მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმის ბულვარს განაშენიანების გენერალური გეგმა ექნება

28.09.2019 • 2224
ბათუმის ბულვარს განაშენიანების გენერალური გეგმა ექნება

27 სექტემბერს, ბათუმის ბულვარში ღია ცის ქვეშ, უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც პირველად, თავისი ისტორიის მანძილზე ზღვისპირა ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ბათუმის ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ და კომპანია „ბაუ დიზაინის“ თანადამფუძნებელმა მიხეილ ბალიაშვილმა მოაწერეს ხელი.

„დღეს ისტორიული დღე არის, ვინაიდან ხელი მოვაწერეთ ბათუმის ბულვარის მნიშვნელოვან დოკუმენტს. ჩვენი ძირითადი ორიენტირი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარისათვის  არსებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია, სარეკრეაციო ზოლის, კვების თუ დასასვენებელი ობიექტების მოწესრიგება იქნება.
ბულვარში ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში. ეს ნიშნავს ბულვარის, როგორც სწორ განვითარებას, ასევე კულტურული ღირებულების მქონე ძეგლის შენარჩუნებას. ყველა ჩვენგანისათვის, განაშენიანების გენერალური გეგმა ყველა ქმედითი წესრიგის საჯარო ინსტრუმენტად გადაიქცევა“- განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, „ბაუ დიზაინი“-ს წარმომადგენლებმა საზოგადოებას  ბათუმის ბულვარის სამომავლო განვითარების ხედვა და გეგმის კონცეფცია გააცნეს.

მიმდინარე წლის 18 ივლისს, სსიპ ბათუმის ბულვარის მიერ განაშენიანების გეგმის შემუშავებისთვის კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის  შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტი შპს „ბაუ დიზაინიგამოვლინდა.

ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაში ჩართული საპროექტო ჯგუფი დაკომპლექტებული იქნება ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის, კულტურული მემკვიდრეობის და მოწვეული დარგობრივი სპეციალისტებისგან,  არქიტექტორებისგან, ადგილობრივი ექსპერტებისგან, ასევე “კრის ბლენდორფის ასოციაცია”-ლანდშაფტის არქიტექტორების ჯგუფისგან (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო)

კომპანიას, 2016 წელს მიღებულია აქვს არქიტექტურული პრემია „წლის საუკეთესო ქალაქგეგმარებითი პროექტი“. აგრეთვე, 2016-2018 წლებში  სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული გახდა. კომპანიის მიერ განხორციელებულია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი,  ქალაქგეგმარების, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების, ლანდშაფტის დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში. დასრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია: რადიო ქალაქი I მრავალფუნქციური კომპლექსი თბილისში; კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა; ბაკურიანის და დიდი მიტარბის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა; ვერეს ხეობის განვითარების კონცეფცია და ა.შ.

„ჩვენი გეგმა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დამუშავდება, განსაზღვრავს ბულვარის სამომავლო განვითარებას. ბულვარი მოიცავს როგორც ძველ ნაწილს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ასევე მოიცავს ახალ ბულვარს. ამიტომ ბულვარი უნდა იქნეს გააზრებული ერთ მთლიან ხედვაში. რაც შეეხება ძველ ბულვარს, აქ მიდგომა იქნება კონსერვაციის მიმართულებით, რასაც გვავალდებულებს კანონი. ახალ ბულვარში დაიგეგმება ჩარევები ამ სივრცის გასაუმჯობესებლად,-” განაცხადა ირაკლი ჟვანიამ.

ბულვარის განაშენიანების გეგმა მოიცავს სარეკრეაციო ზოლის სამომავლო განვითარების ხედვის შემუშავებას, ასევე ძველი ბულვარის კონსერვაციას, ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებასა და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე, ბულვარის კულტურული მემკვიდრეობითი ღირებულებების დაცვასა და გაძლიერებას.

პროექტის მთავარი მიზანია შემუშავდეს ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციისა და განაშენიანების გეგმა მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებების შენარჩუნებით და ხაზგასმით. უნდა შეიქმნას ადგილობრივ და საერთაშორისო დამსვენებელთა ყველა ჯგუფისათვის – ბავშვები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები, კომფორტული და უსაფრთხო რეკრეაციული გარემო შესაბამისი ფუნქციებითა და ზონებით.

პროექტი მოიცავს სამ ნაწილს: კვლევით ნაწილს, განაშენიანების გეგმას და სახელმძღვანელო მითითებების (გაიდლაინების) ნაწილს. საპროექტო კომპანიის მიერ განაშენიანების გეგმის საბოლოო დოკუმენტის მოწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 360 კალენდარული დღის  ვადაში უნდა დასრულდეს.

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ტექნიკური დავალების შემუშავებაში ჩართული იყო არასამთავრობო და სამთავრობო უწყებების, აგრეთვე დარგის საუკეთესო სპეციალისტებისაგან შემდგარი კომისია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: