ნეტგაზეთი • RU

პაატა იმნაძე კორონავირუსის და ცრუ ინფორმაციის წინააღმდეგ

მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდაფეთქებას ცრუ ინფორმაციის დიდი ტალღაც მოჰყვა. „სიცხე კლავს ვირუსს და რომ დათბება ყველაფერი მოგვარდება“, ,,არაყი კლავს და თუ სვამ, ვერ მოგეკარება“,,ნიორი უნდა ჭამო პრევენციისთვის“, ბოლოს კიდევ ,,ღამის 11-ზე თვითმფრინავი გადმოიფრენს და ქალაქს მოწამლავს“. კორონავირუსთან დაკავშირებული მსოფლიო და ლოკალური სიახლეების ეპიცენტრში არიან ექიმები, სახელმწიფო სტრუქტურები თუ მედია, რომლებსაც ვირუსზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლაც უწევთ.

ცრუ ინფორმაციის მსხვერპლი გახდა ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის დედა, რომელიც სოციალურ ქსელში აზიარებდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდანაც გაწერეს. პაატა იმნაძემ დედას დაუწერა, რომ „ტყუილს ნუ აზიარებს“.

გუშინ, 11 მარტს მთელ საქართველოში ადამიანები ერთმანეთს ცრუ ინფორმაციას უგზავნიდნენ, თითქოს ღამის 11 საათიდან ვერტმფრენი ჰაერს შეწამლავდა კორონავირუსის გამო.

სინამდვილეში კი თბილისისა და ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება დეზინფექცია ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებში და ასე შემდეგ, მაგრამ ვერტმფრენებით ქალაქებში დეზინფექციის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

სოცქსელებში ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ ნიორი ვირუსისგან თავდაცვის საშუალებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ნიორი ჯანსაღი პროდუქტია და გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები მართლაც აქვს, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ნივრის მირთმევა კორონავირუსისგან დაიცავს ადამიანებს.

ზომიერად მოხმარების შემთხვევაში თავისთავად ეს პროდუქტი მავნე არ არის, თუმცა, როგორც  BBC იტყობინება, ჩინურმა გაზეთმა Morning Post-მა გაავრცელა ამბავი ქალზე, რომელიც საავადმყოფოში ყელის ანთებით მოხვდა – მან კორონავირუსისგან თავდასაცავად კილო-ნახევარი ნიორი მიირთვა.

წყლის სმა ყოველ 15 წუთში. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ტრუდი ლანგი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი ბიოლოგიური მექანიზმი, რომ უბრალოდ წყლის დალევით მოკლათ პირის ღრუში მოხვედრილი ვირუსი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com