მთავარი,სიახლეები

ვინ არის აჭარის ახალი პროკურორი ზაზა მეტონიძე

11.03.2020 • 5332
ვინ არის აჭარის ახალი პროკურორი ზაზა მეტონიძე

დღეს, 11 მარტს, აჭარის მთავარ პროკურორად ზაზა მეტონიძე დანიშნეს. ჯერ უცნობია, სად გადაიყვანეს ნათია სონღულაშვილი, რომელიც 2018 წლის 22 თებერვლიდან დღემდე აჭარის მთავარი პროკურორი იყო.

ზაზა მეტონიძე ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მუშაობდა, თუმცა მას აჭარის პროკურატურაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს – 2009 წლიდან 2013 წლამდე იგი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო, შემდეგი ორი წელი კი,  ბათუმის პროკურორის მოადგილე.

ამ პერიოდის ერთ-ერთი გახმაურებული ამბავი „გიგა ფარტენაძის საქმეა“ – ბიჭი, რომელიც ყაჩაღობისთვის 2011 წელს გაასამართლეს და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ საქმის პროკურორი ზაზა მეტონიძე იყო. პატიმრობის პერიოდში გიგა ფარტენაძე გეგუთის ციხეში 2014 წელს მოკლეს.

„…ამ პროკურორმა შეცვალა ჩემი შვილის ცხოვრება, არასწორი მუხლი მოარგო. ჩემმა შვილმა რეალურად იჩხუბა, სცემა და კონფლიქტი ჰქონდა, მაგრამ ყაჩაღობა არ დასტურდებოდა… ჩვენ გვინდოდა ამ პროკურორთან შეხვედრა თავის დროზე, მაგრამ არ მიგვიღო.

ეკა ბესელიას მივმართეთ თავის დროზე, უნდა განეხილათ ეს საქმე, გვპირდებოდნენ, მაგრამ ამასობაში გიგა მოკლეს,“ – ამბობს მზია ნიქაბაძე, გიგა ფარტენაძის დედა.

გასულ წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით,ზაზა მეტონიძეს 2018 წელს ხელფასის სახით ჯამში 47 384 ლარი აქვს აღებული. ამ დროს ზაზა მეტონიძე შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის მოადგილედ მუშაობდა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზაზა მეტონიძე არ ფლობს უძრავ ქონებას. ხელვაჩაურში ოთხი მიწის ნაკვეთის 20-20-პროცენტიანი წილის მესაკუთრეა აჭარის მთავარი პროკურორის მეუღლე – ნინო დუმბაძე, იგი გორის იუსტიციის სახლის მენეჯერია.

კიდევ ერთი დეტალი – გასულ წელს ზაზა მეტონიძეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაუბარებია სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ანუ იგი მოსამართლეობას აპირებდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: