Batumelebi | „ზოგი 3-4-ჯერ იღებს დახმარებას, ზოგი ერთი თვე ელოდება“ – რა ხდება მარნეულსა და ბოლნისში „ზოგი 3-4-ჯერ იღებს დახმარებას, ზოგი ერთი თვე ელოდება“ – რა ხდება მარნეულსა და ბოლნისში – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

„ზოგი 3-4-ჯერ იღებს დახმარებას, ზოგი ერთი თვე ელოდება“ – რა ხდება მარნეულსა და ბოლნისში

მარნეულსა და ბოლნისში ათობით ოჯახი ისევ ელოდება მთავრობის ე.წ. სურსათის კალათის მიღებას. ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ცხელ ხაზზე დღემდე აქტიურად რეკავენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სასურსათო კალათა ერთი თვის დაგვიანებით მიიღეს ან ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

„ამ დროს, აღმოჩნდნენ ისეთი ოჯახები, ვინც 3-4-ჯერ მიიღო სასურსათო დახმარება, მხოლოდ იმიტომ, რომ რწმუნებულებთან ახლობლობენ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სამოქალაქო აქტივისტი, EMC-ის აზერბაიჯანულენოვანი ცხელი ხაზის მიმღები და მხარდამჭერი აითაჯ ხალილლი.

„ამის შესახებ ცხელ ხაზზე რეკავდნენ და გვიყვებოდნენ ადამიანები. ეს არ იყო ერთი ან ორი ადამიანი, 20-40-მდე ადამიანი რეკავდა და ხანდახან მთელი სოფელიც კი. ის ადამიანები, ვინც მთელი ერთი თვე ელოდა სასურსათო დახმარებას და ვერ იღებდნენ, რწმუნებულებთან ახლო ურთიერთობის გამო თუ სხვა ნაცნობობით, სხვები რამდენჯერმე იღებდნენ დახმარებას“, – ამბობს აითაჯ ხალილლი.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, სულ ცოტა 30-40 ოჯახი ისევ დახმარების მოლოდინშია. გარდა ამისა, საგრძნობლად შემცირდა პროდუქტების რაოდენობაც.

„თუ პირველ ეტაპზე ერთ სულზე რიგდებოდა, ვთქვათ, 10 კგ ფქვილი, 5 კგ შაქარი, ბრინჯი და ა.შ. მე-4 და მე-5 ეტაპზე ვისაც დაურიგეს, იქ სურსათის მოცულობა თითქმის განახევრებული იყო. ფქვილი იყო 3 კგ, შაქარი და ბრინჯი 2 კგ ჩამოვიდა, ზეთიც 2 კგ და ა.შ. მერიაში ამაზე აქვთ ერთი პასუხი – მწირი რესურსებია და ყველას დაკმაყოფილებას ვერ შევძლებთ“, – ამბობს აითაჯი.

მარნეული და ბოლნისი ამ დრომდე ჩაკეტილია კორონავირუსის პანდემიის გამო, როგორც აითაჯ ხალილლი ამბობს, ამ რეგიონების სწრაფად ჩაკეტვის გამო მოსახლეობამ ვერ შეძლო სურსათის მარაგების შევსება, ამას დაემატა ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც დღიურ შემოსავალზე იყვნენ  დამოკიდებული, რეგიონის ჩაკეტვის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„ცხელ ხაზზე დაგვირეკეს დაჯარიმებულმა პირებმა. ერთ-ერთი ის ადამიანი იყო, რომელიც მარნეულში გამართულ აქციაზე რწმუნებულს ეუბნებოდა, რომ ოჯახის წევრები მშიერი ჰყავს, პოლიციამ კი 3 ათასი ლარით დააჯარიმა.

ამ ადამიანს დედა ჰყავს მწოლიარე ავადმყოფი და მცირეწლოვან ბავშვს ზრდის. იმ დღეს, როცა დააჯარიმეს, დედა გაუხდა ცუდად, სასწრაფოს გამოძახების შემდეგ კი პურის შესაძენად გავიდა მაღაზიაში, სადაც 3 ადამიანი იდგა. ამის მიუხედავად, პოლიციამ მაინც დააჯარიმა. ოჯახს საკვებიც კი არ აქვს და, ბუნებრივია, ვერც ამხელა ჯარიმას გადაიხდის. ადამიანები ტიროდნენ, როცა გვირეკავდნენ“, – ამბობს აითაჯი.

მისი თქმით, მარნეულის შემთხვევაში, როცა ცხელ ხაზზე დაკავშირებული ადამიანების კონტაქტებს უგზავნიდნენ მერიას, უწყება არ რეაგირებდა. „პასუხსაც ვერ ვიღებდით. საბოლოოდ კი, სხვადასხვა ორგანიზაციასთან მოგვიწია დაკავშირება, რომ ამ ოჯახებს დახმარებოდნენ.

ხშირ შემთხვევაში მოსახლეობამ არ იცის, ვის უნდა მიმართოს – მათ აქვთ განცდა, რომ რადგან რწმუნებულები ისე მოიქცევიან, როგორც უნდათ და არც მერიაში მოუსმენენ“, – ამბობს აითაჯი.

მისი თქმით, EMC-ის ცხელ ხაზზე მოქალაქეების ზარები დღემდე შედის.

_____

ფოტო: მარნეულის მუნიციპალიტეტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com