კვირის ამბები,სიახლეები

პოლიტიკა, მედია და 2020 წლის არჩევნები – დისკუსია ბათუმში

27.09.2019 • 9398
პოლიტიკა, მედია და 2020 წლის არჩევნები – დისკუსია ბათუმში

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე მედიის როლი განსაკუთრებული იქნება. ამასთან დაკავშირებით „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია  – „მედია და არჩევნები“, სადაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ისაუბრა.

სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე: 

სატელევიზიო მედია არის ყველაზე დიდი გავლენის მქონე, ყველაზე დიდი რაოდენობის მაყურებლისა და ინფორმაციის გავრცელების წყარო. დღეს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს ან საკუთარი ტელევიზია აქვთ, ან აფილირებულნი იყვნენ/არიან რომელიმე ტელევიზიასთან.

ზოგადად, მგონია, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ტელევიზიების ნაწილი უბრალოდ გაქრება.

ჩვენ გვახსოვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დღევანდელმა მმართველმა პარტიამ და მაშინდელმა ოპოზიციამ რომ მოიგო, ამაში დიდი წილი ჰქონდა იმ ტელევიზიას, რომელიც სპეციალურად შეიქმნა. ამაში გასაკვირი არაფერია, ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენთან იყენებენ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.  მეორე საკითხია მედიაში დასაქმებულების შრომითი უფლებები. მაგალითად, „იბერიას“ შემთხვევაში შეწყდა მაუწყებლობა. საიას ჰქონდა ეს საქმეები წარმოებაში და ყველა საქმე მოვიგეთ პირველივე ინსტანციაში იმ ჟურნალისტების სასარგებლოდ, რომლებსაც არ მისცეს ანაზღაურება.

ჩვენ ვიცით, რომ სატელევიზიო მედიის სარეკლამო ბაზარი არ არის საკმარისი ტელევიზიისთვის, ის დამოკიდებულია ასევე დამფუძნებლის შემოტანებზე, დამატებით ფინანსური თანხის მობილიზებაზე. კიდევ უფრო რთულია არსებობა ონლაინ და ბეჭდური მედიისთვის.

დისკუსია

2013 წლიდან გაჩნდა ნიშნები, რომ მედია ვერ იქნებოდა ისე, როგორც ეს იყოს 2012 წლის არჩევნების პირველ ეტაპზე. „ მეცხრე არხთან“ დაკავშირებით იყო განცხადებები, რომ ის აღარ იყო საინტერესო, იყო განცხადებები GDS-თან დაკავშირებით, რომელსაც უნდა შეეცვალა ფორმატი, როცა ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდა რამდენიმე მაუწყებელი – GDS , „მაესტრო“ და „იმედი“. მინდა გითხრათ, რომ ეს არასწორი იყო, თუმცა ამაზე მარეგულირებელი კომისია თავისთავად არ ამახვილებს ყურადღებას. არ შეიძლება ერთი ჰოლდინგის ქვეშ იყოს ორი საინფორმაციო მიმართულების მქონე განსხვავებული კომპანია.

ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტების განცხადებებიც, რომლებმაც დატოვეს ტელევიზიები, მაგალითად, ინგა გრიგოლიას განცხადება.

ახლა პროცესებმა უფრო კულისებს მიღმა გადაინაცვლა.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე პრობლემა იყო ქვეყნის შიგნით არსებული ინსტანციები. შემიძლია ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს სასამართლო. იდენტური ტიპის, ადრე დაწყებულ საქმეებზე, დღემდე გრძელდება დავა სასამართლოში. ჩვენ ასევე გვახსოვს „ტვ პირველის“ საქმე, მისი დამფუძნებელი არცთუ დიდი ხნის წინ საუბრობდა იმაზე, რომ მაშინდელი ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი და ასევე, ბატონი ჯეჯელავა, სთავაზობდნენ წილების დათმობის შესახებ გარკვეულ მოლაპარაკებებს. ეს ინფორმაცია ამ ადამიანებმა მაშინ უარყვეს, თუმცა ეს იყო პირველი სიგნალი და ამ თემის საჯაროდ გამოტანის შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

მეორე ამბავი უკავშირდება იმ წერილს, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცით ვინ დაწერა. მთელი ერი მსჯელობს იმაზე, არის თუ არა ამ წერილზე გახარიას ანაბეჭდები. საინტერესოა, ასეთი წერილი თუ იწერება, ვისი ინიციატივაა. ბუნებრივია, მე დაშვების დონეზე ვსაუბრობ ამ წერილთან დაკავშირებით, თუმცა „ტვ პირველი“ მუდმივად რჩება ამ დისკუსიების ნაწილად.

ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რომ სატელევიზიო მედია არის პოლარიზებული, განსაკუთრებით ის მედიასაშუალებები, რომლებსაც ბევრი მაყურებელი ჰყავთ. ბოლო დროს იყო 2 პოლუსი, ერთი, როგორც წესი, ერთი პარტიის დღის წესრიგს მიჰყვებოდა, მეორე კი – მეორე პარტიისას. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, კერძო მაუწყებელი თავად წყვეტს რა როდის და როგორ, მაგრამ მთავარი კითხვაა – სად დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი?!

დაახლოებით 2 წელი ვიყავი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ჩემთვის ამ ქვეყანაში მაუწყებლის დამოუკიდებლობის მითზე საუბარი დასრულდა, როდესაც ვასილ მაღლაფერიძე იქნა არჩეული გენერალურ დირექტორად. ჩვენ ერთ-ერთი ონლაინმედიის საშუალებით გავიგეთ, რომ ბატონი ბარათაშვილი აპირებდა პოსტის დატოვებას და ამის შემდეგ, როდესაც საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრაზე ერთი მთავარი შეთანხმება იყო ის, რომ უნდა არჩეულიყო ისეთი ადამიანი, რომელიც არ იქნებოდა აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. შეიძლება ვთქვათ, რომ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე მეტად იყო აფილირებული მმართველ პარტიასთან. შემდგომი პროცესებიც კარგად აჩვენებს, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებასთან საზოგადოებრივ მაუწყებელს.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის, რაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მოხდა, მხოლოდ აქაური მრჩეველთა საბჭოს ინიციატივა იყო. მე იქ, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში ყოფნის დროსაც, სამუშაო შეხვედრის ფორმატში მომისმენია მოსაზრება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გვჭირდება თუ არა, გავაუქმოთ და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს თავისი როლი და ადგილი და ის უნდა იყოს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ამაზე მსჯელობა მე მომისმენია.

დისკუსია

მედიაში შემთხვევით არაფერი ხდება, განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა დღის წესრიგში დააყენა საკითხი, რომ აუცილებელი იყო საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის მედიასთან დაკავშირებით.

ორ ნაწილად იყოფა ეს ცვლილებები. ერთი ცვლილება შეეხება მაუწყებლობის შესახებ კანონს. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი არის მაუწყებლების შიდა სისტემიდან თვითრეგულირების ინსტიტუტის გადატანა მარეგულირებელ კომისიაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია იმ პირობებში, როდესაც სასამართლო უფრო მოწყვლადია, როდესაც მარეგულირებელი კომისიის მიმართ არსებობს მნიშვნელოვანი კითხვები და მთელი რიგი ფაქტები გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. მარეგულირებელი კომისიისთვის ამ უფლების მინიჭება პირდაპირ ნიშნავს შინაარსში ჩარევას. მისი საქმე შეიძლება იყოს ის, რომ მიაქციოს ყურადღება და სანქცია დაუწესოს მედიას, თუ ის არ ატარებს თვითრეგულირების სხდომებს, ან არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც უნდა შეასრულოს ამ სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. ევროდირექტივაშიც არაფერი მსგავსი არ წერია.

მეორე მხრივ, საარჩევნო კანონმდებლობაში ვხვდებით რამდენიმე უცნაურ ჩანაწერს. მაგალითად, დღეს თავისუფლად შეიძლება პოლიტიკური რეკლამის ნაწილი იყოს ანტირეკლამა. ხელისუფლება ამბობს, რომ 25% იქნება ანტირეკლამა. ლოგიკური ახსნა არ არსებობს არსად, თუ რატომ 25 პროცენტი. შემოაქვთ ასევე სიძულვილის ენა, ოღონდ ვერსად ნახავთ მის განმარტებას. როდესაც ვსვამთ ამაზე კითხვას, პასუხი არ აქვთ. მათი მოსაზრებით, ეს უნდა მოხდეს ინდივიდუალური შეფასებით და ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტიპის იურიდიული ჩანაწერი შეიძლება გახდეს პოლიტიკური ნიშნით გამოყენების საგანი.

კიდევ ერთი ცვლილება ეხება რეკლამის შინაარსზე მედიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. მაუწყებელი ვერ შეაფასებს რეკლამის შინაარსს, ის აფასებს ქრონომეტრაჟში ჯდება თუ არა, დაცულია თუ არა მინიმალური სტანდარტი. თუ გავიხსენებთ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს, მედიაში გადიოდა ის, რასაც ამბობდნენ პოლიტიკოსები, სიძულვილის ენას არ იყენებს მაუწყებელი, მას იყენებენ პოლიტიკოსები. ეს მარტივი საკითხი არ არის და მაუწყებლებისთვის დამატებითი ტვირთია.

დღეს უკვე დიდი და მზარდია სოციალური ქსელების როლი. ბევრი შემთხვევა ვიცით მსოფლიოში, როდესაც სოციალური ქსელებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მომხდარა. გავიხსენოთ გავრილოვის პარლამენტში მისვლა და ცნობილი აქცია, რომელმაც რუსთაველზე ათასობით ადამიანი შეკრიბა, რომელიც დაიგეგმა სოციალური ქსელის საშუალებით. დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია ვინმემ ტოტალურად გააკონტროლოს ინფორმაცია.

რა ტიპის ცვლილებებიც არ უნდა ჩაიწეროს კანონში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მედიის სრულ კონტროლს შევძლებთ. დღეს შეიძლება ყველა არხი გათიშო, მაგრამ სოციალური ქსელის საშუალებით ერთ ადამიანს შეუძლია მინიმუმ 5000 ადამიანს მიაწოდოს ინფორმაცია. თუმცა აქაც არის პრობლემა. ჩვენ ვხედავთ ყველა მნიშვნელოვანი პროცესის დროს გარკვეული ჯგუფების გააქტიურებას, ე.წ. ბოტების თემას ვგულისხმობ.

არჩევნების დროს განსაკუთრებული თავდასხმა იყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც სადამკვირვებლო მისიებით იყვნენ წარმოდგენილნი.

ბუნებრივია, სოციალური ქსელი გამოიყენება არასწორი ინფორმაციის გასავრცელებლადაც. იგივე ჯგუფები, რომლებიც ახდენდნენ სიცრუის ტირაჟირებას, გააქტიურდნენ მაშინაც, როდესაც დასახელდნენ უზენაესი სასამართლოს კანდიდატები. ჩვენ არ ვიცით კონკრეტული ჯგუფების უკან ვინ დგას სინამდვილეში და საიდან ფინანსდება ეს დასპონსორებული ინფორმაცია სოციალურ ქსელში.

თუ მკითხავს ვინმე „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში გავიხსენო სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, ერთი უდავოდ იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამაში დამსახურება ნაკლები აქვს მმართველ პარტიას, ეს არის იმ საზოგადოების დამსახურება, რომელიც იყო შეკრებილი 20 ივნისის მოვლენების შემდგომ აქციებზე. 2020 წლის არჩევნებზე განსაკუთრებული როლი ექნება მედიას, რადგან ჩვენ გვექნება განსხვავებული ძალთა ბალანსი.

დისკუსია

ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“: ვთქვათ, გავიდა რომელიმე ტელევიზიაში სიძულვილის ენის შემცველი ანტირეკლამა. მაინტერესებს, პროცედურულად რა სანქციებზეა საუბარი, ტელევიზიაზე რა მხრივ აისახება და მეორე მხრივ, როგორ აისახება ეს იმ საარჩევნო სუბიექტზე, რომელიც იყენებს სიძულვილის ენას.

სულხან სალაძე: 25% ანტირეკლამას როგორ დათვლიან, ეს არ ვიცი. საკანონმდებლო ცვლილებებით, რაც ამ დრომდე რჩება ჩანაწერში, თუ ტელევიზია არ მოხსნის რეკლამას, ამას გარკვეული სახის სანქციები მოყვება მარეგულირებელი კომისიის მხრიდან. პოლიტიკურ პარტიას შეუძლია წავიდეს და იდავოს სასამართლოში, მაგრამ აქ მეორე საკითხია, რამდენად წავა სასამართლო სიღრმისეულად პროცესში, შეიძლება თუ არა გვქონდეს სასამართლოს იმედი და იტყვის თუ არა ის, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების ამბავია. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ქვეყნის პრობლემა არის არა ანტირეკლამის არსებობა, არამედ უკიდურესი სიღარიბე, გაჭირვება, სხვა ტიპის პრობლემები. ეს არ არის დღის წესრიგის ნაწილი, რომელიც ახლა უნდა გვარდებოდეს ამ ქვეყანაში. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ეს შეიძლება გამოყენებული იყოს არასასურველი პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების განიარაღებისათვის.

ბოლო წლების მაგალითზე მედიის მდგრადობის ინდექსი უარესდება ქვეყანაში. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები, დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადება, მათ შორის დირექტორის ვერ არჩევა, ასევე „ტვ პირველის“ გარშემო განვითარებული მოვლენები, აისახება 2019 წლის მედიის მდგრადობის ინდექსის ნაწილში. ვიცით სასამართლოს დამოკიდებულება, ვიცით ისიც, რომ ყველა მოსამართლეს არ ეწერება საარჩევნო დავების განხილვა, კონკრეტულად, ნდობით აღჭურვილ მოსამართლეებს მხოლოდ. მარტივი მექანიზმია ვისთან მოახვედრო საქმე, ბევრ საქმეში გვინახავს ეს და მხოლოდ არჩევნებს არ ეხება, რა თქმა უნდა.

დისკუსიის ვიდეოჩანაწერი:


________________________

დისკუსია ქვეყნდება შემოკლებით, პროექტის „დემოკრატიული ღირებულებების და იდეების პოპულარიზაცია აჭარაშიფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: