მთავარი,სიახლეები

აგრესიულობა, აზარტული თამაშები – უფასო მხარდაჭერის ცენტრი მოზარდებისთვის ბათუმში 

28.09.2019
აგრესიულობა, აზარტული თამაშები – უფასო მხარდაჭერის ცენტრი მოზარდებისთვის ბათუმში 

მოზარდებს და 25 წლამდე ახალგაზრდებს, რომლესაც ქცევითი და ემოციური აშლილობა აქვთ, ბათუმში ფსიქოსოციალური დახმარების უფასოდ მიღების შესაძლებლობა მიეცათ. დღეს, 28 სექტემბერს კლუბი „სინერგია“ გორგილაძის #12-ში გაიხსნა.

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრით შეიძლება ისარგებლონ იმ მოზარდებმა, რომლებიც ფსიქოაქტიურ საშუალებებს მოიხმარენ, ან დამოკიდებული არიან აზარტულ თამაშებზე, უჭირთ თანატოლებთან, ან ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, არიან სევდიანები, ბრაზის მართვის პრობლემა აქვთ, ან მაღალი შფოთვის ეპიზოდები, ახასიათებთ აგრესიულობა, ძილის პრობლემები და სხვა.

„ცენტრში გვყავს კვალიფიციური ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკი. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე ფსიქიატრის ჩართვა პროცესში… მომსახურებით შეიძლება ისარგებლონ ქცევითი აშლილობის მქონე მოზარდების მშობლებმაც, ჩვენ მათ არ ვაცალკევებთ. არსებობს ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიები,“ – გვითხრა მაია ხუნდაძემ, „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ბათუმის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ცენტრის სერვისებით სარგებლობა უფასოა. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მაია ხუნდაძე ამბობს, რომ შემდეგ მერიაზე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა ეს პროექტი.

“ფონდს „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“ აქვს გამოცდილება პროექტების ფარგლებში დააფუძნოს და აამუშაოს პილოტური სერვისები, რომლებიც მომავალში სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამის ნათელი მაგალითია კრიზისული ინტერვენციის სერვისი და ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვის ცენტრი, რომელის მუშაობის მოდელი შემდეგში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იქნა გამოყენებული,”- აღნიშნა მაია ხუნდაძემ „ბათუმელებთან“.

შესაძლებელია თუ  არა მოზარდმა თავად მიმართოს ცენტრს? – მაია ხუნდაძემ გვიპასუხა, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში მშობლის თანხმობა იქნება საჭირო.

კლუბი „სინერგია“ ბათუმში სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იმუშავებს დღის 2 საათიდან საღამოს 7 -მდე. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი იმუშავებს შაბათსაც 11-დან საღამოს 5-მდე.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.