მთავარი,სიახლეები

გადაიღე ვიდეო აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად და გამოგზავნე – აქცია 

12.03.2020
გადაიღე ვიდეო აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად და გამოგზავნე – აქცია 

ხვალ, 13 მარტს, აჭარის ტელევიზიის შენობის წინ დაგეგმილი იყო ამ არხის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია. COVID-19 რისკებიდან გამომდინარე, აქციის ორგანიზატორებმა ტელევიზიასთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია გააუქმეს. უფრო ზუსტად, აქციამ გადაინაცვლა ინტერნეტში. ჟურნალისტების მხარდასაჭერ აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ აჭარის მაუწყებელში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია. ჩართე საკუთარი ტელეფონი, გადაიღე მხარდასაჭერი ვიდეო და გამოაქვეყნე ან გადააგზავნე ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

აქციის ორგანიზატორები, 8 არასამთავრობო ორგანიზაცია, აქციის დეტალებზე განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც აქვე გთავაზობთ უცვლელად:

„საზოგადოებრივი ორგანიზაციები იწყებენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდამჭერ კამპანიას „საზოგადოება მაუწყებლის გადასარჩენად“ – ამ ფორმით ვაპროტესტებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს, რომელიც საზოგადოების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე, შესაძლოა, დასრულდეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვით.

კამპანიის ფარგლებში აქციის გამართვა დაგეგმილი იყო პარასკევს, 13 მარტს, 19 საათზე მაუწყებლის შენობასთან, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება COVID-19-ის გავრცელების რისკს და ჩვენი მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ სოლიდარობის აქცია გაიმართოს ონლაინ, ინტერნეტის საშუალებით, პარასკევს, 13 მარტს, 19:00 საათიდან 21:00 საათამდე.

ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩაწეროს მიმართვა და გაავრცელოს საკუთარ Facebook-ზე, მიკრობლოგზე ან კამპანიის ოფიციალურ გვერდზე

ჩვენ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლები, მივიჩნევთ, რომ საფრთხე ექმნება მაუწყებლის იდეას, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია რეგიონსა და, ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების დონის ასამაღლებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მიერ წარმოებული საკადრო პოლიტიკა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას და აშკარა პოლიტიკურ რევანშისტულ შინაარსს ატარებს იმ პირების მიმართ, რომელთა მუშაობით იქმნებოდა მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამგვარი სარედაქციო პოლიტიკის წარმოება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ.

მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს თავისუფალი სახელისუფლებო და ნებისმიერი სხვა სახის გავლენებისგან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ონლაინ კამპანიას და ამით გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან ტელევიზია აღარ არის აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაცია – ის საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა, რომლის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარზე მეტია და ამ ფულს ვიხდით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი შემოსავლებიდან გადახდილი გადასახადებიდან.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ხმა ისმოდეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, შემოუერთდით ონლაინ კამპანიას მაუწყებლის გადასარჩენად“.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საზოგადოებრივი განვითარების აკადემია
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • სამართლიანი არჩევნები
  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მწვანე სექტორი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: