მთავარი,სიახლეები

სააგენტო ბათუმში 23 სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე 13 მარტს იმსჯელებს

11.03.2020 • 1906
სააგენტო ბათუმში 23 სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე 13 მარტს იმსჯელებს

13 მარტს გადაწყდება, დატოვებს დაუცველს თუ მიანიჭებს ძეგლის სტატუსს 23 რეკომენდებულ სახლს ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ძეგლების საბჭო. ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს საკითხი სხდომაზე განსახილველად გააქვს. როგორც სააგენტოს პრესსამსახურში აგვიხსნეს, სხდომაზე ოცდასამივე სახლის საკითხი გადის.

ბათუმი, ვაჟა-ფშაველას #34

ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლები კომპანია „გეოგრაფიკმა“ ბათუმის მერიის დაკვეთით 2015 წელს შეარჩია. 2015 წლიდან 2019 წლამდე ბათუმის მერიას, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ეროვნულ სააგენტოს შორის ხანგრძლივი გადარჩევა-დაზუსტების შემდეგ, სააგენტომ გადაწყვიტა და 2019 წლის მარტში ამ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიანიჭა. შესაბამისად, დარჩენილია ბოლო ეტაპი – შენობებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება.

ბრძანების მიხედვით, სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს დაევალა, შეესწავლა ოცდასამივე ობიექტი, დაედგინა მათი სახეობა, ისტორიული მნიშვნელობა, მდგომარეობა და კულტურული ღირებულება, მათი შემდგომი კატეგორიის განსაზღვრისთვის. კვლევის სამსახურს შესაბამისი დასკვნა ექვსი თვის ვადაში უნდა მოემზადებინა, თუმცა სააგენტომ ეს ვადა შემდგომში კიდევ ექვსი თვით გადაწია, რასაც კანონი ითვალისწინებს.

„გეოგრაფიკის“ ჩამონათვალში 23 სახლიდან ექვსი კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს: სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ძეგლის სტატუსს ამ ქუჩაზე შეიძლება იმსახურებდეს #4, 6, 8, 10, 12-ში მდებარე ბელეტაჟები. მათგან უმეტესობა შენარჩუნებულია პირველადი სახით, გამოცვლილია მხოლოდ ფანჯრები, ზოგ შემთხვევაში – კარი, ერთ შემთხვევაში კი სახლს დაშენებული აქვს მცირე ზომის ოთახი სახურავზე.

ეს არის ქუჩა ბათუმში, სადაც მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ძველი იერ-სახე და მასშტაბი.

კლდიაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთაში მდებარე სახლი

ბათუმი, კლდიაშვილის #8

კლდიაშვილის #5

სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ამ სახლებს დაიცავს კანონი ძეგლის შესახებ, ძეგლის ხელყოფა დანაშაულია და სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება.

1902 წელს აშენებული სახლი ბათუმში

გადაბეჭდვის წესი