Batumelebi | ოჯახი პატიმრის გარდაცვალებაზე ოჯახი პატიმრის გარდაცვალებაზე – Batumelebi
RU | GE  

ოჯახი პატიმრის გარდაცვალებაზე

 

დღეს 21 წლის ბათუმელის, გიგა ფარტენაძის გარდაცვალებაზე გავრცელდა ინფორმაცია. გიგა ფარტენაძე პატიმარი იყო. გარდაცვლილის ძმა კობa ფრტენაძე ამბობს, რომ მას ბოლოს გუშინ ელაპარაკნენ. 

 

გარდაცვლილი პატიმრის ძმა კობა ფარტენაძე: „ჩემი ძმა ხშირად რეკავდა სახლში. ბოლოს გუშინ ველაპარაკეთ… დედაჩემმა გაუგზავნა ციხეში საჭმელი, მადლობა გადაუხადა დედას, გემრიელი იყოო. ვარჯიშობდა, მოჭიდავე იყო. 21 წლის იყო, როცა დააპატიმრეს. დღეს დილით დამირეკეს, რომ პროზექტურაშია და ჩამოაკითხეთო…

 

რა მოხდა, არავინ იცის, თუმცა ამბობენ, რომ ღამე მძინარეს ჩაიდანი ჩაარტყეს თავში. მრავალი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ რომელია სწორი, არ ვიცი. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. არ ვიცი, რა მოხდა, თუმცა როგორც ყოველთვის ახლაც პატიმარს დაბრალდება ალბათ ყველაფერი. სასჯელს იმის გამო იხდიდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები სცემა. ამას არც თვითონ უარყოფდა, შეუარცხყოფა მიაყენეს და სცემა. თუმცა მას სასჯელი ჰქონდა მისჯილი არასწორად, ხულიგნობის მუხლს ყაჩაღობის ბრალდებაც დაუმატეს და 16 წელი მიუსაჯეს. გავასაჩივრეთ, თუმცა სამართალს ვერ მივაღწიეთ.

 

მზია მიქაბაძე, დედა: ძალიან გთხოვთ, ეს ინფორმაცია გაავრცელეთ: ფეისბუქზე ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მას თავანი ჰქონდა ჩასაბარებელი. ჩემი შვილი მოთამაშე ნამდვილად არ ყოფილა. თავანიც ჩასაბარებელი არ ჰქონია. ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და გარდაცვლილ პატიმარს შეურაცხყოფას ნუ აყენებენ. მე ვერც ძველ მთავრობაში და ვერც ახალში ვერ ვნახე სამართალი, ყაჩაღები გამოუშვეს, ნარკომანები გამოუშვეს, ბარიგები… ყველა გამოუშვეს… ჩემმა შვილმა ორი ადამიანი გალახა – 15 წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს და მოკლეს ციხეში, ის მისით არ მოკვდებოდა, მას ვერ მოერეოდნენ.   

  

ნანი კომახიძე, ბებია:  ყველგან დავაგზავნე მაგის საბუთები, განცხადება პრეზიდენტ სააკაშილსაც მივაწოდე ხელში… ველოდებოდი, გადასინჯავდენ განაჩენს. მტკიცებულება არაფერი ყოფილა იმისა, რომ მას ყაჩაღობის მცდელობა ჰქონდა. დაჭრილი ვინმე არ ყოფილა, საავადმყოფოში არავინ წაუყვანიათ. სასამართლოზე თქვა, გასალახი იყო და გავლახეო… დაზარალებულებმაც თქვეს ოქრო და ფული შევთავაზეთ და არ წაუღიაო… მიუსაჯეს 15 წელი… ყველამ მინდა გაიგოს, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილიშვილის საქმის პროკურორი ზაზა მეტონიძე, მოსამართლე კი ვერა დოლიძე იყო.

 

“გეგუთის ციხეში გვიან ღამით, დახურულ საკანში, პატიმრებს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ერთი პატიმარი გარდაიცვალა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმით”, – განაცხადა სოზარ სუბარმა, სასჯელაღსრულების მინისტრმა.

 

“2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის N14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე იმყოფება საქმის ზედამხედველი პროკურორიც”, – წერია განცხადებაში, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა.

 

 სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა ამ ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"