მთავარი,სიახლეები

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან 3,75 მილიონი ლარით დაფინანსდება

27.05.2019 • 1520
„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან 3,75 მილიონი ლარით დაფინანსდება

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 3 750 000 ლარით დაფინანსდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, არჩილ ვანაძის თქმით, თანხის გამოყოფა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის გაზრდამ განაპირობა. საწყის ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აჭარის მთავრობა სამი კორპუსის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რაზედაც ცალკე ტენდერს გამოაცხადებს.

„საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წელს გაიზარდა. 255 მილიონი იყო პროგნოზით და 261 მილიონამდე გაიზრდება. კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი უკვე გაგზავნილია დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოში. მშენებლობის დაწყებას ვგეგმავთ მიმდინარე წლის შემოდგომიდან, შესაბამისად, მშენებლობის დრო დაემთხვევა ზამთრის პერიოდს, ამიტომ მეტი სამუშაოს დაფინანსება ვერ მოხერხდება. ახლა კორპუსების პროექტირების ეტაპზე ვართ.“ – გვითხრა არჩილ ვანაძემ.

თავდაპირველად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2019 წელს კორპუსების მშენებლობისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა. არსებული ინფორმაციით, ეს თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან უნდა გამოყოფილიყო.

არჩილ ვანაძის თქმით, მშენებლობის დაფინანსება, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან საქართველოს ბიუჯეტიდან გაგრძელდება, „ვინაიდან თავიდანვე ასე იგეგმებოდა“.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა რეგისტრაცია ამჯერად აჭარის მთავრობის შენობაში [ბათუმში, კომახიძის ქ. №119-ში] მიმდინარეობს. რეგისტრაცია 2019 წლის პირველ ივლისამდე გაგრძელდება. „ოცნების ქალაქში“ აღრიცხული 1727 ოჯახიდან დღეის მდგომარეობით რეგისტრაცია არ გაუვლია 85-ს.

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაზე კი ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამხანაგობა „ინჟარქიტექტისთან“ 2019 წლის 25 მარტს გააფორმა. საერთო ღირებულება 320 ათას ერთი ლარია.

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9 327 კვ.მ.] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობამ სამინისტროს 2019 წლის 25 ივნისამდე უნდა წარუდგინოს. სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოცხადდება ტენდერი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე.

ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ ორმა კომპანიამ დააფუძნა: შპს „გეოანალიტიკამ“ და შპს „სენსონიმ“. შპს „სენსონიმ“ შეადგინა ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსისმშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც.

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქში“ კორპუსს სპორტსკოლის დამპროექტებელი კომპანია დააპროექტებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: