მთავარი,სიახლეები

ერთი სული მაქვს, როდის მოვა მეფე, რომ საჯაროდ მოაჭრას თავი ღვთისმგმობელებს – დეკანოზი

26.07.2019 • 6261
ერთი სული მაქვს, როდის მოვა მეფე, რომ საჯაროდ მოაჭრას თავი ღვთისმგმობელებს – დეკანოზი

ფეისბუქზე დეკანოზ ბასილ ახვლედიანის ქადაგებიდან ვიდეოფრაგმენტი გავრცელდა, სადაც დეკანოზი ამბობს, რომ ერთი სული აქვს, როდის მოვა მეფე და საჯაროდ მოაჭრის თავს ღვთისმგმობელებს. იგი ასევე დასძენს, რომ არ არის სირცხვილი სიკვდილით დასჯა.

„დღეს გვაქვს ტელევიზია, იგივე რუსთავი 2 თუ სხვა, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ ჩვენს აზროვნებას, ჩვენს ფასეულობებს და ჩვენ ვართ ეკლესია და მართლმორწმუნეები, რომლებიც როგორც მოცემულობას, ისე აღვიქვამთ და არ გვაქვს სურვილი, მივიდეთ, დავუშვათ და დავამხოთ, ავაფეთქოთ, დავშალოთ და დავარღვიოთ, დავუშვათ და აღვუდგეთ წინ, უკვე თუნდაც სისხლის დაღვრით ამ ბოროტებას. არა, სახელწიფო გვეუბნება, რომ ეს არისო 21-ე საუკუნე და ადამიანის უფლებები.

მე ვაკეთებ ერთ დასკვნას და ერთი სული მაქვს, როდის მოვა მირონცხებული მეფე სათავეში და რომ დაიყენოს ყველა მოედანზე, ღვთისმგმობი და მქადაგებელი ადამიანები, გააფრთხილოს ერთჯერ და მეორეჯერ თავი მოაჭრას იმ ძველი ხმლით თუნდაც, რომელიც მუზეუმებში ინახება. საჯაროდ მოაჭრას. არ არის სირცხვილი სიკვდილით დასჯა,“ – ამბობს დეკანოზ ბასილ ახვლედიანი.

რა რეაქცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს, როცა მაღალი წოდების სასულიერო პირი ამბიონიდან ხმლით თავის მოჭრაზე საუბრობს? –  „ბათუმელები“ კომენტარისთვის საპატრიარქოს პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ მღვდელმთავრები და ამის შესახებ გვაცნობებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: