მთავარი,სიახლეები

მიმართვა პრეზიდენტს, პრემიერსა და მთავრობას

12.03.2020 • 1982
მიმართვა პრეზიდენტს, პრემიერსა და მთავრობას

საზოგადოება – „მე მიყვარს ბათუმი“ ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ გიორგი გახარიას და მთავრობის სხვა წევრებს მიმართავს.

საქმე იმაშია, რომ ხვალ, 13 მარტს, ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ, „გეოგრაფიკის“ მიერ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად რეკომენდებული 23 სახლის საკითხი უნდა განიხილოს. შესაბამისად, ხვალინდელ სხდომაზე გადაწყდება, მიანიჭებენ თუ არა ამ სახლებს ძეგლის სტატუსს.

ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ 11 მარტს გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„2015 წელს კომპანია „გეოგრაფიკმა“ ბათუმის მერიის დაკვეთით შეარჩია და ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარადგინა 22 შენობა (+ მ. აბაშიძის 44) ბათუმის ისტორიულ ნაწილში.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა საქართველოში ყველაზე კომპეტენტურმა სპეციალისტებმა ჩაატარეს და ამაზე ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა, დღემდე სტატუსი არცერთ შენობას არ მინიჭებია.
უფრო მეტიც, ამ დროის განმავლობაში სიიდან რამდენიმე შენობა უკანონოდ დაინგრა.

ხვალ, 13 მარტს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ძეგლების მინიჭების საკითხი სხდომაზე განსახილველად გააქვს.

პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ისტორიულ შენობებს მხოლოდ კომერციული მიზნით ანგრევენ ხელისუფლებასთან გარიგებით, შესაბამისად, თუკი ხვალ ამ ისტორიულ სახლებს სტატუსი არ მიენიჭება, ის უახლოეს ხანში განწირულია დასანგრევად.

აქედან გამომდინარე მოვითხოვთ, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილ ყველა შენობას მიენიჭოს ძეგლის სტატუსი, რადგანაც ბათუმის კულტურულმა მემკვიდრეობამ უკვე დიდი დანაკლისი განიცადა და ყოველი გადარჩენილი სახლი ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია“.

განცხადების ავტორები ასევე მიმართავენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და ქალაქ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს.

____

ამავე თემაზე:

სააგენტო ბათუმში 23 სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე 13 მარტს იმსჯელებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: