განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლის დირექტორი: უნდა ვიფიქროთ დისტანციური სწავლების მოდელზე

11.03.2020 • 5281
სკოლის დირექტორი: უნდა ვიფიქროთ დისტანციური სწავლების მოდელზე

სკოლებში სასწავლო პროცესი კორონავირუსის საფრთხის გამო პირველ აპრილამდე შეწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებში იძულებითი არდადეგების ანაზღაურება მოუწევთ. განათლების მინისტრმა დღეს, 11 მარტს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელიც სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს მიეწოდებათ, თუმცა მას გეგმის დეტალებზე არ უსაუბრია.

როგორ აპირებენ სკოლები გაცდენილი დღეების ანაზღაურებას და აპირებენ თუ არა დისტანციური სწავლების მოდელზე აქტიურად მუშაობას? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, ნატალია მგელაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნატალია, სკოლებს ხომ არ გიფიქრიათ რაიმე კონკრეტულ გეგმაზე, რომელსაც მსგავსი კრიზისის შემთხვევაში  გამოიყენებდით?

ცალკე,  ინდივიდუალურად სკოლა ამას ალბათ ვერ გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ავტონომიური უფლებები, რადგან სწავლების მეთოდი მაინც უნდა მოდიოდეს [შესაბამისობაში] საერთო მოთხოვნებთან. თუმცა ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი სკოლა, რომელიც დისტანციური სწავლების პროგრამის გატესტვას დავიწყებთ, ამის შინაგანი მზაობა გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში, სკოლის პრაქტიკაშიც დავნერგავთ.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაიწყო ამაზე ფიქრი სისტემამ უფრო ადრე?

თანამედროვე სამყარო გვაჩვენებს, რომ ამაზე უნდა ვიფიქროთ. თუნდაც არ გვქონდეს პანდემიური საშიშროებები, მაინც ვფიქრობ, რომ ახალი ეპოქა ამას  ისედაც ითხოვს. დისტანციური სწავლების ინტეგრირება ისედაც უნდა მომხდარიყო ნელ-ნელა. ადრეც იყო სპეციალური პროგრამები, რომლებსაც მასწავლებლები იყენებდნენ, მაგალითად, იგივე „გუგლკლასს“ ჩემი რამდენიმე მასწავლებელი ახლაც იყენებს, მეტი ხალისი რომ შეიტანოს სწავლებაში. უკვე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს არა როგორც დამატებითი ინსტრუმენტი, არამედ ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუქციის სახე უნდა გახდეს, დამუშავდეს, რომ გამოვიყენოთ მსგავს სიტუაციებში.

  • ამისთვის ალბათ პედაგოგების ტექნიკური აღჭურვაც გახდება საჭირო. დღეს თუ არის ამის რესურსი საჯარო სკოლებში?

მინიმალური ტექნიკა სჭირდება პედაგოგს. ჩემს სკოლაში არის კომპიუტერები და ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს, მთავარია მოსწავლეებს ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, რაც ქალაქის მასშტაბით ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს.

ჩემი შვილი თბილისში ერთ-ერთ კერძო სკოლაში სწავლობს და  პირველი კვირა, როდესაც იძულებითი არდადაგები დაიწყო, მათ არ ჩაეთვალათ არდადეგებად, რადგან ბავშვებს ეძლეოდათ დავალებები და ჩვენც, მშობლებს, მოგვივიდა გაფრთხილება სკოლიდან, რომ ამის შესახებ ინფორმირებული ვყოფილიყავით. შეიძლება ამ პრაქტიკის გადმოტანა საჯარო სკოლის სივრცეშიც.

რასაკვირველია, დისტანციურ სწავლებასაც აქვს თავისი მინუსები, მაგრამ ამაზე აპელირება მსგავს კრიტიკულ შემთხვევებში არასწორი იქნება. ვფიქრობ, სამინისტროსაც ექნება ამაზე დაწყებული ფიქრი, რადგან ყველანაირ გამოწვევას შეძლებისდაგვარად უნდა ავუღოთ ალღო.

  • იძულებითი არდადეგების დღეების ანაზღაურებას როგორ გეგმავთ სკოლაში და რა პრობლემა შეიძლება  გამოიწვიოს ამან?

ჩვენი სკოლისთვის ეს უკვე პრობლემაა, რადგან ათი დღე ჩვენ ისედაც  გვქონდა ასანაზღაურებელი, როდესაც გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავუთმეთ სკოლა მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდების ჩასატარებლად. აქედან 5 შაბათი გამოვიყენეთ ასანაზღაურებლად და დარჩენილი გვაქვს კიდევ 5 ასანაზღაურებელი დღე. ამიტომ, მხოლოდ შაბათების ხარჯზე კიდევ ვეღარ მოხდება ამ დღეების ანაზღაურება. უკვე შეუძლებელია. ველოდით, რომ 16 მარტს განახლდებოდა სწავლა, მაგრამ ასე არ მოხდა, იმედი გვაქვს, რომ ამ დღეების ანაზღაურება არ მოგვიწევს კვირა დღის ხარჯზე.

  • რადგან მასწავლებლებს დამატებითი საათების ჩატარება უწევთ, მათ უნდა აუნაზღაურდეთ ეს გაკვეთილები?

მასწავლებლები არ ზარალდებიან, რადგან ისინი მაინც მუშაობენ ივნისის ბოლომდე და ხელფასს იღებენ. პრობლემა იქმნება ორცვლიან სკოლებში. ზოგიერთ კლასში ისედაც 6-7 გაკვეთილი ტარდება და თუ გაცდენილ საათებს გაკვეთილების შემდეგ დავამატებთ, ეს მოსწავლეების დატვირთვას გამოიწვევს.

თუ მეორე ცვლას ვიწყებდით 14:20 წუთზე, ახლა უნდა დავიწყოთ 15:00 საათზე. მაშინ სწავლა უნდა დავასრულოთ 18:45 წუთზე, მაგრამ რადგან ზაფხულის პერიოდია და დღე გახანგრძლივებულია, სიბნელე აღარ იქნება და მოსწავლეებს არ გაუჭირდებათ. სხვა შემთხვევაში, ივნისში მოგვიწევს სასწავლო დღეების დამატება.

  • მეთორმეტეკლასელები ხომ ადრე ამთავრებენ სწავლას, მათ როგორ აუნაზღაურდებათ საათები?

ზუსტი ჩამოყალიბებული გეგმა არც მე მაქვს, რადგან დღეს გაკეთდა განცხადება, რომ  არდადეგები გაგრძელდება.  პირველ და მეთორმეტეკლასელებს ალბათ სხვა რეჟიმი უნდა მოვარგოთ. ამათთან სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

  • როგორ ფიქრობთ, ხომ არ დააგვიანა განათლების სამინისტრომ კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა სკოლებისთვის?

ამ წუთას უფრო სხვა პრიორიტეტები დგას, მთავარი ჯანმრთელობის საკითხია. მათ შორის, ჩემთვისაც, როგორც მშობლისთვის, ვიდრე ის საათები, რაც უნდა ანაზღაურდეს. მშობლებიც უნდა დაგვეხმარონ, რომ სახლის პირობებში იზრუნონ ბავშვების განათლებაზე. ვფიქრობ, არც მასწავლებლებს ექნებათ პრეტენზიები დამატებით მუშაობაზე.

________

ამავე თემაზე:

სავალდებულო რეკომენდაციები სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: