მთავარი,სიახლეები

რუსეთთან დიალოგის მოთხოვნით ბათუმში „პატრიოტთა ალიანსი“ აქციას გეგმავს

26.07.2019
რუსეთთან დიალოგის მოთხოვნით ბათუმში „პატრიოტთა ალიანსი“ აქციას გეგმავს

პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ 28 ივლისს ბათუმში აქციის ჩატარებას გეგმავს, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება დიალოგი რუსეთთან.

„აქციის მოთხოვნები ბევრია. არა – ომს, გასამართლდეს სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმი, გვინდა დიალოგი, სამხედრო მიუმხრობლობა, ტურიზმის ხელშეწყობა და ა.შ“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ არჩილ ლეკიშვილმა, „ალიანსის“ სამდივნოს წევრმა.

კითხვას, იგულისხმება თუ არა დიალოგი რუსეთთან, არჩილ ლეკიშვილი პასუხობს: „არა მარტო რუსეთთან, ასევე სოხუმთან და ცხინვალთან, რომელიც დაწყებულია, გაჩერდა და აღარ ვითარდება.“

ბათუმში დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაცია რუსულმა „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა სათაურით – „საქართველოში გაიმართება მიტინგი რუსეთთან ძველი ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით“. გამოცემა „ალიანსის“ წარმომადგენლის, გიორგი ლომიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბათუმში გამართული მიტინგის ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება საქართველოს მხრიდან რუსეთთან მიმართებაში აგრესიულ რიტორიკაზე  უარის თქმა.

„ეს ინფორმაცია მე არ მაქვს, მაგრამ იმათ თუ დაწერეს.. ერთ-ერთი მოთხოვნა ეს არის, დიალოგი და არა მარტო რუსეთთან. ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგათაც უნდა დაველაპარაკოთ, ყველას უნდა დაელაპარაკო ამ თემაზე. მაგრამ ტურიზმიც იქნება, საოჯახო ბიზნესიც…“ – გვითხრა არჩილ ლეკიშვილმა.

რატომ გადაწყდა ბათუმში ამ აქციის ჩატარება? – არჩილ ლეკიშვილი ამბობს, რომ თბილისში „ალიანსს“ უკვე ორჯერ ჰქონდა შეხვედრა სპორტის სასახლეში, შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე: „ზუგდიდშიც ვიყავით, ქუთაისში იყო, ახლა ბათუმი, მერე იქნება გორში, თელავში და ა.შ.“

20 ივნისის მოვლენების შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთში, სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან შეხვედრები გამართეს. მთავარი თემა 20 ივნისის მოვლენები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იყო.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ერთადერთი პარტიაა, რომლის წევრი დეპუტატებიც ამ დრომდე მოსკოვთან პირდაპირ დიალოგს თანხმდებოდნენ და არაერთხელ იმყოფებოდნენ რუსეთში. რამდენიმე წლის წინ „პატრიოტთა ალიანსმა“ აქეთ მოიწვია საქართველოში რუსეთის დუმის დელეგაცია ლეონიდ კალაშინკოვის ხელმძღვანელობით.

____________

ფოტოზე: „რია ნოვოსტის“ მასალა 

ამავე თემაზე: 

თარხან-მოურავი: ბათუმელებმა დაინახეს, რაც არ უნდა იბრძოლონ, მაინც თურქეთის იქნება აქაურობა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: