მთავარი,სიახლეები

იტალიაში მცხოვრები ბათუმელი სტუდენტი სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს

12.03.2020
იტალიაში მცხოვრები ბათუმელი სტუდენტი სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს

„იმ დღეს ლექტორს ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, უი, მგონი ხვალ აღარ მოვალთო… მეორე დღეს მოგვწერეს, რომ უნივერსიტეტში აღარ უნდა მივსულიყავით – სწავლა გადაიდო. ეს 4 მარტი იყო. ამ დროს საქართველოს უნივერსიტეტებში, სკოლებში, ბაღებში სწავლა უკვე შეწყვეტილი იყო. ახლა მიკვირს, რატომ ვერ იგრძნო იტალიამ უკიდურეს სიტუაციამდე ამ ვირუსის საფრთხე…“ – ამას იტალიაში, რომში მცხოვრები ქრისტინა აფაქიძე ამბობს. ის ახლა თვითიზოლაციაშია და სამშობლოში დაბრუნება სურს, რადგან იტალიაში დარჩენის მიზანს ვეღარ ხედავს.

„…იზოლაციაში ვართ, მაგრამ აქ ისეთი სიტუაციაა, ვეღარ ვხდები, აქ რატომ უნდა დავრჩე – ვიცი, საქართველოში დაბრუნება რომ მოვახერხო, კარანტინში მომიწევს ყოფნა, მაგრამ ამისთვის მზად ვარ. აქ, გარდა იმისა, რომ უკვე ყველაფერი რთულია, საკუთარ თავთან გამკლავებაც გიწევს – მარტო ხარ.

რამდენჯერმე მივმართე საელჩოს. მითხრეს, რომ ამ ეტაპზე რეისი საქართველოსკენ არ იგეგმება და უნდა დაველოდო სიახლეს. 15 მარტამდე ვისაც ჰქონდა ბილეთი აღებული, მათთვის სპეციალური რეისი დაინიშნა. ჩვენი ბედი გაურკვეველია. არ ვიცი, აქ კიდევ რამდენია ჩემს მდგომარეობაში,“ – გვიყვება ქრისტინა.

ქრისტინა რომში სამაგისტრო პროგრამას გადის. ამბობს, რომ სწავლის შეწყვეტის შემდეგ უნივერსიტეტმა ონლაინპროგრამები აამოქმედა. ამ რეჟიმში კი ქრისტინას განათლების მიღება საქართველოდანაც შეუძლია.

„…რეალურად გაურკვეველია, როდის აღდგება სწავლა. დიდი ალბათობით, ეს უახლოეს მომავალში არ მოხერხდება. ამიტომაც მინდა დაბრუნება,“ – დასძენს ქრისტინა.

ქრისტინა აფაქიძე გვიყვება იმაზეც, თუ რა იგრძნობა ახლა რომის ქუჩებში.

„…გაგვაფრთხილეს, რომ იზოლაციაში უნდა ვიყოთ, თუმცა არავინ მოსულა, არ შეუმოწმებია რამე. არც ის გამიგია, რომ ვინმემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ჩაატარა, პირბადეებიც, მგონი, საქართველოში უფრო ადრე გაიკეთეს, ვიდრე აქ.

სახლიდან ძირითადად მაშინ გავდივარ, როცა საკვების შეძენა მჭირდება. მარკეტებთან დიდი რიგებია, რიგს მარკეტის თანამშრომლები აწესრიგებენ – ვიღაც რომ გამოვა, მერე შეხვალ. გვაფრთხილებენ, რომ ერთმანეთისგან დისტანცია უნდა დავიცვათ.

ძირითადად ყველაფერი დაკეტილია. ადამიანები პარკებსა და სკვერებში გამოდიან, ბავშვები გამოჰყავთ… მუშაობს რესტორნებიც, თუმცა ძირითადად საღამოს შვიდამდე.

ჩემი დაკვირვებით ხანდაზმულმა ადამიანებმა უფრო იგრძნეს საფრთხე, ვიდრე ახალგაზრდებმა. მათ ეტყობათ უფრო, რომ ღელავენ, სხვას პროტესტი არ გამოუხატავს, ან მე არ მომისმენია,“ – გვიზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებას რომში მყოფი ქრისტინა აფაქიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: