მთავარი,სიახლეები

ხაზარაძე რელიგიის თავისუფლებაზე: ისეთ რაღაცას ნუ „გავაჯაზებთ“, რაც ჩვენს ბუნებაში არ არის

28.09.2019 • 1356
ხაზარაძე რელიგიის თავისუფლებაზე: ისეთ რაღაცას ნუ „გავაჯაზებთ“, რაც ჩვენს ბუნებაში არ არის

„საქართველოში მე არ გამიგია, რომელიმე კონფესიას რაიმე პრობლემა შექმნოდეს. ისეთ რაღაცას ნუ „გავაჯაზებთ“, რომელიც ჩვენს სისხლსა და ბუნებაში არ არის და ნუ მოვიგონებთ ისეთ რაღაცას, რაც არ არსებობს. ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს,“ – ამბობს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე რელიგიური კონფესიების მიმართ თანასწორი დამოკიდებულების კუთხით „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუს დროს. ჩვენ მას ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების პრობლემაზეც ვკითხეთ, რასაც მუსლიმი თემი წლებია ითხოვს.

„როდესაც აჭარის ტელევიზიამ ამ თემაზე გკითხათ, გაიხსენეთ თურქეთში ქართული ეკლესიების საკითხი. რა შუაში იყო ეს ორი რამ ერთმანეთთან?“ – ვკითხეთ მამუკა ხაზარაძეს.

„ნუ დააკავშირებთ ერთმანეთთან. ორი სხვადასხვა რამ ვთქვი: რომ ბათუმის მეჩეთის საკითხს არ ვიცნობ, სასამართლოში ყოფილა საქმე და დეტალები არ ვიცი. აუცილებლად გავეცნობი, როცა ჩავალ და დაველაპარაკები თემს. ამას არანაირი კავშირი არ აქვს, მუსლიმი ქართველია თუ მართლმადიდებელი ქართველი თუ ა.შ. საქართველოს მოქალაქე საქართველოს მოქალაქეა და მისი უფლება უნდა იყოს დაცული, როგორც რელიგიური, ისევე სხვა. ეს გვიწერია ნათლად და ამას უნდა გავყვეთ.

მე მეორე ნაწილში ვთქვი, რომ გვაქვს პრობლემები, რომლებიც ასევე მაწუხებს მე და არაფერ კავშირში არ არის თურქეთი. რატომ დააკავშირეს არ ვიცი, ინტერვიუში ვთქვი უბრალოდ ჩემი გულისტკივილი, რომ ეს უნიკალური ძეგლები ინგრევა და, სამწუხაროდ, არ გვაქვს საშუალება, გადავარჩინოთ კულტურული მემკვიდრეობა. ლოცვაზე არცაა საუბარი… “ – გვითხრა მამუკა ხაზარაძემ.

ინტერვიუს დროს მამუკა ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ ის „ყველა სახის დისკრიმინაციას ემიჯნება“, თუმცა ამავდროულად იგი მიიჩნევს, რომ რელიგიურ კონფესიებს პრობლემები არ აქვთ.

„დაუშვებელი ამბავია… როგორ შეიძლება. თუ რაიმე კონკრეტული იცით, მითხარით, მაგრამ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს დაცული მიუხედავად მისი რელიგიური მრწამსისა, მე ამას ვამბობ და უამრავი ძმაკაცი მყავს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი, ამიტომ მეუხერხულება კიდეც ამ თემაზე საუბარი,“ – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების პირველი ეტაპის ნებართვის გაცემაზე 2017 წლის მაისში ბათუმის მერიამ უარი თქვა. მერიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს ამ საქმეზე გადაწყვეტილება 26 სექტემბერს უნდა გამოეცხადებია, თუმცა იგი 30 სექტემბრამდე გადადო.

იხილე სრული ინტერვიუ:

https://netgazeti.ge/news/394452/?fbclid=IwAR1noEaOj1UZ0_xNMZuI5m5iSj598eNsVwAO6Wndkf2t1Q9pgL1jScsgEww

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: