ფეისბუქზე დეკანოზ ბასილ ახვლედიანის ქადაგებიდან ვიდეოფრაგმენტი გავრცელდა, სადაც დეკანოზი ამბობს, რომ ერთი სული აქვს, როდის მოვა მეფე და საჯაროდ მოაჭრის თავს ღვთისმგმობელებს. იგი ასევე დასძენს, რომ არ არის სირცხვილი სიკვდილით დასჯა.
„დღეს გვაქვს ტელევიზია, იგივე რუსთავი 2 თუ სხვა, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ ჩვენს აზროვნებას, ჩვენს ფასეულობებს და ჩვენ ვართ ეკლესია და მართლმორწმუნეები, რომლებიც როგორც მოცემულობას, ისე აღვიქვამთ და არ გვაქვს სურვილი, მივიდეთ, დავუშვათ და დავამხოთ, ავაფეთქოთ, დავშალოთ და დავარღვიოთ, დავუშვათ და აღვუდგეთ წინ, უკვე თუნდაც სისხლის დაღვრით ამ ბოროტებას. არა, სახელწიფო გვეუბნება, რომ ეს არისო 21-ე საუკუნე და ადამიანის უფლებები.
მე ვაკეთებ ერთ დასკვნას და ერთი სული მაქვს, როდის მოვა მირონცხებული მეფე სათავეში და რომ დაიყენოს ყველა მოედანზე, ღვთისმგმობი და მქადაგებელი ადამიანები, გააფრთხილოს ერთჯერ და მეორეჯერ თავი მოაჭრას იმ ძველი ხმლით თუნდაც, რომელიც მუზეუმებში ინახება. საჯაროდ მოაჭრას. არ არის სირცხვილი სიკვდილით დასჯა,“ – ამბობს დეკანოზ ბასილ ახვლედიანი.
რა რეაქცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს, როცა მაღალი წოდების სასულიერო პირი ამბიონიდან ხმლით თავის მოჭრაზე საუბრობს? – „ბათუმელები“ კომენტარისთვის საპატრიარქოს პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ მღვდელმთავრები და ამის შესახებ გვაცნობებენ.
დღეს ლარი გაუფასურების იშვიათ ნიშნულს მიუახლოვდა. მაგალითად, „თიბისი ბანკში“ 1 დოლარი 2.98 ლარი ღირს. ლარის არსებობის ისტორიაში, მსგავსი დაბალი შემსყიდველუნარიანობა ლარს არ ჰქონია.
ერთი თეთრით ნაკლებ ფასად შეიძლება ლარის ყიდვა „პროკრედიტ ბანკში“ – ამ დროისთვის [15:23] პროკრედიტში 1 დოლარის ყიდვა 2.97 ლარად არის შესაძლებელი.
„საქართველოს ბანკში“, ამ დროისთვის 1 დოლარის ყიდვა 2.97,5 ლარად არის შესაძლებელი.
დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ლარის გაუფასურებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა:
„ავანტიურისტებმა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ბელადს, ასევე, რაც ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში, გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს დადებითი დინამიკა, რაც ჩვენ გვქონდა ეკონომიკაში, ეს გაჩერებულიყო და გამხდარიყო დიდი ნეგატივის წყარო”.
მთავარი ფოტო: ლარის კივილი. ავტორი: eorgianjournal.ge. თარიღი: 11.12.2014
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში ოჯახში ფიზიკური ძალადობის 1 421 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიური ძალადობის – 4 965; ეკონომიკური ძალადობის – 137; ოჯახში სექსუალური ძალადობის – 14; იძულების – 57, ხოლო უგულებელყოფის – 69 შემთხვევა.
რეგიონების მიხედვით ყველაზე ხშირად ოჯახში ფიზიკური ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევა თბილისში ხდება:
თბილისი – 518 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
იმერეთი – 233 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
ქვემო ქართლი – 192 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
აჭარა – 124 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
შიდა ქართლი – 105 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
კახეთი – 84 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
სამეგრელო ზემო-სვანეთი – 74 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
მცხეთა მთიანეთი – 32 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
სამცხე-ჯავახეთი – 28 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
რაჭა-ლეჩხუმი – 16 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
გურია – 15 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
რაც შეეხება ფისქოლოგიური ძალადობას ოჯახში, ყველაზე მეტი ასეთი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა – 2 516, ხოლო აჭარაში 395 ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა აღირიცხა ოფიციალურად.
წელს, ექვსი თვის განმავლობაში, აჭარაში სულ 428 შემაკავებელი ორდერი გამოსცა პოლიციამ 783 პირზე.
პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ 28 ივლისს ბათუმში აქციის ჩატარებას გეგმავს, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება დიალოგი რუსეთთან.
„აქციის მოთხოვნები ბევრია. არა – ომს, გასამართლდეს სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმი, გვინდა დიალოგი, სამხედრო მიუმხრობლობა, ტურიზმის ხელშეწყობა და ა.შ“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ არჩილ ლეკიშვილმა, „ალიანსის“ სამდივნოს წევრმა.
კითხვას, იგულისხმება თუ არა დიალოგი რუსეთთან, არჩილ ლეკიშვილი პასუხობს: „არა მარტო რუსეთთან, ასევე სოხუმთან და ცხინვალთან, რომელიც დაწყებულია, გაჩერდა და აღარ ვითარდება.“
ბათუმში დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაცია რუსულმა „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა სათაურით – „საქართველოში გაიმართება მიტინგი რუსეთთან ძველი ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით“. გამოცემა „ალიანსის“ წარმომადგენლის, გიორგი ლომიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბათუმში გამართული მიტინგის ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება საქართველოს მხრიდან რუსეთთან მიმართებაში აგრესიულ რიტორიკაზე უარის თქმა.
„ეს ინფორმაცია მე არ მაქვს, მაგრამ იმათ თუ დაწერეს.. ერთ-ერთი მოთხოვნა ეს არის, დიალოგი და არა მარტო რუსეთთან. ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგათაც უნდა დაველაპარაკოთ, ყველას უნდა დაელაპარაკო ამ თემაზე. მაგრამ ტურიზმიც იქნება, საოჯახო ბიზნესიც…“ – გვითხრა არჩილ ლეკიშვილმა.
რატომ გადაწყდა ბათუმში ამ აქციის ჩატარება? – არჩილ ლეკიშვილი ამბობს, რომ თბილისში „ალიანსს“ უკვე ორჯერ ჰქონდა შეხვედრასპორტის სასახლეში, შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე: „ზუგდიდშიც ვიყავით, ქუთაისში იყო, ახლა ბათუმი, მერე იქნება გორში, თელავში და ა.შ.“
20 ივნისის მოვლენების შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთში, სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან შეხვედრები გამართეს. მთავარი თემა 20 ივნისის მოვლენები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იყო.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ერთადერთი პარტიაა, რომლის წევრი დეპუტატებიც ამ დრომდე მოსკოვთან პირდაპირ დიალოგს თანხმდებოდნენ და არაერთხელ იმყოფებოდნენ რუსეთში. რამდენიმე წლის წინ „პატრიოტთა ალიანსმა“ აქეთ მოიწვია საქართველოში რუსეთის დუმის დელეგაცია ლეონიდ კალაშინკოვის ხელმძღვანელობით.
2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბათუმში განხილული 514 სისხლის სამართლის საქმიდან 303 საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. სტატისტიკურ მონაცემს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის პირველ ექვს თვეში 13 საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა, 5 საქმეზე – ნაწილობრივ გამამართლებელი, 15 საქმე კი, გადაკვალიფიცირდა სასამართლოს ინიციატივით.
2018 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 29 საქმეზე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, 12 – ნაწილობრივ გამამართლებელი. 2017 წელს კი, სრულად გამართლდა 31 ადამიანი, ნაწილობრივ – 19.
საპროტესტო აქციების – „გააღვიძე ოლიგარქის“ აქტივისტები ოზურგეთის პოლიციაში დაიბარეს. აქციები ყოველ ღამით, შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან ტარდება.
ერთ-ერთი აქტივისტის, ლაშა ადამიას განცხადებით, დღეს, 26 ივლისს, 13:00 საათზე, ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე უნდა მივიდნენ: ლაშა ადამია, გია ხალვაში, ანზორ გუბაევი, ხათუნა ბერიძე და ბონდო თედორაძე, რომელიც ქობულეთის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“.
„მოტივი როგორც, გვითრეს, არის საპროტესტო აქციები, რომელსაც ჩვენ ვმართავთ ივანიშვილის რეზიდენციასთან. ხმაურის გამო არის შეტყობინება შესული პოლიციაში,“ – გვეუბნება ლაშა ადამია.
ოზურგეთის პოლიციაში 24 ივლისს ასევე დაბარებული იყოაჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი, რომელსაც ორი, სსკ-ის 187-ე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით ედავებიან.
პირველი მუხლი სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ელგუჯა ბაგრატიონს მოუწევს „ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით ასიდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით 1 წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.
საპროტესტო აქციები ივანიშვილის რეზიდენციასთან 20 ივნისის მოვლენებისშემდეგ დაიწყო. რეზიდენციასთან აქციის მონაწილე რამდენიმე ადამიანი შიმშილობს და ისინი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, ისევე როგორც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე.
მთავარი ფოტო: აქცია „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები: ანზორ გუბაევი, ლაშა ადამია და ხათუნა ბერიძე.
„ჩვენ ქვეყანა არა გვაქვს, ინსტიტუციები მოშლილი გვაქვს, აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუციები არის თავიდან ასაშენებელი.
ძალიან მიხარია ის გადაწყვეტილება, რაც ერთი კვირის წინ გამოვაცხადე – საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება. ის იქნება ფართომასშტაბიანი მოძრაობა, აქ იქნება ის ძალა, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვინც ებრძვის ოკუპაციას და ვისაც უნდა საქართველო შედგეს წარმატებულ ქვეყნად.
დღეს ჩვენ ვართ პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას, ინსტიტუციების გარეშე. ეს ერთი პირი თქვენ იცით ვინ არის, ის არის დირიჟორი, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი, უცოდინარი შემსრულებლები, მაგრამ ეს ბრძოლა გაგრძელდება. მათგან განსხვავებით პირადად კი არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში. ბრძოლას გავაგრძელებ, რომ ეს ჭაობი შეიცვალოს და ახალგაზრდა ნიჭიერ ხალხს თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცეს. ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე და ესენი სახლში წავლენ.“
ბათუმელი ციალა პერტია პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. დავის საგანი სამოქალაქო კოდექსის ის ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც სამკვიდროს ვერ მიიღებს გარდაცვლილის მეუღლე, თუ ქორწინება რეგისტრირებული არ იყო. დავას არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.
ციალა პერტიას პრობლემის შესახებ „ბათუმელები“ 2017 წლის სექტემბერში წერდა. მაშინ ციალა პერტიამ გვითხრა, რომ ის უძრავ ქონებას გარდაცვლილი ქმრის ძმას ედავებოდა და ბინის დაცლას სთხოვდა. ციალა პერტია ახლა 77 წლისაა. იგი 27 წლის განმავლობაში იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რასაც ციალას მეზობლებიც ადასტურებენ.
მოსარჩელის პოზიციით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობები უნდა წარმოიშობოდეს არა მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციის შედეგად, არამედ მაშინაც, როდესაც დადასტურებადია პირთა ფაქტობრივი თანაცხოვრებისა და მჭიდრო პირადი ურთიერთობის ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებთან მიმართებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია და სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.
ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ 2019 წლის 12 მარტს, მოქალაქეთა ერთი ჯგუფის პროტესტის ფონზე გასცა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ტერმინალის მშენებლობა ერთ წელში დასრულდება.
ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება.
ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალი შენდება, თუმცა ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ბათუმის პორტის ახალი ტერმინალიდან დასაშვებია შემდეგი სახის სატრანზიტო ტვირთების გადატანა:
აზოტის მინერალური სასუქები: კარბამიდი; ამიაკის სელიტრა; ამონიუმის სულფატი; კიროვან-ამიაკური სელიტრა; ასეთი სასუქების განსაკუთრებული სახეობები.
[highlight color=”blue”]ფოსფატის სასუქები:[/highlight]მონოამონიუმსულფატი; ფოსფატის დიამონიუმი; ამო და ნიტროფოსფატების სხვადასხვა სახეობები; სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ივლისის 21 საათიდან 27 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 7– 12 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ –2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 28-29 ივლისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას“ ახორციელებს.
პროგრამის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული არალეგალური მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტს, რომელიც მინიმუმ 1 წლით, არალეგალურად იმყოფებოდა საზღვარგარეთ და სამშობლოში მისი დაბრუნებიდან, არ გასულა 1 წელი.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება შემდეგი მიმართულებები: სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები, მათ შორის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსები; საშემოსავლო პროექტები.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, პროგრამას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში.
დღეს, 25 ივლისს, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ.
შს სამინსიტროს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დააკავეს. ეს მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-ში ამბობენ, რომ ამ საქმეზე ოქრუაშვილის გარდა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში,“ – აცხადებენ უწყებაში.
რაც შეეხება დანარჩენ 4 დაკავებულს, შსს-ში აცხადებენ, რომ ისინი ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და პარლამენტში შეჭრას ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ:
„აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას,“ – ამბობენ უწყებაში.
შსს-ს განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ამ დროისთვის 17 პირს აქვს ბრალი წარდგენილი. მათ შორის, დეპუტატ ნიკა მელიას.
ირაკლი ოქრუაშვილი უცხოეთში იმყოფებოდა და რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მან განაცხადა, რომ რ2 მისია და აქვს დოკუმენტი, სადაც ქიბარ ხალვაში ხელმოწერით ადასტურებს, რომ ის ნომინალური პირი იყო და ტელევიზია ვარდების რევოლუციის დროს რეალურად ოქრუაშვილმა იყიდა. ხალვაში დოკუმენტს ყალბს უწოდებს.
ბოლო დღეების განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2014-დან 2016 წლამდე პროკურატურაში საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს ატარებდა. მისი თქმით, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და სააკაშვილის საქმეებზე მის მიერ მიცემული ჩვენებების ნაწილი ობიექტური იყო, ნაწილი კი – ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით ნათქვამი.
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის 110-მილიონიანი პროექტი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოდინის“ ქვეკონტრაქტორმა რამდენიმე დღეა შეაჩერა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აქ სამუშაოები მაისის ბოლოდან ინტენსიურად უნდა დაწყებულიყო. გზების დეპარტამენტი კომპანიას გარანტიის წარდგენას ქართული ბანკისგან სთხოვდა. „ტოდინს“ კი, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე, ქართული ბანკის მიერ გაცემული საგარანტიო დამკვეთისთვის არ წარუდგენია. „ტოდინს“ სხვა პროექტში ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს და საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.
„სამუშაოები შეჩერებული არ არის. რთული მონაკვეთია, მოგეხსენებათ. ხდება დეტალური გეოდეზიული გადაღება, შესწავლა. რაღაც ნაწილი შემოწმდა დეტალურად და ხვალ [26 ივლისს – ავტ.] ვიწყებთ სამუშაოებს. ვადები არ ირღვევა – სამუშაოები შეჩერდა რაღაც დროით და გაარძელდება. საგანგაშო ამ ეტაპზე არაფერი არ არის“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში გიორგი კოპალეიშვილმა, „ტოდინის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
„ტოდინის“ ქვეკონტრაქტორმა თურქულმა კომპანიამ, რომელიც ხულოში სამუშაოებს ასრულებდა, მუშაობა შეაჩერა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქვეკონტრაქტორი შიშობს, რომ მისი მიერ შესრულებული სამუშაოები, პროექტის ფარგლებში, შესაძლოა არ აუნაზღაურონ. მიზეზად სახელდება ის, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ტოდინს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის [ანუ სახელმწიფო დამკვეთისთვის] დღემდე არ წარუდგენია ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. შესაბამისად, არ დაწყებულა ხულო-ზარზმის პროექტისთვის გამოყოფილი თანხის ათვისება.
პროექტს არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი [KFAED] 110 მილიონ 210 ათასი ლარით აფინანსებს. სამუშაოები ორ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].
„თანხის ათვისებას რაც შეეხება. კომპანია საკუთარი სახსრებით იწყებს სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში თანხა რომ მოითხოვო, უნდა იყოს გარკვეული სამუშაო შესრულებული, ანუ დღეს კომპანიას აქვს თავისი სახსრები და შემდეგ მოითხოვს თანხას“, – აცხადებს გიორგი კოპალეიშვილი.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან „ბათუმელების“ მიერ გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულება [ლოტი-1-ზე] დეპარტამენტსა და „ტოდინს“ [Todini Costruzioni Generali S.p.A] შორის გაფორმებულია 2018 წლის 02 აგვისტოს. საკონტრაქტო ღირებულება – 69 946 268 ლარია.
„გთხოვთ, წარმოადგინოთ ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია 28 დღის განმავლობაში კონტრაქტის პირობების თანახმად“, – აღნიშნულია დოკუმენტში. კონტრაქტის პირობით კი – „ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია გაცემული უნდა იყოს მხოლოდ ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან, რომლებიც ოპერირებენ საქართველოს ტერიტორიაზე, ან სხვა აღიარებული ბანკის მიერ დამკვეთის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში“.
ხელშეკრულებაში ასევე მითითებულია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკების სრული სია ბმულის სახით [საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან], თუმცა, იქვეა შენიშვნა: „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მოცემული ბმული მითითებულია მხოლოდ შესაფერისი ბანკის იდენტიფიცირების ხელშეწყობის მიზნით და არავითარ შემთხვევაში არ აკისრებს დამკვეთს რაიმე ვალდებულებას სიაში ჩამოთვლილი ბანკების საიმედოობის თვალსაზრისით“.
გზების დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციით, „ტოდინის“ მიერ წარმოდგენილია ყაზახური ბანკის, TENGRI BANK JSC-ს მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ლოტი 1-ზე – 6 994 626 ლარი, ხოლო ლოტი 2-ზე – 4 026 450 ლარი. გარანტიები გაცემულია 2018 წლის 3 მარტს და მასში ცვლილებები შეტანილია ამავე წლის 16 მარტს. ავიზირებადი ბანკია „საქართველოს ბანკი“.
„გარანტიის ცვლილების ავიზირებით „საქართველოს ბანკი“ ადასტურებს მხოლოდ გარანტიის ცვლილების ავთენტურობას/ნამდვილობას და იგი არ არის პასუხისმგებელი გარანტიის ტექსტსა და გარანტიის პირობებზე… აღნიშნული გარანტიის ცვლილება გეგზავნებათ/გადმოგეცემათ „საქართველოს ბანკის“ მხრიდან ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე“, – აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ 2018 წლის 16 მარტის კორესპონდენციაში, რომელიც გზების დეპარტამენტში გაიგზავნა.
„საბანკო გარანტიები წარდგენილი იყო შარშან და მიღებული იყო დეპარტამენტის მიერ. უბრალოდ, შემდეგ იყო თხოვნა დეპარტამენტისგან, რომ ყაზახური ბანკი ჩანაცვლებულიყო ქართული ბანკებით“, – ამბობს გიორგი კოპალეიშვილი.
კითხვაზე, რატომ არ წარადგინა კომპანიამ ქართული ბანკის მიერ გაცემული გარანტია ისე, როგორც ამას ხელშეკრულების პირობები თავიდანვე ითხოვდა, ან რატომ ვერ ჩაანაცვლა ამ დრომდე გარანტორი ქართული ბანკით? – გიორგი კოპალეიშვილი ამბობს, რომ იმ პერიოდში შემხებლობა არ ჰქონდა ამ პროექტთან: „ამიტომ, რატომ არ მოხდა ჩანაცვლება ამ დრომდე ვერ გეტყვით. ამასთან, საქართველოში არის სულ ორი მსხვილი ბანკი, დანარჩენი არის წვრილი ბანკები და აქ დიდ თანხებზეა საუბარი. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო ამ კუთხით. უცხოური ბანკის პრობლემა არ არის, თუმცა, ქართულზეა საუბარი და ალბათ ერთ კვირაში ჩანაცვლდება საგარანტიოები ქართული ბანკით“.
რატომ გახდა ყაზახური ბანკის ჩანაცვლება აუცილებელი? – „რაღაც პრინციპი არის ქართული ბანკების, ვერ გეტყვით“, – ამბობს კოპალეიშვილი.
მიიღო თუ არა თავის დროზე კომპანიისგან წარმოდგენილი [ყაზახური ბანკის] საგარანტიოები გზების დეპარტამენტმა? ახლა რატომ გახდა აუცილებელი მხოლოდ ქართული ბანკისგან გარანტიების წარმოდგენა? რატომ ვერ მოგვარდა ეს საკითხი ერთი წლის განმავლობაში და არის თუ არა ეს ხელშეკრულების დარღვევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან? – ამ კითხვებზე პასუხების მიღებას „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან ამ დრომდე ცდილობს.
„თურქული კომპანია არის ქვეკონტრაქტორი ხულოს მხარეზე, პირველ ლოტზე; ზარზმის მხარეს კი კომპანია გზას თავისი ძალებით გააკეთებს. ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ არის, კომპანია თავისი სახსრებით მალე დაიწყებს სამუშაოებს, რომელიც აღარ შეჩერდება“, – ამბობს გიორგი კოპალეიშვილი.
„ტოდინს“ ავანსად თანხის მოთხოვნაც შეუძლია [სახელშეკრულებო თანხის 20%, რაც პირველი ლოტის შემთხვევაში 14 მილიონი ლარია], თუმცა, ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ საავანსო გადახდის გარანტია უნდა წარადგინოს, „მხოლოდ ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან, რომლებიც ოპერირებენ საქართველოს ტერიტორიაზე, ან სხვა რეპუტაციის მქონე ბანკიდან, დამკვეთის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში“.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ზედამხედველობაც ტენდერით შეისყიდეს, პირველ ლოტზე ზედამხედველია – IRD Engineering s.r.l, ხოლო მეორე ლოტზე – PACE [Kuwait] & Louis Berger SAS [france].
– – – – –
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა „ტოდინი“ ხულო-ზარზმის ტენდერის [ორთავე ლოტის] გამარჯვებულად მაშინ გამოაცხადა, როცა ამ კომპანიას პრობლემები ჰქონდა სამტრედიის შემოვლითი გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე – აქ „ტოდინი“, დეპარტამენტისავე ინფორმაციით, აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა.
გიორგი კოპალეიშვილს ვკითხეთ, ხომ არ გაიზიარებს ხულო-ზარზმის პროექტი სამტრედიის პროექტის ბედს, სადაც დეპარტამენტმა „ტოდინს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. „ამ [სამტრედიის – ავტ.] პროექტზე მე ინფორმაცია არ მაქვს“ – გვიპასუხა კოპალეიშვილმა.
კომპანია „ტოდინს“ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. „ტოდინი“ სამტრედია-გრიგოლეთის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის [მესამე ლოტი] გამარჯვებული იყო და მის წინააღმდეგ მთავრობა საარბიტრაჟო დავას იწყებს.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, დაიწყოს საარბიტრაჟო პროცესი კომპანია Todini Costruzioni Generali S.p.A-ის წინააღმდეგ. საარბიტრაჟო პროცესში სახელმწიფო წარმომადგენლობის განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და მასთან იურიდიული მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივლისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.
სამტრედია-გრიგოლეთის [მესამე ლოტი] ხელშეკრულების ფარგლებში „ტოდინზე“ ანაზღაურებული თანხა შეადგენს 17 662 684 ლარს, 2 445 101 აშშ დოლარს და 2 238 701 ევროს. მათ შორის ავანსი: 16 565 089 ლარი, 2 293 158 აშშ დოლარი და 2 099 101 ევრო“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.
დეპარტამენტის ინფორმაციით, „ტოდინს“ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი ჰქონდა ავანსის თანხის უზრუნველყოფისა და შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები „ასტანა ბანკისგან“, თუმცა „ასტანა ბანკი“ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.
„ავანსის თანხის უზრუნველყოფისა და შესრულების უზრუნველყოფის გარანტიების საკითხს განიხილავს სს „ასტანის ბანკის“ სალიკვიდაციო კომისია [The Liquidation Commission of the Bank of Astana] და მიმდინარეობს გარანტიებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“, – მოგვწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიმდინარე წლის მაისში.
„სად იქნა დახარჯული 101 020 ლარი?“ – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც გამომძიებელმა იგორ გლადჩენკოს 2018 წელს გამოკითხვის დროს დაუსვა. იგორ გლადჩენკო კომპანია „მსუბუქი მშენებლობის ჯგუფის“ გენერალური დირექტორია. ამ კომპანიას ბათუმში, „იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებულმა – „კონვენტ ჯორჯიამ“ 1 მილიონ 61 ათასი ლარი ჩაურიცხა.
გამომძიებლის შეკითხვას გლადჩენკომ კონკრეტულად ვერ უპასუხა. მან თქვა, რომ „დიდი ნაწილი გახარჯულია თანხების კონვერტაციისას“ და „გარკვეული თანხები გახარჯულია წვრილმანებში“. ამავე ჩვენებაში იგორ გლადჩენკო აღწერს, როგორ და ვისი დახმარებით შეხვდა იგი გიორგი ერმაკოვს და რა მოხდა შემდეგ.
იგორ გლადჩენკო გამოძიებამ ორჯერ დაკითხა: 2017 წლის 17 ნოემბერს და 2018 წლის 24 აგვისტოს. ეს ჩვენებები „ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმის“ ერთ-ერთმა ადვოკატმა მოგვაწოდა.
საქმე „იაფი სახლის“ პროექტს ეხება, რის გამოც პროკურატურამ ბათუმის ყოფილი მერი – გიორგი ერმაკოვი და მერიის ყოფილი 6 მაღალჩინოსანი დააკავა. პროკურატურა დაკავებულებს ბიუჯეტიდან 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიებას ამ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულებიდან რომელიმემ ფინანსური სარგებელი მიიღო იმის ხარჯზე, რომ „იაფი სახლი“ ვერ აშენდა და ბიუჯეტის ფული გაიფლანგა. გამოძიებას გამოკითხული ჰყავს პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ პროექტის ფარგლებში თანხა მათ ჩაერიცხათ. მაგალითად, იგორ გლადჩენკო ადასტურებს, რომ მას სადავო 1 მილიონ 370 ათასიდან 1 მილიონ 61 ათასი ჩაერიცხა.
„თქვენ არ დააკავეთ გლადჩენკო, რომელიც დაკითხეთ და აღიარა თანხის მითვისება,“ – ეს გუშინდელ სხდომაზე ადვოკატმა რამინ პაპიძემ პროკურორ რამაზ შავაძეს უთხრა. გუშინ, 24 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა შვიდივე ყოფილი მაღალჩინოსანი. ასევე გადაწყდა, რომ ამ საქმეზე 6 აგვისტოს არსებითი განხილვა დაიწყება.
პროკურორმა ადვოკატს სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა. რამაზ შავაძემ თქვა, რომ „აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინაორებს“ და სასამართლო „ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ იგორ გლადჩენკოს ჩვენებასაც მოისმენს. ადვოკატ რამინ პაპიძის მტკიცებით კი, გლადჩენკო საქართველოში აღარ იმყოფება და პროკურატურა სასამართლოში მის წარმოდგენას ვერ შეძლებს.
იგორ გლადჩენკო საქართველოში 2014 წელს რეგისტრირებული შპს „მსუბუქი მშენებლობის ჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. ეს კომპანია გლადჩენკომ ზაურ ღვინიაშვილისგან იყიდა.
„დაახლოებით 10 წელია უკრაინაში ვეწევი სამშენებლო ბიზნესს, მშენებლობას ვახორციელებ მხოლოდ მსუბუქი ლითონის კონსტრუქციებით. 2014 წელს ანალოგიური საქმიანობის განხორციელების მიზნით ჩამოვედი საქართველოში… თარიღს ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს, რომ ზაურ ღვინიაშვილმა მითხრა, უნდა შევხვედროდით ქ. ბათუმის მერს. თუ საიდან და ვისი მეშვეობით დაიგეგმა აღნიშნული შეხვედრა, ჩემთვის უცნობია. შეხვედრაზე გიორგი ერმაკოვს გავაცანით ჩვენი პროექტები. გიორგი ერმაკოვმა მითხრა, რომ იგი დაინტერესებული იყო არა საბავშვო ბაღის, არამედ ხუთსართულიანი სოციალური სახლის მშენებლობით და მკითხა, თუ შემეძლო გამეკეთებინა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი,“ – აღნიშნულია იგორ გლადჩენკოს 2018 წლის ჩვენებაში. 2017 წელს მიცემულ ჩვენებაში კი ზაურ ღვინიაშვილი არ ფიგურირებს. აქ გლადჩენკო ამბობს, რომ ერმაკოვი თავისი კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი პრეზენტაციის დროს გაიცნო და მერისგან მსუბუქი კონსტრუქციებისგან სახლების მშენებლობაზე შეთავაზება იმ დღესვე მიიღო.
„ვინაიდან კომპანიას არ გააჩნდა საკმარისი გამოცდილება და სხვა, რათა გაემარჯვა ტენდერში, მას უარი ვუთხარი. ამასთან დავძინე, რომ თუ რომელიმე კომპანია გაიმარჯვებდა სახლების აშენების ტენდერში, ჩვენ მას შევთავაზებდით ჩვენს მომსახურებას…“ – აღნიშნავს იგორ გლადჩენკო 2017 წელს მიცემულ ჩვენებაში.
იგორ გლადჩენკოს თქმით, მან ხუთსართულიანი სახლის პროექტი გიორგი ერმაკოვს პირადად ხელზე გადასცა. შემდეგ ბათუმის ყოფილი მერი ტელეფონით დაუკავშირდა და ტენდერში მონაწილეობა შესთავაზა.
„მე უარი ვუთხარი იმ მოტივით, რომ ტენდერი ითვალისწინებდა ბეტონის საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს, რაშიც არ მქონდა გამოცდილება. ასევე ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო იყო სხვადასხვა დოკუმენტაცია, მათ შორის, საბანკო გარანტია, რომლის მოძიებაც დამატებით სირთულესთან იყო დაკავშირებული,“ – ამბობს იგორ გლადჩენკო.
გლადჩენკო არ აკონკრეტებს, რატომ სთხოვა მას ერმაკოვმა სოციალური სახლის პროექტის მომზადება და მიიღო თუ არა რამე სარგებელი.
გლადჩენკო იხსენებს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ, გვიან ღამით, მას უცნობი ქალბატონი დაუკავშირდა: „მითხრა, რომ მერიისთვის უნდა აეშენებინათ შენობა მსუბუქი ლითონის კონსტრუქციებით და თუ შემეძლო მიმეწოდებინა აღნიშნული კონსტრუქციები“. გლადჩენკო აღწერს, რომ მეორე დღეს ამ ქალთან ერთად, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, ვინმე ანარ ალაკბაროვსაც შეხვდა, რომელიც „იაფი სახლის“ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას „კონვენტ ჯორჯიას“ წარმოადგენდა.
2015 წლის 10 ნოემბერს „კონვენტ ჯორჯიას“ და გლადჩენკოს „მსუქბუქი მშენებლობის ჯგუფს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ამ კონტარქტის საფუძველზე გლადჩენკოს კომპანიას 2016 წლის თებერვალში ორ ტრანზაქციად ჩაურიცხეს ჯამში 1 მილიონ 61 ათასი. მთლიანობაში „კონვენტ ჯორჯიას“ გლადჩენკოს კომპანიისთვის ჯამში 2 მილიონ 85 ათასი ლარი უნდა ჩაერიცხა.
შეთანხმების მიხედვით, „კონვენტ ჯორჯია“ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, საძირკველს მოაწყობდა პირველი სართულის კონსტრუქციის ჩათვლით, ხოლო გლადჩენკო მსუბუქი მეტალის კონსტრუქციებს მიაწვდიდა კომპანიას, ასევე, მეტალო-პლასტმასის კარებსა და ფანჯრებს. გლადჩენკო აღწერს, რომ მასალების დიდი ნაწილი უკრაინაში უნდა შეეძინა, მაგრამ ავანასად თანხის ჩარიცხვა დაგვიანდა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში იგი ბათუმის მერთან მორიგ შეხვედრას იხსსენებს.
„მე 2015 წლის დეკემბერში ვითხოვე ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან აუდიენცია და შევხვდი მას… მერმა, გიორგი ერმაკოვმა მითხრა, რომ ის საქმის კურსში იყო და „კონვენტ ჯორჯიასთან” დასადებ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით რაღაც იურიდიული საკითხების გარკვევა იყო საჭირო და განხილვა მიდიოდა მერიის იურიდიულ განყოფილებაში“.
იგორ გლადჩენკოს მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები ვინმე ატრაფ ალაქბაროვისგან უნდა შეეძინა, ვისთანაც „კონვენტ ჯორჯიას“ ანარ ალაქბაროვმა დააკავშირა. გლადჩენკო ირწმუნება, რომ მან ანარის და ატრაფის ნათესაობის შესახებ არაფერი იცოდა და ატრაფ ალაქბაროვს 300 ათასი ლარი, შემდეგ კიდევ დამატებით 10 ათასი ლარი ჩაურიცხა.
„…როგორ გამოიყენა მან ეს თანხები, ჩემთვის უცნობია. მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეუსრულებია და ვაპირებ სასამართლოს მივმართო შესაბამისი სარჩელით თანხის უკან დასაბრუნებლად… მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებ,“ – ვკითხულობთ იგორ გლადჩენკოს სარჩელში.
ვერ იხსნებეს ვინ, მაგრამ იგორ გლადჩენკოს თქმით, მერიის თანამშრომლებმა მას ქარხნის ჩვენებაც მოსთხოვეს, რომელიც ფოთშია და რომელშიც სამშენებლო მასალების ნაწილი მუშავდებოდა. გლადჩენკოს განცხადებით, ფოთში მდებარე შპს „სტალდომ ელ ელ სი“ მისი პარტნიორია და მერიის წარმომადგენლები იქ მიიყვანა.
რამდენიმე დღეში გლადჩენკომ „კონვენტ ჯორჯიას“ წარმომადგენლისგან – ანარ ალაქბაროვისგან მიიღო შეტყობინება, რომ სოციალურ სახლზე „საძირკველი უკვე მოწყობილია“. ეს იყო 2016 წლის აპრილში, ანუ ამ დროისთვის გლადჩენკოს კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი – 1 მილიონ 61 ათასი ლარი „კონვენტ ჯორჯიასგან“ უკვე მიღებული ჰქონდა.
„მას უარი ვუთხარი კონსტრუქციების მიწოდებაზე, რადგან არღვევდა კონტრაქტის პირობებს, არ რიცხავდა შემდეგ თანხებს. მან მიპასუხა, რომ ფინანსური სირთულეები აქვს და იღებს კრედიტს ბანკიდან… ამის შემდეგ მე ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა დამირეკა, მთხოვა შეხვედრა, რომ გაგვერკვია, თუ რატომ არ მიმდინარეობდა მშენებლობა“, – აღნიშნავს იგორი.
ჩვენების მიხედვით, გიორგი ერმაკოვთან მორიგ შეხვედრას ანარ ალაქბაროვიც ესწრებოდა, რომელმაც, იგორის მტკიცებით, დაადასტურა კონტრაქტის პირობების დარღვევა. იგორის თქმით, მას ერმაკოვმაც სთხოვა დროულად მიეწოდებინა „კონვენტ ჯორჯიასთვის“ სამშენებლო მასალები.
იგორ გლადჩენკო აქვე საინტერესო დეტალს ახსენებს. „პროექტით გათვალისწინებული იყო მთლიანი კორპუსის მოთუთიებული მეტალის კონსტრუქციებით აწყობა, რაც არ იქნებოდა ჩვენი გათვლებით მყარი და მდგრადი… ამის თაობაზე ვისაუბრე სამშენებლო ობიექტის ტექნიკურ ზედამხედველთან. მას ჩემთვის პირობა არ მოუცია, რომ შევიდოდა პროექტში ცვლილებები. ეს საკითხი უნდა მოეწესრიგებია ანარ ალაქბაროვს,“ – უთხრა იგორ გლადჩენკომ გამოძიებას.
ჩვენების მიხედვით, ბათუმში იგორ გლადჩენკომ შავი მეტალი ნაწილობრივ ჩამოიტანა და ჯავახიშვილის 78 ა-ში მიიტანა, ანუ იქ, სადაც „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო. ამ პერიოდში ის ანარსაც უკავშირდებოდა და სრული თანხის ჩარიცხვას სთხოვდა. იგორ გლადჩენკოს აღწერით, ანარი იმ დღეებში აზერბაიჯანში წავიდა ბანკიდან სესხის ასაღებად და მას შემდეგ ტელეფონზე აღარ უპასუხა. მისივე თქმით, სამშენებლო მასალები თავად „კონვენტ ჯორჯიას“ სამშენებლო ჯგუფს უნდა დაემუშავებინა, მაგრამ ასე არ მოხდა.
„ყველა მასალას მივაწოდებდი მათ მას შემდეგ, რაც მთლიანად გადამიხდიდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას… ყველა შეძენილი მასალა დასაწყობებულია უკრაინაში მწარმოებლების საწყობებში და მხოლოდ მათი საქართველოში ჩამოტანაა საჭირო. მხოლოდ მეტალის კონსტრუქციების მცირე ნაწილია ფოთში დასაწყობებული,“ – ამბობს იგორ გლადჩენკო.
გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, იგორ გლადჩენკომ მისთვის ჩარიცხული 1 მილიონ 61 ათასი ლარით შეიძინა სამშენებლო მასალები, რომლის ნაწილიც ახლა მერიის საცავშია, დიდი ნაწილი კი – უკრაინაში. 300 ათასად შეძენილი კარ-ფანჯრები კი გლადჩენკოს საერთოდ არ მიუღია. ამ ტრანზაქციების ჯამი დაახლოებით 959 ლარია. გლადჩენკოს კი 1 მილიონ 61 ათასი ლარი ჩაურიცხეს.
ამ ციფრების დასახელების შემდეგ გაუჩნდა გამომძიებელს შეკითხვა ნაშთზე, რომელიც ასევე არ დაუბრუნებიათ ბიუჯეტში: „სად წავიდა 101 020 ლარი?“. გამომძიებელს მოწმემ უპასუხა, რომ იგი, სავარაუდოდ, „კონვერტაციაში გაიხარჯა“.
მთავარი ფოტო: ადგილი, სადაც „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში 1 427 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება. ამ მუხლით გამოძიება მაშინ იწყება, როცა სახეზეა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, ან სიკვდილი გამოიწვია. კანონით გათვალისწინებული სასჯელი მძიმდება, თუ კი მძღოლი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.
სამი თვის განმავლობაში ავტოავარიის შედეგად საქართველოში დაშავდა 1 929 და დაიღუპა 108 ადამიანი. აქედან, 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს აჭარაში.
ბოლო სამი თვის განმავლობაში 108 დაღუპულიდან 7 ადამიანი ქვეითი იყო. 4 მათგანი 61 წელს იყო გადაცილებული.
შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში ავარიის გამომწვევი ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზი იყო:
შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 101 [დაიღუპა 12 ადამიანი]
სიჩქარის გადაჭარბება – 76 [დაიღუპა 14 ადამიანი]
საჭის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 43 [დაიღუპა 1 ადამიანი]
დისტანციის დაუცველობა – 43 [დაიღუპა 2 ადამიანი]
გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა – 39 [დაიღუპა 2 ადამიანი]
საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა – 35 [დაიღუპა 2 ადამიანი]
სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა – 797 [დაიღუპა 38 ადამიანი]
მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ – 1 და ა.შ.
ბოლო სამ თვეში ავარიაში მოხვდა 52 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება; 850 მსუბუქი ავტომანქანა [დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა – 51, სწორედ მსუბუქ ავტომანქანებზე მოდის]; 58 სატვირთო; 58 მოტოციკლი და სხვა სატრანსპორტო საშუალებები.
შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 224 ადამიანი დაიღუპა და 3 708 დაშავდა.
შაბათს, 27 ივლისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზედა პარკში „ყვავილების ფესტივალი“ გაიმართება.
ფესტივალი 13:00 საათზე დაიწყება.
ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობენ რეგიონის ცნობილი სანერგე მეურნეობები, ფიზიკური პირები, ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური, „ევრო ეზო“, ყვავილების სალონი „მარიანა“ და „ჯეაპეიზაჟგორგია“.
ფესტივალზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება შეიძინოს როგორც მოყვავილე, ისე დეკორატიული მცენარეები.
ბოტანიკური ბაღის ცნობით, ფესტივალზე მოსახვედრად უახლესი შესასვლელებია „მწვანე კონცხი“ და უღელტეხილი.
გიორგი ხორგუაშვილი მამისეულ სახლში ცხოვრობს, თუმცა სახელმწიფოს მისი გამოსახლება ნებისმიერ დროს შეუძლია. კასპში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც ახლა გიორგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სახელმწიფოს საკუთრება მას შემდეგ გახდა, რაც გიორგის დედინაცვალი გარდაიცვალა – კანონი მემკვიდრეობის გერისთვის დატოვებას არ ითვალისწინებს. გიორგი ხორგუაშვილმა პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
თავად გიორგი ხორგუაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო. სარჩელი, რომლითაც გიორგიმ სასამართლოს მიმართა, წერია, რომ გიორგის მამა – იაკობ ხორგუაშვილი ნინა კოშაძეზე 1986 წელს დაქორწინდა. ნინა გიორგის დედინაცვალი იყო და სახლი კანონისმიერი მემკვიდრეობის პრინციპით ამ ქალის საკუთრება 1990 წელს გახდა, როცა გიორგის მამა გარდაიცვალა. დედინაცვალს ანდერძი არ დაუტოვებია. მას არც შვილები ჰყოლია, არც მშობლები, დები ან ძმები, რომლებიც მემკვიდერობას მიიღებდნენ. შესაბამისად, სახლი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული სამოქალაქო კოდექსის ნორმები განსაზღვრავს კანონით მემკვიდრეობის უფლების მქონე პირების ზუსტ და ამომწურავ ჩამონათვალს. ეს ჩამონათვალი არ მოიაზრებს გარდაცვლილი მამკვიდრებლის გერს.
„ჩვენი პოზიცია არის ის, რომ როცა არსებობს ოჯახური ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემა, როცა გერი იღებს დედინაცვლის ან მამინაცვლის მიმართ მატერიალური დახმარების ან მორალური მხარდაჭერის ვალდებულებას, ამ შემთხვევაში კანონმდებელი უნდა ითვალისწინებდეს გერის მემკვიდრედ ცნობას. ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რომ გერი უთანაბრდებოდეს შვილს,“ – ამბობს გიორგი გოცირიძე, საია-ს იურისტი. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი ხორგუაშვილის ინტერესებს იცავს.
„საქართველოში არსებული პრაქტიკა არ არის ამ ქვეყნის სიახლე. მსგავსი მიდგომა აქვს ევროკავშირის ქვეყნების 99 %-ს,“ – განმარტავს ქრისტინე კუპრავა, პარლამენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში. კუპრავა ყურადღებას ამახვილებს დასავლურ მიდგომაზე, რომელიც კანონისმიერი ანდერძის დროს სისხლით ნათესავებისთვის ითვალისწინებს მემკვიდრეობის დატოვებას.
„ჩვენი სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ორ მიდგომას: ანდერძი და კანონით მემკვიდრეობა. თუკი ანდერძი არ დაუტოვებია მამკვიდრებელს. აქ ერევა უკვე კანონმდებელი, რომელმაც უნდა გაანაწილოს ქონება. კანონმდებლის მიდგომა არის მეტად ფრთხილი და ის არჩევანს აკეთებს მხოლოდ სამართლებრივად დადასტურებულ აქტებზე, მაგალითად, ქორწინებასა და შვილად აყვანაზე. მხოლოდ ეს ორი შემთხვევაა გათვალისწინებული, როცა პირი მამკვიდრებლის სისხლისმიერი ნათესავიც არ არის და იღებს ქონებას. თუ გერს მივიჩნევდით მორალური და ზნეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე ოჯახის წევრად, შესაძლებელია, მსგავსი პრეტენზია გაუჩნდეს სხვა ადამიანსაც, რომელიც ფაქტობრივად მასთან ცხოვრობდა,“ – გვითხრა ქრისტინე კუპრავამ.
პარლამენტის წარმომადგენელს ეთანხმება, თუმცა დასავლურ პრაქტიკაში განსხვავებულ მიდგომაზე საუბრობს საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე. იგი ამბობს, რომ გერმა შესაძლოა მიიღოს მემკვიდრეობა, მაგალითად, პოლონეთში, თუმცა იგი მხოლოდ ბოლო რიგის მემკვიდრედ მიიჩნევა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა მიდგომაა. მაგალითად, კალიფორნიაში გერი არის შვილთან გათანაბრებული, თუკი დასტურდება, რომ მამკვიდრებელს ჰქონდა მისი შვილად აყვანის განზრახვა,“ – დასძენს გიორგი გოცირიძე.
გიორგი ხორგუაშვილი სასამართლოში თანასწორობისა და მემკვიდრეობის უფლების დარღვევას ასაჩივრებს. საია-ს იურისტი აღნიშნავს, რომ საქმე გვაქვს დისკრიმინაციასთანაც.
„მაგალითად, კანონმდებლობით დედინაცვალს ან მამინაცვალს ეკისრება ალიმენტის გადახდა გერის მიმართ ისევე, როგორც გერს აქვს შრომისუუნარო დედინაცვლის ან მამინაცვლის რჩენის ვალდებულება… კანონი ითვალისწინებს შემთხვევასაც, როცა ადამიანი მოთავსებულია მოხუცთა ორგანიზაციაში, უვლიან მოხუცს და შემდეგ მისი ქონება გადადის ამ ორგანიზაციის საკუთრებაში. გერის შემთხვევაში კი, შეღავათი არ ვრცელდება. ეს არის დისკრიმინაციული,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე.
სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. დღეს, 25 ივლისს, ამ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
დღეს, 25 ივლისს, ხულოში ავარიის შედეგად დაიღუპა ბაბუა და შვილიშვილი, მეშვიდეკლასელი გოგო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ისინი მთაში, იალაღებზე მიდიოდნენ „უაზის“ ტიპის მანქანით.
მანქანა გზიდან ხევში გადავარდა, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გამოიყვანა შემთხვევის ადგილიდან.
დაღუპულები ღორჯომის თემიდან არიან. ბაბუა და შვილიშვილი მთაში, იალაღებზე მიდიოდნენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარია დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბათუმის როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე პერიფერიულ უბნებშიც, ზებრა გადასასვლელები გარკვეულ ადგილებში მთლიანად წაშლილია, ზოგან კი – ნაწილობრივ.
ზებრა გადასასვლელზე წაშლილია თეთრი საღებავი ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაშიც. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელებიქალაქის დიდ ნაწილში წაშლილია ავტობუსის გაჩერებების ნიშნულებიც. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ასეთივე მდგომარეობაა ასათიანის პარალელურ – პუშკინისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებზე. ზებრა გადასასვლელებზე ნიშნულების გაკეთება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ვალდებულებაა. როგორც კომპანიაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ნიშნულების მოხაზვა დაწყებულია, თუმცა როდის დასრულდება, კომპანიაში ვადებს ვერ აკონკრეტებენ.
ასათიანის ქუჩაზე ზებრა გადასასვლელზე თეთრი ხაზები მთლიანად წაშლილია.
„საღებავები შეძენილია და გეგმის მიხედვით მოხდება ნიშნულების გაკეთება,“ – გვითხრეს კომპანიის პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, უკვე დაწყებულია გაჩერებებისა და ზებრა გადასასვლელების მონიშვნა გორგილაძის ქუჩაზე, თუმცა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გაჩერებებსა და გადასასვლელებზე ისევ ძველი საღებავია შემორჩენილი.
ზებრა გადასასვლელი წაშლილია თავდადებულის ქუჩაზეც.
„დაიხაზა ხიმშიაშვილის ქუჩა და აეროპორტისკენ ანწუხელიძის ქუჩა, წვიმამ შეგვიშალა ხელი და როცა გამოიდარებს, ისევ განვაახლებთ სამუშაოებს. საღებავი მიღებულია, ჯგუფი არის, ტექნიკა არის და მთელი ქალაქი მოიხაზება, თუმცა დღეში 10-15 ხაზზე მეტს ვერ ვასწრებთ,“-გვითხრა ბესო დათიაშვილმა, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.
ღორჯომის თემში ხულოს მერის წარმომადგენლის, თემურ ირემაძის ინფორმაციით, მთა სამარილესთან უაზის ტიპის ავტომანქანა ხევში გადავარდა.
„ბათუმელებს“ ხულოს სასწრაფო დახმარების სამსახურში უთხრეს, რომ ავარიის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი – ბაბუა და შვილიშვილი, კიდევ ერთი დაშავებული კი სასწრაფო სამედიცინო სამსახურს მთიდან მუნიციპალიტეტის მიმართულებით გადაჰყავს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპულები ღორჯომის თემის მკვიდრნი იყვნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოიძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები. ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად კი, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.
ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი თავის მხრივ, მადლობას უხდის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი უნიკალური როლისთვის, დაეარსებინათ თიბისი ბანკი რთულ 90-იან წლებში. ასევე, თავიანთი უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბანკის წარმატებით განვითარებაში და მის გადაქცევაში ერთ-ერთ უდიდეს და რესპექტაბელურ კომპანიად სამხრეთ კავკასიაში.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეცდეებიან კვლავ შეუერთდნენ თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს, მას შემდეგ, რაც ბრალდებები მათ წინააღმდეგ გაქარწყლდება. სამეთვალყურეო საბჭო ღრმად არის დარწმუნებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება როდის გაქარწლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ, მათ შორის, დავა ფულის გათეთრების შესახებ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალუყურე საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე. არჩევანი მასზე გაკეთდა მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.
27 ივლისს აჭარის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა – „ბათუმი ევროპული ქალაქი“. ფოტოებზე ასახულია 1880-1921 წლების ბათუმი.
კერძოდ, გამოიფინება ფოტოებზე ასახული ბათუმში არსებული ევროპული ქვეყნების საკონსულოების შენობები და ამ პერიოდში მოღვაწე ბათუმთან დაკავშირებული ცნობილი ევროპელების ფოტომასალები.
მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენის დროს დაგეგმილია ჯინჭარაძის ქუჩის გადაკეტვა, სადაც გამოიფინება იმ პერიოდის ფოტოები და მუზეუმში დაცული სხვადასხვა ექსპონატი. გამოფენა 14:00 საათზე გაიმართება.
„გვექნება უფასო ბათუმური ყავა და ღვინო, ღონისძიებას გააფორმებს სიმებიანი კვარტეტი“, – გვითხრეს მუზეუმის პრესსამსახურში.
„მედალფამ“ 2019 წლის 20 ივლისს, ბათუმში გახსნა ახალი, თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური კლინიკა – „მედალფა ბონის კლინიკა“.
„მედალფა“ მზარდი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამედიცინო ბაზარზე. დღეისათვის იგი 7 კლინიკას აერთიანებს საქართველოს მასშტაბით: თბილისში, ბათუმში, მახინჯაურში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და კასპში.
ჰოსპიტალურმა ქსელმა „მედალფა“ 2016 წელს ბათუმში შეიძინა ყოფილი მეორე კლინიკური საავადმყოფოს შენობა და მოახდინა მისი სრული რეაბილიტაცია-მოდერნიზება. დღეისათვის „მედალფა ბონის კლინიკა“ 55 საწოლზეა გათვლილი, რომელიც ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. კლინიკა მომსახურებას უწევს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პაციენტებს. კლინიკაში ფუნქციონირებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების განყოფილება.
ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ პირველია საქართველოში, რომელიც სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი წამყვანი იაპონური ფირმის „Hitachi” ოფიციალური პარტნიორია (შპს „ინტერმედსერვისის“ მეშვეობით).
„მედალფა ბონის კლინიკა“ მუდმივად შესთავაზებს მოსახლეობას საინტერესო სამედიცინო სიახლეებს და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის პროგრამას. პირველი ასეთი პროგრამა უკავშირდება კლინიკის ოფიციალური გახსნას და მოიცავს ექიმ-სპეციალისტთა უფასო კონსულტაციას და განსაკუთრებულ ფასდაკლებას როგორც კლინიკურ-ლაბორატორიულ, ისე მაღალტექნოლოგიურ სადიაგნოსტიკო კვლევებზე.
2019 წლის 16 ივლისის ჩათვლით მშენებლობებზე 12 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. საჯარო ინფორმაცია სამშენებლო ობიექტებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა. მშენებლობაზე დაღუპვის ბოლო შემთხვევა თბილისში 16 ივლისს მოხდა – დაიღუპა 16 წლის ბიჭი.
მშენებლობებზე დაღუპვის ყველა შემთხვევა თბილისში მოხდა, დაშავების 4 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა, 1 – ქუთაისში.
სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლამდე სამინისტრო ძირითადად პროფესიული კავშირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. წელს კი კანონმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ დამსაქმებელი დაავალდებულა, უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 24 საათის განმავლობაში მიაწოდოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციას. სამინისტროს ინფორმაციით, „წლის ბოლოს წარმოადგენს შრომის ინსპექცია სრულყოფილ სტატისტიკურ მონაცემებს“.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს მშენებლობებზე 16 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, 2017 წელს კი, 17 მუშა დაიღუპა, დაშავდა – 22.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ივლისის 21 საათიდან 26 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – ყველგან, დღისით კი ზოგან იწვიმებს.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 7– 12 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 15-20 დმ –4 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 27-28 ივლისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
101 წიწვოვანი და 13 კაკლის ხის უკანონოდ მოჭრის ფაქტი ხელვაჩაურსა და შუახევში გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეებმა ხეების ჭრა და შემდეგ მათი ტრანსპორტირებაც შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს.
შუახევის მუნიციპალიტეტში გარემოსდამცველებმა აღმოაჩინეს 2 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროც.
დაწყებულია გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მკვლელობაში ბრალდებულ ჯუმბერ აბაშიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. მკვლელობა 2018 წლის 28 ნოემბერს მოხდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, თუმცა მალევე პროკურატურამ ამ საქმეში პოლიტიკური მოტივი გამორიცხა და მკვლელობის მიზეზად პირადი შურისძიება დაასახელა.
საქმის მასალების მიხედვით, მოკლული მამია ცეცხლაძე იმ დღეს არჩევანის გასაკეთებლად ჩაისუბნის ცენტრში მივიდა, შემდეგ კი საკუთარი ავტომანქანით სახლში მარტო ბრუნდებოდა. გზაში შემხვედრი, მოძრავი ავტომანქანიდან მას მოულოდნელად ესროლეს. მსჯავრდებულმა ჯუმბერ აბაშიძემ თანასოფლელს ავტომანქანით მოძრაობის დროს სანადირო თოფიდან ესროლა.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულის ახლობლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ტრაგედია წინა გამოუძიებელი საქმის შედეგია – „2005 წელს, ცხონებულმა სიმთვრალეში შეკამათების დროს, ფეხში დაჭრა ჯუმბერი და ფეხი მოსაჭრელი დარჩა“, – გვითხრეს ოჯახის ახლობლებმა. მსჯავრდებული პროთეზს ატარებს.
2005 წლის შემთხვევის შემდეგ მსჯავრდებული ცოლთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობდა და საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. მსჯავრდებული 37 წლისაა.
„თქვენ ამბობთ, რომ ამ ადამიანებმა გაფლანგეს ფული, თუმცა ერთი მტკიცებულებაც არაა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებს ანგარებას, რომ ბრალდებულებმა რაიმე სახის ფინანსური სარგებელი მიიღეს… სამაგიეროდ, თქვენ არ დააკავეთ გლადჩენკო, რომელიც დაკითხეთ და აღიარა თანხის მითვისება,“ – აღნიშნა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა, რამინ პაპიძემ. დღეს, 24 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო სხდომის შემდეგ რამინ პაპიძემ განმარტა, რომ ამ საქმეში მოწმის სახით დაკითხული იგორ გლადჩენკო იმ უკრაინული კომპანიის წარმომადგენელია, რომელიც „იაფის სახლის პროექტის“ განმახორციელებელი – „კონვენტ ჯორჯიას“ ქვეკონტრაქტორი იყო. გამოძიება დაკავებული 7 მაღალჩინოსნიდან სამს – გია ერმაკოვს, ბაგრატ ხალვაშს და არჩილ ვანაძეს სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება. ადვოკატი კი ირწმუნება, რომ პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და ამ დრომდე არ დაუკავებიათ ის პირები, ვინც ეს ფული – 1 მილიონ 300 ათასი ლარი მიითვისა. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ „პროკურატურაა გარეული კორუფციულ გარიგებაში“.
ადვოკატის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს პროკურორი რამაზ შავაძე. მისი თქმით, სახელმწიფო ფულის მითვისების საქმე ცალკეა გამოყოფილი და „მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“.
რატომ ვერ დააკავა პროკურატურამ ის პირები, რომლებმაც ბიუჯეტის ფული მიითვისეს? – ვკითხეთ პროკურორს.
„სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იქნებიან მოწმეები, მათ შორის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნება გლადჩენკო, ჩვენ ღიად და გამჭვირვალედ მოვისმენთ მის ჩვენებას… რაც შეეხება მის დაკავებას, მოგეხსენებათ, რომ პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას სჭირდება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. თუკი იქნება მტკიცებულება დასაბუთებული ვარაუდი, სისხლის სამართლის დევნა განხორციელდება ნებისმიერი ბრალეული ქმედების ჩამდენი პირის მიმართ,“ – გვითხრა პროკურორმა რამაზ შავაძემ.
ადვოკატი რამინ პაპიძე კი ამბობს, რომ სადავო მილიონ 370 ათასი სწორედ უკრაინულ კომპანიას ჩაერიცხა და გლადჩენკოს ჩვენებაში ჩანს ამავე პირის ბრალეულობა. ადვოკატი ეჭვობს, რომ გლადჩენკოს ჩვენებას ვერ მოისმენს სასამართლო. „ის უკვე საზღვარგარეთაა. გამოკითხეს და გაუშვეს,“ – დასძინა ადვოკატმა.
ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს „იაფი სახლის“ საქმის გამო დააკავა. დაკავებულებს, მათ შორის ბათუმის ყოფილ მერს, გია ერმაკოვს, 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებიან.
ბათუმის მერიის მაღაჩინოსნები პროკურატურამ 30 მაისს დააკავა.
გაჩეჩვა, მოთექვა, ღებვა, მერე კომპოზიციის აწყობა და ხატვა – ასე ამბობს თავის სათქმელს მ.გ. თექაზე მუშაობით. ფერების შეხამება და მატყლის დამუშავება მისთვის სიამოვნება და სტრესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პატიმრობის წლებში – 49 წლის ქალმა საპატიმროში 2 წელიწადი და 2 თვე გაატარა. თექაზე მუშაობაც იქ ისწავლა და მას შემდეგ არ გაჩერებულა.
„რუსთავის ციხეში ვისწავლე ყველაფერი, იქ ერთი ქალბატონი იყო, რომელმაც სტრესის დასაძლევად მასწავლა თექაზე მუშაობა. მატყლს ოჯახში ყოველთვის ვამუშავებდით, მაგრამ შეღებვა, მოთექვა და მერე ხატვა სულ სხვა რამეა, რაც მამშვიდებს და მაბედნიერებს, ამ საქმემ წამომაყენა ფეხზე,“ – ამბობს ყოფილი პატიმარი.
თექა/ყოფილი პატიმრის ნამუშევარი
თუმცა მხოლოდ სასიამოვნო ჰობი რვასულიანი ოჯახის სარჩენად საკმარისი არ არის, მ.გ-ს მეუღლე ახლა თურქეთში ჩაის საკრეფადაა წასული, მერე თხილის კრეფაზე იმუშავებს, თექის ნამუშევრები კი თვეში ერთხელ თუ გაიყიდება – ამ შემოსავალს ვერ დაეყრდნობი.
ნამუშევრებს მ.გ. საბოლოოდ ჩარჩოში სვამს, მით უფრო, თუ გასაყიდად ამზადებს. აქამდე ჩარჩოების შეძენის საშუალება არ ჰქონდა, ახლა კი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრისა და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დახმარებით ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ჩაერთო და ჩარჩოების დასამზადებელი დაზგაც შეიძინა.
თექა/ყოფილი პატიმრის ნამუშევარი
„2015 წელს დამიჭირეს, 2017-ში გავთავისუფლდი. 53 წლის ვარ, მაშინ 49-ის ვიყავი. როცა ყოფილი პატიმრები ერთად ვიკრიბებით, ციხეს არ ვახსენებთ, იმდენად შემზარავი იყო თავისუფლების შეზღუდვა, რომ პატიმრობის წლების ხსენება თუ მაინც გვიწევს, „აკადემიის წლებს“ ვახსენებთ.
პატიმრობა იყო გამოცდა, რომელიც ჩავაბარე და გარეთ ნათელი გონებით გამოვედი. ახალი ფურცლიდან დავიწყე ცხოვრება. დღემდე უამრავ ადამიანს ვეხმარები ჩემი შემართებით. როცა ადამიანი ეცემა, ყოველთვის მომხრე ვარ, ფეხზე წამოდგომისკენ ვუბიძგო, ძალა მივცე და ,,უი, რა ცოდო ხარ“ დამოკიდებულება არ მქონდეს.
თექა/ყოფილი პატიმრის ნამუშევარი
მ.გ. ამბობს, რომ დაზგისთვის ხერხი, შალაშინი და სხვა დამატებითი ხელსაწყოებიცაა საჭირო, რომ სრულფასოვნად დაამზადოს თექის ნამუშევრებისთვის ჩარჩოები. ოჯახს რომ დაეხმაროს, სხვა საქმეებსაც ითავსებს, ზამთარში მოხუცსაც უვლიდა დროებით, თუმცა ყოფილ პატიმარს სტაბილური სამსახური არ აქვს და მისი მრავალსულიანი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო პენსიონერის 200 ლარია.
თექა/ყოფილი პატიმრის ნამუშევარი
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მერიის 7 ყოფილი მაღალჩინოსანი, ვისაც გამოძიება ედავება თანხის მითვისების ან გაფლანგვის მუხლის დარღვევას, რამდენიმე მათგანს კი მხოლოდ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
ადვოკატებმა სასამართლოს ბრალდებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლება შესთავაზეს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში 100 ათასი ლარი იყო. პროკურორების პოზიციით კი, ახალი გარემოება არ გვაქვს და მოწმეთა ზემოქმედების საფრთხე ისევ არსებობს.
“მე ვერ დავაჯგუფე ვერც ერთი ბრალდებული… ეს უნდა გაირკვეს არსებითი განხილვის დროს, ვინაა დამნაშავე და ვინ – არა,” – აღნიშნა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.
მოსამართლემ ადვოკატებს ასევე უთხრა, რომ ის განიხილავს, მაგალითად, ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლების საქმეს, სადაც ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში არ არიან.
“ამიტომაც ყველა საქმე ინდივიდუალურია… მე ვფიქრობ, რომ ობიექტური ვარ,” – დასძინა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ სასამართლო სხდომის ბოლოს.
ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს „იაფი სახლის“ საქმის გამო დააკავა. დაკავებულებს, მათ შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გია ერმაკოვს, 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებიან.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონი, ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს. როგორც ელგუჯა ბაგრატიონი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით და ასევე ადმინისტრაციული კოდექსით დაიწყო გამოძიება.
როგორც ელგუჯა ბაგრატიონი გვეუბნება, პირველი მუხლი სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს, მეორე შემთხვევაში კი, მას ხმაურის გამო ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში ელგუჯა ბაგრატიონს მოუწევს „ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით 1 წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.
„გააღვიძე ოლიგარქი“- ამ სლოგანით რამდენიმე კვირაა ენმ და სხვა აქტივისტები საპროტესტო აქციებს მართავენ შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც ასევე გაშლილია კარავი მოშიმშილეებისთვის.
„მედავებიან სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას. აქციები როცა დაიწყო და მოშიმშილეების კარავი დავდგით, რეზიდენციის ღობეზე დაამონტაჟეს ვიდეოთვალი, კარვის პირდაპირ. ჩვენ გვინდოდა, რომ კამერა სხვა მიმართულებით შეგვებრუნებინა და მოძრაობის დროს ვიდეოთვალი გადაბრუნდა, თუმცა ძირს არ დავარდნილა. შესაბამისად, ვერც დაზიანდებოდა.
ჩვენ დაცვას დავუძახეთ, მაგრამ ხმა არ გაგვცა, თუმცა შეტყობინება გააკეთეს პოლიციაში“, – გვითხრა ელგუჯა ბაგრატიონმა.
მისივე ინფორმაციით, ვიდეოთვალი ექსპერტიზაზე იყო გადაგზავნილი, თუმცა ექსპერტიზის დასკვნას არ გაცნობიან.
რაც შეეხება მეორე ბრალდებას, ბაგრატიონი ამბობს, რომ მას საპროტესტო აქციების გამო ედავებიან: „აქციაზე ხმაური იქნება, ბუნებრივია, თუმცა რატომ მხოლოდ მე მედავებიან, არ ვიცი. ადგილზე რომ მივალ, ვნახოთ რას მეტყვიან.“
ბაგრატიონი ამბობს, რომ ის ერთ-ერთი ორგანიზატორია იმ აქციების, რომელიც ბოლო ერთი თვეა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთან ყოველ საღამოს იმართება.
შეკვეთილის აქციები, თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების სოლიდარობის ნიშნად დაიწყო, თბილისში მოწყობილი „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დემონსტრანტები შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
მშვიდობიანი აქცია თბილისში დღესაც გაიმართება.
რაც შეეხება შეკვეთილს, ენმ-ს წარმომადგენლის, რეზო ხარაზის თქმით, ელგუჯა ბაგრატიონის გარდა, შესაძლოა პოლიციაში სხვა აქტივისტებიც დაიბარონ.
ბათუმში, გამსახურდიას N35-ში მდებარე წმინდა თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ღირებულება 700 ათასი ლარია და მას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.
პროექტის განხორციელების ინიციატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა, რომელმაც რეაბილიტაციის პროექტი 2017 წელს შეიძინა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული. დღეს იგი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია.
კმდს-ს ინფორმაციით, „ქართუ“ დააფინანსებს ბათუმში ,,ღვთისმშობლის შობის‘’ სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციასაც.
სააგენტოს ინფორმაციით, ფონდ ,,ქართუსთან“ არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი ბათუმში არსებულ კიდევ რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას ჩაატარებს. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩატარდება ნოე ჟორდანიას ქ. N14-ში, მაზნიაშვილის ქN6/აბაშიძის 15-ში, კ. გამსახურდიას ქ.N13/აბაშიძის ქ.N23-ში.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ჯამში 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
მთავარი ფოტო: თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესია ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე