მთავარი,სიახლეები

ჯარიმა 100 ლარია, თუმცა მერია გადაჭედილი „მარშუტკის“ მძღოლებს ვერ აჯარიმებს

11.03.2020
ჯარიმა 100 ლარია, თუმცა მერია გადაჭედილი „მარშუტკის“ მძღოლებს  ვერ აჯარიმებს

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც გუშინ, 10 მარტს,  მგზავრთა გადაჭარბებული ნაკადის გადაყვანის გამო გააფრთხილეს, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ისევ აფრთხილებენ და ვერ აჯარიმებენ – ინსპექციას ჯერ არ აქვს ამ პროცედურისთვის საჭირო ოქმები. სანებართვო პირობების დარღვევა  100 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ინსპექციაში გვითხრეს, რომ დაჯარიმებისათვის საჭირო ოქმების ფორმები ბათუმის საკრებულომ გასულ ბოლო სხდომაზე დაამტკიცა: „ ამის შემდეგ გამოვაცხადეთ ტენდერი და როგორც კი შევა ძალაში, შემდეგ იქნება საჯარიმო სანქციებიც“.  საკრებულოს სხდომა 25 თებერვალს გაიმართა.

მგზავრების ჭარბი ნაკადის გადაყვანა განსაკუთრებით საღამოს და პიკის საათებში, ძირითადად  ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში ფიქსირდება.

ბათუმის მერიის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, მიკროავტობუსში იმდენი მგზავრი უნდა იყოს, რამდენი სკამიცაა, მძღოლების უმეტესობა კი ამ რეგულაციებს ხშირად არ იცავს.

ბოლო პერიოდში მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. WHO-ს რეკომენდაციაა, რომ ადამიანებმა თავშეყრის ადგილებში სანიტარულ-ჰიგიენური წესები და გარკვეული დისტანცია დაიცვან.

იმ ქვეყნებში კი, სადაც კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული, ადამიანები ერიდებიან საქალაქო ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილებას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი 23 ადამიანს  დაუდასტურდა.

მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, საჯარიმო ქვითრებისა და სხვადასხვა ოქმის შესაძენად ისპექცია  29 710 ლარს დახარჯავს.

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: