მთავარი,სიახლეები

კომპანია ალიანს სიტი „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას და ახალი მშენებლობის წამოწყებას გეგმავს

31.01.2019 • 6073
კომპანია ალიანს სიტი  „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას და ახალი მშენებლობის წამოწყებას გეგმავს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს „ალიანს სიტიმ“ მიიღო ნებართვა „ბათუმი სიტისგან“ მერიაში დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ეგრეთ წოდებული ლუჟკოვის სახლის დანგრევასა და ახალი მშენებლობის წამოწყების ნებართვის მიღებაზე. „ბათუმი სიტი“ ამ შენობის მესაკუთრეა. კომპანიებს შორის მოლაპარაკების სხვა დეტალების შესახებ ბათუმის მერიაში ინფორმაციას არ ფლობენ. 

ბათუმის საკრებულოში დღეს შესაბამისი განაშენიანების რეგულირების მომზადებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირეს, წინააღმდეგი მხოლოდ ოპოზიცია იყო.   ეს სახლი მდებარეობს ზღვის სანაპიროზე და  მერიის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 18 ათასი კვადრატული მეტრია, ხოლო თავად შენობა – 36 000 კვადრატული მეტრი.

შენობა ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში აშენდა და ის მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლის კომპანიამ ააშენა. დღემდე ამ უზარმაზარ შენობას არც ერთი მობინადრე არ ჰყოლია.

ქონების მესაკუთრე დღეს „ბათუმი სიტია“, რომლის 100% წილს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია“ ფლობს, რომელიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ საკუთრებაშია. ამ უკანასკნელის 100% წილს კი ფლობს „ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედი“, რომელიც მარშალის კუნძულებზეა რეგისტრირებული.

2006 წელს ეს ქონება კომპანია „აჭარინვესტმა“ აუქციონზე შეისყიდა 52 ათას ლარად. „აჭარინვესტის“ დამფუძნებელი ჰოლდინგი იყო „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“. ამავე წყაროს მიხედვით, ეს ინდუსტრიული ჯგუფიც 2006 წელსაა დაარსებული. მისი მფლობელი კი ოფშორულ ზონაში, კერძოდ მარშალის კუნძულებზე, 1994 წელს დაარსებული კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედია“. ამ კომპანიას ჰყავს ერთადერთი ქართველი პარტნიორი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი.

მოცემული ტერიტორია განეკუთვნება საცხოვრებელ ზონას, სადაც დასაშვებია შესაბამისი შენობა-ნაგებობის განთავსება. ამჯერად კომპანია, რომელიც მესაკუთრესთან შეთანხმებით ახალი მშენებლობის განხორციელებას გეგმავს, მიწის ნაკვეთზე ზონის სტატუსის შეცვლას და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

მერიის ინფორმაციით, პროექტი უზრუნველყოფს ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეჩერებული მშენებლობის ახალი საპროექტო წინადადებით განვითარებას, არსებული შენობის შესაძლო დემონტაჟსა და მიწის ნაკვეთზე ახალი აპარტამენტების, საცურაო აუზების, ლაუნჯების, საოფისე ფართების, მაღაზიების, რესტორნების ტურისტული და სპორტული ობიექტების დაპროექტებას. მიწისქვეშა სივრცეში, ასევე, დაგეგმილია არანაკლებ 450 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.

მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ახალი პროექტი მაღლივი იქნება. მისივე განმარტებით, მერიისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ამ ნაწილში ზღვის ხედი არ ჩაიკეტოს.

კომპანია „სიტი ალიანსი“ 2019 წლის 14 იანვარს დააფუძნეს, კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი „ალიანსის“ დამფუძნებლის გია ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილია, კომპანიის დირექტორი კი „ალიანსის“ დირექტორი აკაკი სონგულია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: