მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ეკონომიკური განვითარება და გარემოს დაცვა – რა პროექტებს აფინანსებს იაპონიის საელჩო

12.03.2020 • 2282
ეკონომიკური განვითარება და გარემოს დაცვა – რა პროექტებს აფინანსებს იაპონიის საელჩო

თემურ მგელაძის ოჯახი წალკის რაიონის სოფელ ავრანლოში ასობით სხვა ეკომიგრატთან ერთად ცხოვრობს. წლების წინ აჭარიდან წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული ოჯახების ძირითადი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა და სოციალური შემწეობაა. აქ მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. რთული კლიმატური პირობების გამო, საკმაოდ მკაცრი ზამთრის გადასატანად, ზოგიერთს შეშის შესაძენად ყოველწლიურად სესხის აღება უწევს.

როგორც თემურ მგელაძე გვიყვება, მის ოჯახს სეზონზე დაახლოებით 1500 ლარი სჭირდება შეშის შესაძენად. უფრო დიდი ოჯახები 2000-3000 ლარსაც იხდიან. თუმცა სოფელში ახალაშენებული საწარმოს საშუალებით შეშის ალტერნატივა – ეკოლოგიურად სუფთა ბიომასის ბრიკეტები მოსახლეობისთვის, ფაქტობრივად, უფასო იქნება.

„ჩვენ შევძლებთ იმ თანხის ეკონომიას, რასაც ვიხდიდით ერთ სეზონზე შეშის ყიდვისთვის. სოფელში ბევრი მოხუცი ცხოვრობს მარტო, რომელთაც პენსიის გარდა შემოსავალი არ აქვთ. აქ ზამთარი ზოგჯერ შვიდ თვესაც გრძელდება. შვიდი თვის განმავლობაში სამყოფი შეშის ფული მოხუცმა საკუთარი პენსიიდან თუ გადაიხადა, რაღა დარჩება?“ – ამბობს თემურ მგელაძე.

ბიომასის ბრიკეტების დამამზადებელი საწარმო სოციალური პროექტია, რომელსაც იაპონიის საელჩოს დაფინანსებით, ორგანიზაცია „BRIDGE – ინოვაცია და განვითარება“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, გარდა საწარმოს აშენებისა, შეიქმნა კოოპერატივი, რომელშიც სოფლის მოსახლეობა ერთიანდება და რომლის თავმჯდომარეც სწორედ თემურ მგელაძეა. კოოპერატივის წევრს შეუძლია საწარმოში მიიტანოს ბრიკეტის დასამზადებლად გამოსადეგი ნედლეული და ამ ნედლეულის პროპორციული ოდენობის ბიობრიკეტი თვითღირებულების ფასში მიიღოს. საწარმოს ფუნქციონირებისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, მხოლოდ იქ დასაქმებული ადგილობრივების ანაზღაურება და ელექტროენერგიის გადასახადია საჭირო.

ბრიკეტების დასამზადებელი საწარმო. სოფელი თრიალეთი, წალკა

რისგან შეიძლება დამზადდეს ბრიკეტი? როგორც „BRIDGE – ინოვაცია და განვითარების“ გამგეობის წევრი, ნინო ქარელი ამბობს, ნედლეულად გამოდგება ნებისმიერი სახის სასოფლო სამეურნეო ნარჩენი – ნამჯა, ნახერხი, ჩალა, გირჩი, წიწვი, თივა და ა.შ.

„მუშაობის პროცესში გამოიკვეთა უფრო და უფრო მეტი სახის სასოფლო სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რაც შეიძლება გამოიყენონ საწარმოში. აქამდე ამ ნარჩენებს აგროვებდნენ და წვავდნენ. ეს არის ძალიან კარცეროგენული და აზიანებს გარემოს. ახლა შეეძლებათ მოიტანონ საწარმოში, გააშრონ, დაფქვან, გადაამუშაონ და მიიღონ ბრიკეტი“, – ამბობს ნინო ქარელი.

ავრანლოს მსგავსად, ბიომასის ბრიკეტების დამამზადებელი საწარმო და კოოპერატივი შექმნილია მეზობელ, თრიალეთის თემშიც. აქაურ საწარმოში 5 ადგილობრივია დასაქმებული, ხოლო კოოპერატივი 100-მდე კომლისგან შედგება.

„ჩვენ ეს პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტით გამოვკვეთეთ, მაგრამ თავიდან ცოტა უნდობლობით შეხვდნენ ინიციატივას. ამიტომ კოოპერატივში გაწევრიანებაც ნელი ტემპით დაიწყო. თუმცა, როცა ხალხმა დაინახა, რომ საწარმო აშენდა, კვამლი ამოდის, ხმა ისმის, თანდათან გაიაზრა მისი მნიშვნელობა და კოოპერატივში გაწევრიანების მეტი მსურველიც გაჩნდა“, – ამბობს „BRIDGE – ინოვაცია და განვითარების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი დათუსანი.

ადგილობრივების ინფორმაციით, თითოეული საწარმოს პროდუქტიულობა არის დღეში ერთი ტონა ბრიკეტი. ეს დაახლოებით უდრის 3-4 კუბურ მეტრ შეშას. საშუალოდ, ერთ ოჯახს სჭირდება 7 კუბური მეტრი შეშა, რომ გამოიზამთროს. თრიალეთის თემში დაახლოებით 200 კომლი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, თუ საწარმო მაქსიმალური დატვირთვით იმუშავებს, შეძლებს უფრო მეტი ბრიკეტი აწარმოოს, ვიდრე ეს ამ კონკრეტულ სოფელს სჭირდება. ჩვენ გიორგი დათუსანს ვკითხეთ, შესაძლებელია თუ არა, რომ საწარმომ კომერციული დატვირთვა შეიძინოს:

„ბრიკეტის დასამზადებლად საჭირო ნედლეული საკმარისზე მეტია. თუ მოსახლეობის არ დაეზარება და ნედლეულს მოიტანს, საწარმო იმუშავებს. თუ ნამატი პროდუქციაც გვექნება შეიძლება გაიყიდოს კოოპერატივის სახელით, რატომაც არა?!“

იაპონიის ელჩის მოადგილე ობატა მასატაკა ათვალიერებს ბიო-ბრიკეტების საწარმოს სოფელ თრიალეთში

წალკის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ავრანლოსა და თრიალეთში, ბიომასის ბრიკეტების დამამზადებელი საწარმო დაფინანსდა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

„თუ შეშას ჩავანაცვლებთ ბიომასის ბრიკეტებით, მნიშვნელოვნად შევამცირებთ ტყეების გაჩეხვას. ბრიკეტები მზადდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან, იწვის უფრო დიდხანს და 1.5-ჯერ უფრო მეტ სითბოს გამოყოფს. ამ პროექტის მთავარი ღირებულება ისაა, რომ ეს ადამიანები სიახლეს ნერგავენ რეგიონში. თუ სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაინერგა მსგავსი პრაქტიკა, ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვნად შევინარჩუნოთ ტყეები“, – ასე აფასებს აღნიშნულ პროექტს იაპონიის საელჩოს საგრანტო კონსულტანტი თეონა მაჭარაშვილი.

ამავე პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა წალკის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში – ბარეთში, კარტოფილის სამაცივრე საწყობის აშენება და აღჭურვა.

„დიდი რაოდენობით მოყვანილი მოსავალი, სანამ სრულად გაყიდი, შეიძლება გაფუჭდეს. თუ მოახერხებს ფერმერი, გლეხი, კარგ პირობებში შენახვას, შეიძლება რამდენიმე თვის მერე გაცილებით სარფიანად გაყიდოს. მეგობრებთან ერთად დავგეგმე იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და მოვითხოვეთ თანხა სასაწყობე მეურნეობის აშენებისთვის“, – გვიყვება ზვიად ხაფავა, პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი.

კარტოფილის სამაცივრე საწყობი

ბარეთის სამაცივრე საწყობის მოდელიც იგივეა, რაც ავრანლოსა და თრიალეთის ბიობრიკეტების საწარმოსი – სოციალური კოოპერატივი. ბარეთში მცხოვრები ეკომიგრანტები, რომლებიც როგორც აჭარიდან, ისე სვანეთიდან არიან ჩასახლებულები, კოოპერატივის შექმნის პროცესში არიან. მოსავლის ჯანსაღად და დიდხანს შესანახად, მათ შესაბამისად აღჭურვილი საწყობის გამოყენება შეეძლებათ, რისთვისაც მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადს გადაიხდიან.

წალკის მერის წარმომადგენელი ბარეთის თემში, ბიძინა გაბულდანი გვიყვება, რომ აქამდე სოფელში მოსავლის შესანახი სათავსოები არ ჰქონდათ და ადგილობრივები ამისთვის სარდაფებსა და ავტოფარეხებს იყენებდნენ:

„სახლში რომ ვინახავდით მოსავალს, ადვილად ფუჭდებოდა. აქ ჰაერის ისეთი ტემპერატურაა, გინდ სახლში შეგინახავს მოსავალი და გინდ ისე დაგიტოვებია, ღია ცის ქვეშ. შესაბამისი პირობებია საჭირო. ამ საწყობში შენახვა კაპიკები დაუჯდება მოსახლეობას.“

პროექტით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ სამაცივრე საწყობის გამოყენების სანაცვლოდ, ადგილობრივები არხოვანის ნაცვლად, წვეთოვან სარწყავ სისტემას გამოიყენებენ, რომელიც ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის. ამის მიზანი უნიკალური ეკოსისტემის მქონე ბარეთის ტბის შენარჩუნებაა:

„ბარეთის ტბა, ფაქტობრივად, განადგურების პირას არის მისული. 180 ჰექტარი იყო და 80-მდეა დარჩენილი. ტბიდან სარწყავი არხი გამოყვანილია საბჭოთა კავშირის დროს. სათავო ნაგებობა, რომელიც არეგულირებდა წყლის გაშვების რაოდენობას, მორღვეულია. ამიტომ, ვგეგმავთ წყლის გამშვები ახალი ნაგებობის მოწყობას, რითაც ტბის კალაპოტი შეივსება და ავტომატურად ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. წვეთოვანი სისტემაც უკვე მოწყობილია. მას ხარჯიც ნაკლები აქვს და სხვა ტიპის სისტემისგან განსხვავებით ნიადაგის ჩარეცხვას და გამოფიტვას არ იწვევს,“ – ამბობს ზვიად ხაფავა.

მძიმე ტექნიკა სარწყავი და სასმელი წყლის არხების გასაყვანად. სოფელი სვენეთი, გორი

იაპონიის საელჩოს საგრანტო კონსულტანტი, თეონა მაჭარაშვილი, პროექტს მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ჩვენ გვინდა, ეს მოდელი ბევრგან გამეორდეს. რეალურად, სოფლის მოსახლეობას შეუძლია უფასოდ გამოიყენოს ეს სამაცივრე მეურნეობა. სანაცვლოდ, ერთადერთი, რასაც ვთხოვთ, არის ის, რომ მიეჩვიონ წყლის სისტემის მდგრად გამოყენებას და პასუხისმგებლიან სოფლის მოსახლეობას. ანუ, ამით ჩვენ ეკონომიკურადაც ვაძლიერებთ და თან ვაჩვევთ გარემოს დაცვას“.

იაპონიის საელჩოს ორივე ამ პროექტს თან გასდევს გარემოს დაცვითი კომპონენტი. ნორიკო ჰაშიმოტო, საგრანტო კონსულტანტი გვიხსნის, რომ იაპონიის საელჩოს აქვს ასეთი კონცეფცია – შეუძლებელია ეკონომიკური განვითარება, თუ არ დაიცავი გარემო. ამ მიდგომის მიხედვით, მნიშვნელოვანია სუფთა ნიადაგის, წყლის, ჰაერის შენარჩუნება. რესურსები, რომლიდანაც მოსახლეობა შემოსავალს მიიღებს, არ უნდა იყოს ამოწურვადი.

სწორედ გარემოსდაცვითი იდეა უდევს საფუძვლად მაღალი წნევისა და გამავლობის მქონე ორი სახანძრო მანქანის შეძენას ბორჯომის ტყე-პარკისთვის.

„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკი, რომელიც, მისი ეკოსისტემიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უნიკალური და ძვირფასია მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვნად ზარალდება ხანძრების გამო. რაც უფრო მეტია ხანძარი, მით უფრო მეტად შრება ტყე და იოლად ეკიდება ცეცხლი. ანუ, ნებისმიერი ახალი ხანძარი უფრო ასუსტებს ტყეს. პრობლემა იმაშია, რომ ძველი ტექნიკა გამოუსადეგარია ხანძრის ჩასაქრობად“, – ამბობს თეონა მაჭარაშვილი.

ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, ირაკლი მაისურაძე, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

„ბორჯომში ძალიან დიდი ტყის მასივები გვაქვს და ძალიან რთული რელიეფია – კლდოვანი და ადვილად აალებადი. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. შეიძლება რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს ცეცხლთან ბრძოლის პროცესი. მანქანები გადმოგვეცა იაპონიის საელჩოსგან და ძალიან გვეხმარება განსაკუთრებით რთულ პირობებში. კომპაქტური მანქანაა, მაგრამ ტექნიკურად ძალიან მაღალი მონაცემები აქვს. 35-გრადუსიან დახრილობის მქონე ფერდობზეც შეუძლია დაახლოებით 300-400 მეტრის სიშორიდან მოგვაწოდოს წყალი“.

ირაკლი მაისურაძე, მეხანძრე-მაშველი

ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებშივე გადაეცა გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს სარწყავი და სასმელი წყლის არხების გასაყვანი/გამწმენდი მძიმე ტექნიკა. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, სადაც წყლის არხების დიდი ნაწილი დაბინძურებული და დაგუბებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. იაპონიის საელჩოს მიერ შეძენილი მძიმე ტექნიკით შესაძლებელია როგორც ძველი არხების რეაბილიტაცია, ასევე, ახალი არხების გაჭრა და გზების გაყვანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე.

„სარწყავი არხის გარეშე სოფლის მოსახლეობა ვერაფერს ვერ მოიყვანს. სასმელი წლის პრობლემაზე აღარ მაქვს საუბარი, ამიტომ იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, “ – ამბობს დავით ფავლენიშვილი, გორის მერიის წარმომადგენელი.

მანქანის პროდუქტიულობა რელიეფზეა დამოკიდებული, თუმცა, წინასწარი გათვლებით, მისი საშუალებით წელიწადში 8-10 კილომეტრი სარწყავ-სასმელი არხების მოწესრიგება და დამატებით, რამდენიმეკილომეტრიანი გზის გაყვანა მოხერხდება.

ჩამოთვლილი პროექტები იმ 10 ინიციატივას შორისაა, რომლებიც იაპონიის საელჩომ, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს დააფინანსა. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ადამიანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული პროექტები საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით. თითოეულ პროექტზე საშუალოდ 60 000-დან 80 000-მდე დოლარი იხარჯება.

„ჩვენ აქტიურად ვატარებთ კვლევას. ვმოგზაურობთ საქართველოს ყველა რეგიონში და ვეკითხებით მოსახლეობას, ექსპერტებს, სპეციალისტებს… რა საჭიროებები აქვთ და როგორ წარმოუდგენიათ მათი გადაჭრა. ამ კვლევების საფუძველზე ვაგროვებთ ცოდნას, რომელიც გვეხმარება საგრანტო პოლიტიკის სწორად წარმართვაში. წელიწადში ერთხელ ვაცხადებთ კონკურსს, რომელიც ძალიან კონკურენტუნარიანია. ყოველწლიურად ასობით განაცხადი შემოდის. გარდა ამისა, პერიოდულად ვატარებთ საჯარო კონსულტაციებს, სადაც დაინტერესებულ პირებს დეტალურად ვაცნობთ კონკურსის კრიტერიუმებს. ჩვენი მთავარი პირობაა, რომ ყველა პროექტი ემსახურებოდეს მწვავე პრობლემის გადაჭრას, მინიმუმ 100 ადამიანს აწვდიდეს პირდაპირ სარგებელს,“ – გვიხსნის თეონა მაჭარაშვილი.

ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა 1998 წლიდან ხორციელდება. 20 წლის განმავლობაში იაპონიის საელჩომ 180 პროექტი დააფინანსა, რომელთა ჯამური ღირებულება 18 მილიონი დოლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: