მთავარი,სიახლეები

„სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენეს“ – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების NGO-თან შეხვედრა 

27.09.2019 • 1862
„სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენეს“ – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების NGO-თან შეხვედრა 

„როცა მოსამართლე მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმსაც არ კითხულობს და ისე იღებს გადაწყვეტილებას, ეს აჩენს კითხვებს. არ მინდა შეთქმულების თეორიაში წასვლა, მაგრამ ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს იმისთვის, რომ ვიფიქრო: სასამართლო ხელისუფლება ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული მხარეების მხრიდან. ეს არის ეჭვები, ვარაუდები,“ – ეს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ თქვა NGO სექტორთან შეხვედრის დროს. დღეს, 27 სექტემბერს, „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტებს რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეხვდა ბოლო მოვლენებზე სასაუბროდ.

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული რიგით მეოთხე კონკურსი ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა. სასამართლოს გიორგი კოხრეიძემ მიმართა, რომელიც თვლის, რომ არჩეული დირექტორი თვითონაა. მან ბორდის ბოლო სხდომაზე მყოფი ოთხი წევრიდან ორის მხარდაჭერა მიიღო. ერთ-ერთი მათგანი კენჭისყრაში საერთოდ არ მონაწილეობდა.

ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე ჟურნალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ მრჩეველთა საბჭოს შესაძლოა ამ შემთხვევაში მაინც მიეღწია შეთანხმებისთვის და ამ რისკის, ანუ არასასურველი კანდიდატის გადირექტორების თავიდან ასაცილებლად შეჩერდა კონკურსი. მალე აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ ბორდს აირჩევს – განაცხადების მიღება გუშინ, 26 სექტემბერს შეწყდა.

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც აქვთ კითხვები მოსამართლე კობა გოცირიძის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, თუმცა საბოლოო პოზიციისთვის სამართლებრივ ანალიზს ელიან. NGO სექტორმა უახლოეს დღეებში შესაძლოა განცხადება გაავრცელოს „აჭარის ტელევიზიაში“ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

„ნათია კაპანაძის შემთხვევაში სასამართლომ არ შეაჩერა კონკურსი. ამ შემთხვევაში კი ჩათვალა, რომ უნდა გაეჩერებინა,“ – თქვა ნათია შავაძემ, საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერმა.

„შემაშფოთებელი იყო ის, რაც გიორგი კოხრეიძემ თავის სარჩელში თქვა, რომ ბეჟან გობაძე არ მონაწილეობდა ამ სხდომაში და ის იქ სეირნობდაო. არადა, არსებობს სხდომის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სხდომას ესწრებოდა ოთხი წევრი,“ – აღნიშნა ნათია ზოიძემ.

„სასამართლოს შეექმნა დასაბუთებული ეჭვი, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, რომ კონკურსი უნდა გაეჩერებინა… მხოლოდ განჩინებას ვერ შევაფასებთ, თუ თანმდევი ყველა დოკუმენტი არ შევისწავლეთ. დიდი ალბათობით ჩვენ ამას გავაკეთებთ. სარჩელის უზრუნველყოფის დროს მთავარია დასაბუთებული ეჭვი, რომ ადამიანის უფლებების რეალიზებას შეექმნა საფრთხე. კანონი არ ითხოვს ასეთ ღრმა სტანდარტს,“ – აღნიშნა საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, ანნა მდინარაძემ.

ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მაია მერკვილაძემ ამ პროცესში სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მას ელის, რომ ნიჰილისტურ ფონზე, რაც ტელევიზიის დირექტორის არჩევნების მიმართ გაჩნდა, ძალიან მალე დაუსვამენ წერტილს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

„მე მგონია, რომ გაჩერდა ამ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორი, რადგან გარედან და შიგნითაც ეს პროცესი იყო დისკრედიტებული… არავინ აღარ მიაქცია ყურადღება იმას, რომ შესაძლოა მეოთხე არჩევნები ყოფილიყო გადამწყვეტი. ახლა ვხვდებით, რომ შესაძლოა ძალიან სწრაფად დასვან წერტილი. ასეთი ნიჰილიზმი და ბორდის მიმართ უპატივცემულობა არის მათთვის ხელსაყრელი ვითარება,“ – აღნიშნა მაია მერკვილაძემ.

„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტები ელიან იმასაც, რომ გიორგი კოხრეიძე სასამართლოდან სარჩელს გამოითხოვს, რადგან საქმის მოგების შანსი არ აქვს და ეს „დროის მოსაგებად“ გაკეთდა.

„დღეს დავუკავშირდით გიორგი კოხრეიძეს. გვითხრა, რომ არ არის გამორიცხული უკან გამოვიტანო სარჩელიო,“ – თქვა შეხვედრაზე „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტმა, მაია ვარშანიძემ.

„ვიზიარებ მოსაზრებას, რომ შესაძლებელი იყო კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმება… ჩვენ შესაძლოა დღეს გვაქვს პროფესიონალიზმის პრობლემა, მაგრამ არ გვაქვს თავისუფლების პრობლემა. თავისუფლების გარეშე კი არ მიღწევა პროფესიონალიზმი,“ – დასძინა ნათია ზოიძემ, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

მოსაზრება შეხვედრაზე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელმა, ასლან ჭანიძემაც დააფიქსირა. მისი აზრით, სასამართლოსთვის მიმართვა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ახალ ბორდს აერჩია ტელევიზიის დირექტორი.

„კარგი იქნება, თუკი კონკრეტული ადამიანები ერთად, ან ცალ-ცალკე გააკეთებენ განცხადებას ამ ტელევიზიაში. საინტერესოა, დანარჩენები რას ფიქრობენ,“ – მიმართა ასლან ჭანიძემ ტელევიზიის თანამშრომლებს. პროდიუსერმა მაია მერკვილაძემ მას უთხრა, რომ საერთო ღირებულებები ტელევიზიის თანამშრომლებს არასდროს ჰქონიათ, „თუმცა ამ შემთხვევაში რაოდენობა, მგონი, არაფერს შეცვლის,“ – დასძინა მან.

საფრთხეს ხედავს რომა დოლაბერიძეც. იგი „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ ხელმძღვანელია.

„ეს პროცესი დაიწყო ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით და ახლა სასამართლოს გამოყენებით ცვლიან სარედაქციო დამოუკიდებლობას. მმართველ პარტიას აწყობს ეს პროცესი“, – გვითხრა რომა დოლაბერიძემ.

სასამართლოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ კონკრეტულ საფრთხეს ვერ ხედავს არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. იგი „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრობის ერთ-ერთი კანდიდატია.

„შესაძლოა, ეს ტაქტიკურად გამოიყენა კოხრეიძემ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკითხი: სამია უმრავლესობა, თუ ორი მსგავს ვითარებაში? ვერ ეტყვი ადამიანს, რატომ დავობო. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. დროსთან დაკავშირებით შესაძლოა არსებობდეს კითხვები, მაგრამ ესეც მისი უფლებაა…“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ არჩილ ხახუტაიშვილმა. მას შევახსენებთ ფაქტი, რომ ამ დრომდე მმართველმა ძალამ მისთვის სასურველი კანდიდატი ვერ გაიყვანა – ტელევიზიას არჩეული დირექტორი არ ჰყავს.

„დაშვება ბევრი შეიძლება არსებობდეს. დაშვებაა ისიც, რომ შესაძლოა, ახალ ბორდს უფრო არ ენდოს ხელისუფლება… არსებული ბორდიც ხომ ანალოგიური კონფიგურაციით აირჩიეს: ორი ოპოზიციიდან და სამი მმართველი პოლიტიკური ძალისგან? ასე პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად პოლიტიზებულია პროცესი. მეც კანდიდატი ვარ და ჩემს თავს ხომ ვერ ვიგულისხმებ?“ – გვიპასუხა არჩილ ხახუტაიშვილმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: