მთავარი,სიახლეები

ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს

25.07.2019 • 1191
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს

დღეს, 25 ივლისს, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს ტელეკომპანია რუსთავი  2-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ.

შს სამინსიტროს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დააკავეს. ეს მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ში ამბობენ, რომ ამ საქმეზე ოქრუაშვილის გარდა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში,“ – აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება დანარჩენ 4 დაკავებულს, შსს-ში აცხადებენ, რომ ისინი ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და პარლამენტში შეჭრას ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ:

„აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას,“ – ამბობენ უწყებაში.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ამ დროისთვის 17 პირს აქვს ბრალი წარდგენილი. მათ შორის, დეპუტატ ნიკა მელიას.

ირაკლი ოქრუაშვილი უცხოეთში იმყოფებოდა და რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მან განაცხადა, რომ რ2 მისია და აქვს დოკუმენტი, სადაც ქიბარ ხალვაში ხელმოწერით ადასტურებს, რომ ის ნომინალური პირი იყო და ტელევიზია ვარდების რევოლუციის დროს რეალურად ოქრუაშვილმა იყიდა. ხალვაში დოკუმენტს ყალბს უწოდებს.

ბოლო დღეების განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილმა ასევე  განაცხადა, რომ 2014-დან 2016 წლამდე პროკურატურაში საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს ატარებდა. მისი თქმით, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და სააკაშვილის საქმეებზე მის მიერ მიცემული ჩვენებების ნაწილი ობიექტური იყო, ნაწილი კი – ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით ნათქვამი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: