მთავარი,სიახლეები

მთავრობა ქობულეთის რკინიგზის სადგურთან დასახლებულ ნაკვეთს და 19 შენობას ყიდის

13.12.2019
მთავრობა ქობულეთის რკინიგზის სადგურთან დასახლებულ ნაკვეთს და 19 შენობას ყიდის

აჭარის მთავრობა ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ყიდის 19 შენობას, სადაც ამ დრომდე მოქალაქეებს სავაჭრო ჯიხურები აქვთ მოწყობილი. ქონების გასხვისების შემდეგ ისინი შემოსავლის ამ წყაროს დაკარგავენ. მათთან მოლაპარაკება მთავრობას აუქციონის პირობებს შორის არ ჩაუწერია, მიუხედავად იმისა, რომ ქონების მომავალმა მესაკუთრემ აქ დიდი სავაჭრო ცენტრი უნდა ააშენოს [ეს აუქციონის მთავარი პირობაა]. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ახალ სავაჭრო ცენტრში ამ მოქალაქეებისთვის ფართობების გამოყოფა, უკვე შემძენსა და მათ შორის მოლაპარაკების საგანი შეიძლება გახდეს კიდევაც, თუმცა ამაში სამინისტრო ვერ ჩაერევა.

მთავრობის საკუთრებაში არსებული ეს შენობები მოქალაქეებს თვითნებურად დაკავებული არ აქვთ, მათ საიჯარო ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდა.

2019 წლის 10 დეკემბერს გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით აჭარის მთავრობა ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4 261 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს, მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად პირობიანი აუქციონით ყიდის. რეესტრის მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე მცირე მასშტაბის სულ 19 შენობაა.

აუქციონის პირობის მიხედვით, ტერიტორიაზე ინვესტორი სავაჭრო ცენტრს ააშენებს, რაშიც არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მთავრობა ინვესტორს ავალდებულებს ასევე შენობის წინასწარ განსაზღვრული პროფილი ათი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს.

ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 50 000 ლარია, ბიჯი – 25 000 ლარი. აუქციონი 2019 წლის 30 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: