კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

რა იქნება იქ, სადაც კაფე „იუნგა“ და ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისია იყო

28.09.2019
რა იქნება იქ, სადაც კაფე „იუნგა“ და ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისია იყო

ბათუმში, გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლი ბევრისთვის სტუდენტური წლების ასოციაციას იწვევს – ამ სახლის პირველ სართულზე, გორგილაძის ქუჩის მხრიდან, წლების განმავლობაში კაფე „იუნგა“ ფუნქციონირებდა. „იუნგას“ პიცის გემო კი ყველას ახსოვს, მათაც კი, ვინც ამბობს, რომ არც ისე გემრიელი იყო.

გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლი

არიან ისეთებიც, ვისაც ეს ადგილი სამოქალაქო აქტივობას – „არჩევანის თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ საკუთარ წვლილს ახსენებს: „ როცა საარჩევნო კომისიის წევრი იყო“, „როცა დათვლილი ხმების ოქმის ჩასაბარებლად რიგში იდგა“, „როცა პოლიციამ შენობაში არ შეუშვა“, „როცა გაიმარჯვეს“, „როცა დამარცხდნენ“, „როცა გაასაჩივრეს“ –  ეს ყველაფერი იმის გამო, რომ დემეტრე თავდადებულის ქუჩის მხრიდან  ამ სახლის მეორე სართულზე ათ წელზე მეტია ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებს, ყოველი არჩევნებისთვის კი ეს ადგილი ერთგვარი მოვლენების ეპიცენტრად იქცევა ხოლმე.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია, თავდადებულის ქუჩა #29

ამ სახლს თითქმის კვარტალი უკავია, ორივე მხრიდან აკრავს ძველი ბათუმის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი გრძელი ვიწრო აივანი, ძველებური რკინის მოაჯირით. გარდა ამისა, სახლს შენარჩუნებული აქვს კრამიტის სახურავი, მისი პირველი სართული კი მთლიანად დატვირთულია კომერციულად.

ცოტა ხანში ამ ადგილას შესაძლოა ადამიანებს იგივე ემოციები აღარ გაუჩნდეთ, რადგან  აქ მცხოვრებლებმა ამ ორსართულიანი სახლის დაანგრევენ და მის ნაცვლად, მაღლივი კორპუსის აშენება გადაწყვიტეს. მათი განაცხადი ახალი მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად შესაბამის სტრუქტურებში უკვე შევიდა.

გასულ ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, ეს საკითხი კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ განიხილა, თუმცა რა გადაწყვეტილება მიიღეს საბჭოს წევრებმა ჯერ არ ვიცით. საკუთარი პოზიცია  სხდომაზე ხმამაღლა მხოლოდ ერთ ერთმა წევრმა, ზვიად ბურჭულაძემ დააფიქსირა. „რა პრობლემაა, ააშენონ“, – თქვა მან.

მშენებლობა გორგილაძის #4-შია დაგეგმილი და თავდადებულის #29-მდე ტერიტორიის ათვისებას ითვალისწინებს. ამ სახლის გვერდით, გორგილაძის #2-ში მდებარე შენობა კი ძეგლის სტატუსის მატარებელია. „გეოგრაფიკის“ ინფორმაციით, ეს სახლი [გორგილაძის #2-ში მდებარე ოთხსართულიანი სახლი] საბჭოთა პერიოდში, XX საუკუნის 50-იან წლებშია აშენებული. ძეგლის პერიმეტრში არსებულ ფონურ ნაგებობებს კი კანონი იცავს.

სახლის ვიზუალური დათვალიერებით ირკვევა, რომ ბევრმა მათგანმა აქ სახლის საკუთარი ნაწილი უკვე დაცალა

გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სახლის მშენებლობის მოთხოვნით შესაბამის სტრუქტურებს მეგი ვარშალომიძემ და არქიტექტორმა გიორგი გაბაშვილმა მიმართეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ სახლს შვიდი მესაკუთრე ჰყავს და შვიდივე ვარშალომიძეა.

მთავარი ფოტო: ზონალურ საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის რენდერი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: