მობილიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ – რას წერენ ტროლები და პრორუსები

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ კამპანია სოციალურ ქსელებში 14 დეკემბერს ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა კრიტიკული განწყობა დააფიქსირა ხელისუფლების მიმართ. ექიმის მეუღლეს ვერ აპატიეს შემდეგი სიტყვები:

„მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე – ის, რომ ანბანის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან საზეიმოა. მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის – არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში, ტყვე ექიმის უფლება. ვნახოთ, ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა“.

14 დეკემბრის შემდეგ ბევრი ყალბი პროფილი ჩაერთო ექიმის წინააღმდეგ კამპანიაში და დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ექიმი გაფრინდაშვილი ან პროვოკატორია, ან აგენტი.

„მარიტა მელაძე“ სავარაუდოდ ყალბი ფეისბუქპროფილია. ამ პროფილზე „მარიტა მელაძეს“ მხოლოდ ერთი ადამიანის ფოტოები უდევს, რომელიც უკრაინელ ფოტომოდელ მარია მელნიკოვას ეკუთვნის. Nino Ninka Giorgadze კი, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის პოსტებს აზიარებს, წერს, რომ ცხოვრობს აშშ-ში. ის 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული ზეიმის ფოტოებს აზიარებს და წერს „ყველა დროის რეკორდი მოხსნილია. ხალხი ირჩევს სიმშვიდეს! IRI და NDI მხარდამჭერები არ ყავსო ხო ოცნებას“.

არაერთი საეჭვო პროფილით ასევე წერენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალში გადასვლის წინ ჩაურიცხეს 21 ათასი დოლარი.

საქმე იმაშია, რომ სწორედ ცხინვალის KGB-მ გაავრცელა ინფორმაცია და აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც  ამტკიცებენ, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთა და “კანონდარღვევა” წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ცხინვალის KGB-ს განცხადებით, “საზღვრის დარღვევამდე” ექიმი ესტონეთში იმყოფებოდა ვიზით, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას საბანკო ანგარიშზე თანხა ჩაერიცხა.

ზუსტად ეს პოსტი, რომელსაც უკვე ბევრი ფეისბუქპროფილით აზიარებენ, დღეს თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა თბილისის საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ შემდეგი წარწერით: „ეს ყველაფერი ნამდვილად არ ვიცოდი და ძალიან უცნაური კალეიდოსკოპი იხატება ნელ-ნელა“.

შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს უწოდა „იდიოტები“ და „პროვოკატორები“, აგინა და მათი ქცევა შეაფასა, როგორც „სახელმწიფოსთან დაპირისპირებული“.

ერეკლე კუხიანიძის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში, ამის მიუხედავად საკრებულოს წევრი არ გაჩერებულა – მან 15 დეკემბერს დაწერა, რომ [გაფრინდაშვილების შეურაცხმყოფელი] პოსტის  შემდეგ მის მიმართ „ზღვარგადასული სიბინძურე წავიდა“ და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ „რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს“.

ერთ-ერთი ვრცელი პოსტი, რომელიც 14 დეკემბრის შემდეგ ექიმის ლანძღვას მიუძღვნეს და „ამხილეს აგენტობაში“, გივი მდივნიშვილს ეკუთვნოდა. პროფილზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, იგი რუსეთში ცხოვრობს და პოსტებში თუ ვიდეომიმართვებში იმაზე საუბრობს, რა ზიანს აყენებს ვაჟა გაფრინდაშვილი „რუსეთსა და ოსეთთან მეგობრობის აღდგენას“.

პოსტი, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაციას ეწევიან

ეს პოსტი და ვიდეომიმართვა, რომლებსაც ასობით კომენტარი ახლდა, ავტორმა დღეს, 16 დეკემბერს, წაშალა.

ყველა პროფილი, რომლითაც ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაციულ პოსტებს წერენ ან აზიარებენ, ძირითადად, დასავლეთის კრიტიკას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ქილიკს და რუსეთის ქებას ემსახურება.

ამ კუთხით გამოირჩევა ვინმე „როსტომ ჯუღელიც“, რომელიც წერს, რომ რუსეთში ცხოვრობს.  ის საეჭვოდ მიიჩნევს ვაჟა გაფრინდაშვილის ქცევას, მაგრამ აზიარებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებულ პოზიტიურ პოსტებს, ასევე „ქართული მარშის“ ვიდეოებსა და ფოტოებს. დღეს „როსტომ ჯუღელმა“ თავის „3200-მდე მეგობარს“ მოუწოდა გამართონ დისკუსია: „რა სასჯელს იხდის იგორ გიორგაძე და რატომ არის იგი დევნილი სამშობლოდან, 24 წელიწადი?“

larisa Gvalia-ს კი ვაჟა გაფრინდაშვილზე დისკუსიის დროს ის თემა შემოაქვს, რაზე საუბარსაც ღიად პრორუსული ჯგუფებიც კი ერიდებიან – „ჩაკეტილ საზღვარზე შესული კანონით ისჯება“.

კამპანიაში ჩართულია ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძეც. ის არაერთი თანამოაზრის მსგავსად წერს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ „ბუმაჟკას“ თუ მოაწერს ხელს, ცხინვალიდან „წამოვა“.

გულბაათ რცხილაძე ვაჟა გაფრინდაშვილი პროფესიონალიზმსაც ეხება და წერს, რომ ის, როგორც ექიმი – არაეთიკურია.

ქართული მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს იმიტომაც მიუსაჯეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა და დატოვეს ცხინვალის ციხეში, რომ მან საოკუპაციო ზოლიდან სხვა გატაცებულების მსგავსად არ აღიარა რუსეთის მიერ გავლებული მავრთულხლართები, როგორც სახელმწიფო საზღვარი. გულბაათ რცხილაძე და სხვებიც ამ შინაარსის „ბუმაჟკაზე“ ხელმოწერაზე უარის თქმისთვის აქილიკებენ ექიმს.

„ბუმაჟკის“ თემის ერთგვარი დასტურია რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება, რომელშიც წერია: „გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა შეკითხვებისთვის პარტიული კუთვნილების შესახებ და განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს სწრაფი გაწევრიანების მომხრეა, საზღვრის დარღვევას განიხილავს საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების კანონიერი უფლების განხორციელებად, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად, ხოლო რუსეთს – ქართული სახელმწიფოს მთავარ მტრად. ამასთან, გაფრინდაშვილის თქმით, ის, როგორც საქართველოს მოქალაქე, უფლებას იტოვებს აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტის შეცვლა“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ 21 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში კი წერია: „ქართული ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორებისა და ასევე ოფიციალური თბილისის მცდელობები, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილით ჩაიწერონ პოლიტიკური ქულები და საკუთარი შიდა რეიტინგის გასაუმჯობესებლად ზეწოლა მოახდინონ რესპუბლიკის ხელისუფლებაზე, უპერსპექტივოა“.

_____

9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, 13 დეკემბერს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

ლეოპარდი მზეზე, დატყვევებული პანდა და თაგვები ლონდონის მეტროდან – 8 ფოტო კონკურსიდან

ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმმა კონკურსში – „ველური ბუნების საუკეთესო ფოტოგრაფი – ხალხის არჩევანი 2019“, 25 ფოტო წარმოადგინა. გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად, 2020 წლის 4 თებერვალს გამოვლინდება, მანამდე კი გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფოტოს კონკურსიდან. კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოს ნახვა და ასევე, ხმის მიცემა შეგიძლიათ მუზეუმის ვებგვერდზე. 

მზეს მიფიცხებული ლეოპარდი კენიის მასაი მარას ეროვნული პარკიდან. 

ფოტო: კლემენტინ მვანგი, კენია

დედა დათვი ბელთან ხეზე ზურგს იფხანს. ფოტო კანადაშია გადაღებული. 

ფოტო: მარიონ ვოლბორნი, გერმანია

გიგანტური დატყვევებული პანდა ჩინეთში. 

ფოტო: მარკუს ვესტბერგი, შვედეთი

მანული, მტაცებელი კატისებრთა ოჯახიდან 42 გრადუს ყინვაში. 

ფოტო: ვალერი მალეევი

თეთრი დედა დათვი ბელებს ეთამაშება. კანადა. 

ფოტო: სტივ ლევი, აშშ

თაგვები ლონდონის მეტროდან 

ფოტო: სემ როული, დიდი ბრიტანეთი

ცნობისმოყვარე მთის არწივი

ფოტო: აუდუნ რიკარდსენი, ნორვეგია

ორანგუტანგი ბანკოკის ცირკიდან. მას დღეში ორჯერ უწევს წარმოდგენაში მონაწილეობა. 

ფოტო: აარონ გეკორსკი, დიდი ბრიტანეთი

ბათუმში კომაროვის სკოლის ფილიალის მშენებლობა იწყება

ბათუმში, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალი, გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩის N1-ში აშენდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია. პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. არსებული გეგმით, მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულდეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.

ბათუმის ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფცია ასევე ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებელის „ბლექსის“, მულტიფუნქციური ცენტრისა და ხელოვნების სკოლის მშენებლობას.

გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩა N1-ში ახალი სახელოვნებო სკოლის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ახალ შენობაში გადაიტანენ: მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლას; ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლას; ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლას; რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლას და ასევე აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას.

ამ თემაზე: 

გოროდოკში გადაიტანენ ბათუმის ხელოვნების, ბალეტის, სამხატვრო და სამუსიკო სკოლებს

 

საქსტატის თანახმად საშუალო ხელფასი თვეში 1 217.1 ლარია

საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა.

მონაცემები დღეს, 16 დეკემბერს გამოქვეყნდა. ამ მონაცემების მიხედვით, ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარით (წლიური ზრდა 72.2 ლარი) , ხოლო კაცების – 1475.7 ლარით (წლიური ზრდა 115.2 ლარი)  განისაზღვრა.  საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქსტატის თანახმად 2019 წლის მესამე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასები თითქმის ყველა სექტორში გაზრდილია.

შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ შემდეგ სფეროებში დასაქმებულებს:

  • მშენებლობა – 2 008.4 ლარი (წლიური ზრდა – 16.4 პროცენტი);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 958.7 ლარი (წლიური ზრდა – 9.7 პროცენტი);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა -3.7 პროცენტი);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა – -19.4 პროცენტი).

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობას კომპანია მთავრობას 39.8 მილიონად სთავაზობს

დღეს, 16 დეკემბერს, დასრულდა წინადადებების მიღება ტენდერში, სადაც „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელი გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. ელექტრონული ტენდერი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, აუქციონის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ამ ეტაპზე სისტემაში მხოლოდ ის პრეტენდენტი ჩანს, რომელმაც მომსახურება სამინისტროს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა.

სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენის“ შეთავაზება კი 39 მილიონ 809 ათას 280 ლარია. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. შესაბამისად, სატენდერო კომისია გადაამოწმებს კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას – გააფორმებს თუ არა მასთან ხელშეკრულებას.

თუ „მაქრო ქონსთრაქშენის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ტენდერის პირობებს, მას კომისია გამარჯვებულად გამოაცხადებს, თუ დისკვალიფიკაციას მისცემს, მაშინ მომდევნო პრეტენდენტის წინადადებას განიხილავენ; ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი, ტენდერი ხელახლა გამოცხადდება.

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, „მაქრო ქონსთრაქშენი“ არის ყოფილი „ბოსფორ – სტროი ჯორჯია“, რომელიც ბათუმში თურქეთის მოქალაქემ 2013 წელს დააფუძნა. დღეს კომპანიის 100% წილის მფლობელი არის ემინ უჩარი [საქართველო/თურქეთი], ხოლო დირექტორი: მურათ ავჯი [საქართველო/თურქეთი].

პროექტის მიხედვით, სამ შენობაში თორმეტ სართულზე მოეწყობა 582 საცხოვრებელი ბინა: I შენობა – 213 ბინა, II შენობა – 285, III შენობა – 84 ბინა. საცხოვრებელი ბინები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვისაა განკუთვნილი.

მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

414 ათასი ლარი ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობის ზედამხედველობისთვის

შეამოწმე, როგორ იცნობ ბათუმს [ტესტი]

პიაცამდე შეიძლება ადვილად მიხვიდეთ, ეს ადგილი ყველამ იცის, მაგრამ ბათუმის გარეუბნებში ყოფილხართ? დაკვირვებიხართ ქალაქის ძველ შენობებს? ვინ არიან ადამიანები, ვინც ბათუმი აქციეს ისეთ ქალაქად, როგორიც ახლაა? გახსოვთ ფილმები, რომლებიც ამ ქალაქში გადაიღეს? შეავსეთ ტესტი და შეამოწმეთ, როგორ იცნობთ ბათუმს, რა გაკავშირებთ მასთან, რა თქმა უნდა, ეს ჩვენზე უკეთ იცით, მაგრამ მაინც.

17 დეკემბერს, ღამით, ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

17 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, იგეგმება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 255-ე კმ-ზე, ბეტონის დამგები მექანიზმის მდინარე ჭიშურას ხიდიდან ბაღდათის სატრანსპორტო კვანძზე გადატანა, რის გამოც ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი), ქუთაისი-სამტრედიის და ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზების და აბაშის სატრანსპორტო კვანძის გავლით.

დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

ბათუმში ხვალ გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 16 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი, ხვალ, 17 დეკემბერს კი გამოიდარებს და კვირის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10-15 გრადუსი
  • ღამით: 3-8 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5-10 გრადუსი
  • ღამით: 0-3 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი კვირის ბოლომდე.

__________

ფოტო: „ბათუმელები“

„ნუ შეგაშინებთ სტერეოტიპები, ქალის და კაცის შესაძლებლობებს შორის განსხვავება არ არის“

თამუნა მიქელაძე, 17 წლის, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პირველი კურსის სტუდენტი, ეუფლება გემბანის რიგითი მეზღვაურის პროფესიას.

„რა თქმა უნდა გაცნობიერებული მაქვს, რომ არ არის ადვილი ქალმა მოირგო ასეთი რთული პროფესია, თუმცა იმდენად დიდია ინტერესი, ლტოლვა და სურვილი, რომ ეს ყველაფერი მიქრობს შიშს და პირიქით, მოტივაციას მაძლევს.

ალბათ ძნელად დასაჯერებელია, რომ 17 წლის გოგომ შეიძლება შევძლო ამ გამოწვევის დაძლევა, მაგრამ მე ვთვლი, რომ პირველი სირთულე უკვე გადავლახე. გადავლახე იმით, რომ 25 ბიჭთან ერთად ვსწავლობ და ერთადერთი გოგო ვარ კურსზე

ბავშვობაში პოლიციელობა მინდოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პროფესიით მეზღვაური მამიდაშვილის ისტორიებს ვისმენდი, რადიკალურად შემეცვალა სურვილები. სახლში რომ განვაცხადე, ზღვაში მინდა წასვლა-მეთქი, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდათ ოჯახის წევრებს. მეუბნებოდნენ, ვერ შეძლებო. ყველას დავუმტკიცე, რომ ეს შესაძლებელია და ახლაც, ამ წუთასაც ამის მტკიცების პროცესში ვარ.

იყო დისკრიმინაციული მიდგომებიც, რომ ეს კაცის საქმეა და ქალი ზღვაში არ უნდა მიდიოდეს. მე ასე არ ვფიქრობ. ვთვლი, რომ ქალისა და კაცის შესაძლებლობებს შორის განსხვავება არ არის და ეს კლასიფიკაციაც შეუსაბამოა. თავიდანვე ვიყავი ჩვეული ე.წ. „კაცის საქმის“ კეთებას, მამაჩემს ხშირად ვეხმარებოდი და არასდროს გამიმიჯნავს საქმე გენდერული შესაძლებლობების მიხედვით. შტორმსაც ავიტან, ტალღებსაც და სტრესულ გარემოსაც. მე ძლიერი ქალი ვარ, ე.ი მე შემიძლია!

მანდ რა გინდოდა, რისთვის, რატომ?“ – ყველას ასეთი რეაქცია ჰქონდა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ცხოვრებას სხვების არჩევანით გეგმავს, მე კი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე.

მეზღვაურობის მთავარი სირთულე, მაინც, თვეობით ოჯახისგან შორს ცხოვრება მგონია. თუმცა, პროფესიის არჩევისას, ეს გაცნობიერებული უნდა გქონდეს. თავდაგადასვლების ძიება, უცხო ქვეყნების კულტურისა და სხვადასხვა ტრადიციების გაცნობა, დაუგეგმავი მარშრუტები – ეს ყველაფერი ყოველღიურ რუტინაზე გაცილებით საინტერესოა.

ძალიან მინდა გამოვცადო ნაოსნობაში წასვლის ფორიაქი და გემზე ასვლის ნერვიულობა. მინდა ვიცოდე, რა განცდაა, ტალღებში მუშაობა. ეს შიში დაძლევადია და მინდა, რომ სასიამოვნო განცდად მექცეს.

სწავლას ისევ აქ გავაგრძელებ. ვაპირებ, გავხდე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი. ჩვენს სასწავლებელს ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს და მეც კმაყოფილი ვარ სწავლების ხარისხით.“

სახელოვნებო სკოლის პროექტს მოამზადებს კომპანია, რომელმაც „ოცნების ქალაქში“ კორპუსები დააპროექტა

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში სახელოვნებო სკოლის ახალი შენობის პროექტს ის კომპანია მოამზადებს, რომელმაც „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსი დააპროექტა. ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია.

ამხანაგობასთან სამინისტრომ ხელშეკრულება 2019 წლის 21 დეკემბრამდე უნდა გააფორმოს. სახელშეკრულებო თანხა 292 ათას 1 ლარი იქნება. მონაწილეობდა თუ არა სხვა პრეტენდენტი ტენდერში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება.

გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩა N1-ში სახელოვნებო სკოლის ერთიან შენობაში გადაიტანენ მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლას; ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლას; ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლას; რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლას და ასევე აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას.

სახელოვნებო სკოლის ახალი შენობის შექმნისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის 25 ნოემბერს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 365 ათასი ლარი იყო. ტენდერში გამარჯვებული საავტორო ზედამხედველობასაც გაუწევს შემდგომში სკოლის მშენებლობას.

ამხანაგობა „ინჟარქიტექტისთან“ „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაზე ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წელს 320 ათას 1 ლარზე გააფორმა.
ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ ორმა კომპანიამ დააფუძნა: შპს „გეოანალიტიკამ“ და შპს „სენსონიმ“.
შპს „სენსონიმ“ კი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა. სპორტსკოლის დაპროექტებაზე ხელშეკრულება „სენსონსა“ და აჭარის ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ შორის, 2017  წელს,  420 ათას 1 ლარზე გაფორმდა.

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტებაზე „ინჟარქიტექტიმ“ ვალდებულება დროულად ვერ შეასრულა, რისთვისაც მას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირგასამტეხლოს – 24 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ახალი სახელოვნებო სკოლისთვის განკუთვნილია დაახლოებით 10 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სკოლის პროექტირების სავარაუდო ხანგრძლივობა 225 დღეა.

ამ თემაზე:

გოროდოკში გადაიტანენ ბათუმის ხელოვნების, ბალეტის, სამხატვრო და სამუსიკო სკოლებს

მთავარი ფოტო: ბათუმის სამხატვრო სკოლის შენობა ფიროსმანის ქუჩაზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

როგორ შეიძლება საახალწლოდ „აინთოს“ მთელი ბათუმი – ინიციატივა

კომპანია GGM-ის მმართველი, გენო გელაძე ინიციატივით გამოდის, საახალწლო განწყობის შექმნაში, მერიის მიერ დაგეგმილი აქტივობის პარალელურად, ჩაერთონ ბიზნესკომპანიები და ამხანაგობები. იგი ინიციატივის შესახებ ფეისბუქზე წერს. 

გენო გელაძე: 

„საახალწლო განწყობა ბათუმში ყველასთვის, ყველგან რომ გავაკეთოთ/შევქმნათ, თან ისე, ქალაქის ბიუჯეტს რომ არ დააწვეს, ვფიქრობ, შესაძლებელია.

დავიწყოთ, თუნდაც ორი პოზიტიური აქტივობით:

  1. საახალწლოდ საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, ოფისების, კორპუსების, სახელმწიფო დაწესებულებების ერთი დიზაინით განათება (შენობის კონტურების განათება). პირველ წელს ამ ამბავში რომ ჩაერთონ მშენებლები, სასტუმროები, რესტორნები, სამედიცინო დაწესებულებები. მერე კი, მერია, ამხანაგობების წახალისებით, მთელ ქალაქს მოიცავს  და საახალწლოდ, მხოლოდ ერთი ნაძვის ხე კი არა, მთელი ქალაქის შენობები ”აინთება”.
  2. ქალაქის ყველა უბანში ნელ-ნელა დავიწყოთ კულტურის შექმნა, საახალწლოდ კერძო (მოსახლეობა, ბიზნესი) რესურსებით ლოკაციის მოწყობის, გართობის/განწყობის ამბის ორგანიზების მიზნით (თუნდაც უბნების ერთგვარი შეჯიბრი, ვინ უფრო კრეატიულად შეხვდება ახალი წლის დადგომას ეზოში/ქუჩაში და რამდენად გრძელვადიან/გასართობ ამბავს შექმნის).

ვფიქრობ, ამ მხრივ ქალაქის ბიუჯეტი უნდა დავზოგოთ და ძირითადად მოსახლეობამ თვითორგანიზებით გავაკეთოთ.

ორივე, ჩემის აზრით პოზიტიური კულტურის ჩამოყალიბების ორგანიზება, კრეატიულად დაგეგმვა, ეფექტიანად მართვა და ყოველწლიურად განვითარება კი ქალაქის მერიის ამოცანა გახდეს.

აჭარის მთავრობამ, სხვა მუნიციპალიტეტებმა, ანალოგიური, ან უფრო კრეატიული, ყველას პოზიტივზე გათვლილი ამბავი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში უნდა გააკეთონ.

ვფიქრობ, ამგვარი, პოზიტიური კულტურის ჩამოყალიბება-განვითარების საქმეში მედიის და ბიზნესის როლი განსაკუთრებულია“.

___________

წყარო: facebook

ბათუმში ორშაბათს წვიმა, სამშაბათიდან კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 დეკემბრის 21 საათიდან 16 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა; მაღალ მთაში თოვა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ|წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო,
  • შიდა მთიან რაიონებში – ღამით 0-3 გრადუსი, დღისით 5-10 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 5-10 გრადუსი ყინვა, დღისით 1-6 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი: 

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში. დროგამოშვებით წვიმა. ხილვადობა 4-10კმ. ტალღის სიმაღლე 7-12დმ(2-3 ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 17 და 18 დეკემბერს, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

„ნუ აძვრებით ქვებზე“ – უსაფრთხოა თუ არა ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვარში

ბათუმის ახალ ბულვარში სასეირნო ბილიკის, ნაპირდამცავი ნაგებობების და ხელოვნური პლაჟის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 55 მილიონამდე ლარი იხარჯება. ნაპირის დაცვის მიზნით აქ დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძეზე ჩაწყობილია ქვის ლოდები, რომელთა უმეტესობა, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, 3-დან 7-ტონამდე იწონის.

ეს ხელოვნური ნაგებობა უსაფრთხო არ არის, რასაც ფონდშიც ადასტურებენ. ქვებს შორის არის სიცარიელე, რის გამოც, გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული წარწერით: „ნუ აძვრებით ქვებზე თქვენივე უსაფრთხოებისთვის!“.

„პლაჟზე ჩასასვლელები გაკეთებულია, გაკეთებულია გამაფრთხილებელი ნიშნები, იმიტომ, რომ საკმაოდ საშიშია ეს ყველაფერი. მაგალითად, იქ ვინმე არ ავიდეს – ბავშვი, ნასვამი ადამიანი, რა ვიცი – დიდი პატარა და არ დაშავდეს. ასევე საკითხი დგას, რომ იქ შეიძლება ნაგავი ჩაიყაროს… თუმცა, მსოფლიო პრაქტიკა არის ის, რომ ეს ამ სახით კეთდება. ჩვენ გვქონდა საუბარი, ბათუმის ბულვარმა დასვა საკითხი – იქნებ დაიფაროს, ვთქვათ, რაიმე ბადით. ეს უკვე შემდეგი ეტაპია, თუ როგორ გაკეთდება ეს ყველაფერი,“ – გვითხრა რეზო გიგილაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მენეჯერმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი 2 თვეში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ნაპირდამცავი ნაგებობაც და ხელოვნურად შექმნილი პლაჟიც, მოვლა-პატრონობისთვის ბათუმის მერიას გადაეცემა.

ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / 14.12.2019
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / 14.12.2019

ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში ხრეშის მილებით გადაქაჩვის გეგმა ჩაიშალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, არ იმუშავა სპეციალურმა მოწყობილობამ, რომელიც სპეციალურად შემოიტანეს და დაამონტაჟეს პლაჟზე. ხრეში ახალ ბულვართან მანქანებით ძველი ბულვარიდან გადააქვთ. ეს პლაჟის მოსაწყობადაა აუცილებელი და ის ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ნაწილია.

ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / 14.12.2019
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / 14.12.2019

ნაპირაცვის მიზნით სარფშიც ლოდები იმავე მეთოდითაა ჩაწყობილი, როგორც ახალ ბულვართან, თუმცა იქ ბანაობა აკრძალულია.

გაგრძელდება თუ არა ბათუმის სანაპიროზე გზა და ბულვარი გონიოს მიმართულებით? აშენდება თუ არა ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე ზღვის შესართავთან? როგორ განვითარდება გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია? – ამ კითხვებს პასუხი მხოლოდ მას შემდეგ გაეცემა, რაც ყოფილი პოლიგონის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადდება.

ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / 14.12.2019
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / 14.12.2019
ბულვარიდან პლაჟზე ჩასასვლელი / ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / 14.12.2019

ამავე თემაზე:

კვადროციკლების იმპორტი – 3 პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ საქართველოში იმპორტირებული იქნა 110 სმ3 ძრავის მქონე კვადროციკლები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჭიროებდნენ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას.

აღნიშნული ტექნიკის გაყიდვის გაადვილებისა და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისთვის გვერდის ავლის მიზნით, აღნიშნულმა პირებმა, ტექნიკის რეალიზაციის პროცესში, დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა ხდებოდა დაბალი სიმძლავრის – 50 სმ3 ძრავის მქონე კვადროციკლების რეალიზაცია, რაც თავის მხრივ არ საჭიროებდა რეგისტრაციას“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

სოფელ ზედა ახალშენში ხანძარია, სავარაუდოდ იწვის ტყე

ამ წუთებში [23:50 სთ.] ხელვაჩაურის სოფელ ზედა ახალშენში ხანძარია. როგორც  „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, სავარაუდოდ სოფელთან ტყე ან ეკალბარდი იწვის. შემთხვევის ადგილზე გასულია ბათუმის სახანძრო მანქანები.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ იწვის ეკალბარდი და ადგილზე გასულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

სამაშველოს ინფორმაციით, ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის.

შენიშვნა: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით 01:00 საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია
ხანძარი სოფელ ზედა ახალშენში / ფოტო ნათია მიქელაძემ მოგვაწოდა, სავარაუდოდ იწვის ტყე

დააკავეს პირი, რომელიც ექიმს მოკვლით ემუქრებოდა

დღეს, 14 დეკემბერს, დააკავეს პირი, რომელიც ბათუმის “მედცენტრის” ექიმს ზვიად ბახტაძეს მოკვლით ემუქრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მუქარის ბრალდებითაა დაკავებული.

ზვიად ბახტაძის თქმით, მას ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის შვილი 12 დეკემბერს რეანიმაციულ განყოფილებაში დანით შეიარაღებული შეუვარდა და მოკვლით ემუქრებოდა.

დღეს, 14 დეკემბერს, ზვიად ბახტაძის მხარდასაჭერად ექიმებმა “მედცენტრთან” აქცია გამართეს.

ამ დრომდე გამოძიება არ დასრულებულა კიდევ ერთ შემთხვევაზე, რომელიც 20 მაისს მოხდა – ექიმ ზვიად ბახტაძეს საავადმყოფოს წინ თავს დაესხნენ.

მოხეტიალე ცირკს დათვი ჩამოართვეს

ქალაქ ჭიათურაში, მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, დათვი თავშესაფარში, შესაფერის პირობებში მოთავსდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე.

„კორუფციის ფასი“ – ფილმი ბათუმის ჩაბეტონებაზე, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა [ვიდეო]

მუსიკის რიტმი ჩქარდება, იზრდება გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობაც, დაბალი სახლები უფრო ჩქარა ქრება და ბეტონის მაღლივი, ნაცრისფერი კედლები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება. დროდადრო ამ კედლებიდან ჩამოვარდნილი ადამიანების საზარელი, განწირული ყვირილის ხმა ისმის და სიუჟეტის ფერები უფრო და უფრო მუქდება. მშენებლობის ნებართვის გამცემ პირს, რომელმაც ამ გზით დიდი ფული იშოვა და ავტორი ერთ სახეში აერთიანებს, პოლიცია აკავებს. ბოლოს კადრში დაბინძურებული ზღვა და ნაპირის გასწვრივ გრძელი ბეტონის ნაცრისფერი კედელი ჩნდება, რომელიც ქალაქს ეფარება: ასე სრულდება გიორგი ხომერიკის სამწუთიანი ფილმი – „კორუფციის ფასი“.

გიორგი ხომერიკი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია. მისი ფილმი  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“  [TI] და რადიო თავისუფლების ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულია. კონკურსის თემა კორუფცია, მიზანი კი კორუფციის ფორმებსა და მასთან ბრძოლის აუცილებლობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.

„როცა კონკურსის შესახებ გავიგე, ბევრ პრობლემაზე გავიფიქრე, რაც ჩვენს ქალაქშია, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე ამაზე გამეკეთებინა“, – გვითხრა გიორგიმ.

გიორგი ამბობს, რომ ჯერ მუსიკა აირჩია: „შემდეგ ამ მუსიკაზე ავაწყვე ყველაფერი.“

კორუფციის ფასი

გიორგი ძველ ბათუმში ცხოვრობს. გვიყვება, რომ ახლახან მისი სახლის წინ მაღალი შენობა აშენეს, რის შემდეგაც მის სახლში მზე ისე აღარ შედის, როგორც ადრე. როგორც სხვებს, გიორგისაც პრობლემები ექმნება ქალაქში გადაადგილებისას, რადგან გზებზე საცობია, ტროტუარზე კი კაფეა ან ფეხით სავალი ნაწილი ავტომანქანებს აქვთ მიტაცებული.

„ძაღლს ვასეირნებდი ხშირად იქ, სადაც რივიერა ბათუმი მშენებლობას გეგმავს და უკვე შემოღობეს. ეს ადგილიც დავკარგეთ“, – ამბობს გიორგი.

გიორგი მიიჩნევს, რომ ბათუმის მცხოვრებთა უმეტესობა ვერ იაზრებს, თუ რა უჯდება ქალაქს მიმდინარე ინტენსიური მშენებლობები: „როცა აქცია იმართება ბევრი არ გამოდის. ჩემს ფილმში საუბარია იმაზეც, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ და რამდენ ნებართვას გასცემს. უკვე ბევრია გაფუჭებული“.

გიორგი ამბობს, რომ ხშირად „ადამიანებისთვის, რომლებსაც უჭირთ, [თავის გადარჩენის] ერთადერთი ვარიანტია სახლის გაყიდვა. ქალაქში კი სწორი ურბანული პოლიტიკისთვის რეგულაციები არ არსებობს.“

ექიმების საპროტესტო აქცია ბათუმში: ლინჩის წესია? – გამოიძიეთ ექიმზე თავდასხმა

ბათუმელი ექიმები დღეს, 14 დეკემბერს, კლინიკა ,,მედცენტრთან” ექიმებზე ზეწოლის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. აქცია ექიმებმა მას შემდეგ დაგეგმეს, როცა გარდაცვლილი პაციენტის ახლობელი ექიმ ზვიად ბახტაძეს თავს დაესხა. ექიმის თქმით, ეს ფაქტი 12 დეკემბერს მოხდა.

ექიმი ზვიად ბახტაძე ბათუმის „მედცენტრის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსია. მისი თქმით, დანით შეიარაღებული ადამიანი დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენი უფლებები და ჩვენი სიცოცხლე იყოს დაცული კანონის ფარგლებში. თუ მე დამნაშავე ვარ, მცნონ დამნაშავედ. თუ არ ვარ დამნაშავე, ვინც არის დამნაშავე, ის დასაჯონ. რა თქმა უნდა, მაქვს პროტესტი. ჩვენ მაშინ მოვითმინეთ [ზვიად ბახტაძეს ფიზიკურად 6 თვის წინაც გაუსწორდნენ] იმიტომ, რომ მივანდეთ შესაბამის ორგანოებს ამ საქმის ძიება. მაგრამ გავიდა 6 თვე და მეორედ დამესხნენ თავს“, – გვითხრა აქციაზე მყოფმა ზვიად ბახტაძემ.

ექიმ ზვიად ბახტაძეს თავს 2019 წლის 20 მაისს „მედცენტრის“ წინ მდებარე სკოლის ეზოში დაესხნენ თავს და ფიზიკურად შეურაცხყეს. ექიმი ამბობს, რომ გამოძიება ამ საქმეზე დღემდე არ დასრულებულა.

„ექიმებთან მიმართებაში აბსოლუტური განუკითხაობაა. რა უფლებით ავიწროებენ ექიმს, როცა მას არავითარი დანაშაული არ მიუძღვის. დანაშაული რომც იყოს, სად არის სახელმწიფო. ლინჩის წესია, ქუჩაში უნდა ვარკვიოთ საქმე… მართალი გითხრათ ეს არის ანარქია, სახელმწიფო არ იცავს ექიმს, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს ისედაც. ბატონი ზვიადის შემთხვევაში რა ხდება? გაოცებული ვართ მთელი ექიმები… ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, ეს წარმოუდგენელია. ბატონ ზვიადთან მიმართებაში არის ხულიგნური საქციელი, რომელსაც მფარველობს მთავრობა“, – განაცხადა ლევან გოგუაძემ, ოზურგეთის რეანიმაციის უფროსმა, რომელიც აქციაში მონაწილეობის მისაღებად დღეს ბათუმში სპეციალურად ჩამოვიდა.

ბათუმში და, ზოგადად, საქართველოში პაციენტები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიებს ექიმების მიმართ და აკრიტიკებენ არა მხოლოდ სამედიცონო მომსახურების ხარისხს, არამედ აქცენტს აკეთებენ ექიმების ეთიკაზეც.

კანონმდებლობით უკმაყოფილო პაციენტს ან მის ოჯახს აქვს უფლება მიმართოს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ექიმის ან სამედიცინო დაწესებულების მიმართ საჩივრით, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ სააგენტო საქმეების შესწავლას დიდ დროს ანდომებს და ზოგ შემთხვევებში კვლევის პროცესი ერთ წელზე მეტ ხანსაც იწელება.

____

ამავე თემაზე:

ექიმი: გარდაცვლილი პაციენტის შვილი დანით შემომივარდა რეანიმაციაში

ბათუმის ბულვარში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის აწყობა თითქმის დასრულებულია

ბათუმის ბულვარში მთავარი ნაძვის ხის აწყობა თითქმის დასრულებულია, უახლოეს დღეებში მის მორთვას დაიწყებენ, ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორის ჯონი საბაშვილის ინფორმაციით ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ახალი აქსესუარები დაემატება და  განსხვავებული ელფერი მიეცემა.

ფოტო: თედო ჯორბენაძე

 

როგორც უკვე ცნობილია 2020 წელს მთავარი საახალწლო კონცერტი ბათუმში ტრადიციულად ევროპის მოედანზე აღარ გაიმართება. ბათუმის მერია ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას ცვლის. მთავარი კონცერტის სცენა ბათუმის ბულვარში  საზაფხულო თეატრთან დამონტაჟდება, ხოლო მთავარ ნაძვის ხეს ბულვარის კოლონადებთან მრგვალ შადრევანზე დგამენ.

ბათუმის ბულვარში ნაძვის ხეს 25 დეკებერს საზეიმო ვითარებაში აანთებენ.

ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, მთავარ კონცერტში მონაწილეობას ისევ ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.

ნათია ზოიძემ პროკურატურას მიმართა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ, აჭარის  პროკურორს მიმართა. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. [ ნათია ზოიძე მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა  ახალი დირექტორის გიორგი კოხრეიძის არჩევამდე]

საიას განცხადებით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე მიიჩნევს, რომ გიორგი კოხრეიძის ქმედებებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიერ  გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

გიორგი კოხრეიძის განცხადებით მან იცის ნათია ზოიძის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერების შესახებ, რომელსაც გაასაჯაროებს თუ მისი პირობები არ იქნება მიღებული: „მაქვს მე ეჭვები და მაჩვენებს დრო, დაკვირვება, ვისთან ჰქონდა, როგორ ჰქონდა კავშირი“ .

ამასთან, ტელევიზიის დირექტორი თავის მოადგილეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე:

ჟურნალისტი ნათია ზოიძე: თუ არ ჩამოვშორდები სარედაქციო პოლიტიკას, დირექტორი დევნით მემუქრება

 

ხანძარი ხელვაჩაურში – ორი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა

ხელვაჩაურის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარაკული ტიპის ორი სახლი დაიწვა, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და არავინ დაშავებულა.

თვითმხილველის თქმით  დაიწვა დაახლოებით 60 კვადრატული მეტრი და დაზიანდა ამ სახლთან არსებული  ბარაკებიც. ადგილზე ამბობენ, რომ ხანძრის შედეგად ორი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა.

ფოტო: როინ გუნდაძე

რა ხდება, როცა პოლიციას ვეღარ ენდობი – მკვლელობა, გაუპატიურება, ძალადობა

„მახრჩობდნენ, ასფალტზე მათრიეს, გამაშიშვლეს – 26 წლის კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს“, – ამ ამბის შესახებ ნეტგაზეთმა დღეს დაწერა. ჩვენ დღეს შს სამინისტროს ვკითხეთ, გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდათ თუ არა უფლებამოსილება პოლიციელებს, ვის შესახებაც 26 წლის კაცმა ისაუბრა. უწყებაში გვითხრეს, რომ თუ გვინდა ამის შესახებ ინფორმაცია გავიგოთ, ოფიციალური წერილი უნდა მივწეროთ.

„მოზარდმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ზეწოლის შემდეგ სცადა“, – ესეც დღეს, 13 დეკემბერს გავრცელებული ახალი ამბავია. მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

დედაჩემის თვალწინ ემუქრებოდნენ ჩემთვის პრობლემების შექმნით – კომაში მყოფი მოზარდის ძმა

სავარაუდოდ პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, ოქტომბრიდან დღემდე სხვა სკანდალური ამბებიც გახდა ცნობილი, მაგალითად, 6 დეკემბერს ჩხოროწყუში პოლიციელი ახალგაზრდა კაცის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. კაცი ყვებოდა, რომ პოლიციელის მოთხოვნას დაემორჩილა და მას მანქანაში ჩაუჯდა, პოლიციელმა კი ის გაიტაცა და გააუპატიურა.

პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

მანამდე, 7 ოქტომბერს, გამოძიებამ 35 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე რუსთავში ორი მოქმედი და ერთიც ყოფილი პოლიციელი დააკავა. გამოძიების ვერსიით, სამართალდამცველები მკვლელობაში მონაწილეობდნენ – გამოძიების ვერსიით, პოლიციელებმა დააკავეს კაცი, რომელიც შემდეგ  სხვა პირებს გადასცეს. ეს სხვა პირები, სავარაუდოდ, კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ და კაცი მოკლეს.

სავარაუდოდ, პოლიციელების მონაწილეობით მომხდარი გატაცებისა და მკვლელობის საქმის დეტალები

ყველა ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფომ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება, თუმცა რა ეტაპზეა საქმე საზოგადოებამ არაფერი იცის.

არის თუ არა უკვე ეს ტენდენცია, როცა მძიმე და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებში პოლიციელები ფიგურირებენ და ირღვევა თუ არა პოლიციის, როგორც ინსტიტუტის მიმართ ნდობა? რა საფრთხეს შეიცავს ეს პროცესი, თუკი პოლიციის მიმართ ნდობა კიდევ უფრო დაიკლებს?

„ეს არის საგანგაშო ფაქტები და კიდევ უფრო საგანგაშო იქნება მომავალში, თუ სათანადო რეაგირება არ მოჰყვება ამას. ამ ფაქტებმა უკვე მოახდინა გავლენა პოლიციის რეპუტაციაზე და პოლიციელების მიმართ ნდობაზე, რომელიც ამ ქვეყანაში ისედაც არ არის მაღალი,“ – მიიჩნევს არჩილ ჩოფიკაშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი.

არჩილ ჩოფიკაშვილი გურჯაანის პოლიციას იხსენებს, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს – მოქალაქე იაშვილს მარტში სცემეს. იურისტი გვიყვება, რომ ფაქტი ამ დრომდე არ გამოუძიებიათ.

სექტემბერში კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი გურჯაანელი კაცი, რომლის მკვლელობასაც არასრულწლოვანს ედავებოდნენ, ცოცხალი აღმოჩნდა. არასრულწლოვანმა თქვა, რომ პოლიციელებმა სასტიკად აწამეს და კაცის მკვლელობა ასე აღიარებინეს.

„წესით ეს ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს. არ ვიცი, რატომ ხდება… ასე ხელისუფლების ძალაუფლების მცირდება. არსებობს საქმეები, სადაც აშკარად არ მიმდინარეობს ეფექტური გამოძიება“, – გვითხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

იურისტი გულისხმობს საქმეებს, სადაც პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულების ჩადენაზეა საუბარი. არჩილ ჩოფიკაშვილის აზრით, ამ დრომდე ვერაფერი შეცვალა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტმა, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულებს სწავლობს.

„თავის დროზე, როცა ეს ინსტიტუტი შემოიღეს, იყო კრიტიკა, რომ ინსპექტორი არ უნდა ყოფილიყო პროკურატურის დაქვემდებარებაში… ინსპექტორზე პროკურატურა ახორციელებს საპროცესო ზედამხედველობას და ის არაა დამოუკიდებელი ორგანო. ყოველი უმოქმედობა არის ძალიან დიდი წამახალისებელი გარემოება, რომ მომავალში წახალისდეს მსგავსი ტიპის დანაშაულები. გურჯაანის შემთხვევაში ჩვენ უკვე მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რადგან სხვა ეფექტური საშუალება სახელმწიფომ რეაგირებისთვის არ დაგვიტოვა,“ – ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი საფრთხეებს შორის „ქურდულ სამყაროს“ გააქტიურებასაც ელის.

„თუ ასე გაგრძელდა, ეს წაახალისებს მომავალში არასამართლებრივი მექანიზმების გააქტიურებას, მაგალითად, როცა სადავო საკითხებია, სამართლის მეშვეობით კი აღარ შეეცდებიან ადამიანები მის მოგვარებას, არამედ ალტერნატიული გზებით, მაგალითად, ქურდული სამყაროს გავლენით,“ – დასძენს არჩილ ჩოფიკაშვილი.

არაეფექტური გამოძიების დროს „შემოვლითი გზით“ სასურველი ჩვენების მიღება, შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების შერჩევის დახურული ფორმა, ასევე შსს-ს თანამშრომლების წახალისების და კარიერული წინსვლის მექანიზმები – იურისტი ამ ფაქტორების შეცვლას მიიჩნევს პრობლემიდან გამოსავლის მთავარ ფაქტორებად.

„როცა პოლიციის ავტორიტეტი ეცემა, ეს სახელმწიფოს ავტორიტეტზე აისახება პირდაპირ. შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს ეხება,“ – დასძინა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

სკოლა „ნიკეში“ ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი მინი ფეხბურთსა და კალათბურთში

სკოლა ნიკეში ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი მინი ფეხბურთსა და კალათბურთში. მინი ფეხბურთის ფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა. მატჩი დასრულდა ფრედ 2-2 და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა.

ტურნირის დასარულს დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:

საუკეთესო მეკარე – ზურა ახვლედიანი

საუკეთესო მცველი – ნიკოლოზ სხვიტარიძე

ტურნირის ბომბარდირი – გიორგი მოწყობილი

საუკეთესო შემტევი – დათო ბერიძე

საუკეთესო მოთამაშე – ბაჩუკი სულაბერიძე

რაც შეეხება კალათბურთის შეჯიბრს, I ადგილი მე-11 კლასის გუნდმა მოიპოვა. ასევე, დაჯილდოვდნენ მოსწავლეები სხვადასხვა საპრიზო კატეგორიებში.

მადლობა სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობასა და სპორტის კოორდინატორს – ანრი ძნელაძეს ტურნირების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის.

ექიმი: გარდაცვლილი პაციენტის შვილი დანით შემომივარდა რეანიმაციაში

„გუშინ, დღის ორი საათი იყო, რეანიმაციულ განყოფილებაში შემოვარდა მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის შვილია“ – ამბობს ბათუმის „მედცენტრის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი, ექიმი ზვიად ბახტაძე. ექიმის თქმით, შეიარაღებული ადამიანი დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს.

„რეანიმაციაში ვუთხარი, რომ უნდა დამლოდებოდა გარეთ და გავიდა,“ – განაგრძობს ზვიად ბახტაძე, – „აღმოჩნდა, რომ თურმე შემოპარული ყოფილა საშვის გარეშე და ამასობაში ამოვიდნენ დაცვის თანამშრომლები… კლინიკის ჰოლში იგი აგრესიულად იქცეოდა და მოკვლით მემუქრებოდა. როცა დამინახა, დანა ამოიღო და მოიწევდა ჩემკენ. საბოლოოდ, დაცვის თანამშრომლებმა ხელების შებოჭვით გაიყვანეს გარეთ…

მანამდე ეს მამაკაცი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მამამისის საფლავზე უნდა მოვიხადო ბოდიში. ვუთხარი, რომ მას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ არ მისმენდა,“ – ამბობს ზვიად ბახტაძე.

ექიმის თქმით, პაციენტი ნოემბერში შეიყვანეს „მედცენტრში“ მწვავე ინფარქტით და მას მიმღებ განყოფილებაში გული გაუჩერდა. „ჰქონდა ასევე ფილტვის და შარდის ბუშტის კიბო, იტარებდა ქიმიოთერაპიას. მკურნალობის დროს ექსცესი არ ყოფილა,“ – დასძენს ზვიად ბახტაძე.

ამ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, კლინიკაში ექიმები და დაცვის თანამშრომლები უკვე გამოკითხეს, თუმცა დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა. ხვალ, 13 დეკემბერს, ბათუმელი ექიმები ზვიად ბახტაძის მხარდასაჭერად და ექიმებზე ზეწოლის გასაპროტესტებლად „მედცენტრთან“ შეიკრიბებიან.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ექიმ ზვიად ბახტაძეს თავს დაესხნენ – 2019 წლის 20 მაისს „მედცენტრის“ წინ მდებარე სკოლის ეზოში მას თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება ამ საქმეზე დღემდე არ დასრულებულა.

სახალხო დამცველი: შეწყვიტეთ თანამშრომელთა იძულება 14 დეკემბერის აქციაში მონაწილეობაზე

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც  რეგიონებში მოსახლეობას 14 დეკემბერს მმართველი პარტიის მიერ თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ. სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ასახელებს სავარაუდო ზეწოლის ქვეშ მყოფ ჯგუფებს, ესენი არიან: ბაღების, საჯარო სკოლების, სამუსიკო სასწავლებლების თანამშრომლები, მათ შორის, აჭარაში.

„აჭარის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების, საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაღების, საჯარო სკოლების, სამუსიკო სასწავლებლების) თანამშრომლების მიმართ ხორციელდება სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 2019 წლის 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად. მოქალაქეების განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ,“ – წერია განცხადებაში, რომელიც დღეს, 13 დეკემბერს, სახალხო დამცველის ოფისმა გაავრცელა.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ რადგან სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა ინფორმაცია მიიღეს კონფიდენციალობის პირობის დაცვით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას  ვერ მიმართავს:

„საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული იძულება, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღონ რაიმე აქციასა თუ ღონისძიებაში და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირდაპირი თუ ირიბი მინიშნება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და მის რწმუნებულებს მოქალაქეებმა ინფორმაცია კონფიდენციალობის დაცვის პირობით მიაწოდეს, სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველი ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას კონკრეტულ პირთა მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს და სამსახურების ხელმძღვანელებს, შეწყვიტონ თანამშრომელთა იძულება. პარალელურად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები და გამოავლინონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები.

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს მათ მიმართ შესაძლო იძულების და ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებების განხორციელების მოთხოვნით.

საქართველოს სახალხო დამცველი სრულ მზაობას გამოთქვამს, მოქალაქეთა სურვილის შემთხვევაში, დაეხმაროს მათ საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვის პროცესში“.

ხვალ, 14 დეკემბერს, ქართული ოცნება“ გეგმავს აქციას თბილისში. აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები მიჰყავთ რეგიონებიდან, მათ შორის აჭარიდანაც. ოფიციალურად, აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად იმართება.

მეკობრეების მიერ მძევლად აყვანილი ქართველი მეზღვაური თავისუფალია

ბერძნული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Elka Aristotle-დან მძევლად აყვანილი ქართველი, ბერძენი და ფილიპინელი მეზღვაურები მეკობრეებმა გაათავისუფლეს – ინფორმაციას ამის შესახებ გემის მფლობელი კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გათავისუფლებულია ეკიპაჟის მძევლად აყვანილი სამი წევრი, მათ გაიარეს სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად აძლევენ ჩვენებას ადგილობრივ ხელისუფლებას, რის შემდეგად შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას. კომპანიის ცნობით, მათი ოჯახები ინფორმირებულნი არიან მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ.

მძევლად აყვანილი ეკიპაჟის ოთხი წევრიდან ერთი მეზღვაური, ფილიპინების მოქალაქე გარდაიცვალა. კომპანიის განცხადებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ავადმყოფობაა და არა ძალადობა.

განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორ მოხერხდა მეზღვაურების გათავისუფლება. ბერძნული მედიის ცნობით, მოლაპარაკებებს ბერძნული კომპანია კონფიდენციალურად, ამერიკელი ექსპერტების დახმარებით აწარმოებდა.

ბერძნულ ტანკერ  Elka Aristotle-ს მეკობრეები აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან 4 ნოემბერს, დილის 3 საათზე დაესხნენ თავს და ეკიპაჟის ოთხი წევრი აიყვანეს მძევლად, მათ შორის, ერთი საქართველოს მოქალაქე.

 

 

საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობის ყიდვა საკრებულოს წევრის მეუღლის კომპანიას სურს

შპს „სახლი ბარათაშვილზე“, რომელსაც ბათუმში, ბარათაშვილის #30-ში მდებარე ორსართულიანი შენობის შესყიდვა და მასზე ორი სართულის დაშენება, გვერდით კი [გორგასლის ქუჩის მხრიდან] 8-სართულიანი ახალი შენობის აშენება სურს, ბათუმის საკრებულოს წევრის, მიხეილ ართმელაძის მეუღლის, მანანა ტუნაძის კომპანიაა. ის კომპანიის 50 პროცენტის მფლობელია. მანანა ტუნაძე რუსეთის მოქალაქეა. ამ კომპანიის 50 პროცენტს კი მანონი ლასარეიშვილი ფლობს [ისიც, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრის ახლობელია]. კომპანია „სახლი ბარათაშვილზე“ 2019 წლის მარტში დააფუძნეს.

მიხეილ ართმელაძე საკრებულოში „ქართული ოცნების“ კვოტით შევიდა და დღემდე ამ პარტიის ყველა გადაწყვეტილების მხარდამჭერია.

 

მიხეილ ართმელაძე

საკრებულოს წევრის მეუღლის კომპანიისთვის სასურველი მიწის ნაკვეთი და შენობა [ბარათაშვილის #30-ში] აჭარის მთავრობამ აუქციონზე გასაყიდად 10 დეკემბერს გამოიტანა. კომპანიამ „სახლი ბარათაშვილზე“ კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს ამ ადგილზე სამშენებლო პროექტის პირველი ეტაპი აუქციონამდე 25 დღით ადრე შეათანხმა.

„მაგ ადგილზე, უკანა ნაწილში კი, არის ინტერესი. შეიძლება, რომ აუქციონში მივიღოთ მონაწილეობა, შეიძლება არ მივიღოთ. რაღაც ეტაპზე ვიყავით დაინტერესებული. დიახ, კომპანია აპირებდა პროექტის საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობასთან ერთიან კომპლექსში განხილვას. ახლა არ ვიცი, შევხედავთ, დრო გვაჩვენებს. შეიძლება „სახლი ბარათაშვილმა“ ვერც შეიძინოს, აუქციონია და ამიტომ“, – გვითხრა მიხეილ ართმელაძემ.

კითხვაზე, გამოიყენა თუ არა საკრებულოს წევრმა პარტიული გავლენები მეუღლის კომპანიის მხარდასაჭერად, იმისთვის, რომ ზონალურმა საბჭომ საკითხი წინსწრებით, მიწის ნაკვეთის შესყიდვამდე განიხილა, საკრებულოს წევრმა გვიპასუხა, რომ პროექტების უმეტესობა სწორედ ასეა შეთანხმებული:

„ჩვენ არც ერთ ეტაპზე ჯერ თანხმობა არ მიგვიღია, არ არის პირველი ეტაპი შეთანხმებული, არაფერი არ არის შეთანხმებული“, – გვითხრა მან და გვირჩია კარგად გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია, იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ: „კი ბატონო, ზონალური საბჭო გავიარეთ, მაგრამ საბჭო არ შეთანხმდა“.

თუმცა „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტით [ზონალური საბჭოს სხდომის ოქმი] დასტურდება, რომ საბჭომ კომპანია „სახლი ბარათაშვილის“ განცხადება განიხილა და ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეითანხმა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ბარათაშვილის #30-თან დაკავშირებული სამშენებლო პროექტის პირველი ეტაპი 14 ნოემბერს შეითანხმა

______

ამავე თემაზე:

 

აჭარის მთავრობის ელექტრონული აუქციონი წინასწარ გამოცხადებული მყიდველით

 

14-15 დეკემბერს ხულო-ზარზმის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო – ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარგლებში, დაგეგმილია საავტომობილო გზის 86-ე კილომეტრზე, სავალი ნაწილის გაფართოვების მიზნით, კლდის მასის ჩამოშლა.

სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2019 წლის 14 და 15 დეკემბერს, 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუშვებული იქნება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ბათუმელი ბავშვები, რომლებიც NASA-ს აქტივობაში ერთვებიან

ჩვენ დედამიწის შვილები ვართ!

„დედამიწა…

,,დედასა” და ,,მიწას” შორის მე ვარ…

…შვილი დედისა და შვილი მიწისა…

როგორც შვილი არ არსებობს დედის გარეშე, ისე მიწაც არ არსებობს შვილის გარეშე… ჩვენ დედამიწის შვილები ვართ!” – ამბობს ნანა ჭეიშვილი, ეკო-კლუბ «კოლიბრის» სულისჩამდგმელი.

ეკო-კლუბი „კოლიბრი“ უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და საკმაოდ ბევრი სასარგებლო ღონისძიება ჩაატარა. იდეა კლუბის შექმნაზე მაშინ გაჩნდა, როცა ქართულ-ამერიკული სკოლა «პროგრესის» პედაგოგებმა – ნანა ჭეიშვილმა და  ჯაბა შაინიძემ დედამიწის მინი მოდელი შექმნეს.

„ბავშვებმა ხელში აიტაცეს ,,დედამიწა” და ,,ხელისგულზე” ატარეს. სწორედ, მაშინ მივხვდი, რომ ,,ვალდებული” ვარ ამ ბავშვების წინაშე, რადგან ჩემმა თაობამ ვერაფერი შეძლო და ,,ცუდი მემკვიდრეობა” გადასცა მათ. გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეკო-კლუბი, რომელსაც დავარქმევდით  „კოლიბრს“. რატომ ,,კოლიბრი?” ჩვენი 10-წევრიანი კლუბი პლანეტის ისეთივე პაწაწინა ნაწილია, როგორც კოლიბრი, რომელიც ყველა მიმართულებით ფრენის უნარით გამოირჩევა. ჩვენი მცირე წვლილი გვინდა შევიტანოთ დიდი დედამიწის საქმეში“, – ამბობს ნანა ჭეიშვილი.

კლუბის წევრებს და მათ მეგობრებს კარგად აქვთ გაცნობიერებული  გარემოს დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობას. ისინი დიდი ინტერესით და აქტიურად მუშაობენ: ეძებენ ინფორმაციას ეკოლოგიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიების შესახებ და აქტიურად ერთვებიან ისეთ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებში, როგორიცაა გარემოსდაცვითი დასუფთავებითი აქციები, ნერგების დარგვა, ფრინველების ფესტივალი. კლუბის წევრები ასევე ხვდებიან სხვა სკოლის მოსწავლეებს და აკეთებენ პრეზენტაციებს. ერთ-ერთი აღსანიშნავი აქტივობაა NASA-ს მიერ ორგანიზებულ ვებინარში [ინტერაქტიული პრეზენტაცია ინტერნეტში] ჩართულობა.

პროგრესელები

“ძალიან ამბიციური სურვილები გვაქვს. გვინდა გვქონდეს საკუთარი მიწა, სადაც გავაშენებთ ბაღს და შევქმნით ახალ ეკოსისტემას. გვინდა დავრგოთ ხეები, რომლებიც აუცილებლად იქნება მონიშნული NASA-ს რუკაზე”, – თავის სურვილს ამხელს მეშვიდე კლასის მოსწავლე ლევან მელაძე.

ეკო-კლუბი პედაგოგებთან ერთად შეუერთდა NASA-ს მიერ ორგანიზებულ ვებინარს ონლაინ რეჟიმში. ვებინარში აქტიური ჩართულობით „პროგრესელებმა“ აიმაღლეს ცნობიერება ისეთი სამეცნიერო კამპანიის შესახებ, როგორიცაა ,,GLOBE”,  ანუ კამპანია ხეების შესახებ. საქართველო პირველად შეუერთდა ამ ღონისძიებას.

პროგრესელები

“ხშირად უტოპიური სურვილებიც აქვთ ბავშვებს. ეკო-კლუბის ერთ-ერთმა წევრმა NASA-ს წარმომადგენელს ჰკითხა, შეუძლიათ თუ არა მათ დაეხმარონ აფრიკელებს, რათა უვარგისი მიწები გახადონ ვარგისი ხე-მცენარეებისთვის. მერწმუნეთ, როდესაც ბავშვები ამ კითხვას სვამენ, მათ სიღრმისეულად აქვთ გააზრებული, რა შეიძლება მათი ამ სურვილის განხორციელებით მოხდეს”, – აღნიშნავს ჯაბა შაინიძე.

ამბიციურ გეგმებს შორის კიდევ ერთია: საჭმლის ნარჩენების სათანადოდ გამოყენება. ნანა ჭეიშვილი: “ვფიქრობ, აქტუალური საკითხია. ნაგვის ურნებზე მუდამ ვხედავთ პოლიეთილენის პარკებით დაკიდებულ პურის ნარჩენებს. ვეთანხმები აზრს, რომ ,,პური ჩვენი არსობისა” არ უნდა მოთავსდეს ნაგვის ურნაში. გვაქვს იდეა, რომ ნაგვის ურნებთან განთავსდეს მართკუთხა ფორმის ბამბუკისგან დამზადებული ყუთები პურის ნარჩენებისათვის. ხშირად ვხედავთ მაღაზიებსა და რესტორნების მიერ ჩამოწერილ და გადასაყრელად გამზადებულ  პურეულს, რომელთა გამოყენება შეიძლება სხვაგვარად.”

პროგრესელები

“კოლიბრის” წევრებს დიდი გეგმები აქვთ და ამ ღონისძიებებს ნებისმიერი შეიძლება შეუერთდეს. დაგეგმილია კონფერენცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, ქობულეთის დაცული ტერიტორიების მონახულება, ცნობიერების ამაღლება სფაგნუმის ხავსის შესახებ, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების რეგულაციაში. მიმდინარეობს მოკვლევა სფაგნუმის გამრავლების ხერხებსა და მეთოდებზე.

“ისლანდიაში ამა წლის ივლისში, ყველაზე დიდი, 700 წლის მყინვარი ,,ოკჯოკული” დადნა,  შვეიცარიის ალპებში მყინვარი ,,პიზოლი” დადნა… რიგში უამრავი მყინვარია… ჰოდა, გამოვფხიზლდეთ, სანამ დროა… იქნებ თითოეულმა ჩვენგანმა კოლიბრისოდენა წვრილი შევიტანოთ და დედამიწა გადავარჩინოთ. უნდა გავერთიანდეთ ყველა უკლებლივ, დევიზით ,,ეს მე მეხება!”.

იდეალურ შემთხვევაში, ვისურვებდი, რომ აღზრდა ოჯახსა და სკოლაში, სწავლა-განათლება წარიმართოს ერთი მიმართულებით, პლანეტის გადასარჩენად“, – ამბობენ კლუბის წევრები.

პედაგოგებს და კლუბის წევრებს სკოლა პროგრესის დირექცია მხარში უდგას და ყველა პროექტის განხორციელებაში ეხმარება. ეკო-კლუბი «კოლიბრი» ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსშიც მონაწილეობს. ეკო-კლუბი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ღიაა, სხვა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეუძლიათ ჩაერთონ გარემოს დაცვით ღონისძიებებში.

ხვალ ბათუმში „ხმის მიცემის შაბათი“ და ფრანების შოუ გაიმართება – „შენი იდეა ბათუმს“

14 დეკემბერს, შაბათს, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ – „ხმის მიცემის შაბათი“ გაიმართება.

ღონისძიება 11 საათზე დაიწყება და 2 ნაწილისგან შედგება.

პირველი ნაწილი სრულად დაეთმობა ხმის მიცემის ეტაპზე გადასულ იდეებს. იდეების ავტორები აუდიტორიის წინაშე თავად მოახდენენ იდეების პრეზენტაციას.

მეორე ნაწილში კი პროექტის მონაწილებითი ბიუჯეტის განხორციელებასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტები განიხილება. მოწვეულ სპიკერებთან ერთად მოხდება პროცესის მნიშვნელოვანი გამოწვევების გაანალიზება ფინანსური, სამართლებრივი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ჭრილში.

მოწვეულ მომხსენებლებს შორის იქნებიან: დავით ხოსრუაშვილი (სათეფა), გიორგი ხარებავა (ჯეპრა), ლიზი სოფრომაძე (რეგიონის განვითარების ცენტრი) .

მთელი დღის განმავლობაში (11:00- 21:00) ასევე მოეწყობა ხმის მიცემის ეტაპზე გადასული იდეების გამოფენა, ღია რეგისტრაცია და ხმის მიცემა.

ღონისძიების ფარგლებში, 14:00 საათიდან დაიწყება ფრანების შოუ. ფრანებს გაუშვებენ 2019 წლის “შენი იდეა ბათუმს” გამარჯვებული პროექტის ავტორები.

პროექტის ფარგლებში ხმის მიცემის ეტაპზე გადასულია 6 იდეა, რომელიც მოქალაქეების ხმას ელიან. გამარჯვებისთვის იდეებმა უნდა მოაგროვონ ხმათა მინიმალური რაოდენობა, რაც ბათუმში რეგისტრირებული მოსახლეობის 0,5 % -ი, დაახლოებით 700 ხმაა.

ხმის მიცემა მიმდინარეობს ონლაინ, ვებგვერდზე idea.batumi.ge და გაგრძელდება 21 დეკემბრამდე. თითოეულ მოქალაქეს საშუალება აქვს ხმა მისცეს 3 იდეას.

ხმის მისაცემად აუცილებელია პირველადი რეგისტრაციის გავლა, რომელიც მიმდინარეობს ბათუმის მერიაში, მერიის 14 სერვის ცენტრში ან ონლაინ www.idea.batumi.ge (საჭიროა ელექტრონული ხელმოწერა).

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“  ახორციელებს ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები:  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI), პური მსოფლიოს (BftW) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

__________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სკოლა „ნიკეში“ კლასგარეშე აქტივობების განახლებული და მრავალფეროვანი პროგრამებია

მიმდინარე სასწავლო წელს სკოლა „ნიკეში“ კლასგარეშე აქტივობების განახლებული და მრავალფეროვანი პროგრამებია.

ლიტერატურული სალონი, მთხრობელთა კლუბი, ნამდვილი დეტექტივის კლუბი, სიმღერის გუნდი, სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და ქართული ცეკვების წრეები, ჭადრაკი და სპორტული სექციები – ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი.

ბავშვი, რომელსაც წვრილი მოტორიკა გამოკვეთილად მაღალ დონეზე აქვს განვითარებული, გამოირჩევა მსჯელობის, კონცენტრაციის, კოორდინაციის, წარმოსახვის კარგი უნარით. მას ასევე კარგად აქვს განვითარებული მეხსიერება, ყურადღება, გაბმული მეტყველება.

სასწავლო აქტივობების გარდა, აღნიშნული უნარების განვითარებას ხელს უწყობს სკოლაში არსებული დიზაინის წრე. მოსწავლეები აქტიურად, ხალისითა და დიდი მონდომებით ამზადებენ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთს თუ დეკორაციას.

მთავრობა ქობულეთის რკინიგზის სადგურთან დასახლებულ ნაკვეთს და 19 შენობას ყიდის

აჭარის მთავრობა ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ყიდის 19 შენობას, სადაც ამ დრომდე მოქალაქეებს სავაჭრო ჯიხურები აქვთ მოწყობილი. ქონების გასხვისების შემდეგ ისინი შემოსავლის ამ წყაროს დაკარგავენ. მათთან მოლაპარაკება მთავრობას აუქციონის პირობებს შორის არ ჩაუწერია, მიუხედავად იმისა, რომ ქონების მომავალმა მესაკუთრემ აქ დიდი სავაჭრო ცენტრი უნდა ააშენოს [ეს აუქციონის მთავარი პირობაა]. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ახალ სავაჭრო ცენტრში ამ მოქალაქეებისთვის ფართობების გამოყოფა, უკვე შემძენსა და მათ შორის მოლაპარაკების საგანი შეიძლება გახდეს კიდევაც, თუმცა ამაში სამინისტრო ვერ ჩაერევა.

მთავრობის საკუთრებაში არსებული ეს შენობები მოქალაქეებს თვითნებურად დაკავებული არ აქვთ, მათ საიჯარო ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდა.

2019 წლის 10 დეკემბერს გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით აჭარის მთავრობა ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4 261 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს, მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად პირობიანი აუქციონით ყიდის. რეესტრის მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე მცირე მასშტაბის სულ 19 შენობაა.

აუქციონის პირობის მიხედვით, ტერიტორიაზე ინვესტორი სავაჭრო ცენტრს ააშენებს, რაშიც არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მთავრობა ინვესტორს ავალდებულებს ასევე შენობის წინასწარ განსაზღვრული პროფილი ათი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს.

ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 50 000 ლარია, ბიჯი – 25 000 ლარი. აუქციონი 2019 წლის 30 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

ბათუმის ქუჩებში „ალდაგის” „მადლობის ეკიპაჟი” საუკეთესო მძღოლებს აჯილდოებს

„თუ იცავ – მეტს იმსახურებ“ – ამ სლოგანით სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ ახალი კამპანია წამოიწყო. კამპანიის  მიზანია მოძრაობის წესების დამცველი მძღოლების წახალისება.

დღეს, 12  დეკემბერს, ბათუმის ქუჩებში „ალდაგის“ „მადლობის ეკიპაჟი“ მოძრაობს, რომელიც მძღოლებს აკვირდება, მათ შორის საუკეთესოებს არჩევს და აჯილდოებს მოძრაობის წესების ზედმიწევნით დაცვისთვის.

„მადლობის ეკიპაჟი“ საუკეთესო მძღოლებს 5000-ლარიან სადაზღვევო პაკეტს, ავტომანქანის აქსესუარებს, სურნელოვან საკიდებს, ჩანთებსა და სახალისო სტიკერებს გადასცემს.

„მადლობის ეკიპაჟმა“ ბათუმის ქუჩებში მოძრაობა დღეს,  12 საათზე დაიწყო.

პირველი საუკეთესო მძღოლი ინგა სხვიტარიძე აღმოჩნდა. როგორც „მადლობის ეკიპაჟის“ ერთ-ერთი წევრი, ნიკო კანკია ამბობს, ინგას ავტომანქანა მათ მოსახვევთან შენიშნეს, როცა მძღოლს მოხვევის ციმციმა უკვე ჩართული ჰქონდა.

„შემდეგ კი, მალევე, მან ზებრაზე  ფეხითმოსიარულეებს დაუთმო გზა, გაჩერებისას კიდევ ერთხელ ჩართო მოხვევის ციმციმა, რაც საკმარისი მიზეზი  აღმოჩნდა, რომ გაგვეჩერებინა და დაგვეჯილდოებინა. მართვის მოწმობის ბარათზე მძღოლს 100 ქულა აღმოაჩნდა, რაც ნიშნავს, რომ 30%-იან ფასდაკლებას მიიღებს სადაზღვევო პაკეტებზე დამატებით, ეს „ალდაგისგან“ ყველა კარგი მძღოლის დაფასებაა,“ – ამბობს ნიკო.

კამპანიის ფარგლებში „ალდაგი“ მაღალქულიან მძღოლებს ავტოდაზღვევაზე ფასდაკლებას სთავაზობს. ამ გვერდზე [დაკლიკეთ სიტყვა] მძღოლებს შეუძლიათ გაიგონ საკუთარი ქულა და მიიღონ შესაბამისი ფასდაკლება ავტოდაზღვევაზე.

„მადლობის ეკიპაჟის“ მიერ დაჯილდოებული პირველი მძღოლი ბათუმში ამბობს, რომ მაშინაც კი, როცა ძალიან ეჩქარება, დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ მისვლა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სისწრაფე. ინგა სხვიტარიძე ერთადერთი მძღოლი არ არის, ვისაც დღეს „მადლობის ეკიპაჟი“ დააჯილდოებს მოძრაობის წესების დაცვისთვის.

„ალდაგის“ კამპანიის ფარგლებში: „თუ იცავ – მეტს იმსახურებ“ კლიპიც შეიქმნა, რომელშიც ქართველი მომღერლები: რობი კუხიანიძე, ტატო რუსია და ჯგუფი „მოკუ“, ნუგზარ ერგემლიძე და სხვები ასრულებენ მძღოლებისადმი მიძღვნილ სიმღერას.

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ბევრი კარგი მძღოლია, რომლებიც მეტ დაფასებასა და ყურადღებას იმსახურებენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „მადლობის ეკიპაჟმა“ გასცდენოდა თბილისის საზღვრებს და მთელ ქვეყანაში დაეჯილდოვებინა საუკეთესო მძღოლები. თბილისისა და ბათუმის შემდეგ „მადლობის ეკიპაჟი“ ქუთაისში დაიწყებს მოძრაობას და ნელ-ნელა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

„მადლობის ეკიპაჟის“ წევრები

ბრაკონიერმა წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვის ბელი მოკლა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი, რომლის წონამ 30 კგ. შეადგინა. სამართალდამრღვევს ნანადირევი ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად გადაჰქონდა.

იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მას მიმალვის საშუალება არ მისცეს.

უწყების ცნობით, სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

 სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, ამიტომაც  მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.

__________

ფოტოზე: მურა დათვი ბელთან ერთად ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. ფოტო არქივიდან.

ბათუმში ორშაბათამდე არ იწვიმებს – შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 13 დეკემბრის 21 საათიდან 14 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10-15 გრადუსი
  • ღამით: 1-6 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით:5-10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0-3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 15 დეკემბერს ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ორშაბათს, 16 დეკემბერს კი, ბარში – წვიმა დროგამოშვებით, მაღალ მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.

__________

ფოტო: „ბათუმელები“

Exit mobile version