მთავარი,სიახლეები

როგორია მშრომელთა მდგომარეობა საქართველოში – EMC

01.05.2020 • 2445
როგორია მშრომელთა მდგომარეობა საქართველოში – EMC

პანდემიის გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა დაკარგა ყოველდღიური შემოსავალი და არავინ იცის, კიდევ რამდენი ადამიანი რამდენი ხნით დარჩება სამუშაოს გარეშე. COVID 19-ის პანდემია საყოველთაო სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს იწვევს, რომელიც მასშტაბურ რისკებს აჩენს.  ამავდროულად, სულ უფრო ხშირად ვისმენთ, რომ ის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურების გადააზრებისა და ახალ დღის წესრიგზე გადაწყობის საშუალებასაც ქმნის.

პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC-ი  მშრომელთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება და სახელმწიფოს მშრომელთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს, არსებული კანონმდებლობის აღსრულების მოქნილი მექანიზმებისა და სოციალური დაცვის მყარი სტანდარტების შექმნისკენ მოუწოდებს.

EMC: ახალი კორონავირუსის გლობალური პანდემია მშრომელების მნიშვნელობასა და მოწყვლადობას ერთდროულად ააშკარავებს. დღეს ყველაზე უკეთ ჩანს, რამდენადაა დამოკიდებული სოციალური კეთილდღეობა, თანამედროვე ცხოვრების წესი და არსებული ეკონომიკური წესრიგი საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტების, ექიმებისა და ექთნების, მკერავების, მეეზოვეების და სხვების ფიზიკურად მძიმე და არასათანადოდ ანაზღაურებულ ყოველდღიურ შრომაზე. დღეს, როცა ტყიბულში, რუსთავში, ჭიათურაში და სხვაგან, მძიმე და სამთო-მოპოვებით ინდუსტრიებში დასაქმებულები მუშაობას პანდემიის მიუხედავად, გაზრდილი საფრთხის პირობებში აგრძელებენ, განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რამდენად მნიშვნელოვანია მათი შრომა ქვეყნის ეკონომიკისთვის. თვალსაჩინოა ისიც, რომ ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი სამუშაო გარემო მათთვის უკვე წლებია უცვლელი მოცემულობაა.

EMC-ი წერს, რომ საქართველოში მშრომელთა დიდი ნაწილი შრომის კანონმდებლობის უგულებელყოფისა და შრომითი უფლებების დარღვევის მსხვერპლი ყოველდღიურად ხდება. თუმცა პანდემიის პირობებში ამან განსაკუთრებით მასობრივი ხასიათი შეიძინა. “სისტემატიური სახე მიიღო წინასწარი შეტყობინებისა და სათანადო კომპენსაციის გარეშე ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებამ, უხელფასო შვებულებაში დასაქმებულების იძულებით გაშვებამ, ხელფასის თვითნებურმა შემცირებამ თუ ანაზღაურებაზე უარის თქმამ. შექმნილმა ვითარებამ ზედაპირზე გამოიტანა და ხილული გახადა მშრომელთა მოწყვლადობა და სამართლიანი საკანონმდებლო მოწესრიგების, ქმედითი ინსტიტუტებისა და სოციალური დაცვის მყარი გარანტიების არარსებობა”.

უფლებების დარღვევა კვლავ ხშირია სამთო-მოპოვებით და მძიმე ინდუსტრიებში – “ტყიბულის შახტებში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ელემენტარული სტანდარტების დაცვა მოუგვარებელ პრობლემად რჩება და მეშახტეები, დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ, ყოველდღიურად, საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ.  მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი აუდიტის დასკვნის თანახმად, შახტების ფუნდამენტური ოპტიმიზაციის გარეშე იქ ნახშირმოპოვებითი საქმიანობა დაუშვებელია, მუშაობა ისე გრძელდება, რომ ვითარება არათუ გაუმჯობესებულა, არამედ რიგ შემთხვევებში გაუარესდა კიდეც. მძიმე და უსამართლო პირობებში აგრძელებენ მუშაობას ჭიათურასა და რუსთავშიც, სადაც გასულ წელს მშრომელთა მასიურ გაფიცვას ჰქონდა ადგილი”.

შრომის კანონმდებლობის უგულებელყოფა ხშირი პრაქტიკაა სერვისის სექტორშიც – “სუპერმარკეტის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტებისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს  არარეგულირებული სამუშაო დრო, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, შესვენების და დასვენების დროის არარსებობა, ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ფუნქციების შეთავსება და სხვა ღირსების შემლახავი პრაქტიკები. ამასთან, კონსულტანტებს საფრთხის შემცველ გარემოში და მუდმივი სტრესის ქვეშ უწევთ მუშაობა აგრესიული კლიენტებისგან არასათანადო დაცვის გამო, რაც წლის დასაწყისში კონსულტანტის გარდაცვალების მიზეზიც გახდა”.

მაღალი რჩება მშენებლობაზე დაღუპული და დაშავებული მუშების რიცხვიც – “2019 წელს 29 მუშა გარდაიცვალა და 54 დაშავდა; შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობამ, მათ შორის, არასრულწლოვნის სიცოცხლე შეიწირა. გახმაურებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სამკერვალო ფაბრიკებში არსებული მძიმე სამუშაო პირობები, – ღირსებისშემლახავი დისციპლინა და საფრთხისშემცველი გარემო, მძიმე შრომისთვის შეუსაბამო დაბალი ანაზღაურება, რომლის ოდენობა არასტაბილური და არაგანჭვრეტადია და სხვა…”

გარდა ამისა, EMC-ი წერს, რომ კვლავ დაუფასებელია და მძიმე ყველაზე მოწყვლად ჯგუფებთან მომუშავე სოციალური მუშაკების შრომა – “მათ არ აქვთ საკუთარი ფუნქციების განხორციელებისთვის აუცილებელი რესურსები, ხოლო მათი შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები ძალზე სუსტია. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ შევიწროებისა და კონტროლის მიზნით, რამდენიმე თვეა, გრძელდება შრომითი უფლებებისა და შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევა”.

შრომის ინსპექცია, როგორც შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმის გაძლიერების აუცილებლობა EMC-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის პირველი სექტემბრიდან, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მნიშვნელოვანი მუხლები ამოქმედდა და ინსპექციას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორის შემოწმების უფლებამოსილება მიენიჭა, კვლავ დღის წესრიგში რჩება ინსპექციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, მისი ადამიანური და მატერიალური რესურსებით გაძლიერების საჭიროება.

“გარდა ამისა, შრომის ინსპექცია დღეს მხოლოდ უსაფრთხო სამუშაო გარემოს კონტროლსა და მონიტორინგს ახორციელებს და კვლავ არ აქვს შრომითი უფლებების დარღვევაზე სანქცირების მანდატი, რაც გადატვირთული სასამართლოსა და გაჭიანურებული შრომითი დავების პირობებში, უკიდურესად ართულებს მშრომელთა უფლებების დაცვას, 2014 წლიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი მედიაციის ინსტიტუტიც, სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა დავების გადაწყვეტის ეფექტიან მექანიზმად, რაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე კოლექტიური დავის პროცესში შრომითი მედიაციის წარუმატებლობამ კიდევ ერთხელ ცხადყო”.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი დასაქმების ფორმალურ სექტორში შრომითი უფლებების კუთხით არსებული ჩავარდნების გარდა, ეხმაურება თვითდასაქმებული ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას  –  “სახელმწიფოს არ გააჩნია ხედვა და პოლიტიკა თვითდასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, რამაც თავი პანდემიის დროს იჩინა, როცა ანტიკრიზისული სოციალური მხარდაჭერის პაკეტის მიზნებისთვის თვითდასაქმებულთა აღრიცხვა და მათი საჭიროებების ცოდნა გახდა საჭირო. აღნიშნული ჯგუფი, რომელთა ყველაზე მოწყვლად ნაწილს ზრუნვით შრომაში (დამლაგებლები, ძიძები, მომვლელები) ჩართული ქალები წარმოადგენენ, სახელმწიფოს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება”.

EMC: სამწუხაროდ, შრომის კანონმდებლობის რეფორმის 2019 წელს დაწყებული პროცესი, რომელიც მშრომელების უფლებების დაცვის კუთხით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებდა, როგორიც სამუშაო დროის დარეგულირება, შრომითი მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერება, დისკრიმინაციის თუ დეკრეტული შვებულების, სტაჟირების თუ არასრული განაკვეთის წესების დახვეწა, შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდა და მისი ინსტიტუციონალური გაძლიერებაა, გაურკვეველი დროით გადავადდა. შრომითი უფლებების დარღვევის მასშტაბისა და კანონმდებლობისა და მისი აღსრულების ინსტრუმენტების ხარვეზების გათვალისწინებით, უკიდურესად მნიშნველოვანია ამ პროცესის დაუყოვნებლივ განახლება და მასში მშრომელების მაქსიმალური ჩართულობა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: