მთავარი,სიახლეები

სანდასუფთავება: ყოველ დღეს გვაქვს გამოძახება დეზინფექციაზე

12.03.2020
სანდასუფთავება: ყოველ დღეს გვაქვს გამოძახება დეზინფექციაზე

კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, გაიზარდა მოთხოვნა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაზე როგორც კომერციული, ასევე საჯარო უწყებების მხრიდან. „ყოველდღე გვაქვს გამოძახება, დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობთ“, – გვითხრეს ბათუმის მერიის სანდასუფთავებაში.

ბათუმის „სანდასუფთავების“ ფინანსური დირექტორის მოადგილის, ნარგიზ ფალავანდიშვილის თქმით, მომსახურება ფასიანია როგორც საჯარო უწყებებისთვის, ასევე კომერციული ობიექტებისთვის.

„1 კვ. მეტრის დეზინფექცია 15 თეთრი ღირს ამ ეტაპზე, შეძენილი პრეპარატების თვითღირებულებიდან გამომდინარე. შემდეგ გაძვირდება თუ არა, ეს დამოკიდებულია ბაზარზე.“

დღეს, 12 მარტს, დეზინფექცია ჩაუტარდა ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს. ფართობის მასშტაბიდან გამომდინარე, სადეზინფექციო სამუშაოები უნივერსიტეტის კორპუსებში ხვალაც გაგრძელდება.

„შეიწამლა უნივერსიტეტის ყველა კორპუსი, საერთო საცხოვრებლები, კვლევითი ცენტრები და ა.შ“.

როგორც ბსუ-ში გვითხრეს, სადეზინფექციო სამუშაოებზე უნივერსიტეტმა 5 115 ლარი დახარჯა.

უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. მთავრობის დადგენილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა პირველ აპრილს უნდა განახლდეს. უნივერსიტეტში სწავლის დაწყების წინ დეზინფექციას კიდევ ერთხელ ჩაატარებენ.

როგორც ნარგიზ ფალავანდიშვილი ამბობს, სადეზინფექციო სამუშაოებზე შეკვეთას თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან იღებენ. „ქედა, ხულო, შუახევი, ქობულეთი –  ყველგან გვაქვს გამოძახება. ამ ეტაპზე რესურსი კი გვყოფნის, თუმცა მაინც ვფიქრობთ ჯგუფების დამატებაზე და აპარატების შეძენაზე, რითაც ვამუშავებთ ტერიტორიას. შემოტანილი გვაქვს გერმანული პრეპარატი, რომლის მარაგი, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე იქნება საკმარისი“, – გვეუბნება ის.

ნარგიზ ფალავანდიშვილის თქმით, რამდენჯერმე მიიღეს შეკვეთა ე.წ. ხოფის ბაზრიდანაც. „უკვე 3-4 ჯერ შევწამლეთ ტერიტორია და კიდევ ვაპირებთ. ჩვენი აპარატები სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ სველი წესით არ ხდება დამუშავება და ჰაერში ხდება წამლის გაფრქვევა. დეზინფექციის დროს შენობა მინიმუმ 3-4 საათით უნდა იყოს დახურული. წამალს სუნი არ აქვს, მაგრამ შენობა შემდეგ მაინც კარგად უნდა განიავდეს“, – ამბობს ნარგიზ ფალავანდიშვილი.

მისივე თქმით, დღეს საღამოს ექნებათ დაზუსტებული მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენ ობიექტს ჩაუტარდა დეზინფექცია. „ბუნებრივია, სადეზინფექციო სამუშაოებს კერძო ორგანიზაციებიც აკეთებენ, თუმცა ჩვენ საბიუჯეტო ორგანიზაცია ვართ და ცალკე ვაკეთებთ აღრიცხვას“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: