მთავარი,სიახლეები

რა წერია პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში – „ერმაკოვისა და 6 მაღალჩინოსნის საქმე“

25.07.2019 • 2404
რა წერია პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში – „ერმაკოვისა და 6 მაღალჩინოსნის საქმე“

„სად იქნა დახარჯული 101 020 ლარი?“ – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც გამომძიებელმა იგორ გლადჩენკოს 2018 წელს გამოკითხვის დროს დაუსვა. იგორ გლადჩენკო კომპანია „მსუბუქი მშენებლობის ჯგუფის“ გენერალური დირექტორია. ამ კომპანიას ბათუმში, „იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებულმა – „კონვენტ ჯორჯიამ“ 1 მილიონ 61 ათასი ლარი ჩაურიცხა.

გამომძიებლის შეკითხვას გლადჩენკომ კონკრეტულად ვერ უპასუხა. მან თქვა, რომ „დიდი ნაწილი გახარჯულია თანხების კონვერტაციისას“ და „გარკვეული თანხები გახარჯულია წვრილმანებში“. ამავე ჩვენებაში იგორ გლადჩენკო აღწერს, როგორ და ვისი დახმარებით შეხვდა იგი გიორგი ერმაკოვს და რა მოხდა შემდეგ.

იგორ გლადჩენკო გამოძიებამ ორჯერ დაკითხა: 2017 წლის 17 ნოემბერს და 2018 წლის 24 აგვისტოს. ეს ჩვენებები „ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმის“ ერთ-ერთმა ადვოკატმა მოგვაწოდა.

საქმე „იაფი სახლის“ პროექტს ეხება, რის გამოც პროკურატურამ ბათუმის ყოფილი მერი – გიორგი ერმაკოვი და მერიის ყოფილი 6 მაღალჩინოსანი დააკავა. პროკურატურა დაკავებულებს ბიუჯეტიდან 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიებას ამ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულებიდან რომელიმემ ფინანსური სარგებელი მიიღო იმის ხარჯზე, რომ „იაფი სახლი“ ვერ აშენდა და ბიუჯეტის ფული გაიფლანგა. გამოძიებას გამოკითხული ჰყავს პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ პროექტის ფარგლებში თანხა მათ ჩაერიცხათ. მაგალითად, იგორ გლადჩენკო ადასტურებს, რომ მას სადავო 1 მილიონ 370 ათასიდან 1 მილიონ 61 ათასი ჩაერიცხა.

„თქვენ არ დააკავეთ გლადჩენკო, რომელიც დაკითხეთ და აღიარა თანხის მითვისება,“ – ეს გუშინდელ სხდომაზე ადვოკატმა რამინ პაპიძემ პროკურორ რამაზ შავაძეს უთხრა. გუშინ, 24 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა შვიდივე ყოფილი მაღალჩინოსანი. ასევე გადაწყდა, რომ ამ საქმეზე 6 აგვისტოს არსებითი განხილვა დაიწყება.

პროკურორმა ადვოკატს სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა. რამაზ შავაძემ თქვა, რომ „აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინაორებს“ და სასამართლო „ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ იგორ გლადჩენკოს ჩვენებასაც მოისმენს. ადვოკატ რამინ პაპიძის მტკიცებით კი, გლადჩენკო საქართველოში აღარ იმყოფება და პროკურატურა სასამართლოში მის წარმოდგენას ვერ შეძლებს.

იგორ გლადჩენკო საქართველოში 2014 წელს რეგისტრირებული შპს „მსუბუქი მშენებლობის ჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. ეს კომპანია გლადჩენკომ ზაურ ღვინიაშვილისგან იყიდა.

„დაახლოებით 10 წელია უკრაინაში ვეწევი სამშენებლო ბიზნესს, მშენებლობას ვახორციელებ მხოლოდ მსუბუქი ლითონის კონსტრუქციებით. 2014 წელს ანალოგიური საქმიანობის განხორციელების მიზნით ჩამოვედი საქართველოში… თარიღს ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს, რომ ზაურ ღვინიაშვილმა მითხრა, უნდა შევხვედროდით ქ. ბათუმის მერს. თუ საიდან და ვისი მეშვეობით დაიგეგმა აღნიშნული შეხვედრა, ჩემთვის უცნობია. შეხვედრაზე გიორგი ერმაკოვს გავაცანით ჩვენი პროექტები. გიორგი ერმაკოვმა მითხრა, რომ იგი დაინტერესებული იყო არა საბავშვო ბაღის, არამედ ხუთსართულიანი სოციალური სახლის მშენებლობით და მკითხა, თუ შემეძლო გამეკეთებინა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი,“ – აღნიშნულია იგორ გლადჩენკოს 2018 წლის ჩვენებაში. 2017 წელს მიცემულ ჩვენებაში კი ზაურ ღვინიაშვილი არ ფიგურირებს. აქ გლადჩენკო ამბობს, რომ ერმაკოვი თავისი კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი პრეზენტაციის დროს გაიცნო და მერისგან მსუბუქი კონსტრუქციებისგან სახლების მშენებლობაზე შეთავაზება იმ დღესვე მიიღო.

„ვინაიდან კომპანიას არ გააჩნდა საკმარისი გამოცდილება და სხვა, რათა გაემარჯვა ტენდერში, მას უარი ვუთხარი. ამასთან დავძინე, რომ თუ რომელიმე კომპანია გაიმარჯვებდა სახლების აშენების ტენდერში, ჩვენ მას შევთავაზებდით ჩვენს მომსახურებას…“ – აღნიშნავს იგორ გლადჩენკო 2017 წელს მიცემულ ჩვენებაში.

იგორ გლადჩენკოს თქმით, მან ხუთსართულიანი სახლის პროექტი გიორგი ერმაკოვს პირადად ხელზე გადასცა. შემდეგ ბათუმის ყოფილი მერი ტელეფონით დაუკავშირდა და ტენდერში მონაწილეობა შესთავაზა.

„მე უარი ვუთხარი იმ მოტივით, რომ ტენდერი ითვალისწინებდა ბეტონის საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს, რაშიც არ მქონდა გამოცდილება. ასევე ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო იყო სხვადასხვა დოკუმენტაცია, მათ შორის, საბანკო გარანტია, რომლის მოძიებაც დამატებით სირთულესთან იყო დაკავშირებული,“ – ამბობს იგორ გლადჩენკო.

გლადჩენკო არ აკონკრეტებს, რატომ სთხოვა მას ერმაკოვმა სოციალური სახლის პროექტის მომზადება და მიიღო თუ არა რამე სარგებელი.

გლადჩენკო იხსენებს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ, გვიან ღამით, მას უცნობი ქალბატონი დაუკავშირდა: „მითხრა, რომ მერიისთვის უნდა აეშენებინათ შენობა მსუბუქი ლითონის კონსტრუქციებით და თუ შემეძლო მიმეწოდებინა აღნიშნული კონსტრუქციები“. გლადჩენკო აღწერს, რომ მეორე დღეს ამ ქალთან ერთად, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, ვინმე ანარ ალაკბაროვსაც შეხვდა, რომელიც „იაფი სახლის“ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას „კონვენტ ჯორჯიას“ წარმოადგენდა.

2015 წლის 10 ნოემბერს „კონვენტ ჯორჯიას“ და გლადჩენკოს „მსუქბუქი მშენებლობის ჯგუფს“  შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ამ კონტარქტის საფუძველზე გლადჩენკოს კომპანიას 2016 წლის თებერვალში ორ ტრანზაქციად ჩაურიცხეს ჯამში 1 მილიონ 61 ათასი. მთლიანობაში „კონვენტ ჯორჯიას“ გლადჩენკოს კომპანიისთვის ჯამში 2 მილიონ 85 ათასი ლარი უნდა ჩაერიცხა.

შეთანხმების მიხედვით, „კონვენტ ჯორჯია“ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, საძირკველს მოაწყობდა პირველი სართულის კონსტრუქციის ჩათვლით, ხოლო გლადჩენკო მსუბუქი მეტალის კონსტრუქციებს მიაწვდიდა კომპანიას, ასევე, მეტალო-პლასტმასის კარებსა და ფანჯრებს. გლადჩენკო აღწერს, რომ მასალების დიდი ნაწილი უკრაინაში უნდა შეეძინა, მაგრამ ავანასად თანხის ჩარიცხვა დაგვიანდა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში იგი ბათუმის მერთან მორიგ შეხვედრას იხსსენებს.

„მე 2015 წლის დეკემბერში ვითხოვე ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან აუდიენცია და შევხვდი მას… მერმა, გიორგი ერმაკოვმა მითხრა, რომ ის საქმის კურსში იყო და „კონვენტ ჯორჯიასთან” დასადებ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით რაღაც იურიდიული საკითხების გარკვევა იყო საჭირო და განხილვა მიდიოდა მერიის იურიდიულ განყოფილებაში“.

იგორ გლადჩენკოს  მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები ვინმე ატრაფ ალაქბაროვისგან უნდა შეეძინა, ვისთანაც „კონვენტ ჯორჯიას“ ანარ ალაქბაროვმა დააკავშირა. გლადჩენკო ირწმუნება, რომ მან ანარის და ატრაფის ნათესაობის შესახებ არაფერი იცოდა და ატრაფ ალაქბაროვს 300 ათასი ლარი, შემდეგ კიდევ დამატებით 10 ათასი ლარი ჩაურიცხა.

„…როგორ გამოიყენა მან ეს თანხები, ჩემთვის უცნობია. მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეუსრულებია და ვაპირებ სასამართლოს მივმართო შესაბამისი სარჩელით თანხის უკან დასაბრუნებლად… მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებ,“ – ვკითხულობთ იგორ გლადჩენკოს სარჩელში.

ვერ იხსნებეს ვინ, მაგრამ იგორ გლადჩენკოს თქმით, მერიის თანამშრომლებმა მას ქარხნის ჩვენებაც მოსთხოვეს, რომელიც ფოთშია და რომელშიც სამშენებლო მასალების ნაწილი მუშავდებოდა. გლადჩენკოს განცხადებით, ფოთში მდებარე შპს „სტალდომ ელ ელ სი“ მისი პარტნიორია და მერიის წარმომადგენლები იქ მიიყვანა.

რამდენიმე დღეში გლადჩენკომ „კონვენტ ჯორჯიას“ წარმომადგენლისგან – ანარ ალაქბაროვისგან მიიღო შეტყობინება, რომ სოციალურ სახლზე „საძირკველი უკვე მოწყობილია“. ეს იყო 2016 წლის აპრილში, ანუ ამ დროისთვის გლადჩენკოს კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი – 1 მილიონ 61 ათასი ლარი „კონვენტ ჯორჯიასგან“ უკვე მიღებული ჰქონდა.

„მას უარი ვუთხარი კონსტრუქციების მიწოდებაზე, რადგან არღვევდა კონტრაქტის პირობებს, არ რიცხავდა შემდეგ თანხებს. მან მიპასუხა, რომ ფინანსური სირთულეები აქვს და იღებს კრედიტს ბანკიდან… ამის შემდეგ მე ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა დამირეკა, მთხოვა შეხვედრა, რომ გაგვერკვია, თუ რატომ არ მიმდინარეობდა მშენებლობა“, – აღნიშნავს იგორი.

ჩვენების მიხედვით, გიორგი ერმაკოვთან მორიგ შეხვედრას ანარ ალაქბაროვიც ესწრებოდა, რომელმაც, იგორის მტკიცებით, დაადასტურა კონტრაქტის პირობების დარღვევა. იგორის თქმით, მას ერმაკოვმაც სთხოვა დროულად მიეწოდებინა „კონვენტ ჯორჯიასთვის“ სამშენებლო მასალები.

იგორ გლადჩენკო აქვე საინტერესო დეტალს ახსენებს. „პროექტით გათვალისწინებული იყო მთლიანი კორპუსის მოთუთიებული მეტალის კონსტრუქციებით აწყობა, რაც არ იქნებოდა ჩვენი გათვლებით მყარი და მდგრადი… ამის თაობაზე ვისაუბრე სამშენებლო ობიექტის ტექნიკურ ზედამხედველთან. მას ჩემთვის პირობა არ მოუცია, რომ შევიდოდა პროექტში ცვლილებები. ეს საკითხი უნდა მოეწესრიგებია ანარ ალაქბაროვს,“ – უთხრა იგორ გლადჩენკომ გამოძიებას.

ჩვენების მიხედვით, ბათუმში იგორ გლადჩენკომ შავი მეტალი ნაწილობრივ ჩამოიტანა და ჯავახიშვილის 78 ა-ში მიიტანა, ანუ იქ, სადაც „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო. ამ პერიოდში ის ანარსაც უკავშირდებოდა და სრული თანხის ჩარიცხვას სთხოვდა. იგორ გლადჩენკოს აღწერით, ანარი იმ დღეებში აზერბაიჯანში წავიდა ბანკიდან სესხის ასაღებად და მას შემდეგ ტელეფონზე აღარ უპასუხა. მისივე თქმით, სამშენებლო მასალები თავად „კონვენტ ჯორჯიას“ სამშენებლო ჯგუფს უნდა დაემუშავებინა, მაგრამ ასე არ მოხდა.

„ყველა მასალას მივაწოდებდი მათ მას შემდეგ, რაც მთლიანად გადამიხდიდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას… ყველა შეძენილი მასალა დასაწყობებულია უკრაინაში მწარმოებლების საწყობებში და მხოლოდ მათი საქართველოში ჩამოტანაა საჭირო. მხოლოდ მეტალის კონსტრუქციების მცირე ნაწილია ფოთში დასაწყობებული,“ – ამბობს იგორ გლადჩენკო.

გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, იგორ გლადჩენკომ მისთვის ჩარიცხული 1 მილიონ 61 ათასი ლარით შეიძინა სამშენებლო მასალები, რომლის ნაწილიც ახლა მერიის საცავშია, დიდი ნაწილი კი – უკრაინაში. 300 ათასად შეძენილი კარ-ფანჯრები კი გლადჩენკოს საერთოდ არ მიუღია. ამ ტრანზაქციების ჯამი დაახლოებით 959 ლარია. გლადჩენკოს კი 1 მილიონ 61 ათასი ლარი ჩაურიცხეს.

ამ ციფრების დასახელების შემდეგ გაუჩნდა გამომძიებელს შეკითხვა ნაშთზე, რომელიც ასევე არ დაუბრუნებიათ ბიუჯეტში: „სად წავიდა 101 020 ლარი?“. გამომძიებელს მოწმემ უპასუხა, რომ იგი, სავარაუდოდ, „კონვერტაციაში გაიხარჯა“.

მთავარი ფოტო: ადგილი, სადაც „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

ამ თემაზე:

ბათუმის მერიამ იაფი სახლის კრიტერიუმები გაასაჯაროვა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: