ქართველი მწერალი, რომლის წიგნიც 1,5 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა ამერიკაში

1921 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის დამყარებამდე ბათუმის ნავსადგურიდან გემს კონსტანტინეპოლისკენ  19-20 წლის ჯარისკაცი გაჰყვა. კონსტანტინეპოლიდან  ცხოვრების ამოუცნობმა გზებმა საბოლოოდ  ის შორეული ამერიკისკენ  წაიყვანა, საოცნებო ქვეყანაში, სადაც  მისი ცხოვრება  სხვა ემიგრანტებისგან განსხვავებულ დიდ ზღაპრად იქცა.

ჯარისკაცს ჯორჯ  (გიორგი) პაპაშვილი ერქვა და მოგვიანებით , საქართველოსა და ემიგრაციის თემაზე დაწერილი მისი ინგლისურენოვანი წიგნი „Anything Can Happen“, ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ 40-იანი წლების ამერიკაში ბესტსელერი გახდება, თვალის დახამხამებაში გაქრება დახლებიდან წიგნის მილიონნახევრიანი ტირაჟი, ითარგმნება მსოფლიოს 15 ენაზე და ჯეკ ლონდონთან, იუჯინ ო’ნილთან, ფოლკნერთან, ჰემინგუეისთან და სხვა მწერლებთან ერთად ჯორჯ პაპაშვილს ამერიკის 50 რჩეულ ი ლიტერატურის სიაში შეიყვანენ – ეს 1950 წელს მოხდება.

წიგნის მიხედვით ჯორჯ სიტონის მიერ  1952 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების  Paramount pictures-ის საათნახევრიანი  ფილმი „Anything Can Happen“ ოქროს გლობუსს აიღებს.

სახალისო ნაწყვეტი ჯორჯ პაპაშვილის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიდან ,,Anything Can Happen“ ფილმის გმირს თან ხინკლის ცომი მიაქვს, ცომი სიცხეში ფუვდება და ტრანსპორტში დიდ გაუგებრობას ქმნის.

წიგნი პაპაშვილის მშობლიურ კობიანთკარზე, ქართულ რეალიიებზე, მის ახლობლებზე, ემიგრაციაზე, ამერიკაში ემიგრანტთა თვითდამკვიდრების რეალობაზე მოგვითხრობს -მსუბუქად და სახალისოდ.

ჯორჯ პაპაშვილზე  აქამდე საქართველოში ძალიან მწირი ცნობები არსებობდა, მისი ნაწერები არც კი განიხილებოდა ემიგრანტულ ლიტერატურად, ყველა ამერიკულ გამოცემაში წერია, რომ ის არის  ამერიკელი მწერალი და მოქანდაკე ფრჩხილებში კი მითითებულია: ქართული წარმომავლობის

,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ ქართულად 60-იან წლებში თარგმნა ანდუყაფარ ჭეიშვილმა, მაგრამ მცირეტირაჟიანი თარგმანი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

,,უცნობი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი“ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორის, რუსუდან ნიშნიანიძის პირველი, ორტომიანი მნიშვნელოვანი კვლევაა პაპაშვილზე. ვრცელი ნაშრომი ავტორმა  მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც შეერთებულ შტატებში, კერძოდ, პენსილვანიაში, ლიჰაის უნივერსიტეტში (სადაც ეს უნიკალური არქივია დაცული) ჯორჯ  და ჰელენ უეიტ პაპაშვილების სპეციალურ კოლექციას გაეცნო   საფუძვლიანად. რუსუდან ნიშნიანიძე აქამდე უცნობი ჯორჯ პაპაშვილის მემკვიდრეობაზე გვესაუბრება:

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს“

რამდენიმე წლის წინ პარიზ_ლევილის და ჰარვარდის არქივებზე ვმუშაობდი, რაც ჩემთვის დიდი პროფესიული გამოცდილება იყო. სხვადასხვა არქივში არაერთხელ შემხვდა ჯორჯ პაპაშვილის სახელი საინტერესო კონტექსტში, რაც მიმანიშნებდა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ქართველი. დავიწყე მასზე ცნობების შეგროვება, დავუკავშირდი ამერიკაში სხვადასხვა საარქივო  დააწესებულებას, რაკიღა კონკრეტული მინიშნება  ცნობილი არ  იყო  პენსილვანიიდან მომწერეს, რომ პაპაშვილების სპეციალურ კოლექციას გამიხსნიდნენ თუ  ადგილზე ჩავიდოდი საკვლევად, ცხადია, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ  გავუშვი და სამეცნიერო  მივლინებით  გავემგზავრე შტატებში.  იმავე, 2012 წელს ვაშინგტონში, კონგრესის სადემონსტრაციო დარბაზში გამოიფინა ჩემი ორტომეული: ,,საქართველო სამანს აქეთ… და სამანს იქით…“  ეს წიგნები ძირითადად ევროპაში მყოფი ქართველი ემიგრაციის ტექსტების კვლევა გახლდათ.

ევროპაში ემიგრირებული ქალთველი ავტორები ძირითადად მაინც ქართველი მკითხველებისთვის წერდნენ. პაპაშვილის ტექსტები კი  ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი. თავად ყვებოდა და ჰელენი ამ თავგადასავლებს იწერდა.

საქართველოდან წასულ ახალგაზრდა პაპაშვილს აქ არავინ იცნობდა. მოგონებებში წერს, რომ ამერიკაში ჩასული ,, მუნჯურად    ელაპარაკებოდა ამერიკას“, რადგან ინგლისური არ  იცოდა.

,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ წიგნად 1944 წელს გამოიცა პირველად შტატებში, მანამდე ცალკეულ თავებად იბეჭდებოდა ,,ქომონ გრაუნდში“, შემდეგ წიგნი სამჯერ ზედიზედ გამოსცეს ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში. 1945 წელს ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ ბესტსელერად აღიარეს. არქივში დაახლოებით 600-ზე მეტი რეცენზია და ლიტერატურული წერილი ვნახე, რაც ვფიქრობ, ძალიან სერიოზული გამოხმაურებაა. ორტომეულში ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილია წარმოდგენილი მათი თარგმანების, თუმცა რასაკვირველია, ყველა არა. ეს იმის ჩვენება გახლდათ, ვინ დაკარგა საქართველომ. არაერთი ნიჭიერი ქართველი გახდა იძულებული, იმ წლებში დაეტოვებინა ქვეყანა.

ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის „Anything Can Happen” პოსტერი

ჯორჯის მეუღლე, ჰელენი ძალიან განათლებული ქალი გახლდათ. ბერკლის უნივერსიტეტში სწავლობდა და თავადაც რამდენიმე წიგნის ავტორი იყო. სწორედ ის იწერდა ჯორჯის მიერ ინგლისურად მონათხრობ ქართულ-ამერიკულ ამბებს. საბჭოთა პრესაში წაიკითხავთ, რომ ეს არ იყო პაპაშვილის მონათხრობი და თითქოს წიგნი ჰელენმა დაწერა, მაგრამ შეუძლებელია ამერიკელ ქალს სცოდნოდა კობიანთკარზე,  ხევსურეთზე, ქართველებზე ზოგადად, ხინკალზე,ნიორწყალსა და ხუთკუნჭულააზე. ყველაფერი კი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არც ამდენი!

ჯორჯ (გიორგი) და ჰელენ პაპაშვილები

ავტორი იხსენებს საქართველოს, მის წეს-ჩვეულებებს, წერს ყველაფერზე – რაც მოსწონს და რაც არ მოსწონს ამერიკაში. აქ შეხვდებით ისტორიებს, თუ როგორ იქცევიან ამერიკაში ჩასული ემიგრანტები და როგორ იქცევა თავად გიორგი _ ნაწარმოებში ჯორჯი, მთავარი გმირი, რომელიც რუს ემიგრანტებთან ერთად   ცხოვრობს.

ვნახე მიუნხენში გამოცემული რუსულად თარგმნილი ეს ტექსტი. საბჭოთა ეპოქაში მთარგმნელს 20 თავისგან შემდგარი წიგნიდან 9 ამოუღია, სადაც ავტორი რუსი ემიგრანტების ამერიკაში ცხოვრებას აღწერს. გამოცემას რედაქტორისა და მთარგმნელის სახელიც კი არ აქვს მითითებული. დაკარგულია იუმორი, ტექსტის მთავარი ღირსება და სათქმელი.

ეს საბჭოთა უშიშროების ,,ოსტატური“ ხერხი გახლდათ – თარგმნეს წიგნი, მაგრამ ისე, რომ არავის მოსწონებოდა და არც ავტორისადმი ინტერესი გაჩენილიყო.

,,ოქროს გლობუსი“ ფილმმა მიიღო, ნომინაციაში: ,,ფილმი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას“. რეჟისორი გახლდათ ცნობილი ჯორჯ სიტონი, რომლის ფილმებიც არაერთხელ იყო წარდგენილი ამერიკის კინოაკადემიის პრემიაზე. ამ შემთხვევაშიც მის მიერ მოწვეული საუკეთესო გუნდი მუშაობდა.

,,ჯორჯ პაპაშვილმა დაგვიტოვა რაღაც, რაც ყველაფერზე მეტია – მან  გვაზიარა მეგობრობის, თანაგრძნობის, ერთიანობისა და ახლობლის სიყვარულს ჭეშმარიტ მნიშვნელობას“ – ეს ფილმის რეჟისორის, სიტონის სიტყვებია, რომელიც მან ჯორჯის  დაკრძალვისას წარმოთქვა.

ჯორჯ პაპაშვილი – მოქანდაკე

გარდა იმისა, რომ რამდენიმე წიგნის ავტორი გახლდათ,, ჯორჯ პაპაშვილი უპირველესად იყო მოქანდაკე. მისი ნამუშევრები გამოფენილიი იყო პენსილვანიის სახვითი ხელოვნების აკადემიაში, ფილადელფიის ხელოვნების უნივერსიტეტში და ა.შ.

არტურ სტენიუსმა, რომელსაც აშშ-ში დოკუმენტური ფილმების დიდი კორპორაცია ჰქონდა პაპაშვილზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღო სახელწოდებით „მშვენიერება ქვაში“.

პენსილვანიის შტატში მისი მამული უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს სანადირო ადგილებით, ტყეებითა და წყაროებით. უკან გრანიტის მთებია, საიდანაც ამწეებით მოჰქონდა სახლამდე მასალა მოქანდაკეს და შინ მოწყობილ სახელოსნოში აქანდაკებდა.

სტენიუსის დოკუმენტური ფილმი  ჯორჯ პაპაშვილზე დეტროიტში უეინის უნივერსიტეტში ინახება.

ჯორჯ და ჰელენ უეიტ პაპაშვილებს ეკუთვნით ასევე ტექსტები “ჰო და არა” ზღაპრები, “შინისაკენ, კვლავ შინისაკენ”, “რუსული (მსოფლიო) კულინარია”, “მადლობა ნოეს” და  ,,ძაღლები და ადამიანები“

,,მადლობა ნოეს“ ცხოველებზე დაწერილი თავგადასავლებია ბავშვებისთვის. ტექსტი ქართულად ისევე, როგორც ,,ყველაფერი…“ ბატონმა ანდუყაფარ ჭეიშვილმა თარგმნა სახელწოდებით ,,დღესაც მელოდება“ – ასე ქვია პირველ თავს წიგნში.

მქონდა სურვილი, რომ ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებში თუნდაც რამდენიმე თავი შეგვეტანა ამ ტექსტიდან. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი , როცა არქივში ვნახე , რომ ამერიკის საშუალო 250 სკოლაში ეს წიგნი, როგორც სავალდებულო, ისე გახლდათ შეტანილი.  ჩემი და ამერიკის განათლების სისტემის აზრი ერთმანეთს დაემთხვა

წიგნს ,,შინისკენ, კვლავ შინისაკენ“ ჯორჯ   პაპაშვილიისა და ჰელენის ბოლო წიგნია. მისი ტირაჟი 73 ათასი იყო და ფიქრობდნენ, რომ პირველი წიგნივით ბესტსელერი გახდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

პაპაშვილი 1961 წელს ჩამოვიდა საქართველოში მეუღლესთან დარჩენაც შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა: ,,მე ვერ დავრჩები, ჩემი ,,შინ“ ,ჩემი საქმე, ჩემი ცხოვრება უკვე შეერთებულ შტატებშია“ – ეს სიტყვები ბოლო წიგნში გაიხსენა 10 წელი რომ წერდა.

ქართველებისთვის აქამდე უცნობი ჯორჯ პაპაშვილი 1978 წელს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში და პენსილვანიაში, საკუთარ მამულშია დაკრძალული მეუღლესთან ერთად.

ჯორჯ და ჰელენ უეიტ პაპაშვილების მამული პენსილვანიაში

მიმართვა პრეზიდენტს, პრემიერსა და მთავრობას

საზოგადოება – „მე მიყვარს ბათუმი“ ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ გიორგი გახარიას და მთავრობის სხვა წევრებს მიმართავს.

საქმე იმაშია, რომ ხვალ, 13 მარტს, ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ, „გეოგრაფიკის“ მიერ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად რეკომენდებული 23 სახლის საკითხი უნდა განიხილოს. შესაბამისად, ხვალინდელ სხდომაზე გადაწყდება, მიანიჭებენ თუ არა ამ სახლებს ძეგლის სტატუსს.

ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ 11 მარტს გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„2015 წელს კომპანია „გეოგრაფიკმა“ ბათუმის მერიის დაკვეთით შეარჩია და ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარადგინა 22 შენობა (+ მ. აბაშიძის 44) ბათუმის ისტორიულ ნაწილში.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა საქართველოში ყველაზე კომპეტენტურმა სპეციალისტებმა ჩაატარეს და ამაზე ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა, დღემდე სტატუსი არცერთ შენობას არ მინიჭებია.
უფრო მეტიც, ამ დროის განმავლობაში სიიდან რამდენიმე შენობა უკანონოდ დაინგრა.

ხვალ, 13 მარტს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ძეგლების მინიჭების საკითხი სხდომაზე განსახილველად გააქვს.

პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ისტორიულ შენობებს მხოლოდ კომერციული მიზნით ანგრევენ ხელისუფლებასთან გარიგებით, შესაბამისად, თუკი ხვალ ამ ისტორიულ სახლებს სტატუსი არ მიენიჭება, ის უახლოეს ხანში განწირულია დასანგრევად.

აქედან გამომდინარე მოვითხოვთ, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილ ყველა შენობას მიენიჭოს ძეგლის სტატუსი, რადგანაც ბათუმის კულტურულმა მემკვიდრეობამ უკვე დიდი დანაკლისი განიცადა და ყოველი გადარჩენილი სახლი ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია“.

განცხადების ავტორები ასევე მიმართავენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და ქალაქ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს.

____

ამავე თემაზე:

სააგენტო ბათუმში 23 სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე 13 მარტს იმსჯელებს

კალიების მასშტაბური შემოსევა: გაერო შიმშილის რისკზე საუბრობს

აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევაა. ასობით მილიარდი კალია საფრთხეს უქმნის მოსავალსა და საცხოვრებელ გარემოს.

მწერები დაახლოებით თავისი სხეულის წონის საკვებს მოიხმარენ ყოველდღიურად და ძალიან სწრაფად მრავლდებიან. ვარაუდობენ რომ, კალიების რაოდენობა ივნისისთვის 4 000-ჯერ გაიზრდება.

ჯერ კიდევ იანვარში გაერო კრიზისის აღმოსაფხვრელად 76 მილიონი დოლარის მობილიზებას მიიჩნევდა საჭიროდ, ახლა კი ეს რიცხვი 138 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

გაერო ამბობს, რომ თუ ფონდი არ შეიქმნება, შემდგომში მოუწევთ აფრიკაში ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის, საკვების გაგზავნა, რადგან მწერები მწვანე საფარს აზიანებენ და შიმშილის საფრთხეს ქმნიან.

„თუ ასე არ მოხდა, სიტუაცია გაუარესდება და თქვენ მასიურად მოგიწევთ მიაწოდოთ საკვები ჰუმანიტარული დახმარების სახით. სიტუაცია შეიძლება გამოვიდეს კონტროლიდან,“ – განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგანგებო სიტუაციების დირექტორმა დომინიკ ბურგონმა. „ყოველთვის არსებობს შიმშილის რისკი, როცა საფრთხე საკვებს ემუქრება,“ – დასძინა მან. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სპიკერმა მოგვიანებით განმარტა, რომ ისინი შიშობენ არა შიმშილზე, არამედ უპირველესად, საკვების დაუცველობაზე.

ძირითადი საფრთხის ზონაშია აღმოსავლეთი აფრიკა, იემენი, ირანი, პაკისტანი და ინდოეთი. ბოლო მონაცემებით კალიების გუნდები დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კუვეიტში, ბაჰრეინში, ყატარსა და ირანის სანაპიროებზე.

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/DAI KUROKAWA
ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/DAI KUROKAWA

საჰაერო და სახმელეთო შეწამვლა, ასევე მუდმივი კონტროლი და თვალის მიდევნება, განიხილება ახლა ყველაზე ეფექტურ სტრატეგიად კალიების შემოსევის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღმოსავლეთ აფრიკის “უდაბნოში კალიების კონტროლის ორგანიზაციის” თავმჯდომარემ სტივენ ნიოკამ განაცხადა, რომ ამჟამად ტექნიკის რაოდენობა საკმარისი არაა. ეთიოპიას აქვს ხუთი, კენიას კი ექვსი ვეტმფრენი შესაწამლად და ოთხიც – დასაზვერად, აცხადებს ნიოკა.

კენიის მთავრობა აცხადებს, რომ მათ სჭირდებათ 20 ვერტმფრენი და პესტიციდ „ფენიტროტიონით“ უწყვეტი მომარაგება კრიზისთან გასამკლავებლად. კენიამ ასევე 240 ადამიანი გადაამზადა კალიებთან საბრძოლველად.

ჩინეთმა თებერვალში დააანონსა, რომ მეცნიერთა ჯგუფს გაგზავნიდა მეზობელ პაკისტანში “მიზნობრივი პროგრამების” განსახორციელებლად.

მეცნიერი ლუ ლიზი ჩინეთიდან ამბობს, რომ იხვები კალიებთან საბრძოლველი ბუნებრივი იარაღია. ქათამთან შედარებით, რომელსაც დღეში 70 კალიის შეჭმა შეუძლია, იხვებთან ეს მონაცემი 3-ჯერ მაღალია.

_______________

მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით 

პაატა იმნაძე კორონავირუსის და ცრუ ინფორმაციის წინააღმდეგ

მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდაფეთქებას ცრუ ინფორმაციის დიდი ტალღაც მოჰყვა. „სიცხე კლავს ვირუსს და რომ დათბება ყველაფერი მოგვარდება“, ,,არაყი კლავს და თუ სვამ, ვერ მოგეკარება“,,ნიორი უნდა ჭამო პრევენციისთვის“, ბოლოს კიდევ ,,ღამის 11-ზე თვითმფრინავი გადმოიფრენს და ქალაქს მოწამლავს“. კორონავირუსთან დაკავშირებული მსოფლიო და ლოკალური სიახლეების ეპიცენტრში არიან ექიმები, სახელმწიფო სტრუქტურები თუ მედია, რომლებსაც ვირუსზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლაც უწევთ.

ცრუ ინფორმაციის მსხვერპლი გახდა ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის დედა, რომელიც სოციალურ ქსელში აზიარებდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდანაც გაწერეს. პაატა იმნაძემ დედას დაუწერა, რომ „ტყუილს ნუ აზიარებს“.

გუშინ, 11 მარტს მთელ საქართველოში ადამიანები ერთმანეთს ცრუ ინფორმაციას უგზავნიდნენ, თითქოს ღამის 11 საათიდან ვერტმფრენი ჰაერს შეწამლავდა კორონავირუსის გამო.

სინამდვილეში კი თბილისისა და ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება დეზინფექცია ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებში და ასე შემდეგ, მაგრამ ვერტმფრენებით ქალაქებში დეზინფექციის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

სოცქსელებში ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ ნიორი ვირუსისგან თავდაცვის საშუალებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ნიორი ჯანსაღი პროდუქტია და გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები მართლაც აქვს, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ნივრის მირთმევა კორონავირუსისგან დაიცავს ადამიანებს.

ზომიერად მოხმარების შემთხვევაში თავისთავად ეს პროდუქტი მავნე არ არის, თუმცა, როგორც  BBC იტყობინება, ჩინურმა გაზეთმა Morning Post-მა გაავრცელა ამბავი ქალზე, რომელიც საავადმყოფოში ყელის ანთებით მოხვდა – მან კორონავირუსისგან თავდასაცავად კილო-ნახევარი ნიორი მიირთვა.

წყლის სმა ყოველ 15 წუთში. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ტრუდი ლანგი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი ბიოლოგიური მექანიზმი, რომ უბრალოდ წყლის დალევით მოკლათ პირის ღრუში მოხვედრილი ვირუსი.

ბათუმის მერი: „ბათუმობა“ გადაიდო, იაფი სახლის პროგრამაში რეგისტრაცია შეჩერდა

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ბათუმის მერია აჩერებს ყველა ხალხმრავალ ღონისძიებას. გაუქმდა საზეიმო ღონისძიებები, მათ შორის, არ გაიმართება სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“.

ასევე, შეჩერდა ხელმისაწვდომი საცხოვრისის, იგივე იაფი სახლის პროგრამაში რეგისტრაცია, გარდა ამისა მერიაში მუშაობა შეაჩერა ყველა კომისიამ გარდა ჯანდაცვის კომისიისა.

ლაშა კომახიძის განცხადებით, მერიაში მუშაობას გააგრძელებენ მერი, მოადგილეები და სამსახურის უფროსები, მერიის სხვა თანამშრომლები კი  დისტანციურად იმუშავებენ.  მერი მოუწოდებს მოქალაქეებს 15 აპრილამდე არ მივიდნენ მერიაში, თუ ამის აუცილებლობა არ აქვთ. ასევე, მუშაობას აჩერებს ყველა კომისია, გარდა ჯანდაცვის კომისიისა.

მერის განმარტებით უახლოეს დღებში მერია გააქტიურებს იმ ონლაინ პლათფორმებს , რომლებიც უკვე აქვს, ამის შესახებ ინფორმაციას მერიის ფესიბუქის გვერდზე გამოაქვეყნებენ.

 მერმა სპეციალურ ბრიფინგზე  განაცხადა ასევე, რომ გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტისა და სამარშრუტო ტაქსების სადეზინფექციო სამუშაოები
 გადაჭარბებულ მგზავრებზე კი კონტროლი გამკაცრებულია.
მერის ინფორმაციით გადაწყვეტილება არ შეეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს უწყების მუშაობას.

გადაიღე ვიდეო აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად და გამოგზავნე – აქცია 

ხვალ, 13 მარტს, აჭარის ტელევიზიის შენობის წინ დაგეგმილი იყო ამ არხის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია. COVID-19 რისკებიდან გამომდინარე, აქციის ორგანიზატორებმა ტელევიზიასთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია გააუქმეს. უფრო ზუსტად, აქციამ გადაინაცვლა ინტერნეტში. ჟურნალისტების მხარდასაჭერ აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ აჭარის მაუწყებელში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია. ჩართე საკუთარი ტელეფონი, გადაიღე მხარდასაჭერი ვიდეო და გამოაქვეყნე ან გადააგზავნე ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

აქციის ორგანიზატორები, 8 არასამთავრობო ორგანიზაცია, აქციის დეტალებზე განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც აქვე გთავაზობთ უცვლელად:

„საზოგადოებრივი ორგანიზაციები იწყებენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდამჭერ კამპანიას „საზოგადოება მაუწყებლის გადასარჩენად“ – ამ ფორმით ვაპროტესტებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს, რომელიც საზოგადოების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე, შესაძლოა, დასრულდეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვით.

კამპანიის ფარგლებში აქციის გამართვა დაგეგმილი იყო პარასკევს, 13 მარტს, 19 საათზე მაუწყებლის შენობასთან, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება COVID-19-ის გავრცელების რისკს და ჩვენი მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ სოლიდარობის აქცია გაიმართოს ონლაინ, ინტერნეტის საშუალებით, პარასკევს, 13 მარტს, 19:00 საათიდან 21:00 საათამდე.

ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩაწეროს მიმართვა და გაავრცელოს საკუთარ Facebook-ზე, მიკრობლოგზე ან კამპანიის ოფიციალურ გვერდზე

ჩვენ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლები, მივიჩნევთ, რომ საფრთხე ექმნება მაუწყებლის იდეას, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია რეგიონსა და, ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების დონის ასამაღლებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მიერ წარმოებული საკადრო პოლიტიკა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას და აშკარა პოლიტიკურ რევანშისტულ შინაარსს ატარებს იმ პირების მიმართ, რომელთა მუშაობით იქმნებოდა მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამგვარი სარედაქციო პოლიტიკის წარმოება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ.

მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს თავისუფალი სახელისუფლებო და ნებისმიერი სხვა სახის გავლენებისგან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ონლაინ კამპანიას და ამით გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან ტელევიზია აღარ არის აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაცია – ის საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა, რომლის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარზე მეტია და ამ ფულს ვიხდით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი შემოსავლებიდან გადახდილი გადასახადებიდან.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ხმა ისმოდეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, შემოუერთდით ონლაინ კამპანიას მაუწყებლის გადასარჩენად“.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საზოგადოებრივი განვითარების აკადემია
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • სამართლიანი არჩევნები
  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მწვანე სექტორი

სანდასუფთავება: ყოველ დღეს გვაქვს გამოძახება დეზინფექციაზე

კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, გაიზარდა მოთხოვნა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაზე როგორც კომერციული, ასევე საჯარო უწყებების მხრიდან. „ყოველდღე გვაქვს გამოძახება, დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობთ“, – გვითხრეს ბათუმის მერიის სანდასუფთავებაში.

ბათუმის „სანდასუფთავების“ ფინანსური დირექტორის მოადგილის, ნარგიზ ფალავანდიშვილის თქმით, მომსახურება ფასიანია როგორც საჯარო უწყებებისთვის, ასევე კომერციული ობიექტებისთვის.

„1 კვ. მეტრის დეზინფექცია 15 თეთრი ღირს ამ ეტაპზე, შეძენილი პრეპარატების თვითღირებულებიდან გამომდინარე. შემდეგ გაძვირდება თუ არა, ეს დამოკიდებულია ბაზარზე.“

დღეს, 12 მარტს, დეზინფექცია ჩაუტარდა ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს. ფართობის მასშტაბიდან გამომდინარე, სადეზინფექციო სამუშაოები უნივერსიტეტის კორპუსებში ხვალაც გაგრძელდება.

„შეიწამლა უნივერსიტეტის ყველა კორპუსი, საერთო საცხოვრებლები, კვლევითი ცენტრები და ა.შ“.

როგორც ბსუ-ში გვითხრეს, სადეზინფექციო სამუშაოებზე უნივერსიტეტმა 5 115 ლარი დახარჯა.

უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. მთავრობის დადგენილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა პირველ აპრილს უნდა განახლდეს. უნივერსიტეტში სწავლის დაწყების წინ დეზინფექციას კიდევ ერთხელ ჩაატარებენ.

როგორც ნარგიზ ფალავანდიშვილი ამბობს, სადეზინფექციო სამუშაოებზე შეკვეთას თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან იღებენ. „ქედა, ხულო, შუახევი, ქობულეთი –  ყველგან გვაქვს გამოძახება. ამ ეტაპზე რესურსი კი გვყოფნის, თუმცა მაინც ვფიქრობთ ჯგუფების დამატებაზე და აპარატების შეძენაზე, რითაც ვამუშავებთ ტერიტორიას. შემოტანილი გვაქვს გერმანული პრეპარატი, რომლის მარაგი, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე იქნება საკმარისი“, – გვეუბნება ის.

ნარგიზ ფალავანდიშვილის თქმით, რამდენჯერმე მიიღეს შეკვეთა ე.წ. ხოფის ბაზრიდანაც. „უკვე 3-4 ჯერ შევწამლეთ ტერიტორია და კიდევ ვაპირებთ. ჩვენი აპარატები სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ სველი წესით არ ხდება დამუშავება და ჰაერში ხდება წამლის გაფრქვევა. დეზინფექციის დროს შენობა მინიმუმ 3-4 საათით უნდა იყოს დახურული. წამალს სუნი არ აქვს, მაგრამ შენობა შემდეგ მაინც კარგად უნდა განიავდეს“, – ამბობს ნარგიზ ფალავანდიშვილი.

მისივე თქმით, დღეს საღამოს ექნებათ დაზუსტებული მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენ ობიექტს ჩაუტარდა დეზინფექცია. „ბუნებრივია, სადეზინფექციო სამუშაოებს კერძო ორგანიზაციებიც აკეთებენ, თუმცა ჩვენ საბიუჯეტო ორგანიზაცია ვართ და ცალკე ვაკეთებთ აღრიცხვას“.

ბათუმში ბაზრობები მუშაობას არ აჩერებენ

ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტები კორონავირუსის პრევენციისთვის სასურველად არ მიიჩნევენ ისეთი ღონისძიებების გამართვას, სადაც პირობითად ასამდე ადამიანი მოიყრის თავს. ამ ფონზე ბათუმში მუშაობას არ აჩერებენ  ბაზრობები, სადაც ასობით ადამიანი გადაადგილდება.

ბაზრობების ადმინისტრაციებში გვითხრეს, რომ მითითებებს იცავენ, ეტაპობრივად ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს და მუშაობას ჩვეულებრივად აგრძელებენ. მათივე ინფორმაციით, დეზინფექციების ეტაპობრივ ჩატარებაზე ხელშეკრულება იურიდიულ პირთან აქვთ გაფორმებული, თუმცა ყოველდღიური მოხმარებისთვის სადეზინფექციო ხსნარები მაინც შეისყიდეს.

„ყოველ დილით და საღამოს ზედაპირებს ქლორით ვამუშავებთ და ვიცავთ სხვა წესებსაც,“ – გვითხრა თევზის ბაზრობის დირექტორმა თემურ ვერძაძემ.

ე.წ. ხოფის ბაზრობის დირექტორის, ზვიად მელიქაძის ინფორმაციით კი, ბაზრობა ორშაბათობით მთლიანად იკეტება და ტარდება დეზინფექციის სამუშაოები: „ახლა უკვე კვირაში ორჯერ ვატარებთ დეზინფექციას“.

იგივე ვითარებაა ე.წ. „ბონის ბაზარშიც“.

ბათუმში სამი მსხვილი ბაზრობა ფუნქციონირებს.

ბათუმში ბსუ და საზღვაო აკადემია დისტანციურ სწავლებაზე გადადიან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დისტანციური სწავლების ფორმატზე გადადის, ამის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზეა აღნიშნული.

„პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საბჭოს ახალი რეკომენდაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადების საფუძველზე, ბსუ-ში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდება. ბსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დისტანციური სწავლების ფორმატის შესახებ დეტალური ინფორმაცია (ინსტრუქცია) მიეწოდება მიმდინარე კვირის ბოლომდე,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

სწავლების დისტანციური რეჟიმის დანერგვაზე ავრცელებს განცხადებას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაც.

„16 მარტიდან აკადემია აცხადებს მზაობას იმისათვის, რომ გადავიდეს სწავლების ნაწილობრივ ელექტრონულ რეჟიმზე. ორი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ელექტრონული პორტალის საშუალებით, სტუდენტებს  მაქსიმალურად ექნებათ წვდომა ყველა თეორიული კურსის სასწავლო მასალაზე, პრაქტიკული სასწავლო საგნების სწავლება კი განახლდება სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყების შემდეგ,“ – აღნიშნულია აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბსუ-სა და საზღვაო აკადემიაში აჭარაში ყველაზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სამხრე კამერებით იმოძრავებს

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია სამხრე კამერებით აღიჭურვება. ინსპექცია 49 კამერას ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. კამერებისთვის 23 520 ლარია გათვალისწინებული, ანუ ერთი კამერისთვის – 480 ლარი.

ბათუმის მერიის ა(ა)იპ „მუნიციპალური ინსპექცია“ 2019 წლის ბოლოს შეიქმნა. ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში კი ინსპექციისთვის 3 444 000 ლარია გათვალისწინებული.

ინსპექციაში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 110, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა კი 71 კაცითაა განსაზღვრული.

ინსპექციამ, ძირითადად, უნდა განახორციელოს პროგრამა – „მუნიციპალური მომსახურების მართვა და გაუმჯობესება“.

[toggle title=”რა ევალება ინსპექციას, ნახეთ აქ:“]ა) ბათუმის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე, სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების, მათ შორის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობა და დარღვევის ფაქტების გამოვლენა, უნებართვო ან/და დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერებაზე, სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანაზე ან/და დემონტაჟზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საჯარიმო სანქციების გამოყენება;

ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) წესების დაცვასა და დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

გ) თვითმმართველი ერთეულის იერსახეზე, გარე ვაჭრობის, პლასტიკისა ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის, რეკლამის, აბრის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, ავტომანქანების პარკირების წესების დაცვაზე ზედამხედველობა, დარღვევის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება, მათ შესაბამისობაში მოყვანაზე/შესრულებაზე კონტროლი;

დ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული შენობა-ნაგებობების, ჯიხურების, ავტო-ფარეხების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მქონე მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციის, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;

ე) აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ზღვრის გადაჭარბებისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების ფაქტების გამოვლენა და კონტროლი;
ვ) მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან/და განადგურებაზე კონტროლის განხორციელება;

ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“,

თ) საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი ზომების განხორციელება; დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის გამოცემა;

ი) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის უფლების (ნებართვა, თანხმობა, დადასტურება) მინიჭების თაობაზე შესაბამისი აქტების გამოცემა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი დანიშნულების დაწესებულებებში (სილამაზის სალონები, სასტუმროები, აბანოები, სამრეცხაოები, საცურაო აუზები და სხვა), საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო მავნე ზეგავლენის შეფასება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში (საპარიკმახეროები, კოსმეტიკური კაბინეტები, სასტუმროები, კემპინგები, მოტელები, ავტოსადგომები, აბანოები, საუნები, საშხაპეები, სამრეცხაოები, საზოგადოებრივი პლაჟები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, სპორტული მოედნები, ნაგავსაყრელები, ტურისტული ბაზები, სანატორიუმები, სათამაშო სახლები, საგამოფენო დარბაზები, კლუბები, ატრაქციონები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვა დაწესებულებები) სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული სახის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, დაწესებულების მოწყობის სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დასკვნის გაცემა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, ეპიდსაშიშროებისას პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიების გატარება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველად ეპიდკვლევის ხელშეწყობა;

ჟ) პარკირების წესების დარღვევის ზედამხედველობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

რ) მგზავრთა გადაყვანის ავტოტრასპორტის ზედამხედველობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ს) მუნიციპალური ავტოტრასპორტში მგზავრთა გადაყვანის ზედამხედველობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ტ) საჯარიმო სადგომების და მუნიციპალური პარკირების ადგილების ადმინისტრირება;

უ) სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით, კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმების და სტრატეგიების დოკუმენტებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულება;

ფ) მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.[/toggle]

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურ ინსპექციას მუნიციპალურ ავტოტრასპორტში მგზავრთა გადაყვანის ზედამხედველობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაც ევალება, ჯერჯერობით ის ამ ფუნქციას ვერ ასრულებს.

მაგალითად, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, რომლებიც 10 მარტს,  მგზავრთა გადაჭარბებული ნაკადის გადაყვანის გამო გააფრთხილეს, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ისევ აფრთხილებენ და ვერ აჯარიმებენ – ინსპექციას ჯერ არ აქვს ამ პროცედურისთვის საჭირო ოქმები. სანებართვო პირობების დარღვევა  100 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ამ თემაზე:

ჯარიმა 100 ლარია, თუმცა მერია გადაჭედილი „მარშუტკის“ მძღოლებს ვერ აჯარიმებს

ლარის გაუფასურება და კორონავირუსი – ეროვნული ბანკის განცხადება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 9 მარტის შემდეგ უფასურდება. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებაში 9 მარტს 3,13 იყო, დღეს, 12 მარტს, კი არის – 3,25. აშშ დოლართან მიმართებაში კი ეს მაჩვენებელი 2,77-დან 2,87-მდე გაიზარდა.

„კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. ეს გაურკვევლობა მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა“, – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

„აღნიშნულ გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ერთი მხრივ, კორონავირუსის გავრცელება გლობალურად და საქართველოში, ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასების ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს. შედეგად, გაიზარდა სავალუტო შემოდინებების შემცირების რისკები, რაც მოლოდინების არხით შესაბამისად აისახა სავალუტო ბაზარზე. მსგავსი სურათია ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმეტესობაშიც, სადაც ბოლო დღეებში ადგილობრივი ვალუტები უფასურდება. მეორე მხრივ, ავიამიმოსვლების შეზღუდვის გამო, მოიკლებს ვალუტის გადინება საქართველოდან უცხოეთში, ასევე შემცირდება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული იმპორტი, რაც გაცვლით კურსზე პოზიტიურად იმოქმედებს. ამავე დროს, საქართველოს დამოკიდებულება გზავნილებზე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ასევე დადებითი ფაქტორია“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ბანკის ძირითადი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ანუ დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო მოთხოვნის შესუსტება ინფლაციის შემცირებაზე მოქმედებს, გაცვლითი კურსის გაუფასურებას საპირისპირო ეფექტი აქვს და ინფლაციურ რისკებს ზრდის.

„საბოლოო გავლენა ინფლაციაზე და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის რეაგირება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ფაქტორის გავლენა გადაწონის. ამ ეტაპზე მოვლენათა შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ბაზრის დინამიკას და, როგორც ყოველთვის, საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატის, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

წყარო: ეროვნული ბანკი / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

ეკონომიკური განვითარება და გარემოს დაცვა – რა პროექტებს აფინანსებს იაპონიის საელჩო

თემურ მგელაძის ოჯახი წალკის რაიონის სოფელ ავრანლოში ასობით სხვა ეკომიგრატთან ერთად ცხოვრობს. წლების წინ აჭარიდან წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული ოჯახების ძირითადი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა და სოციალური შემწეობაა. აქ მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. რთული კლიმატური პირობების გამო, საკმაოდ მკაცრი ზამთრის გადასატანად, ზოგიერთს შეშის შესაძენად ყოველწლიურად სესხის აღება უწევს.

როგორც თემურ მგელაძე გვიყვება, მის ოჯახს სეზონზე დაახლოებით 1500 ლარი სჭირდება შეშის შესაძენად. უფრო დიდი ოჯახები 2000-3000 ლარსაც იხდიან. თუმცა სოფელში ახალაშენებული საწარმოს საშუალებით შეშის ალტერნატივა – ეკოლოგიურად სუფთა ბიომასის ბრიკეტები მოსახლეობისთვის, ფაქტობრივად, უფასო იქნება.

„ჩვენ შევძლებთ იმ თანხის ეკონომიას, რასაც ვიხდიდით ერთ სეზონზე შეშის ყიდვისთვის. სოფელში ბევრი მოხუცი ცხოვრობს მარტო, რომელთაც პენსიის გარდა შემოსავალი არ აქვთ. აქ ზამთარი ზოგჯერ შვიდ თვესაც გრძელდება. შვიდი თვის განმავლობაში სამყოფი შეშის ფული მოხუცმა საკუთარი პენსიიდან თუ გადაიხადა, რაღა დარჩება?“ – ამბობს თემურ მგელაძე.

ბიომასის ბრიკეტების დამამზადებელი საწარმო სოციალური პროექტია, რომელსაც იაპონიის საელჩოს დაფინანსებით, ორგანიზაცია „BRIDGE – ინოვაცია და განვითარება“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, გარდა საწარმოს აშენებისა, შეიქმნა კოოპერატივი, რომელშიც სოფლის მოსახლეობა ერთიანდება და რომლის თავმჯდომარეც სწორედ თემურ მგელაძეა. კოოპერატივის წევრს შეუძლია საწარმოში მიიტანოს ბრიკეტის დასამზადებლად გამოსადეგი ნედლეული და ამ ნედლეულის პროპორციული ოდენობის ბიობრიკეტი თვითღირებულების ფასში მიიღოს. საწარმოს ფუნქციონირებისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, მხოლოდ იქ დასაქმებული ადგილობრივების ანაზღაურება და ელექტროენერგიის გადასახადია საჭირო.

ბრიკეტების დასამზადებელი საწარმო. სოფელი თრიალეთი, წალკა

რისგან შეიძლება დამზადდეს ბრიკეტი? როგორც „BRIDGE – ინოვაცია და განვითარების“ გამგეობის წევრი, ნინო ქარელი ამბობს, ნედლეულად გამოდგება ნებისმიერი სახის სასოფლო სამეურნეო ნარჩენი – ნამჯა, ნახერხი, ჩალა, გირჩი, წიწვი, თივა და ა.შ.

„მუშაობის პროცესში გამოიკვეთა უფრო და უფრო მეტი სახის სასოფლო სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რაც შეიძლება გამოიყენონ საწარმოში. აქამდე ამ ნარჩენებს აგროვებდნენ და წვავდნენ. ეს არის ძალიან კარცეროგენული და აზიანებს გარემოს. ახლა შეეძლებათ მოიტანონ საწარმოში, გააშრონ, დაფქვან, გადაამუშაონ და მიიღონ ბრიკეტი“, – ამბობს ნინო ქარელი.

ავრანლოს მსგავსად, ბიომასის ბრიკეტების დამამზადებელი საწარმო და კოოპერატივი შექმნილია მეზობელ, თრიალეთის თემშიც. აქაურ საწარმოში 5 ადგილობრივია დასაქმებული, ხოლო კოოპერატივი 100-მდე კომლისგან შედგება.

„ჩვენ ეს პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტით გამოვკვეთეთ, მაგრამ თავიდან ცოტა უნდობლობით შეხვდნენ ინიციატივას. ამიტომ კოოპერატივში გაწევრიანებაც ნელი ტემპით დაიწყო. თუმცა, როცა ხალხმა დაინახა, რომ საწარმო აშენდა, კვამლი ამოდის, ხმა ისმის, თანდათან გაიაზრა მისი მნიშვნელობა და კოოპერატივში გაწევრიანების მეტი მსურველიც გაჩნდა“, – ამბობს „BRIDGE – ინოვაცია და განვითარების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი დათუსანი.

ადგილობრივების ინფორმაციით, თითოეული საწარმოს პროდუქტიულობა არის დღეში ერთი ტონა ბრიკეტი. ეს დაახლოებით უდრის 3-4 კუბურ მეტრ შეშას. საშუალოდ, ერთ ოჯახს სჭირდება 7 კუბური მეტრი შეშა, რომ გამოიზამთროს. თრიალეთის თემში დაახლოებით 200 კომლი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, თუ საწარმო მაქსიმალური დატვირთვით იმუშავებს, შეძლებს უფრო მეტი ბრიკეტი აწარმოოს, ვიდრე ეს ამ კონკრეტულ სოფელს სჭირდება. ჩვენ გიორგი დათუსანს ვკითხეთ, შესაძლებელია თუ არა, რომ საწარმომ კომერციული დატვირთვა შეიძინოს:

„ბრიკეტის დასამზადებლად საჭირო ნედლეული საკმარისზე მეტია. თუ მოსახლეობის არ დაეზარება და ნედლეულს მოიტანს, საწარმო იმუშავებს. თუ ნამატი პროდუქციაც გვექნება შეიძლება გაიყიდოს კოოპერატივის სახელით, რატომაც არა?!“

იაპონიის ელჩის მოადგილე ობატა მასატაკა ათვალიერებს ბიო-ბრიკეტების საწარმოს სოფელ თრიალეთში

წალკის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ავრანლოსა და თრიალეთში, ბიომასის ბრიკეტების დამამზადებელი საწარმო დაფინანსდა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

„თუ შეშას ჩავანაცვლებთ ბიომასის ბრიკეტებით, მნიშვნელოვნად შევამცირებთ ტყეების გაჩეხვას. ბრიკეტები მზადდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან, იწვის უფრო დიდხანს და 1.5-ჯერ უფრო მეტ სითბოს გამოყოფს. ამ პროექტის მთავარი ღირებულება ისაა, რომ ეს ადამიანები სიახლეს ნერგავენ რეგიონში. თუ სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაინერგა მსგავსი პრაქტიკა, ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვნად შევინარჩუნოთ ტყეები“, – ასე აფასებს აღნიშნულ პროექტს იაპონიის საელჩოს საგრანტო კონსულტანტი თეონა მაჭარაშვილი.

ამავე პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა წალკის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში – ბარეთში, კარტოფილის სამაცივრე საწყობის აშენება და აღჭურვა.

„დიდი რაოდენობით მოყვანილი მოსავალი, სანამ სრულად გაყიდი, შეიძლება გაფუჭდეს. თუ მოახერხებს ფერმერი, გლეხი, კარგ პირობებში შენახვას, შეიძლება რამდენიმე თვის მერე გაცილებით სარფიანად გაყიდოს. მეგობრებთან ერთად დავგეგმე იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და მოვითხოვეთ თანხა სასაწყობე მეურნეობის აშენებისთვის“, – გვიყვება ზვიად ხაფავა, პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი.

კარტოფილის სამაცივრე საწყობი

ბარეთის სამაცივრე საწყობის მოდელიც იგივეა, რაც ავრანლოსა და თრიალეთის ბიობრიკეტების საწარმოსი – სოციალური კოოპერატივი. ბარეთში მცხოვრები ეკომიგრანტები, რომლებიც როგორც აჭარიდან, ისე სვანეთიდან არიან ჩასახლებულები, კოოპერატივის შექმნის პროცესში არიან. მოსავლის ჯანსაღად და დიდხანს შესანახად, მათ შესაბამისად აღჭურვილი საწყობის გამოყენება შეეძლებათ, რისთვისაც მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადს გადაიხდიან.

წალკის მერის წარმომადგენელი ბარეთის თემში, ბიძინა გაბულდანი გვიყვება, რომ აქამდე სოფელში მოსავლის შესანახი სათავსოები არ ჰქონდათ და ადგილობრივები ამისთვის სარდაფებსა და ავტოფარეხებს იყენებდნენ:

„სახლში რომ ვინახავდით მოსავალს, ადვილად ფუჭდებოდა. აქ ჰაერის ისეთი ტემპერატურაა, გინდ სახლში შეგინახავს მოსავალი და გინდ ისე დაგიტოვებია, ღია ცის ქვეშ. შესაბამისი პირობებია საჭირო. ამ საწყობში შენახვა კაპიკები დაუჯდება მოსახლეობას.“

პროექტით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ სამაცივრე საწყობის გამოყენების სანაცვლოდ, ადგილობრივები არხოვანის ნაცვლად, წვეთოვან სარწყავ სისტემას გამოიყენებენ, რომელიც ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის. ამის მიზანი უნიკალური ეკოსისტემის მქონე ბარეთის ტბის შენარჩუნებაა:

„ბარეთის ტბა, ფაქტობრივად, განადგურების პირას არის მისული. 180 ჰექტარი იყო და 80-მდეა დარჩენილი. ტბიდან სარწყავი არხი გამოყვანილია საბჭოთა კავშირის დროს. სათავო ნაგებობა, რომელიც არეგულირებდა წყლის გაშვების რაოდენობას, მორღვეულია. ამიტომ, ვგეგმავთ წყლის გამშვები ახალი ნაგებობის მოწყობას, რითაც ტბის კალაპოტი შეივსება და ავტომატურად ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. წვეთოვანი სისტემაც უკვე მოწყობილია. მას ხარჯიც ნაკლები აქვს და სხვა ტიპის სისტემისგან განსხვავებით ნიადაგის ჩარეცხვას და გამოფიტვას არ იწვევს,“ – ამბობს ზვიად ხაფავა.

მძიმე ტექნიკა სარწყავი და სასმელი წყლის არხების გასაყვანად. სოფელი სვენეთი, გორი

იაპონიის საელჩოს საგრანტო კონსულტანტი, თეონა მაჭარაშვილი, პროექტს მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ჩვენ გვინდა, ეს მოდელი ბევრგან გამეორდეს. რეალურად, სოფლის მოსახლეობას შეუძლია უფასოდ გამოიყენოს ეს სამაცივრე მეურნეობა. სანაცვლოდ, ერთადერთი, რასაც ვთხოვთ, არის ის, რომ მიეჩვიონ წყლის სისტემის მდგრად გამოყენებას და პასუხისმგებლიან სოფლის მოსახლეობას. ანუ, ამით ჩვენ ეკონომიკურადაც ვაძლიერებთ და თან ვაჩვევთ გარემოს დაცვას“.

იაპონიის საელჩოს ორივე ამ პროექტს თან გასდევს გარემოს დაცვითი კომპონენტი. ნორიკო ჰაშიმოტო, საგრანტო კონსულტანტი გვიხსნის, რომ იაპონიის საელჩოს აქვს ასეთი კონცეფცია – შეუძლებელია ეკონომიკური განვითარება, თუ არ დაიცავი გარემო. ამ მიდგომის მიხედვით, მნიშვნელოვანია სუფთა ნიადაგის, წყლის, ჰაერის შენარჩუნება. რესურსები, რომლიდანაც მოსახლეობა შემოსავალს მიიღებს, არ უნდა იყოს ამოწურვადი.

სწორედ გარემოსდაცვითი იდეა უდევს საფუძვლად მაღალი წნევისა და გამავლობის მქონე ორი სახანძრო მანქანის შეძენას ბორჯომის ტყე-პარკისთვის.

„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკი, რომელიც, მისი ეკოსისტემიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უნიკალური და ძვირფასია მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვნად ზარალდება ხანძრების გამო. რაც უფრო მეტია ხანძარი, მით უფრო მეტად შრება ტყე და იოლად ეკიდება ცეცხლი. ანუ, ნებისმიერი ახალი ხანძარი უფრო ასუსტებს ტყეს. პრობლემა იმაშია, რომ ძველი ტექნიკა გამოუსადეგარია ხანძრის ჩასაქრობად“, – ამბობს თეონა მაჭარაშვილი.

ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, ირაკლი მაისურაძე, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

„ბორჯომში ძალიან დიდი ტყის მასივები გვაქვს და ძალიან რთული რელიეფია – კლდოვანი და ადვილად აალებადი. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. შეიძლება რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს ცეცხლთან ბრძოლის პროცესი. მანქანები გადმოგვეცა იაპონიის საელჩოსგან და ძალიან გვეხმარება განსაკუთრებით რთულ პირობებში. კომპაქტური მანქანაა, მაგრამ ტექნიკურად ძალიან მაღალი მონაცემები აქვს. 35-გრადუსიან დახრილობის მქონე ფერდობზეც შეუძლია დაახლოებით 300-400 მეტრის სიშორიდან მოგვაწოდოს წყალი“.

ირაკლი მაისურაძე, მეხანძრე-მაშველი

ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებშივე გადაეცა გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს სარწყავი და სასმელი წყლის არხების გასაყვანი/გამწმენდი მძიმე ტექნიკა. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, სადაც წყლის არხების დიდი ნაწილი დაბინძურებული და დაგუბებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. იაპონიის საელჩოს მიერ შეძენილი მძიმე ტექნიკით შესაძლებელია როგორც ძველი არხების რეაბილიტაცია, ასევე, ახალი არხების გაჭრა და გზების გაყვანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე.

„სარწყავი არხის გარეშე სოფლის მოსახლეობა ვერაფერს ვერ მოიყვანს. სასმელი წლის პრობლემაზე აღარ მაქვს საუბარი, ამიტომ იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, “ – ამბობს დავით ფავლენიშვილი, გორის მერიის წარმომადგენელი.

მანქანის პროდუქტიულობა რელიეფზეა დამოკიდებული, თუმცა, წინასწარი გათვლებით, მისი საშუალებით წელიწადში 8-10 კილომეტრი სარწყავ-სასმელი არხების მოწესრიგება და დამატებით, რამდენიმეკილომეტრიანი გზის გაყვანა მოხერხდება.

ჩამოთვლილი პროექტები იმ 10 ინიციატივას შორისაა, რომლებიც იაპონიის საელჩომ, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს დააფინანსა. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ადამიანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული პროექტები საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით. თითოეულ პროექტზე საშუალოდ 60 000-დან 80 000-მდე დოლარი იხარჯება.

„ჩვენ აქტიურად ვატარებთ კვლევას. ვმოგზაურობთ საქართველოს ყველა რეგიონში და ვეკითხებით მოსახლეობას, ექსპერტებს, სპეციალისტებს… რა საჭიროებები აქვთ და როგორ წარმოუდგენიათ მათი გადაჭრა. ამ კვლევების საფუძველზე ვაგროვებთ ცოდნას, რომელიც გვეხმარება საგრანტო პოლიტიკის სწორად წარმართვაში. წელიწადში ერთხელ ვაცხადებთ კონკურსს, რომელიც ძალიან კონკურენტუნარიანია. ყოველწლიურად ასობით განაცხადი შემოდის. გარდა ამისა, პერიოდულად ვატარებთ საჯარო კონსულტაციებს, სადაც დაინტერესებულ პირებს დეტალურად ვაცნობთ კონკურსის კრიტერიუმებს. ჩვენი მთავარი პირობაა, რომ ყველა პროექტი ემსახურებოდეს მწვავე პრობლემის გადაჭრას, მინიმუმ 100 ადამიანს აწვდიდეს პირდაპირ სარგებელს,“ – გვიხსნის თეონა მაჭარაშვილი.

ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა 1998 წლიდან ხორციელდება. 20 წლის განმავლობაში იაპონიის საელჩომ 180 პროექტი დააფინანსა, რომელთა ჯამური ღირებულება 18 მილიონი დოლარია.

აჭარა ტვ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

აჭარის მაუწყებელში განვითარებული მოვლენები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში მოხვდა. ანგარიში მიმოიხილავს 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას.

ანგარიშში წერია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება, მედიის უფლებების დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს შეშფოთების გამოხატვას მედიაში პოლიტიკური გავლენების შესახებ.

იქვე მოყვანილია აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 19 აპრილის გადაწყვეტილება, დაეთხოვათ გენერალური დირექტორი ნათია კაპანაძე, რის საბაბადაც სახელმწიფო სახსრების არასწორად გამოყენება და პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა დაასახელა. „საერთაშორისო მონიტორები, მათ შორის ეუთოს ODIHR-ი, მანამდე აჭარის ტელევიზიას მიუკერძოებელ მედიად მიიჩნევდნენ“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია არაერთი განცხადება სხვადასხვა არასამთავრო ორგანიზაციების გაერთიანების მხრიდან, რომლებიც კაპანაძის იმპიჩმენტს აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ ნაბიჯით ძლიერდებოდა ეჭვები შესაძლო პოლიტიკური ჩარევის შესახებ.

„2019 წლის დეკემბერში ჟურნალისტებმა პროტესტი გამოხატეს და ამბობდნენ, რომ ახალი დირექტორი მათს სამუშაო პროცესში ერეოდა და ცდილობდა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოპოვებას. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელია, მის გარშემო განვითარებული მოვლენები გავლენას ახდენს ქვეყნის მედიაგარემოზე“, – წერია ანგარიშში.


აჭარის ტელევიზიაში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორი ნათია კაპანაძე 2019 წლის გაზაფხულზე თამამდებობიდან გადააყენეს.

მაშინ ნათია კაპანაძემ აღნიშნული დაუკავშირა ხელისუფლების მიერ ტელევიზიის გაკონტროლების სურვილს. მას შემდეგ ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე ასრულებდა, რომელსაც ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ფუნქციები შეუკვეცა.

ზოიძემ ამის შემდეგ აჭარის მაუწყებელი საერთოდ დატოვა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ ხელისუფლებიდან მომდინარე საფრთხეზე.

ისინი აცხადებენ, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს საკვანძო თანამდებობებიდან იმ ადამიანების გაშვებას, რომლებიც ამ ტელეარხის დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავენ.

ბოლო პერიოდში ტელევიზიაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა.

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი


10 მარტს აჭარის მაუწყებლის გარშემო განვითრებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, ჰარლემ დეზირი და განაცხადა, რომ შეშფოთებულია აჭარის მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით.

https://netgazeti.ge/news/432721/

დისტანციურ მუშაობაზე აჭარის მთავრობაშიც მსჯელობენ

როგორ მუშაობენ აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა განსაკუთრებულ სიფრთხილეზე რეკომენდაცია გასცა? – სამინისტროებში, ასევე მთავრობის აპარატსა და ბათუმის მერიაში გუშინ, 11 მარტს გვითხრეს, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. არ გადადებულა შეხვედრები და არც მიღების დღეები გაუქმებულა. შეიცვალა მხოლოდ ერთი რამ, ყველა სამთავრობო შენობის შესასვლელში სადეზინფექციო ხსნარები დაალაგეს და შემსვლელებს მისი გამოყენების შესაძლებლობა აქვთ. დღეს, 12 მარტს კი, პრემიერის მოწოდების შემდეგ, აჭარის მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა.

„სამუშაო შეხვედრები გრძელდება. რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ და პერიოდულად მივმართავთ პრევენციულ ღონისძიებებს. ეტაპობრივად ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები“, – გვითხრეს აჭარის მთავრობის აპარატში, დღეს კი განგვიმარტეს: „ახლა მსჯელობენ ამ საკითხზე და როგორც კი მივიღებთ ინფორმაციას, მოგაწვდით“.

დღემდე, მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში. აქ ხშირად დადიან ფერმერები, რომლებსაც პროგრამებთან დაკავშირებული კითხვები აქვთ, სამინისტროს შეხვედრები ამ დრომდე არ გაუუქმებია. როგორ ახერხებს სამინისტრო ვირუსის პრევენციას და თანამშრომლების დაცვას, მაშინ, როცა შენობაში დღეში ასობით უცხო ადამიანი შედის? – ამ კითხვაზე სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ყველა ის რეკომენდაცია გაითვალისწინეს, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გასცა: დეზინფექცია ჩაუტარდა შენობას, შესასვლელში სპეციალური ხსნარებია დამონტაჟებული და შემსვლელები ხელებს იმუშავებენ. „პირბადეები არ გვაქვს, მაგრამ ხსნარები გვაქვს, ხელებს ვიბანთ“.

გუშინ, 11 მარტს, იგივე გვითხრეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც, საქმიანი შეხვედრები აქაც არ შეუჩერებიათ: „დღეს უცხოელები გვყავს, ისინიც ხომ ჩამოდიან და უნდა მივიღოთ“.

დღემდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებდა განათლების სამინისტროც. აქაც ამბობენ, რომ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, შესაბამისი მითითებები სამინისტროზე დაქვემდებარებულ დაწესებულებებსაც მისცეს.

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდების შემდეგ, აჭარის მთავრობა 2020 წლის 13 მარტიდან, მთავრობის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში დასაქმებული პირების დისტანციურ შრომის რეჟიმზე გადასვლას განიხილავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  უკვე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, დისტანციურ შრომის რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებას.

„აღნიშნული გადაწყვეტილება შრომის ეფექტიანობას არ შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, 1 საათის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს.

სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებმა, კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, სამინისტროს, შეძლებისდაგვარად უნდა გადადონ ან გააუქმონ ყველა შეხვედრა, სტუმრების ვიზიტები თუ სხვა სახის ღონისძიება.“

სამინიტროს ინფორმაციით, დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლა სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას ზიანს მიაყენებს. ამ გამონაკლისის შესახებ მათ ინდივიდუალურად ეცნობებათ.

გადაწყვეტილება არ შეეხება მხოლოდ მინისტრსა და  მოადგილეებს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

იტალიაში მცხოვრები ბათუმელი სტუდენტი სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს

„იმ დღეს ლექტორს ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, უი, მგონი ხვალ აღარ მოვალთო… მეორე დღეს მოგვწერეს, რომ უნივერსიტეტში აღარ უნდა მივსულიყავით – სწავლა გადაიდო. ეს 4 მარტი იყო. ამ დროს საქართველოს უნივერსიტეტებში, სკოლებში, ბაღებში სწავლა უკვე შეწყვეტილი იყო. ახლა მიკვირს, რატომ ვერ იგრძნო იტალიამ უკიდურეს სიტუაციამდე ამ ვირუსის საფრთხე…“ – ამას იტალიაში, რომში მცხოვრები ქრისტინა აფაქიძე ამბობს. ის ახლა თვითიზოლაციაშია და სამშობლოში დაბრუნება სურს, რადგან იტალიაში დარჩენის მიზანს ვეღარ ხედავს.

„…იზოლაციაში ვართ, მაგრამ აქ ისეთი სიტუაციაა, ვეღარ ვხდები, აქ რატომ უნდა დავრჩე – ვიცი, საქართველოში დაბრუნება რომ მოვახერხო, კარანტინში მომიწევს ყოფნა, მაგრამ ამისთვის მზად ვარ. აქ, გარდა იმისა, რომ უკვე ყველაფერი რთულია, საკუთარ თავთან გამკლავებაც გიწევს – მარტო ხარ.

რამდენჯერმე მივმართე საელჩოს. მითხრეს, რომ ამ ეტაპზე რეისი საქართველოსკენ არ იგეგმება და უნდა დაველოდო სიახლეს. 15 მარტამდე ვისაც ჰქონდა ბილეთი აღებული, მათთვის სპეციალური რეისი დაინიშნა. ჩვენი ბედი გაურკვეველია. არ ვიცი, აქ კიდევ რამდენია ჩემს მდგომარეობაში,“ – გვიყვება ქრისტინა.

ქრისტინა რომში სამაგისტრო პროგრამას გადის. ამბობს, რომ სწავლის შეწყვეტის შემდეგ უნივერსიტეტმა ონლაინპროგრამები აამოქმედა. ამ რეჟიმში კი ქრისტინას განათლების მიღება საქართველოდანაც შეუძლია.

„…რეალურად გაურკვეველია, როდის აღდგება სწავლა. დიდი ალბათობით, ეს უახლოეს მომავალში არ მოხერხდება. ამიტომაც მინდა დაბრუნება,“ – დასძენს ქრისტინა.

ქრისტინა აფაქიძე გვიყვება იმაზეც, თუ რა იგრძნობა ახლა რომის ქუჩებში.

„…გაგვაფრთხილეს, რომ იზოლაციაში უნდა ვიყოთ, თუმცა არავინ მოსულა, არ შეუმოწმებია რამე. არც ის გამიგია, რომ ვინმემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ჩაატარა, პირბადეებიც, მგონი, საქართველოში უფრო ადრე გაიკეთეს, ვიდრე აქ.

სახლიდან ძირითადად მაშინ გავდივარ, როცა საკვების შეძენა მჭირდება. მარკეტებთან დიდი რიგებია, რიგს მარკეტის თანამშრომლები აწესრიგებენ – ვიღაც რომ გამოვა, მერე შეხვალ. გვაფრთხილებენ, რომ ერთმანეთისგან დისტანცია უნდა დავიცვათ.

ძირითადად ყველაფერი დაკეტილია. ადამიანები პარკებსა და სკვერებში გამოდიან, ბავშვები გამოჰყავთ… მუშაობს რესტორნებიც, თუმცა ძირითადად საღამოს შვიდამდე.

ჩემი დაკვირვებით ხანდაზმულმა ადამიანებმა უფრო იგრძნეს საფრთხე, ვიდრე ახალგაზრდებმა. მათ ეტყობათ უფრო, რომ ღელავენ, სხვას პროტესტი არ გამოუხატავს, ან მე არ მომისმენია,“ – გვიზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებას რომში მყოფი ქრისტინა აფაქიძე.

სუსმა ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე ა.კ. დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის მოქალაქემ 2100 აშშ დოლარის სანაცვლოდ 4200 ყალბი აშშ დოლარი საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეზე გაასაღა.

გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10  წლამდე).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

საქართველოს რკინიგზა პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს პერმანენტულად ატარებს

საქართველოს რკინიგზა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოძრავი შემადგენლობების, სადგურების, სერვის ცენტრებისა და დეპოების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას აგრძელებს.

სამგზავრო მატარებელსა და დეპოებში დეზინფექციის პროცესის მიმდინარეობას საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსი ადგილზე გაეცნო. ნიკა კაჭარავას განცხადებით, საქართველოს რკინიგზა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და დაგეგმილ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს ამ რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს.

,,საქართველოს რკინიგზის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ყველა მოძრავ შემადგენლობაში, ასევე შენობებში, დეპოებში და სერვის ცენტრებში ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები. დეზინფექციისთვის ვიყენებთ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში მითითებული ქიმიური ნივთიერების შემცველ ხსნარებს. დეზინფექცია ტარდება პერმანენტულ რეჟიმში და გაგრძელდება მანამ, სანამ გვექნება მითითება.” – განმარტავს ნიკა კაჭარავა.

დაავადების პრევენციისთვის საქართველოს რკინიგზა, მემანქანეების რეისის წინა შემოწმების პროცესს შესაბამისი აპარატურით ახორციელებს. უკვე შესყიდულია და მიმდინარე წლის აპრილიდან აღნიშნული აპარატურა იქნება სრულად უკონტაქტო ყველა შესამოწმებელ პუნქტში, ხოლო ვირუსის პრევენციისთვის მარტის ბოლომდე მემანქანეების შემოწმება ერთჯერადი, ინდივიდუალური ალკოტესტერებით განხორციელდება, რისი შესაბამისი მარაგიც კომპანიის მიერ უკვე შეძენილია.

ქობულეთის 6 სოფლის გაზიფიცირებისთვის 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქობულეთის ექვსი სოფლის გაზიფიცირებისთვის, ჯამში 10 მილიონამდე ლარით, სამი ტენდერია გამოცხადებული.

ამ ტენდერების ფარგლებში ბუნებრივ აირს შეიყვანენ შემდეგ სოფლებში: მუხაესტატე, ალამბარი, წყავროკა, ლეღვა, აჭყვისთავი და ზენითი. დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნულ სოფლებში, ჯამში, 2 304 საცხოვრებელი სახლია.

გაზიფიცირების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულებთან ხელშეკრულებების გაფორმებიდან მაქსიმუმ 10 თვეში უნდა დასრულდეს.

მუხაესტატესა და ალამბარის გაზიფიცირების სამუშაოებისთვის 3 600 489 ლარია გათვალისწინებული. წინადადებების მიღება 2020 წლის 28 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება. ალამბარში 428 საცხოვრებელი სახლია, მუხაესტატეში კი – 519. სამუშაოების შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 290 დღეს.

წყავროკასა და ლეღვას გაზიფიცირებისთვის 3 488 734 ლარია გამოყოფილი. წინადადებების მიღება აქაც იწყება 28 მარტს და 2 აპრილს დასრულდება, სამუშაოების შესრულების ვადა კი, არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 273 დღეს. წყავროკაში 341 სახლია, ხოლო ლეღვაში – 496.

2 556 942 ლარია გათვალისწინებული აჭყვისთავის და ზენითის გაზიფიცირებისთვის. წინადადებების მიღება დაიწყება 28 მარტს და დამთავრდება 2 აპრილს. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 262 დღეში უნდა დასრულდეს. აჭყვისთავში 313, ხოლო ზენითში 207 საცხოვრებელი სახლია.

ტენდერები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გამოაცხადა. 

ამ თემაზე:

აჭარის სოფლების გაზიფიცირების გეგმა – სოფლების ჩამონათვალი

მთავარი ფოტო: ქობულეთი, სოფელი აჭყვისთავი / ჯაბა ანანიძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გახარიამ შსს-ს დაავალა, თვითიზოლაციის წესების აღსრულებაში ჩაერთოს

დღეს, 12 მარტს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორის საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რასაც ეს საბჭო მუშაობის დროს წააწყდა, არის თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა.

გახარიამ ისაუბრა მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე და თქვა, რომ ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, აქვთ ვალდებულება სხვა მოქალაქეების წინაშე. შესაბამისად, თვითიზოლაციაში მყოფი პირები ვალდებული არიან თვითიზოლაციის რეჟიმი მკაცრად დაიცვან.

„ვავალებ შს სამინისტროს, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყონ ზუსტი და წესების შესაბამის აღსრულება თვითიზოლაციის, იმ მოქალაქეების, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეის მონაცემები საქართველოში კორონავირუსი 24 პირს დაუდგინდა. მათ შორის 1 ბავშვია.

გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი – ამ ქვეყნებიდან ჩამოსულებიც გაივლიან კარანტინს

დღეს, 12 მარტს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხზე იმსჯელა. გახარიას თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის გამო გამოცხადებული პანდემიის პირობებში, სამთავრობო უწყებები გადადიან საგანგებო სამუშაო რეჟიმზე და ეს განსაკუთრებით ეხება რამდენიმე უწყებას – ჯანდაცვას, შსს და ფინანსთა სამინისტროებს.

პრემიერმა გახარიამ თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობას და სახელმწიფო ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, შესაძლებლობის ფარგლებში, გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი.

იგივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას.

გახარიას თქმით, ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელმწიფო ორგანოების მუშაობას.

გახარიამ ასევე განაცხადა, რომ მკაცრდება საქართველოში შემოსვლის წესები, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. „ჩვენ უკვე დაწესებული გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და ირანიდან. ამ რეჟიმს ემატება გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლებიც ამ ქვეყნებიდან შემოდიან, გაივლის 14 დღიან  საკარანტინო რეჟიმს“.

გახარიამ დასძინა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საზღვარზე წარმოადგენს ან შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომ კორონავირუსზე მას ჩატარებული აქვს კვლევა და კორონავირუსის მატარებელი არ არის, ან ისიც 14-დღიან საკარანტინო რეჟიმში მოთავსდება.

იტალიაში ყველა სავაჭრო ცენტრი, ბარი და რესტორანი დაიხურება – პრემიერი კონტე

12 მარტიდან მთელი იტალიის ტერიტორიაზე დაიხურება სავაჭრო ცენტრები, სალონები, ბარები და რესტორნები. მუშაობის უფლება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს ექნებათ. შეზღუდვა მომდევნო 14 დღის მანძილზე იმოქმედებს. ახალი გადაწყვეტილების შესახებ იტალიელებს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ფეისბუქ ლაივიდან ამცნო.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქარხნებს მუშაობის უფლება აქვთ, თუმცა ყველა საწარმომ უნდა დაიცვას უსაფრთხოების მაღალი ზომები. ასევე, პრემიერმა პირობა დადო რომ საჯარო ტრანსპორტი ხელმისაწვდომი იქნება.

“გარანტირებული იქნება ტრანსპორტი, საბანკო, სადაზღვევო და საფოსტო მომსახურება,” – განაცხადა ჯუზეპე კონტემ.

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 196 ადამიანი დაიღუპა. ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა კი 827 -ია. ბოლო 24 საათში 2000 ადამიანით გაიზარდა ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი. ამ დროისათვის ოფიციალურად ვირუსი 12 462 ადამიანს აქვს.

 

ქალაქის ვერტმფრენებიდან შეწამვლას არ აპირებენ

ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქში ჰაერის შეწამვლას ვერტმფერენებიდან აპირებენ. ინფორმაცია დღეს, 11 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ბათუმელები“ რამდენიმე უწყებას დაუკავშირდა. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვითხრეს, რომ მსგავსი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

ქალაქის ვერტმფერენებიდან მასობრივი შეწამვლის ფაქტს უარყოფენ ბათუმის მერიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. ამ უწყებების ჩართულობის გარეშე შეუძლებელია მსგავსი ღონისძიება რომელიმე სხვა უწყებამ განახორციელოს.

 

ბათუმის ინფექციურში მოთავსებულ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალს, რომელიც დღეს გადაიყვანეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

40 წლამდე ასაკის ქალი საქართველოს მოქალაქეა, იგი იტალიიდან 2 მარტს დაბრუნდა და აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა ბათუმში. იგი ინფექციურ საავადმყოფოში დღეს, 11 მარტს გადაიყვანეს 37,3 ტემპერატურით.

ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსი 23 პაციენტს დაუდასტურდა.

მერისის ოქროს საბადო არ გაიყიდა – ლიცენზიის ფასი 5 მილიონი ლარი იყო

ქედისა და შუახევის ტერიტორიებზე მდებარე ე.წ. „მერისის ოქროს საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე არ გაიყიდა. ლიცენზიას, 30 წლით, წიაღის ეროვნული სააგენტო 5 მილიონ ლარად ყიდდა.

ელექტრონულ აუქციონზე 5 მილიონი ლარი საწყისი ფასი იყო, ვაჭრობის ბიჯი – 500 ათასი ლარი, საგარანტიო თანხა – 1 მილიონ 200 ლარი, სალიცენზიო ფართობი კი – 11 ათას ჰექტარზე მეტი. ლიცენზიანტს უფლება ექნებოდა მოეპოვებინა 859 კილოგრამი ოქრო და სხვა წიაღისეული.

ელექტრონული აუქციონი დღეს, 11 მარტს, დაიწყო და ის არ შედგა – ვაჭრობაში მონაწილეობა არავინ მიიღო.

მერისის ოქროს საბადოს სალიცენზიო ტერიტორია ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის იანვარში დააანონსა, რომ პროგრამა – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდებოდა და უძრავი ქონების პრივატიზების გარდა შეთავაზებების ნუსხას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები დაემატებოდა.

სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC). ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა „საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგიის“ დოკუმენტს ეწინააღმდეგება და ბუნებრივი რესურსების დემოკრატიული, გამჭირვალე და სათანადო ცოდნაზე დაფუძნებული მართვის პრინციპებთან შეუსაბამოა.

ამ თემაზე:

859 კილოგრამი ოქრო და 18 ტონა ვერცხლი – საბადოზე ლიცენზიას 5 მილიონად ყიდიან

სკოლის დირექტორი: უნდა ვიფიქროთ დისტანციური სწავლების მოდელზე

სკოლებში სასწავლო პროცესი კორონავირუსის საფრთხის გამო პირველ აპრილამდე შეწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებში იძულებითი არდადეგების ანაზღაურება მოუწევთ. განათლების მინისტრმა დღეს, 11 მარტს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელიც სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს მიეწოდებათ, თუმცა მას გეგმის დეტალებზე არ უსაუბრია.

როგორ აპირებენ სკოლები გაცდენილი დღეების ანაზღაურებას და აპირებენ თუ არა დისტანციური სწავლების მოდელზე აქტიურად მუშაობას? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, ნატალია მგელაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნატალია, სკოლებს ხომ არ გიფიქრიათ რაიმე კონკრეტულ გეგმაზე, რომელსაც მსგავსი კრიზისის შემთხვევაში  გამოიყენებდით?

ცალკე,  ინდივიდუალურად სკოლა ამას ალბათ ვერ გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ავტონომიური უფლებები, რადგან სწავლების მეთოდი მაინც უნდა მოდიოდეს [შესაბამისობაში] საერთო მოთხოვნებთან. თუმცა ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი სკოლა, რომელიც დისტანციური სწავლების პროგრამის გატესტვას დავიწყებთ, ამის შინაგანი მზაობა გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში, სკოლის პრაქტიკაშიც დავნერგავთ.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაიწყო ამაზე ფიქრი სისტემამ უფრო ადრე?

თანამედროვე სამყარო გვაჩვენებს, რომ ამაზე უნდა ვიფიქროთ. თუნდაც არ გვქონდეს პანდემიური საშიშროებები, მაინც ვფიქრობ, რომ ახალი ეპოქა ამას  ისედაც ითხოვს. დისტანციური სწავლების ინტეგრირება ისედაც უნდა მომხდარიყო ნელ-ნელა. ადრეც იყო სპეციალური პროგრამები, რომლებსაც მასწავლებლები იყენებდნენ, მაგალითად, იგივე „გუგლკლასს“ ჩემი რამდენიმე მასწავლებელი ახლაც იყენებს, მეტი ხალისი რომ შეიტანოს სწავლებაში. უკვე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს არა როგორც დამატებითი ინსტრუმენტი, არამედ ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუქციის სახე უნდა გახდეს, დამუშავდეს, რომ გამოვიყენოთ მსგავს სიტუაციებში.

  • ამისთვის ალბათ პედაგოგების ტექნიკური აღჭურვაც გახდება საჭირო. დღეს თუ არის ამის რესურსი საჯარო სკოლებში?

მინიმალური ტექნიკა სჭირდება პედაგოგს. ჩემს სკოლაში არის კომპიუტერები და ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს, მთავარია მოსწავლეებს ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, რაც ქალაქის მასშტაბით ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს.

ჩემი შვილი თბილისში ერთ-ერთ კერძო სკოლაში სწავლობს და  პირველი კვირა, როდესაც იძულებითი არდადაგები დაიწყო, მათ არ ჩაეთვალათ არდადეგებად, რადგან ბავშვებს ეძლეოდათ დავალებები და ჩვენც, მშობლებს, მოგვივიდა გაფრთხილება სკოლიდან, რომ ამის შესახებ ინფორმირებული ვყოფილიყავით. შეიძლება ამ პრაქტიკის გადმოტანა საჯარო სკოლის სივრცეშიც.

რასაკვირველია, დისტანციურ სწავლებასაც აქვს თავისი მინუსები, მაგრამ ამაზე აპელირება მსგავს კრიტიკულ შემთხვევებში არასწორი იქნება. ვფიქრობ, სამინისტროსაც ექნება ამაზე დაწყებული ფიქრი, რადგან ყველანაირ გამოწვევას შეძლებისდაგვარად უნდა ავუღოთ ალღო.

  • იძულებითი არდადეგების დღეების ანაზღაურებას როგორ გეგმავთ სკოლაში და რა პრობლემა შეიძლება  გამოიწვიოს ამან?

ჩვენი სკოლისთვის ეს უკვე პრობლემაა, რადგან ათი დღე ჩვენ ისედაც  გვქონდა ასანაზღაურებელი, როდესაც გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავუთმეთ სკოლა მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდების ჩასატარებლად. აქედან 5 შაბათი გამოვიყენეთ ასანაზღაურებლად და დარჩენილი გვაქვს კიდევ 5 ასანაზღაურებელი დღე. ამიტომ, მხოლოდ შაბათების ხარჯზე კიდევ ვეღარ მოხდება ამ დღეების ანაზღაურება. უკვე შეუძლებელია. ველოდით, რომ 16 მარტს განახლდებოდა სწავლა, მაგრამ ასე არ მოხდა, იმედი გვაქვს, რომ ამ დღეების ანაზღაურება არ მოგვიწევს კვირა დღის ხარჯზე.

  • რადგან მასწავლებლებს დამატებითი საათების ჩატარება უწევთ, მათ უნდა აუნაზღაურდეთ ეს გაკვეთილები?

მასწავლებლები არ ზარალდებიან, რადგან ისინი მაინც მუშაობენ ივნისის ბოლომდე და ხელფასს იღებენ. პრობლემა იქმნება ორცვლიან სკოლებში. ზოგიერთ კლასში ისედაც 6-7 გაკვეთილი ტარდება და თუ გაცდენილ საათებს გაკვეთილების შემდეგ დავამატებთ, ეს მოსწავლეების დატვირთვას გამოიწვევს.

თუ მეორე ცვლას ვიწყებდით 14:20 წუთზე, ახლა უნდა დავიწყოთ 15:00 საათზე. მაშინ სწავლა უნდა დავასრულოთ 18:45 წუთზე, მაგრამ რადგან ზაფხულის პერიოდია და დღე გახანგრძლივებულია, სიბნელე აღარ იქნება და მოსწავლეებს არ გაუჭირდებათ. სხვა შემთხვევაში, ივნისში მოგვიწევს სასწავლო დღეების დამატება.

  • მეთორმეტეკლასელები ხომ ადრე ამთავრებენ სწავლას, მათ როგორ აუნაზღაურდებათ საათები?

ზუსტი ჩამოყალიბებული გეგმა არც მე მაქვს, რადგან დღეს გაკეთდა განცხადება, რომ  არდადეგები გაგრძელდება.  პირველ და მეთორმეტეკლასელებს ალბათ სხვა რეჟიმი უნდა მოვარგოთ. ამათთან სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

  • როგორ ფიქრობთ, ხომ არ დააგვიანა განათლების სამინისტრომ კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა სკოლებისთვის?

ამ წუთას უფრო სხვა პრიორიტეტები დგას, მთავარი ჯანმრთელობის საკითხია. მათ შორის, ჩემთვისაც, როგორც მშობლისთვის, ვიდრე ის საათები, რაც უნდა ანაზღაურდეს. მშობლებიც უნდა დაგვეხმარონ, რომ სახლის პირობებში იზრუნონ ბავშვების განათლებაზე. ვფიქრობ, არც მასწავლებლებს ექნებათ პრეტენზიები დამატებით მუშაობაზე.

________

ამავე თემაზე:

სავალდებულო რეკომენდაციები სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად

ვინ არის აჭარის ახალი პროკურორი ზაზა მეტონიძე

დღეს, 11 მარტს, აჭარის მთავარ პროკურორად ზაზა მეტონიძე დანიშნეს. ჯერ უცნობია, სად გადაიყვანეს ნათია სონღულაშვილი, რომელიც 2018 წლის 22 თებერვლიდან დღემდე აჭარის მთავარი პროკურორი იყო.

ზაზა მეტონიძე ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მუშაობდა, თუმცა მას აჭარის პროკურატურაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს – 2009 წლიდან 2013 წლამდე იგი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო, შემდეგი ორი წელი კი,  ბათუმის პროკურორის მოადგილე.

ამ პერიოდის ერთ-ერთი გახმაურებული ამბავი „გიგა ფარტენაძის საქმეა“ – ბიჭი, რომელიც ყაჩაღობისთვის 2011 წელს გაასამართლეს და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ საქმის პროკურორი ზაზა მეტონიძე იყო. პატიმრობის პერიოდში გიგა ფარტენაძე გეგუთის ციხეში 2014 წელს მოკლეს.

„…ამ პროკურორმა შეცვალა ჩემი შვილის ცხოვრება, არასწორი მუხლი მოარგო. ჩემმა შვილმა რეალურად იჩხუბა, სცემა და კონფლიქტი ჰქონდა, მაგრამ ყაჩაღობა არ დასტურდებოდა… ჩვენ გვინდოდა ამ პროკურორთან შეხვედრა თავის დროზე, მაგრამ არ მიგვიღო.

ეკა ბესელიას მივმართეთ თავის დროზე, უნდა განეხილათ ეს საქმე, გვპირდებოდნენ, მაგრამ ამასობაში გიგა მოკლეს,“ – ამბობს მზია ნიქაბაძე, გიგა ფარტენაძის დედა.

გასულ წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით,ზაზა მეტონიძეს 2018 წელს ხელფასის სახით ჯამში 47 384 ლარი აქვს აღებული. ამ დროს ზაზა მეტონიძე შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის მოადგილედ მუშაობდა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზაზა მეტონიძე არ ფლობს უძრავ ქონებას. ხელვაჩაურში ოთხი მიწის ნაკვეთის 20-20-პროცენტიანი წილის მესაკუთრეა აჭარის მთავარი პროკურორის მეუღლე – ნინო დუმბაძე, იგი გორის იუსტიციის სახლის მენეჯერია.

კიდევ ერთი დეტალი – გასულ წელს ზაზა მეტონიძეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაუბარებია სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ანუ იგი მოსამართლეობას აპირებდა.

ერთ-ერთ აფთიაქში რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის ფაქტი გამოვლინდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ბათუმში აფთიაქების საქმიანობა შეამოწმა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი ავტორიზებული აფთიაქიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე (სპეციალური რეცეპტი ფორმა N2-ის ან/და დაწესებულების მიერ წარდგენილი მოთხოვნისა (განაცხადის) და ერთჯერადი მინდობილობის გარეშე), გაცემულია 525 301 ერთეული I ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი, ანუ ფსიქოტროპული და ლეგალური ბრუნვის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული მედიკამენტები.

კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ასევე, გამოვლინდა ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობებისა და მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის წესის დარღვევის ფაქტები.

დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც, დადგენილი წესით, განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(3) მუხლით, 37(4) მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით:

  •  ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა განმეორებით – ჯარიმა 1000 ლარი.
  • პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა – ჯარიმა 6000 ლარი.

ბათუმში მდებარე ავტორიზებულ აფთიაქში 2020 წლის 4-5 მარტს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ  ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონისძიებები განახორციელა.

ქალაქი ჩინეთში, რომლის ქუჩები ერთი თვის წინ სრულიად ცარიელი იყო [ვიდეო]

ჩინეთის 5-მილიონიანი ქალაქი ანიანგი ცხოვრების ძველ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება. ორთვიანი კარანტინის შემდეგ მოსახლეობა სახლებიდან გარეთ გამოდის. მოქალაქეები უბრუნდებიან სამსახურებს.

ვიდეო დღეს, 11 მარტს, ჩინეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ, ირმა დიმიტრაძემ გადაიღო და მოაწოდა „ბათუმელებს“.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 10 მარტს ქალაქ ვუჰანში ჩავიდა, იქ, სადაც ვირუსი პირველად გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე ვითარება სწორედ ამ ქალაქში იყო. ნელ-ნელა ვუჰანიც უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

მაშინ, როცა ევროპასა და ამერიკაში ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კლებულობს. BBC-ის თანახმად, 10 მარტს ქვეყანაში მხოლოდ 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებული ადამიანების გამოჯანმრთელების მაჩვენებელი კი 70%-ია.

ჩინეთი ახალ კორონავირუსს 2019 წლის დეკემბრიდან ებრძვის. ჰუბეის პროვინცია, სადაც 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მთელი ამ ხნის განმავლობაში კარანტინში იყო მოქცეული, ააშენეს სპეციალური საავადმყოფოები, სადაც ვირუსით ინფიცირებულებს მკურნალობდნენ.

ჩინეთმა საქართველოს კორონავირუსის 1000 სწრაფი ტესტი გადმოსცა.

ევრო – 2000 -ის სამოქალაქო განათლების პედაგოგი საერთაშორისო პროექტის მონაწილეა

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, ორგანიზაცია „ახალგაზრდები მშვიდობისთვის და თანასწორობისთვის“ პარტნიორობით ახორციელებს საერთაშორისო პროექტს „1+1 ერთობლივი ძალისხმევა დემოკრატიული კულტურისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამის Erasmus + ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს სკოლებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების /მუშაკების პარტნიორობით ხელი შეუწყოს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებას.

პროექტის ფარგლებში, კონკურსის გზით შერჩეულ 6 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, დირექტორს და ახალგაზრდულ მუშაკს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს სასწავლო ვიზიტებში და გაიაროს სტაჟირება პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებში.

აღნიშნულ პროექტში შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ ჩართულია ქ. ბათუმის სკოლა ევრო-2000-ის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ ბაუჟაძე.

პროექტი გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და  საშუალებას მისცემს მასში ჩართულ სკოლებს პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ სასწავლო პროცესში დემოკრატიული კომპეტენცების განვითარების გზით.

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები:

[checklist]

  • ტრენინგ კურსი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისა და ახალგაზრდული მუშაკებისთვის 7 დღის განმავლობაში საქართველოში (მარტი, 2020);
  • სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და ახალგაზრდული მუშაკის ერთობლივი სტაჟირება 6 დღის განმავლობაში
  • ჩამოთვლილიდან რომელიმე ქვეყანაში – ნორვეგია, ჩეხეთი და ესპანეთი (აპრილი-მაისი, 2020);
  • სემინარი ნორვეგიაში 6 დღის განმავლობაში – (ივნისი, 2020);
  • ტრენინგი ჩეხეთში 6 დღის განმავლობაში (სექტემბერი, 2020);
  • სემინარი სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ესპანეთში 6 დღის განმავლობაში (ნოემბერი, 2020);
  • ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ჩეხეთში 7 დღის განმავლობაში (იანვარი, 2021);
  • საერთაშორისო კონფერენცია თბილისში (იანვარი, 2021).

[/checklist]

სკოლა ევრო-2000 აგრძელებს თანამშრომლობას სამოქალაქო განათლების ფორუმთან აღნიშნული პროექტის ფარგლებში.

სკოლებში დემოკრატიული კომპეტენციების განვითარებაზე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად აქტიურად მუშაობენ პროექტში ჩართული მხარეები ჩეხეთიდან, ესპანეთიდან და ნორვეგიიდან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები აქტიურ დახმარებას გაუწევენ წლის განმავლობაში ფორმალური საგანმანათლებლო სივრცის გაჯანსაღებას.

სააგენტო ბათუმში 23 სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე 13 მარტს იმსჯელებს

13 მარტს გადაწყდება, დატოვებს დაუცველს თუ მიანიჭებს ძეგლის სტატუსს 23 რეკომენდებულ სახლს ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ძეგლების საბჭო. ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს საკითხი სხდომაზე განსახილველად გააქვს. როგორც სააგენტოს პრესსამსახურში აგვიხსნეს, სხდომაზე ოცდასამივე სახლის საკითხი გადის.

ბათუმი, ვაჟა-ფშაველას #34

ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლები კომპანია „გეოგრაფიკმა“ ბათუმის მერიის დაკვეთით 2015 წელს შეარჩია. 2015 წლიდან 2019 წლამდე ბათუმის მერიას, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ეროვნულ სააგენტოს შორის ხანგრძლივი გადარჩევა-დაზუსტების შემდეგ, სააგენტომ გადაწყვიტა და 2019 წლის მარტში ამ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიანიჭა. შესაბამისად, დარჩენილია ბოლო ეტაპი – შენობებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება.

ბრძანების მიხედვით, სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს დაევალა, შეესწავლა ოცდასამივე ობიექტი, დაედგინა მათი სახეობა, ისტორიული მნიშვნელობა, მდგომარეობა და კულტურული ღირებულება, მათი შემდგომი კატეგორიის განსაზღვრისთვის. კვლევის სამსახურს შესაბამისი დასკვნა ექვსი თვის ვადაში უნდა მოემზადებინა, თუმცა სააგენტომ ეს ვადა შემდგომში კიდევ ექვსი თვით გადაწია, რასაც კანონი ითვალისწინებს.

„გეოგრაფიკის“ ჩამონათვალში 23 სახლიდან ექვსი კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს: სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ძეგლის სტატუსს ამ ქუჩაზე შეიძლება იმსახურებდეს #4, 6, 8, 10, 12-ში მდებარე ბელეტაჟები. მათგან უმეტესობა შენარჩუნებულია პირველადი სახით, გამოცვლილია მხოლოდ ფანჯრები, ზოგ შემთხვევაში – კარი, ერთ შემთხვევაში კი სახლს დაშენებული აქვს მცირე ზომის ოთახი სახურავზე.

ეს არის ქუჩა ბათუმში, სადაც მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ძველი იერ-სახე და მასშტაბი.

კლდიაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთაში მდებარე სახლი

ბათუმი, კლდიაშვილის #8

კლდიაშვილის #5

სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ამ სახლებს დაიცავს კანონი ძეგლის შესახებ, ძეგლის ხელყოფა დანაშაულია და სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება.

1902 წელს აშენებული სახლი ბათუმში

კორონავირუსზე აჭარაში ექიმების ტრენინგები დაიწყო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 11 მარტს, ბათუმში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ტრენინგები დაიწყო ახალი ვირუსის COVID-19-ის [კორონავირუსი] შესახებ.

„ეს პროცესი დღეს დაიწყო და გაგრძელდება, ვიდრე ყველას არ მოიცავს. ტრენინგები შესაძლოა ჩატარდეს დღეში ორჯერაც, რადგან ექიმები მორიგეებად მუშაობენ,“ – გვითხრეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

პირველადი ჯანდაცვის რგოლისათვის აჭარაში ტრენინგებს ჩაატარებენ: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე.

ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

 

40 ბინა, 560 მსურველი და 2 განაცხადი – „იაფი სახლზე“ საბუთების მიღება გრძელდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 11 მარტის მდგომარეობით, სერვისცენტრებს „იაფ სახლში“ ბინის მისაღებად 560-მა მოქალაქემ მიმართა. სერვისცენტრებმა კი მხოლოდ 2 მოქალაქის განაცხადი დაარეგისტრირეს. „სერვისცენტრებმა მიიღეს მხოლოდ ის განაცხადები, რომლებსაც თან ახლდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის წარმოდგენაც შესაბამისი პროგრამით აუცილებელია“, – გვითხრეს მერიაში.

ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამაში ჩართვის მიზნით განაცხადების მიღება ბათუმის მერიის სერვისცენტრებში 2020 წლის 2 მარტს დაიწყო და 29 მაისს დასრულდება.

ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, 40 ბინა განაწილდება.

„იაფ სახლში“ ბინის მსურველი, ხელმისაწვდომი საცხოვრისის [„იაფი სახლის“] პროგრამაში რომ ჩაერთოს, პირველ რიგში უნდა აკმაყოფილებდეს ამ პროგრამის კრიტერიუმებს, შემდეგ უნდა მიმართოს ბათუმის მერიის ნებისმიერ სერვისცენტრს, უნდა აიღოს იქ სპეციალური განაცხადის ფორმა, შეავსოს და ჩააბაროს ისევ სერვისცენტრს შესაბამის დოკუმენტებთან ერთად.

დეტალურად ნახეთ ბმულზე:

რა წერია განაჩენში გიორგი ერმაკოვზე, რომელსაც 7 წელი მიუსაჯეს

 

ბათუმის ინფექციურში იტალიიდან ჩამოსული ქალი გადაიყვანეს – ის თვითიზოლაციაში იყო

დღეს, 11 მარტს, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 წლამდე ქალი გადაიყვანეს. მას აღენიშნება ტემპერატურა – 37,3.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალი საქართველოს მოქალაქეა, იგი იტალიიდან 2 მარტს დაბრუნდა და აქამდე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.

აქვს თუ არა მას კორონავირუსი, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსი 23 პაციენტს დაუდასტურდა.

ნათია სონღულაშვილი აჭარის პროკურატურაში ზაზა მეტონიძემ შეცვალა

დღეიდან [11 მარტი] აჭარის არ პროკურორი ნათია სონღულაშვილი ამ თანამდებობაზე აღარ მუშაობს. მის ნაცვლად ზაზა მეტონიძე დანიშნეს, რომელიც ბოლო დრომდე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი იყო.

სამცხე-ჯავახეთში ზაზა მეტონიძე 2019 წლის 14 მარტიდან მუშაობდა.

ჯერჯერობით უცნობია, სად აგრძელებს სამსახურებრივ საქმიანობას ნათია სონღულაშვილი.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სხვა ცვლილებებიც განახორციელა:

  • თბილისის პროკურორად ლევან გეგეჭკორი დანიშნეს;
  • სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მალხაზ გეწაძე,
  • ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე.

ნათია სონღულაშვილი აჭარის პროკურორად 2018 წლის თებერვლიდან მუშაობდა.

ზაზა მეტონიძე აქამდეც მუშაობდა ბათუმში – 2007 წელს ბათუმის რაიონული პროკურატურის შტატგარეშე თანამშრომელი იყო, 2008 წელს მუშაობდა ბათუმის რაიონულ პროკურატურაში სტაჟიორად; 2009-2013 წლებში ბათუმის რაიონულ პროკურორად დანიშნეს. 2013-2014 წლებში მუშაობდა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილედ, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ეკავა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის მოადგილის თანამდებობა.

პირველ აპრილამდე ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა გადაიდო – კორონავირუსის პრევენცია

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 16 მარტს აღარ განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე ბაღებში სწავლის განახლება პირველ აპრილამდე გადაიდო.

გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პრევენციაა. შესაბამისი რეკომენდაცია გაიცა კერძო ბაღებზეც.

ბათუმის ბაღების ადმინისტრაციების ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები: „დამუშავდა როგორც შენობა, ასევე ინვენტარი და სათამაშოები“.

ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი აქამდეც შეჩერებული იყო – არდადეგები ნაცვლად 9 მარტისა, 2 მარტიდან დაიწყო. საბავშვო ბაღებში სამუშაო პროცესი 16 მარტს უნდა განახლებულიყო, თუმცა კორონავირუსის პრევენციის გამო სასწავლო პროცესი ისევ გადაიდო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მუშაობა პირველ აპრილამდე შეჩერდება სკოლებშიც.

სკოლებში სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე გადაიდო

კორონავირუსთან დაკავშირებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა – ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ასევე, პირველ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საქართველოს მთავრობის ცნობით, საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.

ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ის 23 შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში.

ამავე თემაზე:

სავალდებულო რეკომენდაციები სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად

Exit mobile version