათუმში ან მათი საქმიანობა ბათუმთანაა დაკავშირებული, ყველაზე მეტი შემოსავალი 2017 წელს „მეტრომ“ მიიღო, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი. შემდეგ მოდის კომპანია „ანაგი“ – 208 მილიონი ლარის შემოსავლით, მესამე ადგილზე კი „ელიტ ელექტრონიქსია“ – 184 მილიონი ლარით.

გთავაზობთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების [საფინანსო ორგანიზაციების გარდა] პირველ ათეულს, რომელთა შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვებულია. ამ ათი კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა, 2017 წელს, ჯამში, 1 მილიარდ 395 მილიონი ლარი შეადგინა.

კომპანიების 2017 წლის შემოსავლები ლარში / წყარო: ანგარიშგების პორტალი / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

კომპანიების შესახებ [მოკლედ]

[highlight color=”red”]ჰოლდინგი მეტრო[/highlight] – „მეტრო“ საქართველოში არაერთ სფეროში საქმიანობს, მათ შორის: სატრანსპორტო გადაზიდვები, სასტუმროები, საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში. „მეტროს“ შემოსავლები აღებულია სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ კონსოლიდირებული და სს „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ ინდივიდუალური ანგარიშგებების მიხედვით.

„მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“, რომლის მშობელი საწარმო არის თურქეთის რესპუბლიკაში, რეგისტრირებული AVRASYA TERMINAL ISLETMELERI JSC თავის ჯგუფში აერთიანებს 14 შვილობილ კომპანიას, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ [მათ შორის „მეტრო ატლას ჯორჯია“, „მეტრო ინტურისტ ბათუმი“, „მეტრო ჯორჯია“, „თბილისი ინვესთ“ და სხვ. საერთო შემოსავლები ჯამში 475 656 000 ლარი]. „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ [შემოსავლები – 12 935 473 ლარი] მესაკუთრე კი „მეტრო თიჯარი ვე მალი იათირიმლარ ჰოლდინგია“.

„მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქია.

[highlight color=”red”]ანაგი[/highlight] – კომპანიის ძირითადი საქმიანობა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაა [„ანაგის“ შვილობილი კომპანიები არიან: „ანაგი ბათუმი“, „ანაგი-მექანიზაცია“, „ლუგო“, „ანაგი თიზ“]. „ანაგი“ აშენებს, მაგალითად, ბათუმში საფეხბურთო სტადიონს და ახალ ყინულის არენას.

[highlight color=”red”]ელიტ ელექტრონიქსი[/highlight] – სააქციო საზოგადოების ძირითადი საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით სპეციალიზებულ მაღაზიებში. მმართველობის ორგანო: საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო. საზოგადოების მესაკუთრეა Brimag Digital Age LTD-ი [ისრაელი], შვილობილი საწარმო კი – შპს „ელიტელი“.

[highlight color=”red”]გუდვილი[/highlight] – ამ სააქციო საზოგადოების ძირითად საქმიანობად განსაზღვრულია რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები, საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით. სამეთვალყურეო საბჭო: არმაზ თავაძე, გიორგი შევარდნაძე, გიორგი მახათაძე.

[highlight color=”red”]ბათუმის ნავთობტერმინალი[/highlight] – ამ შპს-ს ძირითადი საქმიანობაა ტრანსპორტირება მილსადენებით. კომპანიის მესაკუთრეა KazTransOil [ყაზახეთი], შვილობილი საწარმო კი – შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“.

„ბათუმის ნავთობტერმინალი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ანგარიშგება აშშ დოლარებში გაასაჯაროვა [შემოსავალი მოიცავს ჯამში ტერმინალისა და ნავსადგურის შემოსავლებს]. კომპანიის მონაცემებით, 2017 წელს საერთო შემოსავალი 38 224 082 აშშ დოლარი იყო, რაც ამ წლის საშუალო კურსის მიხედვით, დაახლოებით 98 235 890 ლარია.

[highlight color=”red”]AGE BATUM[/highlight] – „აგე ბათუმის“ მესაკუთრეა თურქული კომპანია AGE İNŞAAT VE TİCARET A.Ş. „აგე ბათუმის“ ოფისი ბათუმში მდებარეობს. ამ კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაა.

[highlight color=”red”]ნოვა[/highlight] – შპს „ნოვა“ თბილისში, 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც ხუთი მესაკუთრე ჰყავს, რომლებიც ასევე არიან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც [ზვიად აბულაძე, ჯემალ ბოლქვაძე, ემზარ ირემაძე, ჯემალ ანთაძე, რამაზ ირემაძე]. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სასახურავე მასალების წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია და ექსპორტი.

[highlight color=”red”]სისთემ ინშაათ[/highlight] – კომპანიის მესაკუთრეები თურქეთის მოქალაქეები [ერქან ოზმენ,  ბურაქ ბაშლილარ] არიან. ოფისი მდებარეობს ბათუმში, კომპანიის ძირითადი საქმიანობა კი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაა.

[highlight color=”red”]აჭარა ტექსტილე[/highlight] – ამ კომპანიის  იურიდიული მისამართია ქობულეთი, სოფელი ბობოყვათი, სადაც ფაბრიკას ამუშავებს. „აჭარა ტექსტილე“-ს მშობელი საწარმოა  სს „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ“ [თურქეთი]. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა საცალო ვაჭრობა ტექსტილით სპეციალიზებულ მაღაზიებში, ასევე ტექსტილის სხვა ნაწარმის წარმოება.

[highlight color=”red”]გზა[/highlight] – შპს „გზა“ ბათუმშია რეგისტრირებული. კომპანიის ძირითად საქმიანობას საგზაო, სამოქალაქო და სხვა სახის მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის 100% წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, ხოლო დირექტორი – მალხაზ დუმბაძე.

ფინანსური ანგარიშგება

ფინანსური ანგარიშგება გასული საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ინფორმაციაა, რომელშიც სტრუქტურულად არის მოცემული სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა, საქმიანობის შედეგები, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობა, სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები.

2017 წლის ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის ვალდებულება ჰქონდათ პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს.

2018 წლის ანგარიშგებები კი, ამ და ასევე, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა უნდა წარადგინონ 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე.

სუბიექტი [გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა] ვალდებულია მისთვის კანონით დადგენილი ფინანსური და მმართველობის [მათ შორის, კონსოლიდირებული] ანგარიშგება დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის პირველი ოქტომბრისა, წარუდგინოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს. სამსახური ვალდებულია სუბიექტების [გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოს] მიერ წარდგენილი ანგარიშგებები გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

პირველი კატეგორიის საწარმო – სუბიექტი [გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული ბანკისა], რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება; ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.

მეორე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება.

საზოგადოებრივი დაინტერესების პირი – იურიდიული პირი, რომელიც არის: ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მზღვეველი, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საინვესტიციო ფონდი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება-საკრედიტო კავშირი, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე სამსახურის მიერ საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრული პირი [გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა].

მესამე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც სამიდან ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება; ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

მეოთხე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც სამიდან ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება; ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.

 

თიბისი ჯგუფი ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლებს

6 ივნისს, თიბისი ჯგუფი ლონდონში ინვესტორების დღეს გამართვს. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრება.

ღონისძიებაზე თიბისი ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები თიბისი ჯგუფის ფინანსური და ტექნოლოგიური მიღწევების, მიზნებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ინვესტორებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. საუბარი შეეხება უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებსაც, სადაც განვითარება და ზრდა თიბისი ჯგუფის სტრატეგიის ნაწილია.

ინვესტორების დღე რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. თიბისის მენეჯმენტის წარმომადგენლები დამსწრე აუდიტორიისთვის პრეზენტაციებს შემდეგ თემებზე გამართავენ: ბიზნესსტრატეგია, ფინანსური შედეგები, სრულად ციფრული ბანკი სფეისი, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, რისკ-მენჯმენტი, საცალო, კორპორატიული და საინვესტიცი საბანკო მომსახურება, მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესი, თიბისი დაზღვევა, სიახლეები აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრებზე, ეჯაილის სტურქტურა და სხვა.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ.

„ინვესტორების დღე უნიკალური შესაძლებლობაა ერთი მხრივ თიბისი ბანკისთვის, ინვესტორებს და საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიაროს მიმდინარე შედეგები, ბანკის განახლებული სტრატეგია და ხედვა, მეორე მხრივ კი ინვესტორებისთვის, მიიღონ განახლებული ინფორმაცია და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან. დამსწრე აუდიტორიას წელს ძალიან ბევრ სიახლეს გავუზიარებთ, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. წელიწადში ერთხელ ინვესტორებთან მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, – გიორგი შაგიძე, თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორი.
წელს თიბისი ჯგუფი ინვესტორების დღეს ლონდონში უკვე მეხუთედ მასპინძლობს.

მაისის თვეში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 131 ფაქტი გამოავლინეს

ერთ თვეში, პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 131 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 23 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზეა გამოვლენილი. სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე 19 ფაქტი, იმერეთში – 16, გურიაში – 2, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 8, აჭარაში – 15, მცხეთა-მთიანეთში – 11, შიდა ქართლში – 6, ქვემო ქართლის მასშტაბით – 13, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი, 18 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 9 746.21 მ3 ხე-ტყე.

ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოვლინდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი და „ამოღებულია 12 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი (სულ სამართალდარღვევა – 56). მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“.

„ვეღარ წავალთ აქედან“ – გარემოვაჭრეებისა და იპოთეკით დაზარალებულების აქცია მერიასთან

„ვეღარ წავალთ აქედან, თუ პასუხი არ მივიღეთ,“ – აცხადებენ გარემოვაჭრეები, რომლებიც ბათუმის მერიის შენობის წინ იპოთეკით დაზარალებულებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ. გარემოვაჭრეების მოთხოვნაა, მათთვის ჯიხურები ავტოსადგურის ეზოში მოეწყოს მაიაკოვსკის ქუჩის მხრიდან, ან 23-ე სკოლის შენობის გამოუყენებელი ნაწილი დაუთმონ. იპოთეკით დაზარალებულები კი ისევ შეღავათიანი სესხის აღებას ცდილობენ.

„ეს მოთხოვნა ჩვენ ერთი კვირის წინ დავაყენეთ. მაშინ ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე შეგვხვდა. პარასკევს უნდა ეთქვა პასუხი და ხუთშაბათს დაიჭირეს,“ – გვიყვება ერთ-ერთი გარემოვაჭრე მზია შავაძე. მისი თქმით, 23-ე სკოლის შენობის ცალკე მდებარე და გამოუყენებელი ფართობის გარევაჭრობისთვის გამოყენება შეიძლება.

„ამ ადგილს უკვე შეჩვეულია ხალხი… იმ მოჭედილ ადგილზე ავტოსადგურში, სადაც ახლა ვართ, არავინ მოდის. ერთი მხრიდან სამშენებლო მასალების საწყობი გვაზის, მეორე მხრიდან „მარშუტკები“ ჩერდება. ავტოსადგურის წინა ხედზე კიდევ უფრო მოძრაობს ხალხი… 104 გარემოვაჭრეა რეგისტრირებული სულ, მაგრამ მგონი 30 დავრჩით. სხვები წავიდნენ, აღარ ღირს მუშაობა,“ – ამბობს ლია შაინიძე.

„კვირა ისე გადის, „სიფთას“ ვერ გახსნი… დღეში ხუთი კაცი არ შემოდის ჯამში. ველოდეთ ამდენი ხანი, რომ მოვიდოდა ვინმე, მაგრამ არ არის მუშაობა,“ – აღნიშნავს მზია შავაძე.

აქციაზე მყოფი იპოთეკით დაზარალებულები ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ. აქვე არიან ისინიც, ვისაც მთავრობა ძველი სესხის დაფარვასა და ახალი სესხის აღებაში დაეხმარა.

„მე, პირადად, ზურაბ პატარაძის დროს მომცეს ახალი სესხი, შეთანხმება შედგა და კიდევ 15 ოჯახს დაეხმარნენ. ჩვენ აღარ ვართ მევახშეების ხელში, მაგრამ სხვებმა რა ქნან? მოვედი აქციაზე, რადგან თავის დროზე სწორედ ამ ადამიანებს წარმოვადგენდი, მათმა მხარდაჭერამ გადაარჩინა ჩემი ოჯახი გამოსახლებას. ახლა ასეთი კიდევ დაახლოებით 100 ოჯახია,“ – ამბობს მაია მელიქიძე.

ბათუმის მერია საპროტესტო აქციას ჯერ არ გამოხმაურებია.

 

 

 

 

+30 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 6 ივნისის  21 საათიდან 7 ივნისის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: + 25 – 30 გრადუსი
  • ღამით:  +16 – 21 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: + 20 – 25 გრადუსი 
  • ღამით: + 10 – 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 8-9 ივნისს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე, ძლიერი წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა + 22 გრადუსია.

____________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

პროკურატურამ ქობულეთის „სანდასუფთავების“ ყოფილი უფროსის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ქობულეთის მერიაში არსებულ სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.

საუბარია ქობულეთის მერიის შპს „ქობულეთის სანდასუფთავებაზე“, რომლის ხელმძღვანელმა, სულიკო ბლადაძემ, TV 25-თან ინტერვიუს დროს დაადასტურა ორგანიზაციაში არსებული ნეპოტიზმი. მან განაცხადა, რომ სამსახურში ძმა და ცოლისძმა ჰყავდა დასაქმებული. TV 25-ის სიუჟეტის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანდასუფთავების სამსახურში 15 ადამიანი ფიქტიურად მუშაობს.

გუშინ, 5 ივნისს, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მისი თქმით, ბლადაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მედიასთან არაკორექტული ურთიერთობა გახდა. მირიან ქათამაძემ ასევე განაცხადა, რომ შესწავლილი იქნება ყველა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შპს „ქობულეთის სანდასუფთავებას“ თანამშრომლებთან აქვს გაფორმებული.

მითვისების ან გაფლანგვის მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის, ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას, ან გაფლანგვას, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა. ეს მუხლი სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

___________________

ფოტოზე: სულიკო ბლადაძე. კადრი TV 25-ის სიუჟეტიდან.

შსს: აჭარაში პოლიციამ 190 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1966 წელს დაბადებული დ.ხ. და 1980 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 190 აბი „სუბოქსინი“, ბუპრენორფინის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები და 10 გრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

როგორ დარჩა სკოლიდან ექსკურსიაზე წასული 2 კურსდამთავრებული ანტალიის აეროპორტში

თურქეთში ექსკურსიაზე წასული დამამთავრებელი კლასის ორი ბათუმელი მოსწავლე ანტალიის აეროპორტში დარჩა. მათ წინასწარ, ინტერნეტით დაჯავშნილი ბილეთებით სარგებლობა ვერ შეძლეს. შემთხვევა 30 მაისს მოხდა – კლასის დამრიგებელი, ორი მშობელი და სხვა კურსდამთავრებულები იმ ღამით ტრაბზონისკენ გამოფრინდნენ, აეროპორტში კი დიანა კობალაძე და გუგა ხიმშიაშვილი დარჩნენ.

„წელს დავამთავრეთ მე-2 საჯარო სკოლა და გადავწყვიტეთ ექსკურსიაზე ანტალიაში წასვლა კლასის დამრიგებელთან ერთად,“ – გვიყვება დიანა კობალაძე, მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული. – „პრობლემა შეიქმნა გამოფრენის დროს, როცა რეგისტრაცია უნდა გაგვევლო. „პეგასუსის“ ოპერატორმა თქვა, რომ კომპიუტერმა გაჭედა და სხვა სექციაში უნდა გადავსულიყავით. მერე ისევ უკან გამოვბრუნდით… ყველა ავიდა თვითმფრინავში, მე და ჩემი მეგობარი დავრჩით. გვითხრეს, რომ ჩვენ ვერ აგვიშვებდნენ.

მასწავლებელიც ასული იყო უკვე თვითმფრინავში. ბათუმში რომ დავბრუნდით, დაგვირეკა და გვითხრა, დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ არ გამომიშვესო. მერე ჩემი მეგობარი კომპანიის წარმომადგენლებს ინგლისურად ესაუბრა. გვითხრეს, რომ სასტუმროში წაგვიყვანდნენ… დაახლოებით სამი საათი ვიყავით მარტო აეროპორტში. როცა სასტუმროში მივედით, ისინი უკვე ტრაბზონში იყვნენ. იქ გვქონდა ინტერნეტთან წვდომა და ვნახეთ მონაწერები,“ – იხსენებს დიანა კობალაძე.

დიანა და გუგა ბათუმში 30 მაისის ნაცვლად, 31-ში დაბრუნდნენ. დიანას თქმით, სირთულე ტრაბზონშიც ჰქონდათ, რადგან ბათუმისკენ მომავალი ავტობუსი ვერ იპოვეს.

„დიდხანს ვიდექით გზაზე, მერე ისევ აეროპორტში დავბრუნდით… მერე ვნახეთ, რომ ხოფისკენ მოდიოდა ავტობუსი და იმას გამოვყევით. ხოფიდან მერე „მარშრუტკას“ ჩამოვყევით სარფში, კიდევ კარგი, მგზავრობის ფული გვქონდა,“ – გვითხრა დიანა კობალაძემ.

ამ შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე. ის მიიჩნევს, რომ პედაგოგის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დაისვას, რადგან ის ექსკურსიაზე იმყოფებოდა არა როგორც ორგანიზატორი, არამედ მიწვეული სტუმარი.

„ამ მოსწავლეებს აღებული აქვთ უკვე ატესტატი და მათი უმრავლესობა არის 18 წლის… პედაგოგი დაპატიჟეს და ის იყო მიწვეული სტუმარი. მას სურდა ჩამოსულიყო ბორტიდან, მაგრამ არ გამოუშვეს უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე… კარგია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა,“ – გვითხრა მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა, მარიზა აბაშიძემ.

 

 

 

განსაკუთრებული პირობები იპოთეკურ სესხებზე ტერაბანკისგან

ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან რემონტი სურთ, იპოთეკურ სესხებზე განსაკუთრებულად მოქნილ პირობებს სთავაზობს. ახალი პირობების მიხედვით, იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში, ისინი 6-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ და მის დაფარვას 6 თვის შემდეგ დაიწყებენ.

ახალი პირობებით სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებიც იპოთეკურ სესხს პირდაპირ ტერაბანკში აიღებენ და ასევე მათ, ვინც ამ პროდუქტით სხვა ბანკიდან დაპორტირდება. განსაკუთრებული პირობები ლარში გაცემულ სესხებზე ვრცელდება.

იპოთეკური სესხი ტერაბანკის ერთ-ერთი წარმატებული და მრავალფეროვანი პროდუქტია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ტერაბანკმა იპოთეკური სესხი სპეციალურად ემიგრანტებისთვისაც შექმნა. იგი დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, რაც ემიგრანტებს უძრავი ქონების შეძენის ბარიერს სრულიად უხსნის.

ტერაბანკი ქართულ საბანკო ბაზარზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს. იგი დინამიკურად განვითარებადი, პასუხისმგებლიანი ბანკია, წარმატებული ფინანსური მაჩვენებლებითა და მზარდი შედეგებით, რომელიც მომხმარებლებს მათ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებულ, ინოვაციურ მომსახურებებსა და პროდუქტებს სთავაზობს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 55 0

ოთხი ბათუმელი ამერიკული დიპლომით – სან დიეგოს უნივერსიტეტის პირველი ბაკალავრების გეგმები

სან დიეგოს ამერიკულ უნივერსიტეტს საქართველოში წელს პირველი ბაკალავრები ჰყავს. დაახლოებით 500 სტუდენტი მიიღებს ამერიკულ დიპლომს ქართულთან ერთად, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. ამერიკული უნივერსიტეტი წელს ექვსმა ბათუმელმა სტუდენტმაც დაასრულა. აქედან ორმა უკვე მიიღო დაფინანსება მაგისტრატურის პროგრამაზე და სწავლას აშშ-ში, სან დიეგოს უნივერსიტეტში გააგრძელებენ. როგორია კურსდამთავრებულთა გეგმები და ხედავენ თუ არა ისინი თავიანთ მომავალს საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ?

მარიამ ბასილაია სან დიეგოს უნივერსიტეტის ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტის ბაკალავრია და უკვე მოიპოვა მაგისტრატურის დაფინანსებაც აშშ-ში. როგორც მარიამი გვეუბნება, ამ ფაკულტეტიდან დაფინანსება სან დიეგოს უნივერსიტეტში 15-დან მხოლოდ ხუთმა ბაკალავრმა მიიღო.

„ეს არის ჩვენი ქიმიის დეპარტამენტის უფროსის დამსახურება, სწორედ ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ამერიკულ მხარესთან,“ – გვეუბნება მარიამი.

სან დიეგოს უნივერსიტეტში საქართველოში ბაკალავრიატის საფეხური თითქმის ყველა სტუდენტს დაუფინანსეს, თუმცა მაგისტრატურის დაფინანსება კონკურსის წესით ხდება.

მარიამ ბასილაია სან დიეგოს საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებული

„10 750 დოლარი ღირს სწავლა, პირველი წელი მაქვს დაფინანსებული, შემდეგი წლების დაფინანსება კი დამოკიდებულია აკადემიურ მოსწრებაზე. კონტრაქტის მიხედვით, ვალდებულება გვაქვს მაგისტრატურის და დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, სამი წელი საქართველოში ვიმუშაოთ და ჩვენს ქვეყანას მოვახმაროთ მიღებული ცოდნა,“ – ამბობს მარიამი.

მარიამ ბასილაია ორგანული ქიმიის მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ეს სპეციალობა გამოიყენება ფარმაციის ინდუსტრიაში, სადაც მუშაობა მიდის როგორც ახალი მედიკამენტების შექმნაზე, ასევე, დამზადებაზე. თუმცა როგორც მარიამი ამბობს, საქართველოში ეს სფერო არ არის კარგად განვითარებული და მედიკამენტები ძირითადად დაფასოებული შემოდის.

„მინდა, რომ რაღაც ცვლილება შევიტანოთ ამ სფეროში სამომავლოდ,“ – გვეუბნება მარიამი. მისი თქმით, ყველა დარგი, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტს აქვს, საქართველოში განსავითარებელია და უნივერსიტეტის გახსნის მიზანიც საქართველოში ეს იყო.

მარიამი ამბობს, რომ უნივერსიტეტი სწავლის პერიოდში შესაძლებლობას აძლევდა ანაზღაურებად სტაჟირებაზე ემუშავა უნივერსიტეტში, ზაფხულში კი  აშშ-ში ჰქონდა შესაძლებლობა ემუშავა როგორც ბაკალავრის მკვლევარს იქაურ ლაბორატორიებში.

გივი კალანდია, ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული

მეორე ბათუმელი სტუდენტი, ვისაც აშშ-ში მაგისტრატურა დაუფინანსეს, გივი კალანდიაა, ისიც ბიოქიმიას სწავლობს.

„თვითონ ქიმიის დარგი იმდენად ვრცელია, რომ გამორიცხულია მხოლოდ ბაკალავრის დიპლომით რაიმე სერიოზულ სამსახურში ან თუნდაც რაიმე კვლევაში მიიღო მონაწილეობა, ამიტომ აუცილებელია მაგისტრატურის და დოქტორანტურის გავლაც.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ შესაძლებელია ისევ უნივერსიტეტებში დასაქმება, თუნდაც იმავე უნივერსიტეტებში, სადაც დანერგილია ეს პროგრამები. ასევე, გვინდა, რომ ჩვენ, ვინც ამ მიმართულებაზე ვსწავლობთ, თვითონ წამოვიწყოთ რაიმე სახის ინდუსტრია,“ – გვეუბნება გივი.

ქიმია/ბიოქიმიის მიმართულება წელს 15-მა ბაკალავრმა დაასრულა. გივი კალანდიას თქმით, აშშ-ში დაფინანსება მიიღო 5-მა, ნაწილი კი ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას.

ვახტანგ დონაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟინერიას სწავლობდა. ის ჯერჯერობით საქართველოში აპირებს დარჩენას, რადგან მუშაობს. „გადაწყვეტილი მაქვს ერთი წელი გავჩერდე საქართველოში და შემდეგ ვაპირებ ევროპაში გავაგრძელო სწავლა,“ – გვეუბნება ის.

ვახტანგ დონაძე, კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული

ვახტანგ დონაძე ერთ-ერთ კომპანიაში დეველოპერად მუშაობს პროგრამირების განხრით. მისი თქმით, უნივერსიტეტი ხშირად აწყობდა დასაქმების ფორუმს და ეხმარებოდა სტუდენტებს სამუშაოს მოძიებაში.

„ამ მომენტისთვის, უფრო ჩემს თავში გასარკვევად მინდოდა ეს ერთი წელი, მინდა გააზრებულად გადავწყვიტო, რა მიმართულებით გავაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაში, შეიძლება კომპიუტერულ მეცნიერებაზე გადავერთო, ჯერ პრაქტიკულ სფეროში მუშაობა ვარჩიე,“ – გვეუბნება ის.

ამ ეტაპზე საქართველოში დარჩენას აპირებს დაჩი გოგიტიძეც, რომელიც ასევე სან დიეგოს კომპიუტერული ინჟინერიის ბაკალავრია. ის მაგისტრატურაზე სწავლას ჯავახიშვილის უნივერსიტეტში აპირებს გამოყენებითი მათემატიკის განხრით.

დაჩი გოგიტიძე, კომპიუტერული ინჟინერიის კურსდამთავრებული

„შემდეგ ეტაპზე მინდა გაცვლითი პროგრამებით ვისწავლო ევროპაში, მაგალითად, გერმანიაში მინდა წავიდე,“- გვეუბნება ის. ამჟამად დაჩი გოგიტიძე ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს, რომელიც ონლაინკაზინოების სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს.

სან დიეგოს უნივერსიტეტის პირველი გამოშვებაა კიდევ ორი ბათუმელი ბაკალავრი ირაკლი ბაკურიძე და სანდრო ჯიჯავაძეა, თუმცა „ბათუმელებმა“ მხოლოდ რამდენიმე მათგანთან შეძლო დაკავშირება.

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოდან შესაძლოა ხუთი წლის შემდეგ გავიდეს, თუმცა პარტნიორ უნივერსიტეტებში: თსუ-ში, ტექნიკურ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც სან დიეგოს ტექნიკური და სასწავლო ბაზებია განთავსებული, დარჩება სასწავლო პროგრამები, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პროცესშია.

როგორც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საქართველოს მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი გიორგი კოპალეიშვილი გვეუბნება, თუკი პარტნიორი უნივერსიტეტები მიიღებენ საერთაშორისო აკრედიტაციას, ისინი იმავე ხარისხის დიპლომებს გასცემენ საბუნებისმეტყველო და ინჟინერიის დარგებში, როგორც სან დიეგოს უნივერსიტეტი.

„პარტნიორ უნივერსიტეტებში მიმდინარეობს ABET-ის აკრედიტაცია, რაც გულისხმობს როგორც აკადემიური პერსონალის გადამზადებას, ასევე, ლაბორატორიებსა და სასწავლო პროგრამებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

ამიტომ, რაც კეთდება, კეთდება ამ სტანდარტების გათვალისწინებით.  როცა ეს პროცესი დასრულდება, შემდეგ გაიცემა დიპლომები ABET-ის აკრედიტაციით,“-გვითხრა გიორგი კოპალეიშვილმა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ბათუმის ბულვარმა შემეცნებითი აქტივობით აღნიშნა

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში საინფორმაციო-შემეცნებითი პრეზენტაციები გაიმართა.

ბათუმის ბულვარის ინიციატივითა და ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური ბიომრავალფეროვნების შესახებ სკოლის 50-მდე მოსწავლეს მიეწოდა ინფორმაცია. სკოლის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, დარგის სპეციალისტებმა საინტერესო და შემეცნებითი ვიდეო-პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ბათუმის ბულვარის ინიციატივითა და ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური ბიომრავალფეროვნების შესახებ სკოლის 50-მდე მოსწავლეს მიეწოდა ინფორმაცია.
ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, გარემოს დაცვისადმი მიძვნილი ღონისძიება მოსაწავლეებისთვის ჩატარდა.

საინფორმაციო შეხვედრამ მოიცვა ბულვართან და გარემოსთან დაკავშირებული ისეთი თემები, როგორებიცაა: ადამიანი და ბუნება, ეკოლოგიური პრობლემები, მყარი ნარჩენების მართვის საკითხები, ბულვარის ფლორა და მწვანე სივრცეები. შეხვედრა დასრულდა ბათუმის ბულვარის მიერ მომზადებული ვიდეო-რგოლებით, რომლებიც ბულვარის ოთხი სეზონის საიმიჯო და რეკრეაციული ზონის დანაგვიანებასთან დაკავშირებულ თემებს მოიცავდა.

ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, გარემოს დაცვისადმი მიძვნილი ღონისძიება მოსაწავლეებისთვის ჩატარდა.
ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, გარემოს დაცვისადმი მიძვნილი ღონისძიება მოსაწავლეებისთვის ჩატარდა.

შეხვედრის დასრულების შემდგომ სკოლის მოსწავლეებს ბულვარში არსებული მწვანე ნარგავების შესახებ საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

 „ბათუმის ბულვარისთვის გარემოს დაცვის საკითხები განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია. ჩვენი ტერიტორია მოიცავს როგორც საზღვაო ზოლს, ისე მწვანე სივრცეებს, სადაც დაბინძურების რისკები ძალიან დიდია. შესაბამისად, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ახალგზარდა თაობასთან მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები აუცილებელია“-განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

მსოფლიოში გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით და საზოგადოების აქტიურ ჩართვას გარემოს დაცვის საკითხებში.

ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, გარემოს დაცვისადმი მიძვნილი ღონისძიება მოსაწავლეებისთვის ჩატარდა.
ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, გარემოს დაცვისადმი მიძვნილი ღონისძიება მოსაწავლეებისთვის ჩატარდა.
ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, გარემოს დაცვისადმი მიძვნილი ღონისძიება მოსაწავლეებისთვის ჩატარდა.
ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, გარემოს დაცვისადმი მიძვნილი ღონისძიება მოსაწავლეებისთვის ჩატარდა.

ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა

ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ დღეს, 5 ივნისს, სამსახურიდან გაათავისუფლა ქობულეთის „სანდასუფთავების“ უფროსი სულიკო ბლადაძე. „სანდასუფთავებაში“ არსებული სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფიქტიურად დასაქმებული პირების შესახებ სიუჟეტი გუშინ, 4 ივნისს, TV 25-მა მოამზადა, თუმცა, ქობულეთის მერის თქმით, ბლადაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მედიასთან ურთიერთობა გახდა:

„ჩემთვის მიუღებელია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის უფროსის მხრიდან ასეთი ურთიერთობა, ასეთი დამოკიდებულება მგრძნობიარე საკითხების მიმართ… თქვენ ნახავთ ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ,“ – განაცხადა მირიან ქათამაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

TV 25-ის სიუჟეტის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანდასუფთავების სამსახურში 15 ადამიანი ფიქტიურად მუშაობს. „სანდასუფთავების“ უკვე ყოფილი უფროსი ბლადაძე TV 25-თან ინტერვიუში ადასტურებდა ნეპოტიზმის ფაქტს და ამბობდა, რომ სამსახურში ძმა და ცოლისძმა ჰყავდა დასაქმებული.

მირიან ქათამაძემ ასევე განაცხადა, რომ შესწავლილი იქნება ყველა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შპს „ქობულეთის სანდასუფთავებას“ თანამშრომლებთან აქვს გაფორმებული.

ქობულეთის მერის თქმით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად სულიკო ბლადაძემ მიიღო, რაც მერმა გაიზიარა. მისივე თქმით, „სანდასუფთავების“ სამსახურში უკვე მუშაობს შიდა აუდიტი და დასკვნა მალე მომზადდება.

მირიან ქათამაძე უარყოფს TV 25-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქობულეთის მერიას დაქვემდებარებულ სამსახურში 15 ადამიანი ფიქტიურად არის დასაქმებული.

„არასწორად იქნა ეს ციფრი დასახელებული… ამ გარემოებებს სჭირდება სრულფასოვანი გამოკვლევა, ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ… არც ერთ გამონაკლისს, არც ერთ თვალის დახუჭვას ჩვენ არავის არ ვაპატიებთ, აუცილებლად იქნება ყველა მტკიცებულება გასაჯაროებული,“ – განაცხადა ქობულეთის მერმა.

თიბისის და თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ ცენტრ „გალერია თბილისში“, ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა.

ქალაქის ცენტრში არსებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78 ნომრიანი სასტუმრო, საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი და სტუმრებს კომფორტულ გარემოს სთავაზობს. სასტუმროში განთავსებული ხუთი სხვადასხვა კატეგორის ოთახი მორგებულია სოციალურად აქტიურ სტუმრებზე, მათზე ვისაც სურთ ხელმისაწვდომ ფასად დაისვენონ ქალაქის ცენტრში და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები საქართველოში.

„ჩვენი მიზანია, ქალაქის ცენტრში გაჩნდეს სივრცე, სადაც ადამიანი სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებას და განტვირთვას. მომხმარებელს ვპირდებით, რომ მუდმივად შევთავაზებთ საინტერესო სიახლეებს. – აცხადებს სასტუმრო „რადიუსი“-ს გენერალური დირექტორი ელენე შარიქაძე. “

„ტურიზმი, უდაოდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია. 2018 წელს მხოლოდ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეძლოს ამ რაოდენობის სტუმრების მიღება და უზრუნველყოს ხარისხიანი სერვისის მიწოდება. ამასთან, იმისთვის რომ შევძლოთ კონკურენციის გაწევა სხვა ტურისტული ქალაქებისთვის, რეგიონი მზად უნდა იყოს ყველა სეგმენტის მომსახურებისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა ტიპის პროექტებში, იქნება ეს მცირე ზომის სასტუმრო, თუ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბრენდი.”-აცხადებს თიბისი კაპიტალის საინვესტიციო საბანკო დეპარტამენტის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე.

სასტუმროს დიზაინი, რომელიც თანამედროვე ურბანული ცხოვრების სწრაფ რიტმს განასახიერებს, უზრუნველყო ქართულმა კომპანიამ „დეფანი“. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასტუმროში განთავსებულია ქართველი, თანამედროვე ფერმწერის გია გუგუშვილის ნემუშევრები რაც სასტუმროს განსაკუთრებულ იერს სძენს.

სასტუმრო „რადიუსს“ ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და ოპერირებას უწევს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფს“. აღნიშნული კომპანია ერთადერთია საქართველოში, რომელიც სასტუმროების ქსელის:  Marriott International – ის ფრანჩიზის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია.

აჭარაში გველის დაგესვლის 22 შემთხვევა დაფიქსირდა – 2018 წლის სტატისტიკა და რეკომენდაციები

„შხამიანი ქვეწარმავლის ნაკბენი“ –  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გასულ წელს 22 ასეთი შემთხვევის შესახებ შევიდა ინფორმაცია.

2018 წლის მონაცემებით, გველის კბენის ყველაზე მეტი, 9 შემთხვევა ქობულეთში დაფიქსირდა მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს: ხელვაჩაურში იყო სულ 7 შემთხვევა ივნისსა და აგვისტოში; ქედაში – 4 [თებერვალი-მარტი]; ბათუმში კი 2 შემთხვევა – ივნისსა და სექტემბერში.

რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, აჭარის საზოგადოებრივ ცენტრში გვითხრეს, რომ მაისის მონაცემები ამჟამად მუშავდება, 2019 წლის გასულ თვეებში კი გველის მიერ ადამიანის დაგესვლის შემთხვევა არ ყოფილა.

„ჩვენ გვაქვს გველის საწინააღმდეგო შრატი, რომელიც ყველა რაიონშია ხელმისაწვდომი. ეს არის პოლივალენტური, ანუ სხვადასხვა წარმომავლობის ქვეწარმავლის საწინააღმდეგო შრატი. მიუხედავად იმისა, რომ 22 შემთხვევა იყო შარშან, შრატი არ ყოფილა გამოყენებული. შრატი გაკეთდება თუ არა, ამას წყვეტს ექიმი, როგორც ჩანს, იყო მსუბუქი შემთხვევები და სხვაგვარად იქნა მართული,“ – გვითხრა ნონა ეფაძემ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ.

ექიმი-ტოქსიკოლოგი ეკა სანიკიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტები ვერ აკონკრეტებენ, ქვეწარმავალმა უკბინა თუ არა და ძირითადად კეთდება ანტიტეტანური შრატი, რომელიც კეთდება ჭრილობის დროსაც, რომ კანის მთლიანობის დარღვევის დროს ტეტანუსი არ განვითარდეს.

„თუ დამტკიცდა ნაკბენის იდენტიფიკაციით, რომ ნამდვილად გველია და სიმპტომები გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რომ ეს იყო შხამიანი გველი, მაშინ კეთდება პოლივალენტური შრატი. რა თქმა უნდა, შრატი სჯობს გაკეთდეს რაც შეიძლება სწრაფად, კბენის პირველ საათებში, არაუგვიანეს 24 საათისა. რაც შეეხება მონოვალენტურ შრატს, ის იმდენად სერიოზულ ნივთიერებას შეიცავს, რომ აუცილებლად კეთდება, მაგალითად, გიურზას, კობრას ან ეფას დაკბენის დროს. თუმცა დასავლეთ საქართველოში ეს გველები პრაქტიკულად არ გვხვდება და ისედაც იშვიათია ჩვენთან შხამიანი გველები,“ – ამბობს ეკა სანიკიძე.

რა სიმპტომები მიუთითებს იმაზე, რომ გველი ხშამიანი იყო? ტოქსიკოლოგის განმარტებით,  თუ მარტივი სიმპტომები კბენის დროს შემოიფარგლება მხოლოდ ნაკბენის შეწითლებით, შესიებით, ქავილითა და ტკივილით, შხამიანი გველის კბენის შემთხვევაში შეიძლება კიდური შეშუპდეს მთლიანად, გაჩნდეს სისხლჩაქცევები და ინტოქსიკაციური სიმპტომები: ძლიერი ტკივილი, თავბრუხვევა, ღებინება, წნევის ვარდნა და იშვიათ შემთხვევაში, გონების დაკარგვაც კი.

„ყველას ვურჩევ, ნუ შეეშინდებათ. სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ კბენის შემთხვევაში ადამიანი არ უნდა აჰყვეს პანიკას და დროულად მიმართოს ექიმს, რომელიც გააკეთებს დასკვნას, რამდენად საშიშია ნაკბენი და როგორი მკურნალობა სჭირდება,“ – ამბობს ეკა სანიკიძე.

სპეციალისტების ინფორმაციით, აჭარაში ძირითადად გვხვდება მცურავი ანკარა და გველგესლა. მათგან შხამიანი მხოლოდ გველგესლაა, რომელიც უფრო მთიან რეგიონებშია გავრცელებული.

„გველების გამოჩენა დაკავშირებულია ტემპერატურის მატებასთან. გველები იზამთრებენ სარდაფებში, სხვენებში, გაუქმებულ ჭებში… ზოგადად, სადაც თაგვი მრავლდება, იქ გვხვდება გველიც, რადგან თაგვი გველისთვის საკვებია. სხვათა შორის, სოფლის მეურნეობაში გველი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ცხოველია, რადგან ყველაზე დიდი რაოდენობით ანადგურებს მავნე მღრღნელებს. თუ სისუფთავეს შევინარჩუნებთ და აქეთ-იქით დაყრილი არ იქნება სხვადასხვა საგანი, გველსაც ნაკლები თავშესაფარი ექნება,“ – ამბობს ჰერპეტოლოგი კონსტანტინე ფხაკაძე.

დარეგისტრირდი სემინარზე და ისწავლე ყალბი ინფორმაციის გადამოწმება

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აგრძელებს სემინარების  სერიას “გაზომე სიმართლე”.

[checklist]

  • გაინტერესებს როგორ გაარჩიო ყალბი ინფორმაცია რეალურისგან?
  • გსურს ისწავლო, როგორ გადაამოწმო ყალბი ფოტო და ვიდეო?
  • იოლად შეძლო ინტერნეტტროლების ამოცნობა?

[/checklist]

მაშინ, დარეგისტრირდი და მიიღე მონაწილეობა ჩვენს სემინარებში შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2Z7bPaE

სემინარს მედიის განვითარების ფონდის ექსპერტები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები გაუძღვებიან.

ღონისძიებები აჭარასა და გურიაში 14-16 ივნისს გაიმართება:

[checklist]

  • 14 ივნისი – ბათუმი

[/checklist]

14:30 – 17:30

მისამართი: ამერიკული კუთხე ბათუმში, ბათუმის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ვაჟა-ფშაველას 21

[checklist]

  • 15 ივნისი – ხულო

[/checklist]

14:30 – 17:30

მისამართი: ხულოს კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკა, ი.ჭავჭავაძის 1

[checklist]

  • 6 ივნისი – ლანჩხუთი

[/checklist]

 14:00 – 17:00

მისამართი: ლანჩხუთის ოკუპაციის მუზეუმი

ღონისძიება პროექტის – “ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედიამოხმარებისთვის” ფარგლებში ჩატარდება, რომელსაც მხარს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უჭერს.

„5 მილიონი დახარჯეს და წყალი არ გვაქვს“ – აქცია აჭარის მთავრობასთან

„5 მილიონი დახარჯეს და წყალი არ გვაქვს,“ – ამბობს ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში მცხოვრები ნანა კოჩალიძე. ამ სოფლის მოსახლეობამ დღეს, 5 ივნისს, საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან გამართა.

„დილით გამოუშვებენ მხოლოდ და იმდენად პატარაა, რომ იკარგება მილებში. სანამ ონკანამდე გადმოვა წყალი, წყვეტენ… ხელისუფლება ამბობს, წყალი გავაკეთეთო, მაგრამ არც წინა წლებში ყოფილა არასდროს და არც ახლა გვაქვს. 400 ოჯახია ამ დღეში. სოფელში არც წყაროს წყალია და არც ჭაბურღილი,“ – გვითხრა ნანა კოჩალიძემ.

„ამ ხნის ქალი ვარ, ამდენი წელია წყალს ვითხოვ და ვერ მივაღწიე სამართალს. ეს არის სირცხვილი,“ – ამბობს შუშანა ბერიძე.

აქციაზე იყო ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძეც. მისი ინფორმაციით, ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 2016 და 2017 წლებში 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა სალიბაურში წყლის სისტემის მოწყობისთვის.

„ამის გამო მჯდომარე აქციაც გავმართე მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტში, მაგრამ მან დემაგოგიაში დამდო ბრალი, მოსახლეობას წყალი აქვსო. საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან და ეს უნდა გამოიძიოს საგამოძიებო ორგანოებმა… პასუხი არის ის, რომ წყლის დებეტი გვაქვსო, ანუ წყალი არ არის საკმარისიო. თუ წყალი არ იყო, მაშინ სისტემას რატომ აწყობდნენ?“ – კითხულობს მიხეილ ბოლქვაძე.

„წყლის რესურსის ნაკლებობაა, არის ხარვეზები, ფაქტია,“ – ამბობს ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე. მისი განმარტებით, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა ზოგიერთი წყალს ბოსტნის მოსარწყავადაც იყენებს.

„ნაციონალებმა ის თქვან ერთი, მილი და აუზიც რომ არ გააკეთეს საერთოდ… მე მოგიწოდებთ, ახვიდეთ მტირალას მთაზე და გააკეთოთ ჟურნალისტური მოკვლევა. იქ ნახავთ რამხელა რეზერვუარებია გაკეთებული… განიხილება ჭაბურღილების გაკეთებაც, რომ ეს პრობლემა მოსახლეობას აღარ ჰქონდეს,“- გვითხრა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

რატომ მოეწყო წყლის სისტემა მტირალას მთიდან, თუკი იქ წყლის რესურსი აღარ იყო და ადგილზე ჭაბურღილის მოწყობა იყო შესაძლებელი?

„რესურსი არ არის ახლა, ზაფხულში, თორემ მერე 10 თვე არის წყალი… ჭაბურღილს აქვს ის პრობლემა, რომ შესაძლოა იმ სოფელში არ იყოს მიწისქვეშა გრუნტის წყლები, ეს არ ვიცით ზუსტად, მეორე პრობლემა არის ჭაბურღილის ექსპლუატაცია, რაც დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული,“ – განმარტავს ჯუმბერ ვარდმანიძე.

 

 

საშუალოზე ცხელი და ნალექიანი – როგორი ზაფხული იქნება წელს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 2019 წლის ზაფხულის პროგნოზს აქვეყნებს.

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, ზაფხულში საქართველოს ტერიტორიაზე საშუალოზე 1 გრადუსით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ნალექის რაოდენობა კი ნორმაზე მეტი იქნება.

საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე  +21, +22; მთაში +18, +20; მაღალ მთაში +15, +17; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +23; მთაში +17, 19; მაღალ მთაში +14, +15 გრადუსი იქნება.

საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ნალექის საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-300 მმ, სანაპირო რაიონებში 550-600, მთაში 220-250 მმ, მაღალმთაში 250-350 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 150-300 მმ, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში 200-300 მმ იქნება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-21) მომზადებული, 2019 წლების ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

________________

ფოტო: pexels.com

„ბათუმი FM 93.7“ – დამოუკიდებელი ადგილობრივი რადიო აჭარაში ბსუ-დან ანალიტიკურ გადაცემას იწყებს

წესით, ცოტას არ უნდა ჰქონდეს მოსმენილი რადიო „ბათუმის“ ეთერში – FM 93.7 გაჟღერებული ხარისხიანი მუსიკა. ორი წლის თავზე კი ეს რადიო ანალიტიკური გადაცემების მომზადებას იწყებს. მისი კარები ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული ახალგაზრდისთვის. ამ რადიოს ოფისი ბსუ-შია განთავსებული, შესაბამისად, არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა დაინტერესებული სტუდენტებისთვის. მანამდე კი, ორი წლის განმავლობაში, რადიო „ბათუმი“ აქტიურად აშუქებდა და იყო სხვადასხვა ადგილობრივი ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი.

„რადიოს მთავარი სტრატეგია გახლავთ მეტი ახალგაზრდის გაერთიანება და ჩაბმა რადიოს საქმიანობაში. ამიტომაც რადიო „ბათუმმა“ სტუდია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოაწყო. რადიო თანამშრომლობისთვის იწვევს ყველა დაინტერესებულ სტუდენტს და ახალგაზრდას. ჩვენ უამრავი რესურსი გვაქვს, რათა ვითანამშრომლოთ სტუდენტ-ახალგაზრდებთან, მივცეთ მათ გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა“, – აცხადებს ჰოლდინგის ხელმძღვანელი ირაკლი ბანძელაძე.

რადიო ბათუმი ბსუ-დან მაუწყებლობს
რადიო ბათუმი ბსუ-დან მაუწყებლობს

რადიომ შეძლო ათეულობით მოხალისე სტუდენტის გაერთიანება. თუმცა რადიოს მსმენელები მარტო ახალგაზრდები არ არიან. რადიო „ბათუმმა“ ყველა ასაკის მსმენელის გულის მონადირება მოახერხა, პირველ რიგში, ხარისხიანი და გემოვნებიანი მუსიკის ხარჯზე.

2019 წლის 1 ივნისიდან, თვეში ორჯერ, შაბათს, დღის 14:00 საათზე რადიო „ბათუმმა“ დაიწყო ნიკოლოზ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემის – „დემოკრატიის დრო“ ტრანსლირება. „დემოკრატიის დრო“ არის დიალოგის ფორმატის სამართლებრივი გადაცემა. გადაცემის ავტორი და წამყვანი ნიკოლოზ მეგრელიშვილი სტუმრებთან ერთად საუბრობს სახელმწიფოსა და სამართლის აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოების ფართო ჯგუფების ინტერესის სფეროს წარმოადგენს. გადაცემა რადიოს პარალელურად გადაიცემა რადიო „ბათუმის“  „ფეისბუქის“ გვერდზე პირდაპირ ეთერში.

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია რადიო „ბათუმის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. რადიო აქტიურად თანამშრომლობს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან, სპორტულ ცენტრთან და აჭარის სპორტული ფედერაციების კალენდარული ღონისძიებების საინფორმაციო მხარდაჭერას გეგმავს. რადიოსთვის პრიორიტეტულია სპორტული ტურიზმის მიმართულების განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ირაკლი ბანძელაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში რადიო ახალ სპორტულ-ანალიტიკური გადაცემის პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც საფეხბურთო მწვრთნელი და გამოცდილი სპორტული მენეჯერი ჯაბა ჭანტურია წარუძღვება.

რადიო „ბათუმის“ მფლობელი ჰოლდინგ „მედ ეფემია“. ჰოლდინგი 2013 წლიდან არსებობს და (რადიო ბათუმის გარდა ) ის ოთხ რადიო სადგურს აერთიანებს. ჰოლდინგის რადიოარხები საქართველოს 12 ქალაქში მაუწყებლობს. ჰოლდინგ „მედ ეფემს“ გამოცდილი მენეჯერი ირაკლი ბანძელაძე ხელმძღვანელობს.

2013 წელს „მედ ეფემმა“ საქართველოში პირველი სამედიცინო პროფილის რადიო თბილისში შექმნა. 2017 წელს კი ჰოლდინგმა ლიცენზია მოიპოვა და რადიო „ბათუმმა“ დაიწყო მაუწყებლობა სიხშირეზე FM 93.7 -ი. რადიო „ბათუმი“ არის დამოუკიდებელი ადგილობრივი რადიო აჭარაში, რომელიც მსმენელს ანალიტიკურ გადაცემებს შესთავაზებს.

რადიო ბათუმი FM 93.7
რადიო ბათუმი FM 93.7

ბათუმის სამშობიაროს ახალი დირექტორი შენობაში შესვლას ითხოვს

„სამშობიარო სახლში შესვლის უფლებას არ მაძლევენ, არჩეული დირექტორი ვარ 10 აპრილიდან. ბათუმის სამშობიარო სახლს მიზანმიმართულად აკოტრებენ“, – განაცხადა დღეს, 5 ივნისს,  „დემოკრატიის სკოლაში“ მოწყობილ ბრიფინგზე ექიმმა ნანა შერვაშიძემ. მეწილეების კრების ოქმის მიხედვით, ნანა შერვაშიძე „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ მეწილეთა უმრავლესობამ – 137-მა ადამიანმა აირჩია დირექტორად, თუმცა კრების ოქმი სადავოა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება საჯარო რეესტრიც, სადაც ნანა შერვაშიძეს დირექტორად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. ოფიციალური დოკუმენტებით, ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი ისევ ექიმი ჯუმბერ უნგიაძეა, რომელიც სამსახურში საერთოდ აღარ დადის.

„ყველა მტკიცებულება მეტყველებს იმაზე, რომ ეს კრება არ ჩატარებულა. მაჩვენეთ აქ ერთი ოთახი, სადაც 137 ადამიანი შეიკრიბება,“ – აცხადებს სიმონ ასათიანი. იგი „მრავალპროფილიანი ბათუმის სამშობიარო სახლის“ იურისტია. ამ კომპანიას 2017 წელს გაუფორმეს ხელშეკრულება იმ მიზნით, რომ მას სამშობიაროში 1 მილიონ 200 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაედო და კლინიკა ემართა. ქვეკონტრაქტორი კომპანია ახლა დამქირავებელი კომპანიის ახალარჩეულ დირექტორს არ უშვებს კლინიკაში. სიმონ ასათიანის მტკიცებით, რამდენიმე სხვა მეწილე იმ კრების ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს სასამართლოში, რომლითაც ჯუმბერ უნგიაძის ნაცვლად სამშობიაროში ნანა შერვაშიძე აირჩიეს.

სამშობიაროს იმ მეწილეებმა, რომლებსაც ნანა შერვაშიძის დირექტორობა არ სურთ, სასამართლოში ასევე ითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფა – ვიდრე სასამართლო კრების ნამდვილობას დაადგენს, რეესტრმა რეგისტრაციაში არ გაატაროს კრების ოქმის მიხედვით ახალი დირექტორი. ბათუმის სასამართლომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, რაც სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ამ ინსტანციას კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ახალი დირექტორის არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ მას ავტომატურად წარმოექმნება აქ მოსვლის უფლება და თავისი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება,“ – განმარტავს იურისტი სიმონ ასათიანი. მისივე თქმით, ვერც კონტრაქტს გააუქმებს ახალი დირექტორი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

„რემონტი გავაკეთეთო, არადა, მხოლოდ კედლები გადაღებეს… რეალურად თითი-თითზე დაკარებული არ არის. ჩვენ ხელფასიც არ აგვიღია თებერვლის შემდეგ,“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ექიმმა ლია კვაჭაძემ.

სამშობიარო სახლის მეწილე და ექიმი ფატმა ლორთქიფანიძე კი მიიჩნევს, რომ მიზანმიმართულად აკოტრებენ ბათუმის სამშობიარო სახლს, რომ შემდეგ პრესტიჟულ და სარფიან ადგილას მდებარე შენობა ხელში ჩაიგდონ.

„არ ვიცი, კონკრეტულად ვისი ინტერესია, მაგრამ აქეთკენ მივდივართ… ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით, ვისიც არის შენობა,“ – გვითხრა ფატმა ლორთქიფანიძემ.

„ეჭვებს აძლიერებს ისიც, რომ ჩვენ ფინანსურ დოკუმენტაციას არ გვაწვდიან. არ ვიცით, რა რაში იხარჯება, რა გაკეთდა, ეს გასაიდუმლოებულია. ჩვენ ვართ მეწილეები და ქვეკონტრაქტორი აკეთებს ამას,“ – ამბობს ნანა შერვაშიძე.

„მრავალპროფილიანი ბათუმის სამშობიარო სახლის“ იურისტის, სიმონ ასათიანის თქმით, ქვეკონტრაქტორი კომპანია ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, სახელმწიფოსთან და ის ვალდებული არ არის, ყველა მეწილეს ფინანსური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

„ხელშეკრულება ამ ფინანსურ ბრუნვაზე ინფორმაციის მიწოდებას არ ითვალისწინებს, რომ პარტნიორმა რაღაც მოითხოვოს… ჩატარებულია აუდიტი და დასკვნა მიწოდებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის,“ – გვითხრა იურისტმა სიმონ ასათიანმა.

მეწილეებს პრეტენზია აქვთ ჯუმბერ უნგიაძესთან, რომელიც ბოლო წლებში სამშობაირო სახლს დირექტორობდა. მათი თქმით, ჯუმბერ უნგიაძეც ხელს უწობს სამშობიარო სახლის გაკოტრებას.

„მე რა შუაში ვარ საერთოდ?“ – კითხულობს ექიმი ჯუმბერ უნგიაძე. იგი განმარტავს, რომ დირექტორის უფლებამოსილებას აღარ ახორციელებს სამშობიარო სახლში და მხოლოდ გართულებულ შემთხვევებში მიდის სამშობიაროში ოპერაციის გასაკეთებლად.

„თუ ასე ვღუპავ და ვაკოტრებ სამშობიაროს, გართულებულ შემთხვევებზე რატომ მივდივარ მაშინ? რა მარაზმია ეს, საიდან მოიტანეს? ადამიანი, როცა 12 ათასს იპარავდა და ამდენივეს ხელფასად იღებდა, მოაკლდა ალბათ, ეს არის, ვერ ისვენებენ,“ – გვითხრა ჯუმბერ უნგიაძემ. მან კონრკეტული სახელების დასახელება არ ისურვა. ჯუმბერ უნგიაძეს ასევე ვკითხეთ, რა რეაგირება მოჰყვა უკანონო ფინანსურ ბრუნვას, თუკი ამას ჰქონდა ადგილი სამშობიაროში და თვითონ დირექტორი იყო.

„არ ფორმდებოდა ბევრი ისტორია, დავიწყე და 25 საჩივარი დამიწერეს იმ წუთში… მე არავინ გამითავისუფლებია. ვუთხარი ადამიანურად, წადი-მეთქი. არა ვარ მე ის კაცი… ზოგი გათავისუფლდა, ზოგი – თავისით წავიდა,“ – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე. ის ვერ ხედავს „მრავალპროფილიან სამშობიარო სახლთან“ კონტრაქტის გაუქმების საფუძველს. სამშობიარო სახლის ოფიციალური დირექტორი ასევე მიიჩნევს, რომ პრობლემა ძირითადად დირექტორის არჩევნების უსამართლოდ ჩატარებამ შექმნა.

„თუ სამართლიანად ჩატარდა, მაშინ გაიარონ რეგისტრაცია და განაგრძონ პროცესი… ვალები იყო, 1 მილიონ 800 ათასი დაგროვილი, 4 წლის ნაგვის ფულიც კი არ იყო გადახდილი, ნელა-ნელა აკეთებდა [საქმეს] ეს კომპანია,“  – აღნიშნა ჯუმბერ უნგიაძემ „ბათუმელებთან“.

ამ თემაზე:

ვის დარჩება ბათუმის სამშობიარო სახლი?

 

 

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მოძრაობა ორი დღით აიკრძალა

აჭარის პოლიციის ცნობით, 5 ივნისს, 08 საათიდან 7 ივნისის 08:00 საათამდე, სენაკი-ფოთი-სარფის 92-ე კმ-ზე ჩაქვი-მახინჯაურის დამაკავშირებელ გვირაბში ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

პოლიციის ცნობით, მძღოლებს საშუალება აქვთ, ორმხრივად იმოძრაონ ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. ადგილზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.

გვირაბში მოძრაობა ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების გამო იკრძალება.

გაცნობის საიტი Tinder-ი რუსეთის სპეცსამსახურებს მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას გადასცემს

გაცნობის საიტი Tinder-ი [თინდერი] მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას, მიმოწერასა და აუდიო-ვიდეორესურსს რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცემს.

რუსეთის სპეცსამსახურებმა გაცნობის საიტი Tinder-ი ინფორმაციის მიმწოდებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირეს რუსულ რეესტრში, რაც Tinder-ს ავალდებულებს, მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები რუსულ სერვერებზე განათავსოს. ინფორმაციას სააგენტო BBC -ი ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ რუსეთში ამოქმედებული ახალი კანონის მიხედვით, რეესტრში შეტანილია 175 კომპანია, მათ შორის Tinder-ი, რომლებსაც ევალებათ, მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია რუსულ სერვერებზე განათავსონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიები რუსეთში შესაძლოა დაიბლოკოს.

აპლიკაცია Telegram-მა რუსულ სერვერებზე მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის განთავსებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც პლატფორმა რუსეთში დაბლოკეს, ისევე როგორც 2016 წელს დაბლოკეს LinkedIn-ი.

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი მაშინ აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური იყო, თუმცა რუსული ФСБ ირწმუნებოდა, რომ ამ საკომუნიკაციო აპლიკაციას პეტერბურგის მეტროს ვაგონებზე თავდასხმისას გარდაცვლილი ტერორისტები იყენებდნენ აქტიურად.

გასულ თვეს პუტინმა ,,დამოუკიდებელი ინტერნეტის“ კანონს მოაწერა ხელი, რაც რუსეთის ხელისუფლებას ავალდებულებს, განაცალკევოს ქვეყნის ინტერნეტი დანარჩენი სამყაროსგან.

რატომ არ მუშაობს შუქნიშნები ბათუმში

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, შუქნიშანი უკვე მეორე დღეა არ მუშაობს. შუქნიშანი გამორთულია, ასევე, ჭავჭავაძისა და აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაში, ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის, ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაში.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ლუკა ასათიანის ქუჩაზე შუქნიშნის გათიშვის მიზეზი მიწისქვეშა დაზიანებაა. „მიმდინარეობს სამუშაოები და მალე ჩაირთვება“, – გვეუბნება ბესო დათიაშვილი, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

რაც შეეხება სხვა ქუჩებზე შუქნიშნის გათიშვას, დათიაშვილი ამბობს, რომ ამ მონაკვეთებთან ახლოს ასევე მიმდინარეობს სამუშაოები და პრობლემა შესაძლოა რამდენიმე დღეში აღმოიფხვრას.

ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაში შუქნიშანი ორი დღეა არ მუშაობს

საპროტესტო აქცია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ

ხელვაჩაურში, სოფელ განახლებაში, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრობოძების მონტაჟს ეწინააღმდეგებიან.

„ვიცოდით, რომ აქ უნდა მოწყობილიყო სტადიონი ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – ამბობენ ადგილობრივები.

აქციაზე იმყოფება ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძეც. მისი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობისთვის არაფერი განუმარტავს, ხოლო სოფელში სხვა ადგილიც არ არის, სადაც შეიძლება სტადიონი მოეწყოს.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

სტადიონის ადგილი რომ პრობლემაა, ამას ადასტურებს სოფლის რწმუნებულიც  – დავით წითელაძე.

„ეს ადგილიც ძლივს შეირჩა… სადაც გვინდოდა, ყველგან მეპატრონე გამოჩნდა და ახლა რა ვქნათ, ჩვენც არ ვიცით… ჩემთან არავის არაფერი შეუთანხმებია, არ ვიცი, ბოძები უკვე დამონტაჟებულია, ხალხი აღშფოთებულია… როგორც მერი გადაწყვეტს, ისე იქნება,“ – გვითხრა დავით წითელაძემ, სოფელ განახლების რწმუნებულმა.

 

ირაკლი ჯინჭარაძე უკრაინაში ლურჯი დროშის მიღების გამოცდილებას გაეცნო

„ლურჯი დროშის“ პროექტის ფარგლებში, სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე უკრაინაში, კერძოდ, ოდესის ოლქის ზღვისპირა ქალაქებში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე სანაპირო ზოლს ლურჯი დროშის სტატუსი მიენიჭა.

ირაკლი ჯინჭარაძესთან ერთად, უკრაინაში იმყოფებოდა ბათუმის ბულვარის ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი დავით გამრეკელაშვილი და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯაბა ბერიძე.

ირაკლი ჯინჭარაძემ საქმიანი შეხვედრები გამართა იმ არასამთავრობო და სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებთან, რომლებიც ჩართულები იყვნენ საერთაშორისო პროექტის განხორციელებაში.

ბათუმის ბულვარის წარმომადგენლები ლურჯი დროშის გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ.
ბათუმის ბულვარის წარმომადგენლები ლურჯი დროშის გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ.

აჭარის წარმომადგენლებს პირადად უმასპინძლა ჩერნომორსკის (ილიჩევსკი) მერმა ვალერი ხმელნიუკმა. უკრაინულმა მხარემ „ლურჯი დროშის“ პროექტთან დაკავშირებით ქართველებისთვის გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვა.

„შავ ზღვაზე ლურჯი დროშის აღმართვის გამოცდილების გაზიარება და წინასწარ ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების გაცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ბათუმის ბულვარისთვის, რომელიც უკვე აქტიურადაა ჩართული აღნიშნულ საერთაშორისო პროექტში . სპეციალურად ბათუმისთვის უკვე შემუშავებულია რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემდეგ, ბულვარის სანაპირო ზოლზეც ვიხილავთ ლურჯ დროშას“ – განაცხადა ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ოდესისა და ჩერნომორსკის სანაპირო ზოლის რამდენიმე ლოკაციას უკვე „ლურჯი დროშის“ ნიშანი აქვს მინიჭებული. ბათუმის ბულვარის წარმომადგენლები ლურჯი დროშის გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ.

ლურჯი დროში აღმართვის ცერემონილზე
ლურჯი დროში აღმართვის ცერემონილზე

როგორც ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე აღნიშნავს, უკრაინას ძალიან კარგი გამოცდილება აქვს კერძო და საჯარო პლაჟების განვითარების კუთხით. მისი თქმით, „ლურჯი დროშის“ მოპოვება ერთნაირად მნიშვნელოვანი და პრექსტიჟულია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის. შესაბამისად, პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობაა საჭირო.

„ლურჯი დროშა“ გარემოს საგანმანათლებლო ფონდის (FEE) ყველაზე პოპულარული პროექტია ტურიზმის სფეროში. „ლურჯი დროშის“ აღმართვა ნიშნავს: ეკოლოგიურად სუფთა სანაპიროს, უსაფრთხო გარემოს, გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას, მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტით პოზიციონირებასა და ეკოტურიზმის განვითარებას.

ლურჯი დროში აღმართვის ცერემონილი
ლურჯი დროში აღმართვის ცერემონილი

რამდენ ტურისტს ველით წელს ზღვის სეზონზე და საიდან

ოფიციალური სტატისტიკით, აჭარაში ტურისტების რაოდენობა ისევ იმატებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში წელს ევროპელი ტურისტების გააქტიურების მოლოდინი აქვთ, თუმცა არც იმას უარყოფენ, რომ ძირითადი ნაკადი ისევ მეზობელი ქვეყნებიდან შემოვა. 2019 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი აჭარაში თურქეთიდან შემოვიდა – 226 311. პირველ ათეულში ასევე არიან: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი…

რამდენი პროცენტით ელის წელს აჭარის მთავრობა ზღვის სეზონზე ტურისტების რაოდენობის გაზრდას? გაკეთდა თუ არა ახალი ტურისტული პაკეტი და რა მოიფიქრეს მთავრობაში წვიმაში ტურისტების გართობაზე, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თავისი ვერსია თქვა: „ჯოკერი ეთამაშეთ“ – „ბათუმელები“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსს, სულხან ღლონტს ესაუბრა.

ბატონო სულხან, თქვენი მონაცემებით, იზრდება ისევ სტატისტიკა, თუ იკლო ტურისტების რაოდენობამ მაისის მდგომარეობით? 

მაისის მონაცემები ახლა მუშავდება… შემიძლია გითხრათ, რომ მკვეთრად არის გაზრდილი აეროპორტის მაჩვენებელი. გასული წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით 40 პროცენტით გაიზარდა სტატისტიკა. წელს პირველად ბათუმში დაინიშნა ჩარტერული რეისები ევროკავშირის ქვეყნებიდან – პოლონეთიდან, ესტონეთიდან და ლიეტუადან. ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპელებისთვის თანდათან უფრო მიმზიდველი ხდება ბათუმის ტურისტული მიმართულება. გარდა იმისა, რომ ტრადიციულ ბაზრებზე ვმუშაობთ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვას. 2018 წლის ტენდენციებს რომ შევხედოთ, ჩანს, რომ ეს მაჩვენებელი მზარდია.

ლიდერი ძირითადად ისევ მეზობელი ქვეყნები არიან. თქვენ საკმაოდ სოლიდურ თანხას ხარჯავთ დასავლურ მედიაში აჭარის ტურისტული რეკლამირებისთვის. 

ეს არ ნიშნავს, რომ მარტო იმ ქვეყნებში უყურებენ რეკლამას, სადაც ის გადის. ეს არაა მხოლოდ რომელიმე ქვეყანაზე ფოკუსირებული. ჩვენ ვირჩევთ საერთაშორისო მედიაპლატფორმებს, რომლებმაც ტურისტულ ოპერატორებს უნდა შეუქმნას განცდა, რომ ბათუმის მიმართულება მათთვისაც იქნება მომგებიანი, რომ გაყიდონ ეს პაკეტები. ეს ასეც მოხდა იგივე ესტონეთისა და ლიეტუას შემთხვევებში.

რამდენპროცენტიან ზრდას ელოდებით წელს ზღვის სეზონზე და რომელი ქვეყნებიდან? 

ჩემი ინფორმაციით, ათეული დიდად არ შეიცვლება. ისევ ლიდერ პოზიციებზე იქნებიან მეზობელი ქვეყნები, ერთ დღეში არ ხდება ამის ცვლილება. ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვის მთავარი მიზანი არის ბაზრის დივერსიფიცირება, რომ ჩვენ ერთ კონკრეტულ ბაზარზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ვგულისხმობ იმას, რომ ერთ რომელიმე სეგმენტზე დაჯდომა არ არის სწორი… დინამიკას თუ დავაკვირდებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩვენ გვაქვს სადღაც 20-პროცენტიანი ზრდა, საერთო მაჩვენებელი კი არის სადღაც 10-დან 15 პროცენტამდე. ჩვენ იმავე ზრდას ველოდებით წელსაც, ეს არის რეალური ციფრები.

სულხან ღლონტი

რეალურია ეს ციფრები? ეს კითხვა ბევრს უჩნდება, რადგან დღევანდელი მოცემულობით არ ჩანს ქალაქში ბევრი ტურისტი. სასტუმროს მფლობელების თქმითაც, დამსვენებლები არ არიან. 

სასტუმრო და განთავსების ობიექტი 300-ზე მეტია აჭარაში. ბევრი მათგანი, შესაძლოა, ამას ვერ გრძნობს. ბევრი მათგანი კი გეტყვით, რომ უკვე დაჯავშნილია წინასწარ სექტემბრის ბოლომდე. ყველა ბრენდული სასტუმრო შეგიძლიათ გამოკითხოთ… ჩვენ ვართ მზარდი ტურისტული მიმართულება, ეს უნდა გავაცნობიეროთ.

რის ხარჯზე ვართ მზარდი, რა ახალი ტურისტული პაკეტი მომზადდა? 

აქ არის ორი ტიპის ხედვა: ერთია, როცა შენთან ტურისტი უკვე ნამყოფია, ისინი რეკომენდაციას გიწევენ. მათ ხშირად დადებითი პასუხი აქვთ კითხვაზე: იმოგზაურებდით თუ არა ისევ ბათუმში? ისინი აღნიშნავენ კომენტარებში, რომ რეკომენდაციასაც გაგვიწევენ და თვითონაც ხელახლა იმოგზაურებენ. მიმზიდველი არის ჩვენი კულტურა, ავთენტური სახე, რომელიც არის შენარჩუნებული. მკვეთრად გაზრდილია ტურისტული მარშრუტების რაოდენობა მაღალმთიან აჭარაში. ჩვენ ვცდილობთ, ეს მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს და ამას სჭირდება ძალიან კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, როგორიც არის გოდერძი, ჩირუხი, ჭვანა… სადღაც 2020 წლისთვის ინფრასტრუქტურის კეთებას დავიწყებთ.

ანუ წელსაც არ უნდა ველოდეთ იგივე გოდერძის ან ჩირუხის მიმართულებით ტურისტების რაოდენობის ზრდას, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვერც წელს ახერხებს მთავრობა?

ხშირად მომისმენია, მაგალითად, გუდაურს ადარებენ გოდერძს. არასწორია ეს, რადგან კურორტ გოდერძიმ ბოლო სამი წლის განმავლობაში 148 მილიონი ლარის ინვესტიცია მიიზიდა. საბოლოო ჯამში, სულ რამდენიმე წელია, რაც ის განვითარების გზას დაადგა. არ შეიძლება იგი შეადარო კურორტს, რომელიც უკვე 30 წელია ვითარდება. ეს არის დრო, რომელიც ფიზიკურად სჭირდება საქმის კეთებას.

მიგაჩნიათ თუ არა პრობლემად, რომ ამ დრომდე ბიუჯეტში ამ მიმართულებებით ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ვერ მოიძებნა შესაბამისი თანხა? შეუძლებელი იყო აქამდე ამის მოწესრიგება? 

როცა ეს პრობლემები მოწესრიგდება, შემდეგ იქნება ახალი პრობლემები. მე პოზიტიური კუთხით დაგანახებთ, ვერსად ვერ დამისახელებთ ტურისტულ მიმართულებას, სადაც 19 პროექტი ერთდროულად მიმდინარეობს, ეს არის დაახლოებით 140 მილიონი ლარის ღირებულების. შეგიძლიათ, ახვიდეთ და ნახოთ, დღესაც მიმდინარეობს იქ სამუშაოები. საბოლოო სახე რომ მიიღოს ამან, წლები დასჭირდება… მნიშვნელოვანი შედეგი გვექნება გაზიფიცირების კუთხითაც. ეს პროექტი დაიწყო 2015 წელს, პროექტირება დასრულდა და ასულია უკვე შუახევში. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ცენტრალური მაგისტრალი ავა გოდერძიზე. ასევე, გზის ნაწილში ვფიქრობთ, რომ იგი უახლოეს ორ წელიწადში დასრულდება. წელს იგივე ჩირუხში გზის ნაწილი კეთდება და შემდეგი ნაწილი ალპური ზონაა, სადაც ზუსტად ესაა ხიბლი, რომ ალპური მარშრუტი იქნება და არ იქნება მოასფალტებული გზა.

წვიმაზე მინდა გკითხოთ. ტურისტულ ოპერატორებთან მთავრობის შეხვედრის დროსაც დაისვა შეკითხვა, თუ რა უნდა აკეთოს ტურისტმა წვიმაში ბათუმში. თორნიკე რიჟვაძის პასუხი იყო – ჯოკერი ეთამაშეთ. თქვენ რას გვეტყვით, რა შეიცვალა ამ მიმართულებით?

ეს იყო იუმორი, თორნიკე რიჟვაძემ იხუმრა… ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან ერთად მუშაობა. მარტო სახელმწიფო ამას არსად არ აკეთებს. კერძო სექტორთან ერთად უნდა შეიქმნას მიმზიდველი ცენტრები. უახლოეს წლებში იქნება ამ ყველაფერზე პასუხი. ჩვენ ვცდილობთ მთისა და ბარის დაკავშირებას ერთმანეთთან, მათ შორის, ინფრასტრუქტურულად… ვცდილობთ, მაგალითად, ორთაბათუმის მხრიდან მტირალას მთაზე განვახორციელოთ კონკრეტული პროექტი, პანორამული ხედები, საბაგიროები, ველობილიკები და ასე შემდეგ. ეს გულისხმობს წვიმის მარკეტინგულ სეგმენტად ქცევას, რომ წვიმა გახდეს თვითონ საინტერესო ტურისტული პროდუქტი. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ეს პროექტი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, კონცეფციის შემუშავებაზე მალე გამოცხადდება ტენდერი. ეს არის ერთი სეგმენტი, რაც შეგვიძლია წვიმის დროს შევთავაზოთ ტურისტებს.

ველოსიპედები ახსენეთ. ველოპარკი და ბილიკებიც უკვე არსებობს ბათუმში, მაგრამ იგი ცუდ მდგომარეობაშია. თქვენ რატომ არ ააქტიურებთ ამ თემას, რომ განახლდეს ველოპარკი. გაქვთ მერიასთან კომუნიკაცია ამ კუთხით? 

ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გვაქვს, ბუნებრივია, კომუნიკაცია და ამაზე მუშაობს ბათუმის მერია, როგორც ვიცი. ველობილიკები წესრიგდება, რაც შეეხება უშუალოდ ველოპარკს, ამაზე მერია გიპასუხებთ კონკრეტულად.

სეზონი იხსნება აქ“ – ამ სლოგანით ისევ გექნებათ ფესტივალი 15 ივნისს ანბანის კოშკთან. რით იქნება საინტერესო წელს ეს ფესტივალი? 

ეს იქნება ზაფხულის ფესტივალი, აღვნიშნავთ ზაფხულის სეზონის გახსნას. წელს ეს ფესტივალი პირველად ქობულეთშიც გაიმართება. მთავარი მიზანია იმის განაცხადი, რომ შესაძლებლობების გათვალისწინებით სრულად მზად ვართ ტურისტებს ვუმასპინძლოთ. ფესტივალზე იქნებიან ადგილობრივი ბრენდები, იქნება ატრაქციონებიც, სამაშველო სამსახურსაც ექნება თავისი პრეზენტაცია.

 

 

 

 

 

 

ბათუმის საკათედრო ტაძარი ვიტრაჟებსაც კარგავს

ბათუმის საკათედრო ტაძრის საუკუნოვანი ვიტრაჟი დაზიანებულია. ვიტრაჟის ფერადი მინის ნაწილი ჩამსხვრეულია ტაძრის ოთხივე ფასადზე.

დაზიანებული ვიტრაჟები. ფოტო: „ბათუმელები“, თამარ ნერგაძე
დაზიანებული ვიტრაჟები. ფოტო: „ბათუმელები“, თამარ ნერგაძე

დაზიანებული ვიტრაჟის ადგილას უკეთეს შემთხვევაში ჩვეულებრივი მინაა ჩასმული, ზოგან კი ფერადი მინა უბრალოდ ჩამსხვრეულია.

ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ეპარქიის პრესსპიკერი იოანე გორელიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ზოგადად ეკლესიის რესტავრაციის საჭიროებაზე მიმართვა ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს  უკვე მიღებული აქვს ეპარქიიდან, თუმცა როგორც გორელიშვილი ამბობს, ტაძრის ჩამსხვრეული „ფანჯრების“ აღსადგენად სააგენტოსთვის ჯერ არ უცნობებიათ.

დაზიანება ინტერიერიდან უკეთ აღიქმება, თუმცა გარე ფასადიდანაც ჩანს ჩამოცვენილი მინა და ვიტრაჟის დაზიანებული ჩარჩოები.

საკურთხევლის ნაწილში, სადაც ადრე ფერადი ვიტრაჟი იყო, ახლა აღარაფერია დარჩენილი:

„ჯერ მხოლოდ ფრესკების აღსადგენად მივმართეთ სააგენტოს, რადგან შემსწავლელმა ჯგუფმა, რომელიც შარშან იყო, აღწერა მხოლოდ დაზიანებული ფრესკები,“ – ამბობს დეკანოზი იოანე გორელიშვილი.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის, ზაურ ახვლედიანის განმარტებით, სააგენტოსთვის დაზიანებული ვიტრაჟის შესახებ აქამდე არავის უცნობებია.

„ვიცოდით მხოლოდ სარესტავრაციო ფრესკების შესახებ. ახლა გავიგე ვიტრაჟებზე, გავუშვებ თანამშრომლებს და შეისწავლიან ადგილზე სიტუაციას. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ფინანსები ნამდვილად არ გააჩნია, რომ ამ ეკლესიაზე სამუშაოები ჩაატაროს, ამიტომ მივმართავთ საპატრიარქოს და ეროვნულ სააგენტოს, თუ სავალალო მდგომარეობაა და აუცილებელია ჩარევა, დროულად იმოქმედონ. კანონით, მიმართვა უნდა გასცეს როგორც ეროვნულმა სააგენტომ, ასევე,  ძეგლის მესაკუთრემ. დანარჩენს ალბათ გავივლით დეტალურად და ვნახავთ, რა თანხა სჭირდება ვიტრაჟის აღდგენა-რესტავრაციას,“ – ამბობს ზაურ ახვლედიანი.

ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგ ცირა ელისაშვილის თქმით, ბათუმის საკათედრო ტაძრის ვიტრაჟი პირვანდელი სახითაა მოღწეული და აუცილებლად უნდა დადგინდეს მისი დაზიანების ზუსტი მიზეზი:

„ბათუმის ვიტრაჟი კლასიკური, ტიხრული ვიტრაჟია, რაც ბათუმის გარდა ასე მასშტაბურად საქართველოში არსად გვხვდება. იგი უნდა აღდგეს არა უბრალო, არამედ ვიტრაჟული მინის გამოყენებით,“ – ამბობს ცირა ელისაშვილი.

მისი თქმით, თუ დაზიანებული ნაწილი დროულად არ შეკეთდა, რღვევის პროცესი წინ წავა, ამიტომ ფრესკებსა და ვიტრაჟზე ერთდროულად მუშაობა გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა:

„ვიტრაჟი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის ფუფუნებაა, ჩვენ ტრადიციულად ვიტრაჟის ქვეყანა არ ვართ, ამიტომ ის ერთეული მაგალითები, რაც გვაქვს, აუცილებლად დასაცავი და აღსადგენია“.

მისი თქმით, ვიტრაჟის მოვლას თავისი წესი აქვს: მაგალითად, ვიტრაჟი არ შეიძლება გაიწმინდოს ან გაირეცხოს წყლით. ამისთვის გამოყენებული უნდა იყოს სპირტის მსგავსად აქროლადი სითხე, რომელიც არ ჩაჯდება მინების მაკავშირებელ ლითონის ჩარჩოში და ა.შ.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის კათოლიკური ეკლესია 1897-1902 წლებში ააგეს. პირველი რესტავრაცია ტაძარს 80-იან წლებში ჩაუტარდა, შემდეგ კი ტაძარი მართლმადიდებელ მრევლს გადაეცა.

ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის დაზიანებული ფრესკების შესახებბათუმელები“ ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წერდა. 2017 წელს ითქვა, რომ ფრესკების აღდგენაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო იზრუნებდა, ამჟამად მზად არის ფრესკების რესტავრაციის პროექტი, თუმცა სამუშაოები ვერ იწყება, რადგან ტაძარში წყალი ჩადის, ამიტომ ჯერ შენობა უნდა გადაიხუროს.

 

ამავე თემაზე:

რა მოიტყუა რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ დღეს პარლამენტში

„თიბისი ახალი თაობისთვის“ მხარდაჭერით, სასკოლო განათლების პირველი ფორუმი ჩატარდა

თიბისის ახალი პლატფორმის – „თიბისი ახალი თაობისთვის“ მხარდაჭერით, სასკოლო განათლების პირველი ფორუმი ჩატარდა. ფორუმი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ინიციატივითა და Forward-ის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი ერთიანი სივრცის შექმნით, სასკოლო სექტორში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ დიალოგი იყო.

ფორუმის ფარგლებში, პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები შემდეგ თემებზე ჩატარდა: განათლების სისტემის რეფორმების ისტორია 1991-წლიდან დღემდე, განათლების სტრატეგიები, დაგეგმილი და განუხორციელებელი რეფორმები; ახალი სკოლის მოდელი; სინთეზური აზროვნების აუცილებლობა; სკოლის მართვის ინოვაციური სისტემები და სხვა. ღონისძიების სპიკერები იყვნენ: გია მურღულია, სიმონ ჯანაშია, არჩილ სუმბაძე, ირინა აბულაძე, გიორგი გახელაძე, გია შარვაშიძე, ანდრო დგებუაძე, ლიკა აბრამაშვილი, რამზიკ ბადალიანი, ავთო აბდუშელიშვილი, თამარ ჯაყელი, ირინა ხანთაზე, მამუკა ხამხაძე.

ფორუმზე თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ხელმძღვანელმა – ალექსანდრე მაყაშვილმა, თიბისის პლატფორმაზე – „თიბისი ახალი თაობისთვის“ და მის ფარგლებში ჩატარებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა:

[checklist]

  • 200 სტიპენდიატი

[/checklist]

„თიბისის სტიპენდიატები” თიბისის 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. 2018 წლის ბოლოს, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სკოლასთან თუ კერძო პირთან ერთად, თიბისიმ ისეთი ნიჭიერი ბავშვების მოძიება დაიწყო, რომლებსაც განვითარებისათვის ფინანსური ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პროექტმა მოიცვა ყველა სფერო და მთელი საქართველო – თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა, რომლებიც ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენ.

[checklist]

  • თიბისი სტატუსის პროექტი – Status Donate

[/checklist]

Statusdonates.ge პირველი ქართული საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში უწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 30 ბენეფიციარის სწავლა დაფინანსდა.

[checklist]

  • საგანმანათლებლო ექსკურსიები

[/checklist]

თიბისის ორგანიზებული და მხარდაჭერილი გამოფენების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს გიდის თანხლებით, საგანმანათლებლო ტურები უტარდებათ. ელგუჯა ამაშუკელის, ფიროსმანისა და დავით კაკაბაძის გამოფენებზე უკვე ათასობით მოსწავლეს ჩაუტარდა ექსკურსია.

[checklist]

  • პარტნიორობა განათლებისთვის

[/checklist]

თიბისი ახალი თაობის წარმომადგენლებს მათ ინტერესებზე მორგებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს სთავაზობს. ამ ინიციატივის ფარგელბში, თიბისის სტიპენდიატებს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ფინანსური განათლების შესახებ, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი – ლადო აფხაზავა კი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრა.

[checklist]

  • პარტნიორობა განათლებისათვის

[/checklist]

თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საბავშვო პავილიონში თიბისიმ პატარა მკითხველებს უმასპინძლა. 1-ელ ივნისს კი სპეციალური, გასართობ-შემეცნებითი პროგრამა დაახვედრა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ზაფხულში აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

[checklist]

  • სპეციალური შეთავაზებები

[/checklist]

საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სპეციალური საჩუქრების გარდა, სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ თიბისის მოსწავლის #1 ბარათით ისარგებლონ.

ახალგარემონტებულ ბათუმის თეატრში რეპეტიციის დროს განათება ჩამოვარდა

ბათუმის დრამატულ თეატრში რამდენიმე დღის წინ სცენის განათება ჩამოვარდა. ამ დროს სცენაზე რეჟისორი და მსახიობები იმყოფებოდნენ. თეატრის დირექტორი ოთარ კალანდაძე ამბობს, რომ ჩამოვარდა არა განათება, არამედ განათების ტროსი, რადგან პერსონალმა, რომელიც მართვის ღილაკთან იდგა, ღილაკს ხელი დროულად არ გაუშვა.

„ხელი დროზე არ აუშვა ღილაკს და მაქსიმალურად რომ ავიდა სიმაღლეზე, იქ ბოლო წერტილს გადაცდა და გადმოვარდა ტროსი. ტექნიკური პერსონალი, ვინც ამ საქმეს აკეთებს, იმ დღეს არ იყო და ამან გამოიწვია ეს“, – ამბობს თეატრის დირექტორი.

მისი თქმით, ტროსის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა. „გადავრჩით, ღმერთს მადლობა,“ – ამბობს ოთარ კალანდაძე.

თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ ჩაატარა. თეატრი რეაბილიტაციის შემდეგ 27 მარტს გაიხსნა. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ აღმოუჩენიათ მიღება-ჩაბარების შემდეგ რაიმე ტექნიკური ხარვეზი შენობაში, ოთარ კალანდაძე ამბობს: „გაშვება-გამართვითი სამუშაოებია ჩასატარებელი, ამისთვის დროა საჭირო და ეს ხელშეკრულებაში არის მითითებული. ვადები ჯერ არ არის გასული“.

შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა სამი წელია. „რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზები არ არის, მაგრამ არის რაღაც-რაღაცები. 17 ივნისს ჩამოვა ჯგუფი და კიდევ ერთხელ გაივლიან ტექნიკურ საკითხებს. ტროსსაც აღადგენენ, გაასწორებენ…“ – ამბობს დირექტორი.

თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება, რომელიც ორ დღეში უნდა გაიმართოს.

თეატრის სცენა რეაბილიტაციის შემდეგ
ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

მსხვერპლი რიცხვებში [ინფოგრაფიკა]

1937-1938 წლებში საქართველოში 30 ათასამდე ადამიანი იქნა რეპრესირებული. მათი ნახევარი დახვრიტეს, მეორე ნახევარი კი შრომა-გასწორების ბანაკებში გადაასახლეს. ორი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი აწარმოებდა მასობრივ სადამსჯელო ოპერაციებს, რომელთა მიმდინარეობა გასაიდუმლოებული იყო. საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურად ხედავდნენ, როგორ უჩინარდებოდნენ მათი ნაცნობები, მეგობრები, ოჯახის წევრები, თუმცა შეკითხვების დასმა არ შეეძლოთ, მეტიც, საშიში იყო ამ თემაზე საუბარიც.

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

არადეკლარირებული სიგარეტისთვის მოქალაქეები ათას-ათასი ლარით დააჯარიმეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ვალე“, „ყაზბეგი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის, საქართველოს, ირანისა და აზერბაიჯანის  მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 21,400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.“ – აღნიშნულია სამსახურის ინფორმაციაში – „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი  ლარის ოდენობით შეეფარდათ“.

 

მთავარი ფოტო: საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ / „ბათუმელების“ არქივიდან
Exit mobile version