სიახლეები

393 დაღუპული და 1097 დაშავებული მუშა საქართველოში – 9 წლის სტატისტიკა

29.09.2019 • 2781
393 დაღუპული და 1097 დაშავებული მუშა საქართველოში – 9 წლის სტატისტიკა

მედია ყოველ კვირა იტყობინება დასაქმების ადგილებზე დაშავებული და დაღუპული მუშების შესახებ. 2011-2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში  საწარმოო შემთხვევების შედეგად  393 მუშა დაიღუპა, 1097 კი  – დაშავდა.

2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რიგი ნორმები ამოქმედდა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის EMC-ის შეფასებით, ეს ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერების კუთხით. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს რიგი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევაც აუცილებელია შრომის ინსპექტირების ეფექტიანი მექანიზმის დანერგვისა და საწარმოო შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით.

რა შეიცვალა 1-ლი სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით?
  • 1-ელ სექტემბრამდე ორგანული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, 1-ელი სექტემბრიდან კი მისი მოქმედება ვრცელდება  ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებული პირების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობაზე. 
  • 1-ელ სექტემბრამდე შრომის ინსპექციას საწარმოს/დაწესებულების არაშერჩევითი/არაგეგმიური კონტროლის განხორციელება შეეძლო მხოლოდ წინასწარი სასამართლო ნებართვით. ამიერიდან კი შრომის ინსპექცია უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება.

EMC-ი ამბობს, რომ აუცილებელია შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება, ამისთვის კი დროულად უნდა დაიწყოს შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის დამოუკიდებელ ორგანოდ ტრანსფორმირების პროცესი. ასევე, გამოწვევას წარმოადგენს ინსპექტორთა რაოდენობა, რაც საერთაშორისო სტანდარტზე ორჯერ ნაკლებია და ინსპექციის რეგიონული წარმომადგენლობის არარსებობა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს შრომითი პირობების ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობას თბილისის გარეთ. ამიტომაც, აუცილებელია ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. 

“ასევე, აუცილებელია, მოხდეს შრომის ინსპექციის მანდატის იმგვარი გაფართოება, რაც საშუალებას მისცემს ინსპექციას, ზედამხედველობა განახორციელოს არამარტო შრომის უსაფრთხოების ნორმებზე, არამედ, ზოგადად, შრომის კანონმდებლობის ნორმების აღსრულებაზეც. შრომითი უფლებები და უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებულია და მათი ამგვარი ხელოვნური გამიჯვნა უარყოფითად აისახება დასაქმებულთა მდგომარეობაზე. ხშირ შემთხვევაში საწარმოო შემთხვევები სწორედ შრომითი უფლებების, ზეგანაკვეთური შრომის, დაურეგულირებელი სამუშაო დღეების, დასვენების თუ შესვენების არარსებობითა და სხვა მსგავსი გარემოებებით იყო გამოწვეული, რომელიც აღნიშნული დაყოფის შედეგად შრომითი ინსპექციის ზედამხედველობის სფეროს გარეთ რჩება” – წერს EMC-ი.

1-ელი სექტემბრიდან ყველა ტიპის დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, მოიწვიოს ერთი ან მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ან აღნიშნული მიზნით შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური. ხოლო დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს ორგანული კანონით გათვალისწინებული აკრედიტებული პროგრამა. შრომის უსაფრთხოებაზე EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: ამ მხრივ პრობლემურია, რომ ამ დრომდე არსებული აკრედიტებული პროგრამები არ არის სტანდარტიზებული და ვერ იძლევა შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით სათანადო ცოდნისა და კვალიფიკაციის გარანტიას. 

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC-ი მოუწოდებს:

საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს: 

  • დროულად შეიმუშავონ და მიიღონ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც გაწერილია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონით და აუცილებელია ორგანული კანონის სრულფასოვნად ამოქმედებისა და შრომის უსაფრთხოების სრულფასოვანი სისტემის დანერგვისა და ეფექტურობისთვის; 
  • დროულად შეიმუშავონ და მიიღონ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ შესაბამისი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება შრომის ინსპექციის ინსტიტუციურად გაძლიერებისა და მის დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბებისთვის; 
  • დროულად შეიმუშავონ და მიიღონ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოების მიზნით, რათა იგი გავრცელდეს ზოგადად შრომის კანონმდებლობის აღსრულების ზედამხედველობაზე; 
  • უზრუნველყონ შრომის უსაფრთხოების სწავლების აკრედიტებული პროგრამების სტანდარტიზება და გამართვა.

დამსაქმებლებს: 

  • დროულად დანერგონ სამუშაო ადგილზე საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი შრომის უსაფრთხოების სისტემა. 

__________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ამავე თემაზე:

შეაჩერებს თუ არა კანონის შეცვლა მუშების დაღუპვის სერიას [ვიდეო]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: