მთავარი,სიახლეები

„ხის სახლიაო და არ დამირეგისტრირეს“ – მოქალაქე ბათუმის საკუთრების კომისიას სასამართლოში უჩივის

29.09.2019 •
„ხის სახლიაო და არ დამირეგისტრირეს“ – მოქალაქე ბათუმის საკუთრების კომისიას სასამართლოში უჩივის

ჩაქვში მცხოვრები სულხან დუმბაძე ბათუმის მიწის საკუთრების კომისიას სასამართლოში უჩივის. დავის საგანი მიწის საკუთრებად აღიარებაა, რაზეც კომისიამ უარი იმ მოტივით თქვა, რომ მიწაზე ხის სახლი დგას. მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს.

„ხის სახლიაო და არ დამირეგისტრირეს… ჩვენი ოჯახი 90-იანი წლებიდან ჩაქვში ვართ. სახლი, რომელიც ჩვენი საკუთრებაა და სადაც ახლა ვცხოვრობთ, ძალიან პატარაა, ძმაც მყავს…  მამაჩემმა ჩვენს სახლთან ახლოს თავისუფალი მიწის ნაკვეთის დამუშავება დაიწყო, თხილი გააშენა, მერე ხის სახლიც ავაშენეთ…“ – გვიყვება სულხან დუმბაძე.

სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მიხედვით, დუმბაძეებმა ხის სახლი სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთში 2005 წელს ააშენეს. კანონმდებლობა ამ პერიოდში დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის გამოყენება დასტურდება და მასზე „განთავსებულია შენობა-ნაგებობა“

სულხან დუმბაძემ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს 2016 წელს მიმართა. რეესტრმა მოთხოვნა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაუგზავნა. კომისიამ 2018 წელს სულხან დუმბაძეს მიწის საკუთრების აღიარებაზე უარი შემდეგი მოტივით უთხრა:

„მიწაზე განთავსებულია ხის შენობა-ნაგებობა, რომელიც არ არის გრუნტთან უძრავად დაკავშირებული… არ დასტურდება აღნიშნული შენობის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენება“, – აღნიშნულია ბათუმის მიწის საკუთრების კომისიის დადგენილებაში, რომლის ბათილად ცნობას ითხოვს სულხან დუმბაძე. სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კობა გოცირიძე იცავს.

„კომისია არასწორად იაზრებს შენობის განმარტებას, როცა იგი მიიჩნევს, რომ ხის სახლი არ შეიძლება ჩაითვალოს შენობა-ნაგებობად. კომისია გრუნტთან უძრავად დაკავშირებულ ნაგებობად განიხილავს მხოლოდ ღრმასაძირკვლიან კონსტრუქციებს, რაც არ გამომდინარეობს კანონიდან.

კანონი არ მოითხოვს ნაგებობის შენობად მიჩნევისათვის მისი საძირკველის არსებობას. ამასთან, საინტერესოა კომისიის მოსაზრება: გრუნტთან როგორი კავშირი უნდა გააჩნდეს ნაგებობას, რომელსაც კომისიები დადგენილი პრაქტიკის მიხედვით მიიჩნევენ შენობად  – ერთსაფეხურიანი საძირკველი, თიხატკეპნილი საძირკველი, კოჭოვანი საძირკველი, მასიური საძირკველი, მთლიანი საძირკველი, ნაკრები საძირკველი ნაყარი საძირკველი, რკინაბეტონის საძირკველი, სვეტური საძირკველი, ყორებეტონის საძირკველი, ძელყორის საძირკველი, თუ ხიმინჯოვანი საძირკველი?“ – აღნიშნულია სარჩელში.

მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო იცავს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: