ქალაქ ქობულეთსა და სოფლებში მგზავრებს სპეციალური გრაფიკით ავტობუსები მოემსახურება

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, ქალაქ ქობულეთსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მგზავრებს მიკროავტობუსების ნაცვლად მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება.

„უახლოეს ხანში დაზუსტდება გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითქმის ყველა მიმართულებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმოძრავებენ ავტობუსები. ეს გრაფიკი იმოქმედებს მთელი ამ შეზღუდვის პერიოდში. თუ საჭიროება და საშუალება იქნება, შემდეგ შესაძლოა ზოგიერთ ხაზზე დაემატოს ავტობუსების რაოდენობა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 12 ავტობუსია. რაც შეეხება საქალაქთაშორისო ხაზებს, აქაც რეგიონის დონეზე კოორდინირებულად იქნება გადაწყვეტილება მიღებული. თუ საჭირო დარჩა, შეგვიძლია ბათუმი-ქობულეთის ხაზზეც გამოვყოთ 2-3 ავტობუსი,“ – გვითხრა მირიან ქათამაძემ.

ქობულეთის მერის თქმით, ბოლო პერიოდში მგზავრთა ნაკადი ისედაც შემცირებული იყო. ამასთან, ის მოუწოდებს მოსახლეობას, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ იქნება, თავი შეიკავონ მგზავრობისგან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება დროებით შეჩერდება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე შეიზღუდება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.

ამის შესახებ დღეს, 17 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა გუბერნატორებთან შეხვედრისას.

მთავრობა: იზღუდება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობაც

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს

დღეს, 17 მარტს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პარლამენტმა  უნდა დაიწყოს ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევისათვის ჯარიმას და პატიმრობას ითვალისწინებს.

„მინდა ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას. იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები.

თითოეული ასეთი შემთხვევა წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რისი უფლებაც ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ გვჭირდება მკაცრი და გონივრული პასუხი ყველა რისკზე, რამაც შეიძლება ვირუსის გავრცელება გამოიწვიოს,“ – განაცხადა თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

მისი თქმით, ამ ცვლილებებისთვის არსებობს პარლამენტის მზაობა.

ბოლო რამდენიმე დღეში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში პოლიციამ 74-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანა. ქვეყანაში ამ დროისთვის COVID19-ის 34 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64 ადამიანი.

„გაზარდეთ დეზინფექციის სიხშირე“ – სურსათის სააგენტოს რეკომენდაციები აგრარულ ბაზრებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარულ ბაზრებში, სახელმწიფო კონტროლთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციები გასცა:

  • გაზარდეთ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;
  • შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია;
  • სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;
  • გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;
  • ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ – მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;
  • ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით.

 

მთავრობა: იზღუდება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობაც

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება დროებით შეჩერდება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე შეიზღუდება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.

ამის შესახებ დღეს, 17 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარაიამ განაცხადა გუბერნატორებთან შეხვედრისას.

გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური ღონისძიებების განხორციელება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ადგილზე თქვენ მზად იყოთ რამდენიმე კრიტიკული ფუნქციის შესასრულებლად. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, როგორიცაა რესტორნების, ფიტნესკლუბების თუ სპაცენტრების მუშაობის შეჩერება, მათი სასწრაფოდ აღსრულება რეგიონულ დონეზე, რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, თქვენი პასუხისმგებლობაა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს.

პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტურად იყოს აღსრულებული აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია.

ამავე თემაზე: 

ჯანმოს რეკომენდაციები – წაიკითხეთ და შეასრულეთ

“ხოფის ბაზრობაზე” მხოლოდ სურსათის ობიექტები იმუშავებენ – COVID-19

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ხვალ, 18 მარტიდან, ბათუმის “ხოფის ბაზრობა” დროებით დაიხურება. ბაზრობის ხელმძღვანელი ზვიად მელიქაძე ამბობს, რომ პირველი აპრილის ჩათვლით “ხოფის ბაზრობაზე”  მხოლოდ სასურსათო ობიექტები იმუშავებენ.

“პირველი აპრილის ჩათვლით იხურება ხოფის სავაჭრო ცენტრი. იმუშავებენ მხოლოდ სურსათის ობიექტები. დაიხურება სავაჭრო ცენტრის ის შესასვლელები, რომლებიც ტანსაცმელების სექციებთან არის დაკავშირებული, დანარჩენი იქნება ღია,” – ამბობს ზვიად მელიქაძე.

აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა ეს ვადა გაგრძელდეს.

 

კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს COVID-19-ზე ყალბი სმს-ების შეზღუდვას სთხოვს

გუშინ, 16 მარტს, საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებს კორონავირუსის პრევენციული ხასიათის სმს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, სასურველია სახლში დარჩენა, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ 60 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ გარკვეული პერიოდით, სიცხისა და ხველების შემთხვევაში კი, მიმართონ ექიმს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს განცხადებას, რომ მთავრობის ოფიციალური სმს-ით ბოროტად ისარგებლეს გაურკვეველმა პირებმა და შეტყობინების გავრცელებიდან დაახლოებით 2 საათში ორი სხვადასხვა ტიპის, ყალბი ინფორმაციის შემცველი სმს შეტყობინებებიც გავრცელდა.

„დაინტერესებულმა პირებმა მთავრობის სახელით დაიწყეს ფეიკშეტყობინების გავრცელება, ოდნავ მოგვიანებით კი, ანალოგიურად ყალბი  შეტყობინება გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს სახელით. სმს-ების გამავრცელებლის მიზანს საზოგადოების კიდევ უფრო დაძაბვა და მათი შეცდომაში შეყვანა წარმოადგენდა,” – წერია კომისიის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ თუ ავტორიზებული პირების მიერ არ მოხდება შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა, კომუნიკაციების კომისია მისი რეგულირების სფეროში შემავალი კომპანიების მიმართ, კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს გაატარებს და საჭიროების შემთხვევაში, მათ ავტორიზაციას შეუჩერებს.

33 ორგანიზაცია აჭარის მაუწყებლის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე 33 ორგანიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კოლექტიურად მიმართავს.

მიმართვის ადრესატი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებების სფეროში, ეუთო, „ამნესტი ინტერნეიშენალი“, „ჰუმან რაითსი“, „ფრიდომ ჰაუსი“  და სხვები არიან.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, რომელიც მაუწყებლის წინა რეფორმატორი დირექტორის, ნათია კაპანაძის თვითნებური იმპიჩმენტის შემდეგ, საეჭვო პროცედურით და კონტექსით აირჩია, არსებითად დაასუსტა მაუწყებელში კრიტიკული შინაარსის შემქნელი საკვანძო რგოლი – ახალი ამბების სამსახური და მნიშვნელოვანი პოზიციების მქონე თანამშრომლები გაათავისუფლა სამსახურიდან ან სხვა ნაკლებად გავლენიან სამსახურებში გადაიყვანა.

კერძოდ, 2020 წლის 2 თებერვალს კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შეზღუდვისა და სამუშაო გარემოში შევიწროების და კონტროლის მძიმე პრაქტიკის გამო, მაუწყებელი დატოვა მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ. პროცედურებისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევით მრჩეველთა საბჭოს მიერ საშტატო ნუსხაში შეტანილი ცვლილებებისა და მოჩვენებითი სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, 2020 წლის 19 თებერვალს მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურის სარედაქციო მიმართულებით უფროსის მოადგილის პოზიციიდან გადაიყვანეს მისი გამოცდილებისგან არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე რადიო მაუწყებლობის სამსახურში.

2020 წლის 28 თებერვალს ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, თვითნებური და უსაფუძვლო დისციპლინური დევნის შემდეგ, დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

2020 წლის 6 მარტს დისციპლინური წარმოების წესისა და პროცედურების აშკარა დარღვევით, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს დროებით შეეზღუდა კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულება და მოიხსნა ეთერიდან, რამდენიმე საათით ადრე დანიშნული ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან კრიტიკული დისკუსიის გამო. უკვე 13 მარტს კი ამავე ინციდენტის გამო დირექტორმა თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლა. დირექტორი თეონა ბაკურიძის ხელმძღვანელის მითითებების შეუსრულებლობას ედავება, მაშინ როდესაც ახალი ამბების ახალი ხელმძღვანელი რამდენიმე საათის დანიშნული იყო და მას არც ერთი მითითება თეონა ბაკურიძისთვის მიცემული არ ჰქონდა.

ცხადია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც სარედაქციო გუნდში მაღალი პოზიციებისა და ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებების მქონე თანამშრომლებს შეეხოთ, შრომითი უფლებების უხეში დარღვევის მიღმა, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის და მასზე კონტროლის მოპოვების აშკარა ნიშნებს ატარებს. მაუწყებელში შექმნილი მძიმე სამუშაო გარემო და მენეჯმენტის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების ეს ჯაჭვი, ჟურნალისტებსა და თანამშრომლებში აჩენს დასაბუთებულ შიშებს, რომ დამოუკიდებელი კადრების წმენდის და სარედაქციო პოლიტიკაში ინტერვენციის პრაქტიკა გაგრძელდება და ეს მაუწყებელზე ხელისუფლების კონტროლს საბოლოოდ გააფორმებს.

2019 წლის გაზაფხულიდან მაუწყებელში განვითარებული მოვლენების დინამიკა და კონტექსტი, მათ შორის, ნათია კაპანაძის უსაფუძვლო იმპიჩმენტი, გიორგი კოხრეიძის არჩევის პრობლემური წესი და პროცედურა, მანამდე მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული განცხადებები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აჩვენებს, რომ ხელისუფლება მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს და მისი მიზანია მისი კრიტიკულობის და დამოუკიდებლობის შესუსტება.

მაუწყებლის დამოუკიდებლობის დასუსტება გააქრობს იმ ღია, კრიტიკულ საზოგადოებრივ სივრცეს, რომელიც აჭარის მაუწყებელმა ბოლო პერიოდში შექმნა და რომელიც არაპრივილეგირებული, ჩაგრული სოციალური ჯგუფებისთვის მათი საჭიროებების, წუხილებისა და ინტერესების რეპრეზენტაციის რესურსი გახდა. აღსანიშნავია, რომ აჭარის მაუწყებელი ბოლო წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სახელდებოდა როგორც ყველაზე დაბალანსებული მედია საქართველოში.

აჭარის ტელევიზია 1987 წელს დაარსდა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინსტიტუციური დაქვემდებარეაში ოპერირებდა. მას დამოუკიდებელი მაუწყებლის სტატუსი მხოლოდ 2013 წელს მიენიჭა. ისტორიულად აჭარის მაუწყებელი ხელისუფლებების დაქვემდებარების და კონტროლის ქვეშ მუშაობდა და მხოლოდ ბოლო წლებში მოახერხდა დამოუკიდებლობის და საზოგადოებრივი ინტერსების დაცვის რეალური მიზნის შესრულება. მაუწყებელმა კრიტიკული და სოციალური ინტერესზე ორიენტირებული მუშაობა განსაკუთრებით რეფორმატორი დირექტორის ნათია კაპანაძის მმართველობის შემდეგ დაიყო.

აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობა და კრიტიკულობა, როგორც ჩანს ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მრჩეველთა საბჭომ, რომელიც მკვეთრად პოლიზიტირებული წესით ფორმირდება, 2019 წლის გაზაფხულზე სათანადო დასაბუთების გარეშე ნათია კაპალაძის იმპიჩმენტი დაიწყო და შემდგომში დირექტორად ხელისუფლებასთან დაახლოებული კადრი გიორგი კოხრეიძე დანიშნა. მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან 3 წევრი მმართველი პოლიტიკული პარტიის – ქართული ოცნების მიერ არის არჩეული. არსებული საბჭო ვერ პასუხობს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და სათანადო ზედამხედველობას არ უწევს ახალი დირექტორის მიერ მიღებულ საეჭვო და უკანონო გადაწყვეტილებებს.

გიორგი კოხრეიძემ მის პირველივე ეთერში ჟურნალისტებს მიუთითა, რომ რესპოდენტებს ისინი „მამასავით და ძმასავით“ უნდა მოპყრობოდნენ და კრიტიკულობა დაუწუნა. აღსანიშნავია, რომ მაუწყებელში ჩართვის დროს მმართველი გუნდის ლიდერები, მათ შორის, მმართველი პარტიის ლიდერემა ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე, მაუწყებლის ჟურნალისტებს ოპოზიციასთან კავშირში ადანაშაულებდნენ და „დაწყნარებისკენ“ მოუწოდებდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლების ეს განცხადებები ცხადია ხელისუფლების მხრიდან პოლარიზებაზე და პოლიტიკური პროცესების რადიკალიზებაზე მიმართული სტრატეგიის ნაწილია, თუმცა, აჭარის მაუწყებელში ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ის მაუწყებლის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ წინასწარ ორგანიზებული პოლიტიკური პროცესის განცდას და ნიშნებს ქმნის.

ცხადია, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესი არსებული პოლიტიკური გარემოს ზოგად კონტექსტში უნდა იქნას დანახული, სადაც აშკარაა ხელისუფლების ინტერესი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით დაასუსტოს კრიტიკულ პოზიციებზე მყოფი პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია ჯგუფები და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს. ბოლო თვეებში ჩვენი საზოგადოება აკვირდება აშკარად მტრულ რიტორიკას და სამართლებრივ დავებს კრიტიკული მედიის მიმართ, როგორიცაა, „ტვ პირველი“, „მთავარი“ და „ტვ ფორმულა“, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მომდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მაუწყებლის 100-მდე თანამშრომელმა მიმდინარე პროცესების საპასუხოდ ალტერნატიული პროფესიული გაერთიანება დააფუძნა და მენეჯმენტთან კოლექტიური შრომითი დავა წამოიწყეს. დავის საფუძველზე უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი სახელმწიფოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი მედიატორის მონაწილეობით, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარეებს შორის გონივრული და სამართლიანი შეთანხმების მიღწევა. მედიაციის პროცესის წარუმატებლად დასრულება კი დავის მონაწილე დასაქმებულებისათვის გაფიცვის უფლების გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს. მათი წინასაგაფიცვნო მოთხოვნები სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებული და სხვა პოზიციებზე გადაყვანილი თანამშრომლების დაბრუნებას, სარედაქციო დამოკიდებლობისთვის ინსტიტუციური გარანტიების შექმნას, შრომითი პირობების დაცვას და მაუწყებლის გრძელავადიანი სტრატეგიული განვითარების საკითხებს მოიცავს. ჟურნალისტების მსგავსი ორგანიზება და საკუთარი უფლებების და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დაცვა ბრძოლის უნიკალური და ისტორიული გამოცდილებაა.

მაუწყებელში მიმდინარე პროცესებისა და საერთო პოლიტიკური და მედია კონტექსტის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით:

დაინტერესდეთ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკური, სარედაქციო და შრომითი უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებული პროცესებით და საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე ყველა რელევანტურ პოლიტიკურ და საერთაშორისო ფორმატებში დააყენოთ აჭარის მაუწყებლის საკითხი;

თქვენი მანდატის ფარგლებში მიიღოთ შესაბამისი ზომები (საჯარო გამოხმაურება, მიმართვა მთავრობასთან და ა.შ.) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და მაუწყებლის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული პროცესების შესაჩერებლად”.

მიმართვას ხელს  შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალი გაერთიანება
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს რეგიონალური მედიების ასოციაცია
  • ტელევიზიების ქსელი
  • მედია კლუბი
  • პუბლიკა
  • OC-media
  • ბათუმელები
  • ჩაი-ხანა
  • სათემო რადიო მარნეული
  • პლატფორმა სალამი
  • საზოგადოება ბათომი
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • რეგიონალური მაუწყებლების ალიანსი
  • თბილისის ლიბერალური აკადემია
  • საქართველოს მცირე და საშუალეო ტელეკომუნიკაციის ოპერატორების ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRC)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • კავშირი საფარი
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • მართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

საქართველოს რკინიგზა ახალი ინიციატივით გამოდის

სატვირთო გადაზიდვების სტაბილურობის მიზნით, საქართველოს რკინიგზა მზად არის ნებისმიერი ტვირთმფლობელის მოთხოვნის საფუძველზე – ბათუმის, ფოთისა და თბილისის ტერმინალებიდან უმოკლეს ვადებში, კონკურენტუნარიანი ტარიფებით სატრანზიტო-საკონტეინერო გადაზიდვები განახორციელოს აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და სომხეთის მიმართულებით.

საუბარია ტერმინალებში შესული ავტომობილებიდან ტვირთების რკინიგზის ვაგონებსა თუ კონტეინერებში გადატვირთვაზე და მათ საბოლოო დანიშნულების პუნქტებამდე გაგზავნაზე.

,,საქართველოს ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარება დამოკიდებულია მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ეფექტურ გამოყენებაზე. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს საქართველოს რკინიგზას. სამი საკვანძო ტერმინალიდან, როგორებიცაა – ბათუმი, ფოთი, თბილისი, საქართველოს რკინიგზა მზად არის შესაბამისი მოცულობის ტვირთები გადაზიდოს აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის, სომხეთის მიმართულებით კონკურენტუნარიანი ტარიფებით. ტარიფები ბუნებრივია დამოკიდებულია ტვირთების სახეობასა და მოცულობაზე.“ – აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.

დავით ფერაძის თქმით, საკონტეინერო გადაზიდვის პროცესში, მისაღები ტარიფებით უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური უსაფრთხოება ადამიანური რესურსის მინიმალური ჩართულობით.

შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზა აღნიშნული ინიციატივით ხელს უწყობს სატვირთო გადაზიდვების უსაფრთხო, ეფექტურ და შეუფერხებელ განხორციელებას.

LP-ი, Polo & Pan-ი და APPARAT-ი თბილისი ოფენ ეარზე – ნახეთ სრული ჩამონათვალი და ბილეთის ფასები

Tbilisi Open Air 2020-ის ლაინაფი სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ფესტივალი წელს ისეთ არტისტებს უმასპინძლებს, როგორიცაა: APPARAT-ი, SHE WANTS REVENGE, LP-ი, Polo & Pan-ი, KITE და სხვები.

საწყის ეტაპზე, 17 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, გაიყიდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის 3-დღიანი აბონემენტი , რომლის ფასიც – 125 ლარია.
ამ პერიოდში, თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით შეძენისას, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

8 აპრილს მოიმატებს აბონემენტის ფასი და დაიწყება დღიური ბილეთების გაყიდვა. 10 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის ფესტივალზე დასწრება უფასოა, მაგრამ მათ აუცილებლად თან უნდა ახლდეთ სრულწლოვანი პირი.

სრული ლაინაფი ასე გამოიყურება :

26 ივნისი

◾ MAIN STAGE

LP || BEDFORD FALLS || THE BEARFOX || THE BAMBIR || NEWCOMER 2020

◾ EYESTAGE
KONSTANTIN || CHLOÉ || SEVDA || BERO

◾ GARDEN STAGE
ACE VENTURA || ANCIENT OM || ACIDWAVE || OBRI & ZEN || MARCUSS || ADDITIVV || MANOAH

◾ LENØ STAGE POWERED BY SINGER / DAY
APRILEE & BACHO SVANIDZE || SABINA CHANTOURIA || ZUKA

◾ LENØ STAGE POWERED BY SINGER / NIGHT
AFTERNOON VERSION || MOVEMENT THEATRE BAN || ZURA RAMISHVILI TRIO

27 ივნისი

◾ MAIN STAGE
APPARAT (live) || SHE WANTS REVENGE || KITE || KILLAGES || წერილი

◾ EYESTAGE
ROBAG WRUHME || JENNIFER CARDINI || MAP.ACHE || TOMMA

◾ GARDEN STAGE
FUNGUS FUNK || GASPARD || OOGWAY || KATANA || ZHANNA || ELLARGE

◾ LENØ STAGE POWERED BY SINGER / DAY
OUTSIDER || LUA || TORNIKE GAGOSVHILI || SALOMERTSIA

◾ LENØ STAGE POWERED BY SINGER / NIGHT
YOUNG GEORGIAN LOLITAZ || NASH ALBERT || EREKLE GETSADZE AKA SYNTHSAIBOT || GUJA MARDINI QUARTET

28 ივნისი

◾ MAIN STAGE
POLO & PAN || მწვანე ოთახი || EKO & VINDA FOLIO || MOLCHAT DOMA || THE BLACK MARROWS

◾ EYESTAGE
PETRE INSPIRESCU || BARAC || GIO SHENGELIA || VAKO T

◾ GARDEN STAGE
SASHI || PACK || STULTITIA || KASSRA || DIMITREE || INFEST || LYCANDROP

◾ LENØ STAGE POWERED BY SINGER / DAY
LADY HEROINE || SEXY BYCICLE || GROUNDED PEOPLE || NEWCOMER 2020

◾ LENØ STAGE POWERED BY SINGER / NIGHT
LOUDSPEAKERS || PAPUNA SHARIKADZE / KHONDZI & FRIENDS || LUKA DGEBUADZE QUARTET

Tbilisi Open Air 2020 26, 27, 28 ივნისს ლისზე გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორები იმედს იტოვებენ, რომ ივნისამდე COVID-19 ის გავრცელება დასრულდება აუცილებლობის შემთხვევაში კი, მზად არიან ფესტივალის თარიღები შეცვალონ და მიიღონ საჭირო ზომები – “რა თქმა უნდა, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ფესტივალის თარიღები და მივიღოთ საჭირო ზომები. შეიძინეთ აბონემენტი თამამად, რადგან ფესტივალის თარიღების შეცვლის შემთხვევაში TKT.GE და Tbilisi Open Air-ი შემოგთავაზებთ არჩევანს: თქვენ შეძლებთ ან სრულად დაიბრუნოთ თანხა, ან შეინარჩუნოთ ბილეთი და შეცვლილ თარიღებზე გამოიყენოთ. იმ შემთხვევაში, თუ ფესტივალის თარიღები არ შეიცვლება, შეძენილი ბილეთების დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელი აღარ იქნება,” – წერენ ორგანიზატორები.

ჯანმო: უდავოა, რომ ჩვენ ყურადღების მიღმა გვრჩება ინფიცირების შემთხვევები

ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელი მარია ვან კერჰოვი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლოა ყურადღების მიღმა რჩებოდეს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები. კეჰროვამ 16 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება რეალობას ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში და შესაძლოა თუ არა, ეს რაოდენობა იყოს იმაზე მაღალი, ვიდრე ეს ქვეყნები აცხადებენ.

მარია ვან კერჰოვი, ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელი: „დიახ, უდავოა, რომ ჩვენ ყურადღების მიღმა გვრჩება ინფიცირების შემთხვევები. ვფიქრობ, ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ ამ თემასთან დაკავშირებით. მიზეზი, რატომაც ვართ ასეთი აგრესიულები ჩვენს განცხადებებში ახალი შემთხვევების პოვნისა და ტესტირებების შესახებ, არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება იმის ცოდნა, თუ სად არის ვირუსი.

მაგრამ სრულად შესაძლებელია, რომ ჩვენ ყურადღებიდან გვრჩება შედარებით უფრო მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევები, რაც ნორმალურია ეპიდაფეთქების და რესპირატორული დაავადებებისას, ეს იმიტომ, რომ ეპიდაფეთქების დასაწყისში ორიენტირებული ხარ ადამიანებზე, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება.

მნიშვნელოვანია ის, რომ არსებობს ზომები, რომლებიც უნდა მიიღონ ქვეყნებმა ასეთი შემთხვევების გამოსავლენად. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, ჩვენ გვჭირდება ამ შემთხვევების პოვნა, რომ მოვახდინოთ მათი იზოლაცია, რითაც შემცირდება ვირუსის გავრცელება.

როცა ქვეყნები ცდილობენ გააუმჯობესონ მათი ტესტირების შესაძლებლობა, მათ უნდა უზრუნველყონ არა მარტო დამატებითი კომპლექტები და ტესტების მარაგების გაზრდა თავიანთ ქვეყნებში, არამედ გაზარდონ ლაბორატორიების რიცხვიც, რომლებსაც ტესტის ჩატარება შეეძლებათ, მოხდება ეს სახელმწიფო თუ კერძო ლაბორატორიების დონეზე“.

 

 

რა პროდუქტს მიიღებენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები აჭარაში 

ბათუმის ბაღების გაერთიანებაში პროდუქტის იმ მარაგის გადანაწილებაზე მსჯელობენ, რომელიც მარტში უნდა გამოეყენებინათ. კორონავირუსის პრევენციის გამო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჯერ ორი მარტიდან 16 მარტამდე შეჩერდა, შემდეგ კი პირველ აპრილამდე გადაიდო.

არამალფუჭებადი პროდუქტის გადანაწილების ორგანიზებაზე აჭარის მუნიციპალიტეტების ბაღების გაერთიანებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გუშინ, 16 მარტს,  მოუწოდა,  თავდაპირველად კი ეს იდეა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაახმოვანა.

როგორ აპირებენ ბაღების გაერთიანებები არამალფუჭებადი პროდუქტის განაწილებას საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებზე?

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუშაობენ დეტალების დაზუსტებაზე, თუ როგორ და რა პირობებით გადანაწილდება პროდუქტი. მისივე ინფორმაციით განიხილება, რომ პროდუქტი უნდა მიიღოს ბაღის ყველა აღსაზრდელის მშობელმა სურვილის შემთხვევაში, შესაბამისად გადანაწილდება ოდენობებიც.

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ერთ პაკეტში შევა: წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, ბრინჯი და შვრია – თითო კილოგრამი; ორი ცალი ბანანი, ერთი კილოგრამი ვაშლი და ორი შეფუთული პური, ასევე ნახევარი ლიტრი ზეთი, ერთი ლიტრი რძე და ათი ცალი კვერცხი. მისივე თქმით, ოჯახებს, რომელთაც ექნებათ ამ პროდუქტის მიღების სურვილი, თავად მიუტანენ საკვებს. 

ბაღების გაერთიანებებისთვის პროდუქტის მიწოდება იმავე კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ, რომლებთანაც გაერთიანებებს შესაბამისი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული, თუმცა როგორც გაერთიანებაში გვითხრეს, პროდუქტის მიწოდებამდე კიდევ ერთი პროცედურა – ფასების საკითხია განსახილველი.

„გვითხრეს, რომ იმავე ფასებში ვეღარ მოგვაწვდიან, რადგან პროდუქტი გაძვირდა, ამიტომაც ვაპირებთ შევაჩეროთ ბოსტნეულის მიღება, სხვა პროდუქტებზე კი, რომელთა დარიგებასაც ვაპირებთ, ალბათ ფასები შეიცვლება – ესეც განიხილება,“ – ამბობს მამუკა შამილიშვილი.

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, პროდუქტის დარიგება სავარაუდოდ შემდეგ კვირაში, ორშაბათიდან დაიწყება.

ამ საკითხებზე უკვე ჩამოყალიბდნენ მუნიციპალიტეტებშიც. იგივე ოდენობის პროდუქტი, ძირითადად, ბრინჯი, შაქარი, ბარდა, წიწიბურა და სხვა არამალფუჭებადი პროდუქტი, რაც გათვალისწინებული იყო ერთი ბავშვისთვის, გადაეცემა მშობელს.

მუნიციპალიტეტებში პროდუქტებს მშობლებს სახლში მიუტანენ: „მოხალისეები ეკიპირებით, რეკომენდაციების შესაბამისად, დაარიგებენ პროდუქტს. ისინი ჩამოივლიან მარშუტკებით, რომლებსაც ჩაუტარდებათ დეზინფექცია,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. მისივე ინფორმაციით, ხელვაჩაურში მიმწოდებლები პროდუქტების ფასებს არ შეცვლიან.

იგივენაირად გადანაწილდება  პროდუქტი აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

 

პოლიციამ დღეს კარანტინში იძულებით 22 პირი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 22 პირი იძულებით გადაიყვანეს კარანტინში. ეს შემთხვევები დაფიქსირდა თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და აჭარაში.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

აიკრძალება თუ არა „მარშუტკები“ ბათუმში? – მერია მოლაპარაკებას იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან, 18 მარტიდან, თბილისში სამარშრუტო ტაქსები დროებით აიკრძალება, თუმცა ტრანსპორტის სახედ დარჩება მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება ახლახან [13:00 საათი] გახდა ცნობილი, მუშაობენ და გადაწყვეტილებას ბათუმთან მიმართებაში უახლოეს ხანში მიიღებენ.

თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას ლიცენზიის მფლობელი კერძო კომპანიები ახორციელებენ. ლიცენზიებს მერია კონკურსის წესით გასცემს. მოქმედ ლიცენზიებს ვადა 2020 წლის ოქტომბრამდე აქვს.

ამ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, ბათუმში ყოველდღიურად 250 მიკროავტობუსი უნდა მოძრაობდეს.

რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, მერიის შპს „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბათუმში ყოველდღიურად სხვადასხვა ხაზზე 115 ავტობუსი მუშაობს.

ამავე თემაზე:

ჯანმოს რეკომენდაციები – წაიკითხეთ და შეასრულეთ

მაკრონი: ჩვენ ვართ ომში, მტერი აქვეა, უხილავი და მოუხელთებელი

 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალური მიმართვა ფრანგ ხალხს:

______________

„Covid – 19-ის ეპიდემია შესაძლოა ზოგიერთ ჩვენგანს შორეული პერსპექტივა ეგონა, მაგრამ ის ჩვენს ახლანდელ, არსებულ რეალობად იქცა.

მიუხედავად განგაშისა და მძიმე ვითარებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი ისევ არის პარკებსა და ბარებში, არ ითვალისწინებენ აკრძალვებს ყველაფრის დახურვის აუცილებლობაზე, თითქოს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა.

თუ არ დავიცავთ წესებს, შესაძლოა ვიქცეთ ვირუსის უსიმპტომო მატარებლებად და დავაავადოთ საკუთარი მეგობრები, მშობლები, ჩვენმა წინდაუხედაობამ შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ჩვენთვისვე ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობა, სიცოცხლე.

ჩვენ ვართ ომში, ვიბრძვით ჯანმრთელობისთვის. არ ვიბრძვით ჯარით რომელიმე ერის წინააღმდეგ. მტერი აქვეა, უხილავია და მოუხელთებელი. მის დასამარცხებლად ჩვენი მობილიზებაა საჭირო.

ჩვენ ვართ ომში და ხელისუფლების, პარლამენტის ყველა ძალისხმევა ახლა უნდა მოხმარდეს ეპიდემიასთან ბრძოლას. დღისით თუ ღამით არ გვაქვს უფლება, რაიმე სხვამ მიიპყროს ჩვენი ყურადღება.

ჩვენ ომში ვართ. ერი პასუხისმგებლობას იღებს თავის ბავშვებზე სოფლებსა და ქალაქებში, საავადმყოფოებში, სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველა ადამიანზე, ვინც ამ ომში წინა ხაზზეა და იბრძვის. მათ აქვთ უფლება, სახელმწიფოსგან მიიღონ ყველაფერი, რისი მიცემაც მათთვის ქვეყანას შეუძლია. ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დასჭირდებათ დაცვა.

ნიღბები, გელი, სადეზინფექციო საშუალებები, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გარემოს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. ამ ყველაფერზე იზრუნებს სახელმწიფო.

დიახ. ჩვენ ომში ვართ, და ამ პერიოდში ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ყველაზე მოწყვლად რეგიონებს. მე მინდა ვუთხრა ჩვენს მედპერსონალს, რომლებიც პირისპირ ებრძვიან ვირუსს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ საავადმყოფოები გადავსებისგან, პაციენტთა უკონტროლო ნაკადებისგან, რისი ნიშნებიც უკვე იყო.

მსოფლიო და საფრანგეთი ძალიან რთულ ეტაპს გადის. არ ვიცით, რა იქნება მომავალში. დღეები გადის და პრობლემებს პრობლემები ცვლის. ჩვენ უნდა დაველოდოთ პრეპარატების ექსპერიმენტულ ვადებს. უნდა შევძლოთ რეალობასთან ადაპტირება და  უსაფრთხოების ყოველდღიურ რეჟიმში ყოფნა. ამასობაში დადგება დრო, როცა განკურნების ეფექტურ საშუალებებს მიაგნებენ მეცნიერები.

მჯერა, შევძლებთ ერთსულოვნებას. გთხოვთ, ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და არ მივეცეთ არანაირ პანიკას. ჩვენ გავიმარჯვებთ ომში და ეს რთული პერიოდი ძალიან ბევრს გვასწავლის სამომავლოდ. ბევრი ურყევი მტკიცებულება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ბევრი რამ, რაც შეუძლებელი გვეგონა, შესაძლებელი აღმოჩნდება.

მოდით, არ დავნებდეთ, ვიმოქმედოთ და გვახსოვდეს, რომ გავიმარჯვებთ“.

[ქვეყნდება შემოკლებით]


17 მარტის მონაცემებით (12:59) საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 6 655 ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 148-ს აღწევს.

როგორ ატარებენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლების სამინისტრომ სკოლებს სასწავლო პროცესის ონლაინსივრცეში გადატანის რეკომენდაცია მისცა, თუმცა ზოგიერთი პედაგოგი ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად მზად არ არის. რა გამოწვევების წინაშე არიან სკოლები და ვინ როგორ ატარებს ონლაინგაკვეთილს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგებს ესაუბრა.

მანანა კაპეტივაძე, ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელია. ის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 2018 წელს გახდა.

მანანას აზრით, სპონტანურად ონლაინსწავლებაზე გადასვლა საკმაოდ რთულია, რადგან ბევრ ბავშვს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, ზოგიერთს კი არც კომპიუტერი აქვს სახლში.

მანანა კაპეტივაძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი

„ბავშვების დაახლოებით 8-10 პროცენტი ონლაინში შემოსვლას ვერ ახერხებს,“ – გვეუბნება ის. მანანა კაპეტივაძე ონლაინპლატფორმებიდან ყველაზე აქტიურად „ზუმს“ (Zoom) იყენებს, რადგან მისი თქმით, პროგრამა სინქრონული გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

„ზუმში“ კარგია ის, რომ ყველა ბავშვს ხედავ, ყველას შეუძლია ხელი აწიოს, გააჩუმო, როცა ხმაურობენ, გაუზიარო თეთრი დაფა, გაუზიარო ბმულები და ა.შ. მარტივია და კარგი.

ძალიან კარგია Kahoot-ის პლატფორმა. შემაჯამებელ გაკვეთილებზე ვიყენებ ხოლმე, QUIZLET-ის მსგავსი პროგრამაა ესეც და ძალიან საინტერესოა. ბავშვებს მოსწონთ ძალიან, მაგრამ kahoot-ს აქვს ე.წ. გამოწვევის [challenge] ფუნქცია, რომელსაც უგზავნი ბავშვებს და ისინი დამოუკიდებლად აკეთებენ დავალებებს. თუმცა მეც ვხედავ ონლაინ რომელმა რამდენი ქულა დააგროვა, რამდენი სწორი პასუხი გასცა და ა.შ.“

მანანა კაპეტივაძე ამბობს, რომ ონლაინპლატფორმების შესახებ ცოდნას იმ კოლეგებსაც უზიარებს, რომლებიც ამით დაინტერესებულნი არიან.

„ფეისბუქში შექმნილი მაქვს ყველა კლასის დახურული ჯგუფები, სადაც ვაზიარებ დავალებებს, თუ რა შეუძლიათ, რომ დამოუკიდებლად გააკეთონ მოსწავლეებმა, წაიკითხონ ან ტესტები შეავსონ, ქვიზები გააკეთონ… ძალიან საკომუნიკაციო და სახალისო დავალებებს ვაძლევ ხოლმე“ – გვეუბნება მანანა კაპეტივაძე.

სამინისტრომ პედაგოგებს ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად TEAMS-ის პროგრამის გამოყენება ურჩია, თუმცა როგორც მანანა კაპეტივაძე გვეუბნება, მან არჩევანი მაინც „ზუმზე“ შეაჩერა.

„ყველას თავისი მეთოდი აქვს. ზოგიერთი ჩემი კოლეგა იყენებს „დისქორდსაც“, მაგრამ მე ამ პროგრამას უფრო მოვერგე“ – ამბობს ის. მანანა კაპეტივაძე ასევე საუბრობს სხვა ტექნიკურ გამოწვევაზეც. მისი თქმით, მაგალითად, პირველკლასელთა ბუქებში „ზუმის“ ჩამოტვირთვა არ ხერხდება, რადგან ამისთვის ადმინისტრატორის თანხმობაა საჭირო. პედაგოგის თქმით, ონლაინგაკვეთილებს ზოგიერთი მასწავლებელი სკეპტიკურად უყურებს:

„ამბობენ, რომ „არ იმუშავებს“, „ბავშვები არ შემოვლენ“, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ამ პლატფორმას ბავშვები უნდა მივაჩვიოთ და შემდეგ ისინი თვითონ ასწავლიან ერთმანეთს და ცოდნასაც გაუზიარებენ“.

ლადო აფხაზავა სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის, ის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 2017 წელს გახდა.

ლადო ამბობს, რომ ონლაინპლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ამ რეჟიმზე გადასვლას სკოლა ვერ შეძლებს:

„სინქრონული გაკვეთილი რომ გავაკეთოთ, ამას ძალიან დიდი აპარატურა სჭირდება. განათება, მიკროფონი, ვიდეოკამერები, ამის საშუალება არც სკოლას აქვს და არც მასწავლებლებს. Teams-ის პროგრამაში ჯერ არ მიმუშავია და გამოცდილებაც არ მაქვს, მაგრამ თუ ანგარიშებს გავააქტიურებთ, შევძლებთ მის გამოყენებას. ხვალისთვის გვაქვს ონლაინშეხვედრა დაგეგმილი სკოლაში და გადავწყვეტ, რას ვიზამთ.“

ლადო აფხაზავა

ლადო აფხაზავა ყველაზე აქტიურად ფეისბუქის ჯგუფებს იყენებს მოსწავლეებთან ონლაინურთიერთობისთვის. „ვაწვდი საინტერესო ფილმებს, დავალებებს. ზოგიერთი მოსწავლე ხუმრობს კიდეც – „ახლა მოგინდათ ციფრული კომპეტენციები ჩვენგან? აბა, კლასში რომ გვიკრძალავთ ტელეფონის გამოყენებასო?“ არადა, სამომავლო გამოწვევები სწორედ ციფრული კომპეტენციებია და ჯერ ჩვენ, პედაგოგები უნდა მოვემზადოთ და ისე ვასწავლოთ მოსწავლეებს“.

ლადო აფხაზავას თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც უხარისხო ინტერნეტი და ტექნიკური აღჭურვაა.

„იმ ჯგუფებშიც კი, რომლებიც შექმნილი მაქვს, ყველა მოსწავლე არ შემოდის. ზოგიერთს ინტერნეტი არ აქვს. მეც, როცა მინდოდა ყველაფერი კარგად დამემუშავებინა, არ მქონდა ინტერნეტი, კრედიტი ავიღე 2 ლარის და ჩავრთე, მაგრამ მალევე ამოიწურა. სკოლაში მაინც რომ იყოს ხარისხიანი ინტერნეტი, მივალ, დავჯდები და ვიმუშავებ ღამემდე, მაგრამ არც სკოლის ვარგა. ტრიალებს, ტრიალებს და ვერ გაიგებ, როდის შედის ან გამოდის,“ – ამბობს ლადო აფხაზავა.

ის ამბობს, რომ სკოლას დამუშავებული აქვს ინფორმაცია, ბავშვების რა ნაწილს არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე, რაც ონლაინგაკვეთილების ჩატარებას ეჭვქვეშ აყენებს. „ამიტომ, გაკვეთილებს ამ ეტაპზე ონლაინრეჟიმში არ ვატარებთ, მაგრამ ვაზიარებთ საინტერესო და საჭირო ონლაინრესურსებს, ელექტრონულ წიგნებზეც წვდომა არსებობს, ასე. რომ ყველაფერი დაძლევადია“.

მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია.

ის ამ ეტაპზე არ მუშაობს მოსწავლეებთან ონლაინ, რადგან მისი თქმით, ამის რესურსი არ არსებობს. „teams-ის პლატფორმაში მუშაობის გამოცდილება მაქვს და სხვა მასწავლებლებისთვისაც გამიწევია ფასილიტაცია, მაგრამ რომ დავრეგისტრირდეთ ყველა ამ პროგრამაში და დავიწყოთ მუშაობა, ჯერჯერობით ამ დონეზე არც მასწავლებლები არ ვართ, აღარ ვლაპარაკობ ჩაშენებული ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რასაც, ასევე, გამოცდილება სჭირდება“.

გიორგი ჭაუჭიძე

გიორგი ჭაუჭიძე მოკლე დროში ონლაინგაკვეთილებზე გადასვლის შესაძლებლობას ვერ ხედავს. „მიჩვევა უნდა. თუმცა, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩემს თავს ვერ ვხედავ, რომ ჩემს მოსწავლეებთან ონლაინ წარვმართავდე გაკვეთილს. მე პირადად არ ვარ ამისთვის მზად,“ – გვეუბნება ის.

მისი თქმით, არსებულმა სიტუაციამ განათლების სისტემას უბიძგა, რომ ნელ-ნელა გაიზარდოს სისტემაში ონლაინინსტრუმენტების გამოყენება.

„ახლა უფრო მძაფრად ვიგრძენით ამის საჭიროება. შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მაგრამ ამ სასწავლო წელს რამდენად მოხერხდება ეს, ვერ გეტყვით.

ამას სჭირდება სიტუაციის შესწავლა სკოლა-სკოლა, სოფელ-სოფელ, დაგეგმვა, მოსწავლეების, სკოლების ტექნიკური რესურსებით აღჭურვა. ჩემი გათვლებით, თუ ამაზე იმუშავებს სახელმწიფო, სექტემბრისთვის ალბათ გარკვეულწილად იქნება შესაძლებელი მომზადება,“ – გვითხრა გიორგი ჭაუჭიძემ.

კორონავურისის საფრთხის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი 1-ელ აპრილამდე შეჩერებულია.

ბათუმში კაფე-ბარებისა და რესტორნების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა

ბათუმში კაფე-ბარებისა და რესტორნების ნაწილი მუშაობას აჩერებს, ნაწილი კი საკურიერო/გატანის სერვისზე გადადის.

მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში მოქმედ კაფე-ბარებსა და რესტორნებს მომსახურების შეზღუდვის რეკომენდაცია 16 მარტს მისცა.

ბათუმში მუშაობა შეაჩერა “დელირიამ”,”გარდენსმა”, “ვინილმა”, “მიუნჰენმა”. საკურიერო მომსახურებაზე გადავიდა “პრივეტ იზ ბატუმა” და BK-ი.

„შექმნილი ვითარების და დღევანდელი მთავრობის განცხადების საფუძველზე, ხვალიდან, კერძოდ, 17 მარტიდან, კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში გადადის მხოლოდ საკურიერო/გატანის მომსახურებაზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ 2 კვირაში ჩვენ შევძლებთ ყველა საშიშროების და პრობლემის გადალახვას, რაც ჩვენს ქვეყანაშია,“ – ეს ინფორმაცია „პრივეტ იზ ბატუმას“ მენეჯმენტმა თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

მუშაობა შეაჩერა კაფე „გარდენსმა“.

„მეგობრებო, ვიზიარებთ რა ჩვენს წილ პასუხისმგებლობას COVID-19 ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში, დროებით ვწყვეტთ მუშაობას. გთხოვთ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და გაითვალისწინოთ რეკომენდაციები,“ –  წერია კაფეს ოფიციალურ ფეიჯზე.

საკურიერო მომსახურებაზე გადავიდა კაფე BK-ი. კაფემ დროებით სტუმრების მიღება შეაჩერა.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადავედით დისტანციურ/საკურიერო მომსახურებაზე. მივყვებით მთავრობის რეკომენდაციებს და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კაფე BK-ის დამფუძნებელმა პაატა ბეჟანიძემ.

მუშაობა შეაჩერა კაფე „ვინილმა“.

„მეგობრებო, იმისთვის რომ არ შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელებას – ვითვალისწინებთ რეკომენდაციას და დრობით ვიკეტებით. გისურვებთ ჯანმრთელობას… მალე შევხვდებით!“ – წერს კაფეს ოფიციალური გვერდი.

მუშაობა შეაჩერა რესტორანმა „მიუნჰენმაც“.

პირველ აპრილამდე შეაჩერა მუშაობა რესტორანმა „სანრემომ“.

გვირჩევენ, ფულს არ შევეხოთ, თუმცა ბათუმის „მარშუტკებში“ ბარათით ვერ გადაიხდით

ბათუმის ტერიტორიაზე ყოველდღიურად 250 სამარშრუტო მიკროავტობუსი მოძრაობს. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დღის წესრიგში დადგა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჰიგიენის წესების დაცვისა და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციის საკითხი.

მოქალაქეებს მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნაღდი ფულის გამოყენებისგან და ელექტრონული სერვისებით ისარგებლონ.

ბათუმის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა კი ქალაქის მერიამ მგზავრთა გადაყვანის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს თავიდანვე არ დაავალა.

მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად ქალაქის მერიამ ბოლო კონკურსი 2019 წლის სექტემბერში გამოაცხადა. ნებართვის მფლობელებს ლიცენზიის ვადა კი, 2020 წლის ოქტომბრამდე აქვთ. მანამდე ახალი კონკურსი გამოცხადდება.

ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიკროავტობუსებში გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების დამონტაჟების მოთხოვნას, სავარაუდოდ, მომავალი კონკურსის პირობებში შეიტანენ.

სამარშრუტო მიკროავტობუსი N20ა / ბათუმი / 15.03.2020

სამარშრუტო მიკროავტობუსებში გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას მერია 2018 წელშიც გეგმავდა და 2019-შიც, თუმცა ეს საკითხი გადადო.

კონკურსში გამარჯვებულები ბოლო პერიოდში ფაქტობრივად ერთი და იგივე კომპანიები არიან, რომლებსაც გადახდის ელექტრონული სისტემის შემოღების ვალდებულება მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით არ აქვთ.

ბათუმის მერიაში ადრეც და ახლაც ვერ გვითხრეს კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ ამბობდა და ამბობს მუნიციპალიტეტი აღნიშნული სერვისის შემოღებაზე უარს.

გასულ წელს მერიაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „ამ კუთხით გრძელდება მუშაობა და შესაძლოა კონკურსიდან ექვსი თვის შემდეგ შემოიღონ გადახდის ასეთი სისტემა [ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მფლობელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილების შეტანა იქნებოდა აუცილებელი].

ასეთი რამ მერიას აღარ გაუკეთებია.

ბათუმის მერმა კი, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მერიის სამსახურების თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა, გააუქმა გარკვეული ღონისძიებები და „იაფ სახლზე“ განაცხადების მიღებაც კი შეწყვიტა.

„ახლა, რომც დავავალოთ კომპანიებს, 2-3 თვე მაინც დასჭირდება ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას. ზაფხულში ახალი კონკურსი გამოცხადდება და ამ საკითხს, ალბათ, მაშინ შევიტანთ ერთ-ერთ მოთხოვნად კონკურსის პირობებში,“ – გვითხრეს მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილებაში.

ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით, ბათუმში მოძრავ სამარშრუტო მიკროავტობუსებში შესაძლებელი იქნებოდა მგზავრობის საფასურის გადახდა იმ სამგზავრო ბარათებით, რომლებითაც გადახდა დღეს მუნიციპალურ ავტობუსებშია შესაძლებელი.

ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ სამარშრუტო მიკროავტობუსებს დეზინფექცია უტარდება, თუმცა ქალაქში ვერ ხერხდება მიკროავტობუსებით ჭარბი მგზავრების გადაყვანის პრობლემის მოგვარებაც, რაც ასევე მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციის მხრივ.

ეროვნული ბანკის განცხადებით, „ვინაიდან ნებისმიერ საგანს და მათ შორის ფულის ნიშნებს შეუძლია ბაქტერიისა თუ ვირუსის გადატანა, ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციები.

ამ თემაზე:

ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცავით ჰიგიენის ნორმები – ეროვნული ბანკი

მთავარი ფოტო: ფეხზე მდგომი მგზავრები და მგზავრობის საფასურის გადახდა ნაღდი ფულით ბათუმის სამარშრუტო მიკროავტობუსში N39

 

ხულოში მომხდარი მკვლელობისა და პოლიციელებზე თავდასხმისთვის პირს 22 წელი მიუსაჯეს 

ხულოში, სოფელ ხიხაძირში, მომხდარი მკვლელობის საქმეზე რემზი ბ.-ს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

ეს ამბავი გასული წლის 25 ივნისს მოხდა. პროკურატურის ვერსიით, რემზი ბ.-მ, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, სოფლის ცენტრში კაცი მოკლა და მიიმალა. იმავე დღეს მან პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი. დაპირისპირების დროს ორი პოლიციელი ფეხის არეში დაიჭრა.
რემზი ბ.-ს პროკურატურა განზრახ მკვლელობის გარდა, პოლიციელებზე თავდასხმას ედავებოდა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.
_____________
ფოტოზე: სასამართლოს სხდომა

Next Group დისტანციურ მუშაობაზე გადადის და ბინის ყველა მყიდველისთვის საჩუქარი აქვს

სამშენებლო დეველოპერული კომპანია Next group –ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას და დისტანციური მომსახურების ფორმატზე გადადის.

კომპანიის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერებაში თითოეულ მოქალაქეს, საზოგადოების ყველა სეგმენტს და განსაკუთრებით ბიზნესს სექტორს, უზარმაზარი პასუხისმგებლობა ეკისრება. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებლობას იძლევა სამშენებლო კომპანიის ოფისის დისტანციური მუშაობა ისევ ისეთი ეფექტური იყოს, როგორც აქამდე.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე : +995 574 33 00 33 / +995 593 44 80 11
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე : +995 574 33 00 33 / +995 593 44 80 11

ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ სახლიდან გაუსვლელად გაეცნონ კომპანიის მიმდინარე თუ დასრულებულ პროექტებს, დაჯავშნონ მათთვის სასურველი ბინა ან გააფორმონ ნასყიდობის ხელშეკრულება და თანხის სრულად გადახდის შემდგომ მიიღონ საკუთრების უფლება.

Next Group დისტანციურ მუშაობაზე
Next group დისტანციურ მუშაობაზე გადადის

კომპანია სიახლეს სთავაზობს ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს. კერძოდ, ბინის ყველა მყიდველს საჩუქრად გადაეცემა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ვაუჩერი, საოცნებო სახლის სურვილსამებრ მოსაწყობად.

Next group მომხმარებლებს სთავაზობს ბინებს წყნარ, გამწვანებულ და კომფორტულ ადგილას ზღვის ხედით, მახინჯაურში. მშენებლობისას გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური YTONG®-ის სამშენებლო ბლოკი, ბინა აღიჭურვება ალუმინის კარ-ფანჯრებითა და „კონეს“ ფირმის თანამედროვე ლიფტებით. საცხოვრებელ კომპლექსს ექნება ღია აუზი, რესტორანი, მწვანე ეზო, უფასო ავტოსადგომი და ვიდეოსათვალთვალო კამერები.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე : +995 574 33 00 33 / +995 593 44 80 11 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე – sales@nextgroup.ge

მარტის თოვლი აჭარის მთებში [ფოტო]

აჭარის მაღალმთიანეთში მოთოვა. სინოპტიკოსების ცნობით, წვიმა და თოვლი დღეს და ხვალ ისევ არის მოსალოდნელი.

შუახევი, სოფელი შუბანი, მელანო ებრალიძის ფოტო
შუახევი, სოფელი შუბანი, მელანო ებრალიძის ფოტო
ხულო, სოფელი ღორჯომი, როლანდ შავაძის ფოტო
ხულო, სოფელი ღორჯომი, როლანდ შავაძის ფოტო
ხულო, სოფელი ღორჯომი, როლანდ შავაძის ფოტო
ხულო, სოფელი დიდაჭარა, სოფო ქონიაძის ფოტო

 

ბათუმის ინფექციურში COVID-19-ზე ორ პირს იკვლევენ – ორივე კარანტინის ზონიდან გადაიყვანეს

ბათუმში COVID-19 -ზე ორ პირს იკვლევენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანი კარანტინის ზონიდან გადაიყვანეს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. ერთი მათგანი გუშინ, საღამოს შეიყვანეს ინფექციურში.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ორივე პირს აღენიშნება მსუბუქი რესპირატორული სიმპტომები, ცხელება – 37.2 – 37.3. მათ ჰქონდათ შეხება მაღალი რისკის ზონის ქვეყნებთან და იმყოფებოდნენ კარანტინში.

ორივე პირის ანალიზის პასუხები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისათვის ბათუმში კარანტინში უკვე 300-ზე მეტი პირი იმყოფება. მათზე მონიტორინგი ხორციელდება.

17  მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება, 64 პირი კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 

მოხუცი ცოლ-ქმრის ცემისა და დაყაჩაღებისთვის გურიაში ერთი პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული შ.ო., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ მარტს, ბრალდებული 2 თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრებ მოხუც ცოლ-ქმარს – 1939 წელს დაბადებულ გ.პ.-სა და 1940 წელს დაბადებულ ი.გ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ თავდამსხმელები სახლის მეპატრონეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გასტაცეს 2000 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებული ცოლ-ქმარი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებს შსს.

სამართალდამცველებმა ყაჩაღური თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე – შ.ო., მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება გრძელდება ბინაში უკანონოდ შეღწევის გზით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

საღამოს ბათუმის ინფექციურში კარანტინიდან ერთი პირი გადაიყვანეს – COVID19

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დღეს, 16 მარტს, საღამოს, ერთი პირი გადაიყვანეს კარანტინიდან.

შესაბამისი ანალიზი უკვე აღებულია და პასუხი, აქვს თუ არა მას კორონავირუსი, ხვალ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, რომ პაციენტს შეყვანისას აღენიშნებოდა ტემპერატურა 37.3, დღეს კი მას ტემპერატურა აღარ აქვს და ვირუსი მსუბუქად გამოხატული ნიშნებით მიმდინარეობს.

ამ დროისათვის ბათუმში კარანტინში 200-ზე მეტი პირი იმყოფება. მათზე მონიტორინგი ხორციელდება. თვითიზოლაციაში კი ბათუმში 100-მდე ადამიანია.

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, 54 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

7 ანიმე – თუ ეძებ მაგიურ სასიყვარულო ისტორიას ან თუ გოგოების ძალაში გეპარება ეჭვი

კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფა: ერთნი, რომლებსაც სტუდია „გიბლის“ ანიმეები ნანახი აქვთ და უყვართ და სხვები, რომლებსაც ჯერ არ შეუდგმიათ ფეხი ამ საოცარ ანიმაციურ სამყაროში. თუ ამ უკანასკნელთა შორის მოიაზრებთ თავს, მაშინ ეს სტატია უნდა წაიკითხოთ.

იაპონია, რა თქმა უნდა, ცნობილია ანიმაციებით, მაგრამ სტუდია „გიბლი“  დღემდე რჩება ანიმე-ინდუსტრიის კაშკაშა ვარსკვლავად. თავად სახელი Ghibli “უდაბნოს ქარს” ნიშნავს. ასე კომპანიას მისმა სულისჩამდგმელმა, რეჟისორმა ჰაიაო მიაძაკიმ დაარქვა, რომელსაც სურდა „გიბლის“ გადატრიალება მოეხდინა.

სიუჟეტური მრავალფეროვნება და ულამაზესი ფერები ყველას გულამდე მიაღწევს, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, თუ რისი მოლოდინი გაქვთ:

თუ ოსკაროსან ანიმეს ეძებ:

მოჩვენებების მიერ გატაცებულნი – Spirited Away  2001

მაშინ უნდა დაიწყო 2001 წელს გამოსული „მოჩვენებების მიერ გატაცებულნის“ ნახვით. 2003 წელს ამ ფილმმა ოსკარის პრიზი მოიგო, როგორც საუკეთესო ანიმაციამ. ბევრი სწორედ ამ ანიმეთი იწყებს „გიბლის“ სამყაროს გაცნობას.

ეს არის ამბავი 10 წლის ტიჰიროზე, რომელიც მშობლებთან ერთად ახალ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. იგი დიდ ამბებში გაეხვევა და ანიმეს დასასრულს გაიაზრებთ, რომ ტიჰიროც და თქვენც სულ სხვა ადამიანებად იქეცით, ისეთებად,  ვისაც ვერანაირი აჩრდილი ვერ მოერევა ამ წუთიდან.

თუ ჯადოსნურ გასართობს ეძებ:

ჩემი მეზობელი ტოტორო –  My Neighbour Totoro 1988

აქაც ისეთი ამბავია, ორი პატარა გოგო მამასთან ერთად სოფელში გადადის საცხოვრებლად, გოგოების დედა კი საავადმყოფოში მკურნალობს. სოფელში გოგონები უამრავ პატარა, დიდ, ფუმფულა და საყვარელ არსებას გაიცნობენ, მათ შორის კატაბუსს, რომელიც ღამ-ღამობით ამ არსებებს დაატარებს იქეთ-აქეთ. “ჩემი მეზობელი ტოტორო” „გიბლის“ ნამდვილი ხელწერაა, რომელიც პოპკულტურაში ღრმადაა გამჯდარი, სათამაშოებით, მაისურებით, ბლოკნოტებით თუ სხვა ნივთებით.

თუ მაგიურ სასიყვარულო ისტორიას ეძებ:

ჰოულის მოსიარულე სასახლე – Howl’s Moving Castle 2004

„ჰოულის მოსიარულე სასახლე“ დაფუძნებულია ბრიტანელი მწერლის დიანა ვეინ ჯონსის ამავე სახელწოდების ანტისაომარი პროპაგანდის შემცველ ნაწარმოებზე. ანიმე ჯადოქარზეა, რომელსაც ბევრი სახელი აქვს და სოფიზე, რომელიც ქუდებს კერავს და შემთხვევით აღმოჩნდა ჯადოქრობის მსხვერპლი. ბოლოს მაინც ხომ იცით, რა გაიმარჯვებს? ჰოდა, ულამაზესი გრაფიკისა და მუსიკალური გაფორმების ნახვა აუცილებლად დაგეხმარებათ რთული დღეების გადაგორებასა და ახალი იმედების გაჩენაში.

თუ ისტორიას ეძებ გულჩათხრობილ ადამიანზე:

როდესაც იქ მარნი იყო – When Marnie Was There 2014

„როდესაც იქ მარნი იყო“ არის საოცარი ამბავი იმაზე, რომ უანგარო ოჯახური კავშირები ხანდახან ყველა ზღვარს სცდება და ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში გვევლინება ხსნად. პატარა ანასა და მარნის მეგობრობისგან ბევრს ისწავლით. ანიმეს ასევე საფუძვლად უდევს ბრიტანელი მწერლის ჯოან რობინსონის ნაწარმოები.

დიდი შანსია ამ ანიმეს მნახველს ოქროს თევზის მოვლა მოუნდეს:

პონიო – Ponyo 2008

ანიმე „პონიო“ 2008 წელს გამოვიდა აღწერს პატარა ბიჭისა და პრინცესა თევზის, პონიოს მეგობრობას. პონიოს მამა და უამრავი და-ძმა იაპონიის ნაპირებთან წყალქვეშ ცხოვრობენ. პონიოს მიწაზე ამოსვლის შემდეგ კი დიდი ამბები იწყება წყლისქვეშ.

თუ გსურს, დაინახო ომის რეალური სახე:

ციცინათელების სასაფლაო – Grave of the Fireflies 1988

„ციცინათელების სასაფლაო“ სხვადასხვა გამოკითხვაში სახელდება ანიმედ, რომლის ყურებისასაც განურჩევლად ყველა სქესისა და ასაკის ადამიანი ერთხელ მაინც ტირის. ანიმე „გიბლის“ ერთ-ერთი ადრეული სურათია და აღწერს სეიტას და მისი პატარა დის, სეცუკოს ამბავს მეორე მსოლფიო ომის მიწურულს. მოულოდნელად სიუჟეტი ატომური ბომბის ჩამოგდების ეპიცენტრის ნაცვლად წაგვიყვანს ერთ პატარა სოფელში, რომელიც ომის დროს იბომბება, ბავშვები კი საკუთარი თავის ამარა რჩებიან. გირჩევთ წინასწარ მოემზადოთ ამ ანიმეს სანახავად, რადგან ჟრუანტელი და ცრემლები გარანტირებულად იქნება.

თუ გოგოების ძალაში გეპარება ეჭვი:

კიკის მიტანის სერვისი – Kiki’s Delivery Service 2003

ზოგადად, „გიბლის“ ანიმეებში ხშირად შეხვდებით ძლიერ ქალ პერსონაჟებს, კიკიც მათ შორისაა. ის ჯადოქარია, რომელსაც 13 წელი შეუსრულდა და მისიად ცოტა ხნით ადამიანებთან ცხოვრება დაეკისრა. თავისი ცოცხით კიკი ქალაქისკენ გაეშურება, იქ კი ერთ მცხობელს გაიცნობს და მიტანის სერვისშიც ერთვება. საინტერესოა, როგორ იქცევა პატარა კიკი დიდი ქალაქის გულად.

მომზადებულია BBC-ის სტატიაზე დაყრდნობით.

_________________

იმ შემთხვევაში, თუ კი ყველა ეს ანიმე უკვე ნანახი გაქვთ, მაშინ ეს ტესტი შეავსეთ და შედეგი მეგობრებს გაუზიარეთ.

შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ სტუდია Ghibli-ს ანიმეს [ტესტი]

„ონლაინ ლექცია მაქვს და წივილი არ დაიწყოთ” – ინტერნეტის რეაქცია დისტანციურ სწავლებაზე

დისტანციური სწავლება კორონავირუსის სწრაფი გავრცელების პირობებში დიდ გამოწვევად იქცა. სწავლების ამ მეთოდის საჭიროება აქამდე არ დამდგარა. სასწავლებლების ნაწილისთვის დისტანციური ონლაინლექციები ჩვეული ფორმატია, ნაწილისთვის კი ახალი და უცხო.

თუ სასწავლო პროცესი პირველი აპრილის შემდეგაც არ აღდგება, სკოლებსა და უნივერსიტეტებს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მოუწევთ. მანამ კი, სანამ სასწავლო დაწესებულებები ახალ რეჟიმზე გადასასვლელად ემზადებიან, სოციალურ ქსელში არ წყდება დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული ხუმრობების ტალღა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„კაფეებსა და რესტორნებს მოვუწოდებ აამუშაონ ადგილზე საკვების მიტანის სერვისი“ – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, დღეს, 16 მარტს, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციას გამოეხმაურა კაფეებსა და რესტორნებში მომსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„მე მინდა რეგიონში ოპერირებად კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მოვუწოდო და ვთხოვო, მიიღონ მთავრობის ეს რეკომენდაცია, გაატარონ და განახორციელონ მხოლოდ ადგილზე საკვების მიტანის სერვისი“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ხალხმრავალი თავშეყრის ადგილების თავიდან ასარიდებლად, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს.

კაფე-ბარებისა და რესტორნების მფლობელებს მომსახურების შეზღუდვის რეკომენდაცია დღეს მისცა მთავრობასთან შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ.

„რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან. მათ ექნებათ საშუალება გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება გატანის სერვისებისათვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტები,” – განაცხადეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს, 16 მარტს.

საქართველოში, 16 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 ადამიანია.

 

 თიბისი მომხმარებელს ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს

დღეიდან, 2 თვის განმავლობაში, თიბისის მომხმარებლები ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებენ:

მომხმარებლების ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის დისტანციურ არხებში ფიზიკური პირები საბანკო ოპერაციების და ტრანზაქციების განხორციელებისას შემდეგი პირობებით ისარგებლებენ:

[checklist]

  • 0% საკომისიო ყველა ტრანზაქციის განხორციელებისას, მათ შორის: სხვასთან ანგარიშის და მობილურის ნომრით გადარიცხვაზე ნებისმიერ ვალუტაში, კომუნალურ გადახდებზე, მობილურის ბალანსის შევსებაზე;
  • 1%-ით მეტი წლიური სარგებელი ანაბრის ეროვნულ ვალუტაში გახსნისას;
  • პირველი წლის მომსახურება საკომისიოს გარეშე ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას;
  • კიდევ უფრო გაუმჯობესებული სავალუტო კურსი და  გაზრდილი დღიური კონვერტაციის ლიმიტი.

[/checklist

არ ჰქონდეს ადგილი საკვებ პროდუქტებზე ფასების სპეკულაციურ ზრდას – თორნიკე რიჟვაძე

„არ უნდა მივიღოთ სიტუაცია, როცა მოქალაქეების, ხალხის და ქვეყნის გასაჭირის ხარჯზე ვინმე სპეკულაციურად ახდენს ფასების ზრდას,“ – განაცხადა დღეს, 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მან დღეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის რეგიონში საკვები პროდუქტების მომარაგების კუთხით ამ ეტაპზე „არც შეფერხება გვაქვს და არც გამოწვევა“.

„თუმცა, მინდა, მოვუწოდო ყველას, სასურსათო ქსელის, როგორც მფლობელს, ასევე მეპატრონეებს, რომ არ მოხდეს სიტუაციის არაკეთილსინდისიერად გამოყენება, არ ჰქონდეს ადგილი სპეკულაციურ ზრდას ფასებთან მიმართებაში,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ამ თემაზე:

შაქარი, ფქვილი და კარტოფილი გაძვირდა – როგორ აისახა კორონავირუსი ფასებზე

 

აჭარის მთავრობა ინვესტორებს საინვესტიციო ვალდებულებებს გადაუვადებს

აჭარის მთავრობა ინვესტორებს საინვესტიციო ვალდებულებებს სამი თვით, პირველ ივნისამდე გადაუვადებს, ამ პერიოდში მათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო არ დაეკისრებათ – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 16 მარტს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„კერძო სექტორს ამ პერიოდში აქვს განსაკუთრებული გამოწვევა, სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გადავუვადოთ საინვესტიციო ვალდებულებები, რომელებიც უკავშირდება აჭარაში მოქმედ ბიზნესს, ვისაც ამ პერიოდში დაუდგება კონკრეტული საპრივატიზაციო ვალდებულებების შესრულების ვადა. საივეტიციო თანხები, რომლებიც უნდა ჩარიცხულიყო ამ პერიოდში, გადავადდება. ჩვენ ამით გვინდა სტიმული მივცეთ ბიზნესს, რომ გამოწვევას ყველამ ერთად ღირსეულად ვუპასუხოთ.“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული შეფერხებების გამო ბიზნესის მხარდაჭერას გულისხმობს.

ჩვეულებრივ აჭარის მთავრობა ინვესტორს ნაკისრი ვალებულებების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოსგან, მხოლოდ ბამკისგან შესაბამისი თანხის საგარანტიოს წარმოდგენის შემთხვევაში ათავისუფლებს.

აშშ-ში კორონავირუსის საცდელი ვაქცინა კვლევის პირველ მონაწილეს გაუკეთეს – „გარდიანი“

„გარდიანი“ აშშ-ის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კლინიკური კვლევის ფარგლებში, პირველი პაციენტი, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპერიმენტულ დოზას დღეს, 16 მარტს მიიღებს.

ცდაში, რომელიც სიეტლში, Kaiser Permanente – ვაშინგტონის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ტარდება, 45 ახალგაზრდაა ჩართული, ჯანმრთელი მოხალისეები, რომლებსაც Covid-19-ის ექსპერიმენტულ ვაქცინას გაუკეთებენ.

ვაქცინა შეიმუშავა კომპანია Moderna-მ და აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა, რომელიც, ასევე, აფინანსებს ცდას. კვლევის მიზანია, გაიგონ, აქვს თუ არა ამ ვაქცინას რაიმე გვერდითი ეფექტები და მოამზადონ ნიადაგი წელს ჩასატარებელი უფრო დიდი ცდებისთვის. სანამ ვაქცინა სრულად შემოწმდება და  ფართო მასებისთვის გამოსაყენებლად მზად იქნება, დაახლოებით 12-18 თვე უნდა გავიდეს.

„გარდიანი“ წერს, რომ ცდის მონაწილე ვერ დაინფიცირდება აცრისგან, რადგან ვაქცინა არ შეიცავს ვირუსს, არც მის შესუსტებულ ვერსიას, როგორც ეს ტრადიციულ (მაგალითად წითელას) ვაქცინებში ხდება. სანაცვლოდ, ვაქცინა იყენებს ჭკვიან გენეტიკურ ინჟინერიას, რათა აღჭურვოს სხეულის უჯრედები, რომ აწარმოონ ვირუსის მცირე ნაწილაკები, რომელიც შემდგომში აღქმული იქნება იმუნური სისტემის მიერ.

„თეორიულად, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს ამ სინთეტიკური რნმ-ის ინექცია, ის აღწევს უჯრედებში და იწყებს უჯრედშიდა მექანიზმის ამუშავებას იმ ცილის დიდი ოდენობით გამოსაყოფად, რომელიც კორონავირუსის ზედაპირზე არსებულ რეცეპტორს ჰგავს.  ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს მოცურავე რეცეპტორები აამუშავებენ იმუნურ სისტემას ავად გახდომის გარეშე” – წერს „გარდიანი“.

Moderna არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ჯგუფთაგანი, რომელსაც აფინანსებს კოალიცია ეპიდემიური მზადყოფნის ინიციატივებისთვის (Cepi), იგი სამი წლის წინ შეიქმნა, როცა ებოლას ეპიდემიას 11 000 ადამიანი ემსხვერპლა.

„მიუხედავად იმისა, რომ ებოლას ვაქცინა (რომელმაც მოგვიანებით აჩვენა, რომ იგი თითქმის 100%-ით ეფექტურია) დაახლოებით ათი წელი მუშავდებოდა, იგი არ გამოყენებულა ეპიდემიიდან ერთი წლის განმავლობაში. ახლა პროცესები უფრო სწრაფად მიდის. Inovio Pharmaceuticals-ი, რომელსაც ასევე Cepi უჭერს მხარს, შემდეგი თვიდან, რამდენიმე ათეულ მოხალისესთან იწყებს უსაფრთხოების ტესტირებებს საცდელ ვაქცინაზე. ტესტირება პენსილვანიის უნივერსიტეტსა და კანზას სითის კვლევით ცენტრში ჩატარდება, ასევე მისურიში, რომელსაც მოჰყვება მსგავსი კვლევები ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში” – წერს „გარდიანი“.

 

საქართველო-თურქეთს შორის ფრენები 21 მარტიდან შეწყდება

თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლა შეაჩეროს შემდეგ ქვეყნებთან:

გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნორვეგია, დანია, ბელგია, ავსტრია, შვეიცარია, ჰოლანდია, იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ერაყი, ირანი, აზერბაიჯანი.

რაც შეეხება საქართველოს, საქართველო-თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდება მიმდინარე წლის 21 მარტიდან.  ფრენები განხორციელდება 20 მარტის 24:00 საათამდე.

16 მარტიდან სასწავლო პროცესი თურქეთში შეწყდა სკოლებისთვის ერთი კვირით, ხოლო უნივერსიტეტებისთვის – 3 კვირით.

16 მარტიდან აპრილის ბოლომდე ყველა დაგეგმილი სპორტული ღონისძიება გაიმართება მაყურებლის გარეშე.

თურქეთში ევროპის ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეები დაექვემდებარებიან 14-დღიან კარანტინს;

16 მარტს თურქეთის რელიგიურ საქმეთა დირექტორატმა მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის მასშტაბით, რელიგიური მსახურების შეწყვეტის თაობაზე.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით თურქეთში კორონავირუსის 18 შემთხვევაა გამოვლენილი.

__________________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

რომელ კლინიკებს უნდა მიმართონ საქართველოს მოქალაქეებმა თურქეთში – კორონავირუსი

საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ სამედიცინო დაწესებულებების სიას ავრცელებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქებს შეუძლიათ იმ შემთხვევაში მიმართონ, თუკი კორონავირუსისთვის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდებათ. იხილეთ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი ქალაქების მიხედვით.

ალაქი ადანა

საავადმყოფოს დასახელება: Adana Şehir Hastanesi

მისამართი: Kışla Mahallesi Dr. Mithat Özsan Bulvarı No:1.

ალაქი ანკარა

1.საავადმყოფოს დასახელება: Ankara Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: Gülveren Mah., Plevne Cd. No: 89, 06350 Mamak /Altındağ

ტელეფონი: 0312 595 30 00;

2.საავადმყოფოს დასახელება: Ankara Şehir Hastanesi

მისამართი: Üniversiteler Mahallesi 1604. Cadde No: 9 Çankaya

ტელეფონი: 0312 552 60 00.

ქალაქი სტამბოლი:

1.საავადმყოფოს დასახელება: Kartal Dr. Lütfe Kırdar Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: Şemsi Denizer Caddesi E-5 Karayolu Cevizli Mevkii 34890 Kartal – İstanbul

ტელეფონი: 0216 458 30 00 – 0216 441 39 00;

2.საავადმყოფოს დასახელება: İstanbul Haseki Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: Aksaray, Dr. Adnan Adıvar Cd. No: 9, 34130 Fatih/İstanbul

ტელეფონი: (0212) 529 44 00;

3.საავადმყოფოს დასახელება: Bakırköy Dr. Sadi Konuk Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: Zuhuratbaba Mah, Dr. Tevfik Sağlam Cd No:11, 34147 Bakırköy/İstanbul

ტელეფონი: (0212) 414 71 71;

4.საავადმყოფოს დასახელება: İstanbul Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: Kasap İlyas Mah, Org. Abdurrahman Nafiz Gürman Cd., 34098 Fatih/İstanbul

ტელეფონი:(0212) 459 60 00.

ალაქი ანტალია

საავადმყოფოს დასახელება: Antalya Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: Varlık, Kazım Karabekir Cd., 07100 Muratpaşa

ტელეფონი: (0242) 249 44 00.

ალაქი ბურსა

1.საავადმყოფოს დასახელება: Bursa Şehir Hastanesi

მისამართი: Doğanköy Köyü Nilüfer

ტელეფონი: 0224 975 00 00;

2.საავადმყოფოს დასახელება: Bursa Yüksek İhtisas Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: Mimar Sinan Mah. Emniyet Cad. Polis Okulu Karşısı Yıldırım

ტელეფონი: 0224 295 50 00.

ალაქი დიარბაქირი

საავადმყოფოს დასახელება: Diyarbakır Gazi Yaşargil Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: Talaytepe, Üçkuyular Mahallesi Elazığ Yolu, Üzeri 10.Km, 21010 Kayapınar

ტელეფონი: (0412) 258 00 60.

ალაქი ელაზიღი

საავადმყოფოს დასახელება: Elazığ Fethi Sekin Şehir Hastanesi

მისამართი: Ulu Kent, Ulukent Mahallesi (Doğukent Depo Mevkii, Sefer Sk. No: 99, 23350 Elâzığ Merkez

ტელეფონი: (0424) 606 60 00.

ალაქი ერზერუმი

საავადმყოფოს დასახელება: Erzurum Bölge Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: Atatürk Mahallesi, Çat Yolu Cd., 25070 Palandöken/Yakutiye

ტელეფონი: (0442) 232 55 55.

ალაქი ესქიშეჰირი

საავადმყოფოს დასახელება: Eskişehir Şehir Hastanesi

მისამართი:71 Evler, Çavdarlar Sk. No:26080, 26080 Odunpazarı

ტელეფონი: (0222) 611 40 00.

ალაქი გაზიანთეფი

საავადმყოფოს დასახელება: Gaziantep Dr. Ersin Arslan Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: Eyüpoğlu, Hürriyet Cd. No:40, 27010 Şahinbey/Gaziantep

ტელეფონი: (0342) 221 07 00.

ალაქი ისპარტა

საავადმყოფოს დასახელება: Isparta Şehir Hastanesi

მისამართი: Sanayi Atatürk Bulvarı No:51, 32200

ტელეფონი: (0246) 213 44 00.

ქალაქი იზმირი

1.საავადმყოფოს დასახელება: İzmir Tepecik Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი:enişehir, Gaziler Cd No:468, 35020 Konak/İzmir

ტელეფონი: (0232) 469 69 69;

2.საავადმყოფოს დასახელება: İzmir Dr. Suat Ceren Göğüs Hastalıkları ve Cerrahisi Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: Yenişehir, Gaziler Cd No:331 D:28, 35170 Konak

ტელეფონი: 444 3 580.

ქალაქი ქაისერი

საავადმყოფოს დასახელება: Kayseri Şehir Hastanesi

მისამართი: Şeker, 38080 Kocasinan

ტელეფონი:(0352) 315 77 00.

ქალაქი მალათია

საავადმყოფოს დასახელება: Malatya Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: Özalper Mahallesi Turgut Özal Bulvarı No:4

44330, Yeşilyurt

ტელეფონი: 444 56 34.

ქალაქი საქარია

საავადმყოფოს დასახელება: Sakarya Üniversitesi Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: Şirinevler, Adnan Menderes Cad.Sağlık Sok No:195, 54100 Adapazarı

ტელეფონი: 444 5 400.

ქალაქი სამსუნი

საავადმყოფოს დასახელება: Samsun Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: Kışla, Barış Blv. No:199, 55090 İlkadım

ტელეფონი: (0362) 311 15 00.

ქალაქი ტრაპიზონი

საავადმყოფოს დასახელება: Trabzon Kanuni Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: İnönü Mah., Maraş Cad. Numune Kampüsü, 61250 Merkez/Ortahisar/Ortahisar

ტელეფონი: (0462) 230 23 00.

ქალაქი ვანი

საავადმყოფოს დასახელება: Van Eğitim ve Araştırma Hastanesi

მისამართი: Süphan, Hava Yolu Kavşağı 1. Kilometre, 65300 Edremit/

ტელეფონი: 444 99 65.

ქალაქი იოზგათი

საავადმყოფოს დასახელება: Yozgat Şehir Hastanesi

მისამართი: Erdoğan Akdağ Mah., Viyana Cad., 66100 Merkez/Yozgat Merkez/

ტელეფონი: 444 2 066.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, თურქეთში კორონავირუსის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

__________________

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/SEDAT SUNA

ბათუმის ინფექციურში შეყვანილ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ახალგაზრდა კაცს, რომელიც ამ დრომდე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსორებულ განყოფილებაშია, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

მას მსუბუქი სიმპტომატიკა აღენიშნებოდა კარანტინში და ექიმებმა საჭიროდ მიიჩნიეს მისი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ერთი პირი მკურნალობს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისათვის ბათუმში კარანტინში 200-ზე მეტი პირი იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, მათზე მონიტორინგი ხორციელდება. თვითიზოლაციაში კი ბათუმში 100-მდე ადამიანია.

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, 54 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„გთხოვთ, დარჩით სახლში“ – დრონები კორონავირუსის წინააღმდეგ ესპანეთში

ესპანეთში პოლიცია დრონების მეშვეობით მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვს. ქვეყანაში საერთო კარანტინია. პოლიციის დრონები ხმოვანი შეტყობინებით მოუწოდებენ მოსახლოებას, დარჩნენ სახლში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 7 753 შემთხვევაა დადასტურებული, COVID-19 – ით გარდაიცვალა 288 ადამიანი.

კორონავირუსზე კლინიკური კონტროლის ჯგუფს თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კლინიკური კონტროლის ჯგუფს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს. ეს ჯგუფი მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებებს  გაუწევს კოორდინაციას.

გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

კლინიკური კონტროლის ჯგუფი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის საქართველოს მასშტაბით გამოყოფილი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კლინიკებში მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს და სამედიცინო პერსონალს შესაბამის რჩევებს გაუზიარებს.

სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან დღეს გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია ჯანდაცვის სექტორის საჭიროებებზე.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე, პაატა იმნაძე ესწრებოდნენ.

პროტესტის ლექსიკონი

ავტორი: მარიამ ნატროშვილი, „ინდიგო“

ხან მრავალრიცხოვანი, ხან მცირე. გადაკეტილი ქუჩებით, ზოგჯერ მხოლოდ 1 ადამიანით. ჩუმად, ხმაურით. მსვლელობით, კონცერტით. წვიმაში, ყინვაში, ქარში. ხან სიცხეში, ზაფხულის ცხელ დღეს. ხან შესრულებული, ხშირად კი შეუსრულებელი მოთხოვნებით. რევოლუციებით, დარბევებით, მსხვერპლით, მშვიდობიანად. ზოგჯერ კი შეუმჩნევლად ჩავლილი აქციები.

რა იწერება ქუჩაში?

როგორ იცვლება მოთხოვნები? რა რჩება იგივე?

რა სიტყვებით დაიწყო და სად ვართ ახლა?

რას ვითხოვდით 30 წლის წინ და რას ვითხოვთ დღეს?

აქ 100 წინადადებით დაწერილი პროტესტი შეგიძლიათ წაიკითხოთ.

ლექსიკონი ბოლო 30 წლის მანძილზე აქციებზე დაწერილი მოთხოვნების ნაკრებია. 100 ლოზუნგი, წინადადება, მოთხოვნა, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა აქციაზე დაიწერა. ამ სიტყვების განმარტება, ამ სიტყვების შედეგი ჩვენი სინამდვილე, ჩვენი ყოველდღიურობაა.

ამ სიტყვებით დაწერილი ისტორია არის თქვენს წინაშე.

ქუჩაში დაწერილი ისტორია.

ნახე ისტორია

 

Exit mobile version