მთავარი,სიახლეები

დისტანციურ მუშაობაზე აჭარის მთავრობაშიც მსჯელობენ

12.03.2020 • 1654
დისტანციურ მუშაობაზე აჭარის მთავრობაშიც მსჯელობენ

როგორ მუშაობენ აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა განსაკუთრებულ სიფრთხილეზე რეკომენდაცია გასცა? – სამინისტროებში, ასევე მთავრობის აპარატსა და ბათუმის მერიაში გუშინ, 11 მარტს გვითხრეს, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. არ გადადებულა შეხვედრები და არც მიღების დღეები გაუქმებულა. შეიცვალა მხოლოდ ერთი რამ, ყველა სამთავრობო შენობის შესასვლელში სადეზინფექციო ხსნარები დაალაგეს და შემსვლელებს მისი გამოყენების შესაძლებლობა აქვთ. დღეს, 12 მარტს კი, პრემიერის მოწოდების შემდეგ, აჭარის მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა.

„სამუშაო შეხვედრები გრძელდება. რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ და პერიოდულად მივმართავთ პრევენციულ ღონისძიებებს. ეტაპობრივად ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები“, – გვითხრეს აჭარის მთავრობის აპარატში, დღეს კი განგვიმარტეს: „ახლა მსჯელობენ ამ საკითხზე და როგორც კი მივიღებთ ინფორმაციას, მოგაწვდით“.

დღემდე, მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში. აქ ხშირად დადიან ფერმერები, რომლებსაც პროგრამებთან დაკავშირებული კითხვები აქვთ, სამინისტროს შეხვედრები ამ დრომდე არ გაუუქმებია. როგორ ახერხებს სამინისტრო ვირუსის პრევენციას და თანამშრომლების დაცვას, მაშინ, როცა შენობაში დღეში ასობით უცხო ადამიანი შედის? – ამ კითხვაზე სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ყველა ის რეკომენდაცია გაითვალისწინეს, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გასცა: დეზინფექცია ჩაუტარდა შენობას, შესასვლელში სპეციალური ხსნარებია დამონტაჟებული და შემსვლელები ხელებს იმუშავებენ. „პირბადეები არ გვაქვს, მაგრამ ხსნარები გვაქვს, ხელებს ვიბანთ“.

გუშინ, 11 მარტს, იგივე გვითხრეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც, საქმიანი შეხვედრები აქაც არ შეუჩერებიათ: „დღეს უცხოელები გვყავს, ისინიც ხომ ჩამოდიან და უნდა მივიღოთ“.

დღემდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებდა განათლების სამინისტროც. აქაც ამბობენ, რომ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, შესაბამისი მითითებები სამინისტროზე დაქვემდებარებულ დაწესებულებებსაც მისცეს.

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდების შემდეგ, აჭარის მთავრობა 2020 წლის 13 მარტიდან, მთავრობის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში დასაქმებული პირების დისტანციურ შრომის რეჟიმზე გადასვლას განიხილავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  უკვე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, დისტანციურ შრომის რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებას.

„აღნიშნული გადაწყვეტილება შრომის ეფექტიანობას არ შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, 1 საათის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს.

სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებმა, კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, სამინისტროს, შეძლებისდაგვარად უნდა გადადონ ან გააუქმონ ყველა შეხვედრა, სტუმრების ვიზიტები თუ სხვა სახის ღონისძიება.“

სამინიტროს ინფორმაციით, დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლა სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას ზიანს მიაყენებს. ამ გამონაკლისის შესახებ მათ ინდივიდუალურად ეცნობებათ.

გადაწყვეტილება არ შეეხება მხოლოდ მინისტრსა და  მოადგილეებს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: