მთავარი,სიახლეები

შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა 5-7%-ით გააძვირებს მშენებლობას – მშენებელი

30.09.2019 • 3379
შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა 5-7%-ით გააძვირებს მშენებლობას – მშენებელი

„უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაახლოებით 5-7 პროცენტით გააძვირებს პროექტს… გააჩნია. ზოგიერთ შემთხვევაში, 10 პროცენტამდეც გაიზრდება,“ – ამბობს ამირან ბერიძე. ის სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორია. მას ვესაუბრეთ ხარჯებზე, რომლის გაღებაც სამშენებლო კომპანიებს უწევთ მას შემდეგ, რაც კანონი შეიცვალა და შრომის უსაფრთხოების რეგულირება გამკაცრდა. მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან შრომის ინსპექციას ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე შეუძლია შესვლა და იქ უსაფრთხოების პირობების შესწავლა.

„ჩვენთანაც იყვნენ ორი კვირის წინ. რეკომენდაციები დაგვიწერეს,“ – გვითხრა  „გუმბათი ჯგუფის“ უსაფრთხოების მენეჯერმა, რეზო სეფერთელაძემ, როცა მას ბაგრატიონის ქუჩაზე, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე ვესაუბრეთ. რეზო სეფერთელაძის თქმით, ინსპექტორებმა აივნის დროებითი მოაჯირები დაიწუნეს, ასევე დააფიქსირეს მაღალ სართულზე მომუშავე მუშები უსაფრთხოების ღვედების გარეშე.

„მანამდე მოაჯირები იყო არმატურისგან დამზადებული. ახლა უკვე დამონტაჟებულია მყარი მოაჯირები ხის მასალისგან. მოაჯირი უნდა უძლებდეს 90 კილოგრამ დარტყმას და 30 სანტიმეტრზე გასვლა არ უნდა ჰქონდეს,“ – გვიმარტავს რეზო სეფერთელაძე.

უსაფრთხოების ამ მენეჯერს თავისი „კანონებიც“ შეუმუშავებია: „ის, ვინც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, დაჯარიმდება ხელფასიდან 50 ლარით. ამას წინათ, ერთი მუშა დავაჯარიმეთ, ჩაფხუტი არ ეკეთა,“ – დასძენს რეზო.

„გუმბათი ჯგუფის“ დირექტორის, ამირან ბერიძის თქმით, ერთი მუშის აღჭურვილობა უსაფრთხოების საშუალებებით წელიწადში დაახლოებით 400-500 ლარი ჯდება.

„ამაში შედის სპეცტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩაფხუტი თავისთავად, უსაფრთხოების ღვედი… პერიოდულად ამ ნივთებს განახლება სჭირდება,“ – გვიყვება ამირან ბერიძე.

ამას ემატება სამშენებლო ობიექტზე შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვის ხარჯი, მაგალითად, დროებითი მოაჯირები, ღიობების დამცავები, ბადურები…

„მე, მაგალითად, სამი კუბური მეტრი ხის მასალა ახლა შევიძინე, როცა შრომის ინსპექციამ რეკომენდაცია მოგვცა. 1 კუბური მეტრი ხის მასალა 600 ლარი ღირს. ამას დასჭირდა ცალკე მუშახელი, კიდევ სხვა ხარჯები, დაახლოებით 3 ათასი ლარი დაჯდა ახალი მოაჯირების მოწყობა… რაც შეეხება უსაფრთხოების ბადეებს, ეს დამოკიდებულია ხარისხზე. საშუალოდ, ერთი სამშენებლო ობიექტის ბადეებისთვის 5 ათას ლარამდეა საჭირო“, – გვიხსნის ამირან ბერიძე.

ამირან ბერიძე ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ ფაქტორზეც, რაც ასევე გააძვირებს ნებისმიერი სამშენებლო ობიექტის ფასს, თუკი იქ უსაფრთხოების ზომებს დაიცავენ.

„ესაა თავად საერთო სამშენებლო ფართის დანაკარგი… წინათ თუ დანაკარგი იყო 20-22 პროცენტი, ახლა იქნება დაახლოებით 30 პროცენტამდე. ეს ყველაფერი საჭიროა ევაკუაციისთვის, რაც პირველივე დღეებიდან უნდა გაითვალისწინო. მაგალითად, იზრდება კიბეების რაოდენობა,“ – აღნიშნავს ამირან ბერიძე „ბათუმელებთან“.

რატომ იღუპებიან მუშები ისევ იმის მიუხედავად, რომ კანონში ცვლილებები შევიდა და შრომის ინსპექციაც ამოქმედდა? – მშენებელი, რომელიც უკვე 7 წელი ამ სფეროშია, მიიჩნევს, რომ ორი მთავარი პრობლემა არსებობს:

„შეჩვევა უნდა მოხდეს ისე, როგორც ადამიანები უსაფრთხოების ღვედების ტარებას შეეჩვივნენ, მე ამას ვადარებ… არ უნდა შეჩერებულიყო ეს მოთხოვნები თავის დროზე. უნდა გაიაზროს ყველამ, რომ საფრთხე ექმნება ადამიანს. შესაძლოა, ეჩქარება დეველოპერს, ჩქარა უნდა აშენება და რისკავს, მაგრამ საბოლოოდ, ის აუცილებლად დაზარალდება. თუკი მოხდება შემთხვევა, იქ დაზღვევაც არაფერს შველის. ჩვენთან თითოეული მუშის სიცოცხლე 50 ათას დოლარად არის დაზღვეული…

რას ამბობენ დაღუპული 25 წლის მუშის ოჯახში – შრომის უსაფრთხოება

„ნეტა ის დღე კალენდარში საერთოდ არ იყოს,“ – ასე დაიწყო 25 წლის ქმრის დაღუპვის ამბავზე საუბარი 21 წლის მარიამ სირაბიძემ. მისი მეუღლე – მამუკა თურმანიძე 2017 წლის 21 სექტემბერს ჩამოვარდა „მეტროსითის“ მშენებარე კორპუსის მერვე სართულიდან. იმ დღეს მამუკასთან ერთად მეორე მშენებელიც დაიღუპა – რეზო თურმანიძე.2011-2018 წლებში საქართველოში საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა. 2019 წელს სამშენებლო ობიექტებზე 13 მუშა გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაღუპული – 16 წლის მოზარდი იყო. რა იცვლება კანონის შეცვლით მშენებლებისთვის?

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი, 2019

მეორე არის მუშების განათლება. მუშა მოდის პირდაპირ ქუჩიდან და გეუბნება: მე ეს ვიცი. სინამდვილეში, ფაქტობრივად არ იცის… უსაფრთხოებაზეც გიპასუხებს, რომ ჰო, ყველაფერი იცის. მერე ავა 22-ე სართულზე, დასცხება და იხდის ჩაფხუტს… ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური მუშები, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ, რას აკეთებენ,“ – უთხრა ამირან ბერიძემ „ბათუმელებს“.

_____

ამ თემაზე: შეაჩერებს თუ არა კანონის შეცვლა მუშების დაღუპვის სერიას?

_______

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: